მასშტაბური ხედვა | ინტერვიუ ანა კვარაცხელიასთან

აინტერესებს ყველაფერი, რაც მასშტაბურია, ყველაფერი, რასაც ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა და ისტორიაში წვლილის შეტანა შეუძლია. ანა კვარაცხელია სულ ასეთ პროექტებს თუ საქმეს ეჭიდება, ასეა უკვე ბევრი წელია. ამის დასტურად მის ბიოგრაფიაში არაერთი ჩანაწერია. ანა „ანაკლია სითის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე და „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ („აწარმოე საქართველოში“) ყოფილი დირექტორი, წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და, ზოგადად, კერძო სექტორის განვითარებაში. ბიზნესის განვითარება, კლიენტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობები, ქვეყნის პოპულარიზაცია, კერძო სექტორის განვითარების მექანიზმების შექმნა, კომპანიების კომერციალიზაცია ‒ ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომელზეც ანა კვარაცხელია სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროგრამების გავლით მუშაობდა. ახლა ის ექსპორტის განვითარების ასოციაციას ხელმძღვანელობს, 2019 წლიდან.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia / ლოკაცია: MEAMA

ბავშვობიდან ლექსებზე მეტად მათემატიკა მოსწონდა, მალე გამოჩნდა, რომ ეკონომიკური საკითხები მისი ძლიერი მხარე იყო, ამიტომაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულება აირჩია, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის ‒ ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც ქვეყანაში მაგისტრის ორი მიმართულების დიპლომით დაბრუნდა, ეს ფინანსები და მეწარმეობა იყო. ამერიკული განათლების პროგრამა სრულად რეალურ საუკეთესო მაგალითებს ეფუძნებოდა, ამბებს ხალხზე, რომლებმაც არაფრიდან საოცრებებს მიაღწიეს.

„ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მამოტივირებელი იყო, აღფრთოვანებული ვიყავი იმ ადამიანებით, რომლებიც საკუთარ საოცარ გამოცდილებას გვიზიარებდნენ. ამერიკას დიდი ემოციები ახლავს და მეც ასე ემოციებით და შემართებით დავბრუნდი საქართველოში. ეს 2010 წელს იყო, თბილისში წითელ ხალიჩას ველოდი, მე ხომ მეგონა, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცოდი?!“

შემდეგ იწყება სამსახურის ძიების ეტაპი, გასაუბრებები კერძო თუ საჯარო სექტორში. ანა ეკონომიკის სამინისტროში ჩერდება, ეს ის დროა, როცა ამ უწყებაში ახალი გუნდი იქმნებოდა, რომელსაც ექსპორტის მიმართულებაზე უნდა ემუშავა. ანას თეორიული ცოდნა ჰქონდა, პრაქტიკული გამოცდილების გარეშე. გასაუბრებიდან, იქ მოსმენილი გეგმების შედეგად, აღფრთოვანებული გამოვიდა. ჩათვალა, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც რაღაც მნიშვნელოვანის, რაღაც კარგის გაკეთება შეეძლო. ამბობს, რომ პირველად მასშტაბებით აქ მოიწამლა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო, მაგრამ მაინც ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყვნენ ადამიანები. ჩემი პროექტების უკან ვხედავდი ადამიანებს, რომლებსაც რაღაც ტიპის სარგებელი შეიძლება ჰქონოდა, თუნდაც სამომავლოდ. მჯეროდა, რომ ამით მათ მდგომარეობას ოდნავ მაინც შევუმსუბუქებდი. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი თავგადასავალი საჯარო სექტორში, ბევრი საინტერესო პროექტი და ინიციატივა ჩვენმა გუნდმა განვახორციელეთ. ამ რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ დამანახა, რომ ეკონომიკაში გადატრიალებები შესაძლებელი იყო“.

ამაში სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებამ დაარწმუნა და დაანახა, რომ თუ საქმეს სწორად მიუდგები, თუ მთელ ენერგიას მასში ჩადებ, თუ ეცდები, რომ ხარისხი პირველ ადგილზე დააყენო, მიზანიც და წარმატებაც მიღწევადია. ოღონდ ანა ამბობს, რომ ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ ადამიანებს, გუნდს ვისთან ერთადაც ერთ საქმეს აკეთებ, ანუ ადამიანები ერთი ფასეულობებით! ანა კვარაცხელიას ბიოგრაფია საჯარო სექტორის შვიდწლიანი ციკლს მოიცავს, მათ შორის იყო მეწარმეობის განვითარების სააგენტო და დირექტორის პოზიცია.

7 წელი გავიდა და ანამ ჩათვალა, რომ დადგა დრო, როცა ძალები კერძო სექტორში უნდა მოესინჯა, თანაც იქაც ხომ მასშტაბები ელოდა?! ეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი იყო, ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით. ანა კვარაცხელია გვეუბნება, რომ კერძო კომპანია არარეალისტურად კარგი იდეების საშუალებას იძლევა, იმდენად კარგის, რომ ფიქრობ, მთების გადაბრუნებაც შეგიძლია. ბუნებრივიც არის ასე იფიქრო, როცა 50-წლიან გეგმას ეჭიდები! ანა ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გუნდი, ეს იყო იმ ხალხის ერთობა, ვისაც უნდოდა, რომ ქვეყანა საუკეთესოდ ყოფილიყო. ახლაც აქვს იმედი, რომ ოდესმე საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი ექნება, მათ შორის იმიტომაც, რომ ქვეყანას მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან სჭირდება. გული იმაზე წყდება, რომ სწორ დროს სწორი იდეა ვერ რეალიზდა. შედეგად კი ამბობს, რომ, საქართველომ დაკარგა დრო, ჩამორჩა მსოფლიოს სვლის ტემპს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ის კომპანია იყო, საიდანაც ანა საკუთარი სურვილით არ წასულა, პროექტი შეწყდა და ყველას ერთად გული დაწყდა. სტრესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მომდევნო წელი ახალ სამსახურზე არ უფიქრია, უბრალოდ ამისთვის მზად არ იყო!

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia / ლოკაცია: MEAMA

2019 წელს ექსპორტის განვითარების ასოციაცია ჩაიბარა, ორგანიზაცია, რომელიც ექსპორტიორ კომპანიებთან მუშაობს, მათი განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტზე წარმატებით გატანისთვის. ასოციაცია, რომელსაც ანა კვარაცხელია ხელმძღვანელობს, არაერთ პროექტს ახორციელებს, მიზანი კერძო სექტორის განვითარებაა. აქ კომპანიებს ტექნიკურ დახმარებას უწევენ, სთავაზობენ ტრენინგებს, აწვდიან საჭირო ინფორმაციას საექსპორტო ბაზრების თაობაზე. ექსპორტის განვითარების ასოციაცია კომპანიასა და სახელმწიფოს შორის შუამავლის როლსაც ითავსებს, ერთგვარად, ბიზნესის ხმაა მთავრობასთან.

2012 წელს დაარსებულ ასოციაციაში 200 კომპანიაა გაერთიანებული, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესიდან, თუმცა ორგანიზაცია მხოლოდ მათზე არ ზრუნავს, ანას გუნდი ეხმარება ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

დახმარება კი ნამდვილად საჭიროა, განსაკუთრებით, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ნაწილში. ანა ამბობს, რომ ექსპორტიორებს პრობლემა სწორედ წარმოების ნაწილში აქვთ და არა პროდუქციის ქვეყნიდან გატანაში. ასოციაციის ხელმძღვანელი გვიყვება, რომ სამწუხაროდ, ქართულ კომპანიებს ჯერ ისევ არ აქვთ საშუალება აწარმოონ დიდი რაოდენობის პროდუქცია და მათი წარმოება იყოს მდგრადი. ამას, როგორც ანა ამბობს, განვითარებული ბაზრები ითხოვენ, ისინი ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობენ.

ანა პრობლემებს შორის ასახელებს კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. შეცდომად მიაჩნია, რომ ხშირად კომპანიის ხელმძღვანელები ითავსებენ ექსპორტის მენეჯერის ფუნქციას, ამბობს, რომ ამას სულ სხვა ტიპის ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ირკვევა, რომ ექსპორტთან მიმართებაში პრობლემაა ტექნოლოგიების ნაწილიც, არადა ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიას წარმოებაც უფრო იაფი უჯდება და მისი პროდუქციაც უფრო ხარისხიანია. როგორც ანა ამბობს, ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით ცუდი მაჩვენებლები აქვს.

სურსათის უვნებლობა, შეფუთვა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და, რა თქმა უნდა, ლოგისტიკა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს თან ახლავს. ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი გვიყვება, რომ ხშირ შემთხვევაში პროდუქციის ფასზე რამდენჯერმე ძვირი ჯდება მიწოდება, ამიტომაც რთულია კონკურენტუნარიანი იყო ევროკავშირის ბაზარზე, როცა ევროპამდე ქართული პროდუქციის ჩატანა ასე ძვირი ჯდება. ამიტომაც არის, რომ ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ლოგისტიკასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„რეალურად ყველგან გვაქვს პროდუქციის გატანის შანსი. მთავარია, ხარისხიანი წარმოება, მთავარია, ლოგისტიკური ხარჯების შემცირება და მარკეტინგული აქტივობა“.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში 2020 წლის მარტთან შედარებით, ექსპორტის მაჩვენებელი 5,2%-ით გაიზარდა. ანა გვიხსნის, რომ პანდემიის დაწყებიდან პირველი რამდენიმე თვე ყველასთვის ურთულესი იყო, გეგმის, ხედვის არარსებობის გამო. 2021 წელი 2020-თან შედარებით უკეთესი იქნება, თუმცა 2022 წლამდე 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნება ქვეყანას გაუჭირდება.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia / ლოკაცია: MEAMA

მოსწონს საქმე, რომელსაც ახლა აკეთებს, თუმცა, მაინც ელოდება დროს, როცა მასშტაბურ ინიციატივებზე მუშაობას დაუბრუნდება, ფიქრობს, რომ ეს ის არის, რაც კარგად გამოსდის და რაც ყველაზე მეტად აინტერესებს. პროფესიული საქმე მისი ცხოვრების ნაწილია, შემოქმედების და ემოციების ნაწილიო ასე გვეუბნება. ამიტომაც ბევრი იდეითა და კიდევ უფრო ბევრი გეგმით ანა ახლა სწორ დროსა და მომენტს ელოდება!

ანა ფიქრობს, რომ დრო ახლა ქალებისთვისაც მუშაობს, ოღონდ ჯერ ისევ, სამწუხაროდ, მხოლოდ კონკრეტულ სოციუმში. არ ერიდება იმის მოყოლა, რომ ბევრჯერ თავადაც ჰქონია გენდერული ნიშნით გამოწვეული დისკომფორტი, მარტივი არ არის მოლაპარაკების მაგიდასთან 9 კაცთან ერთად ყოფნაო.

„ყოველთვის ვფიქრობ, რომ ბევრად მეტი მოგვეთხოვება ქალებს, ყველა სიტუაციაში, ვიდრე კაცებს და ესეც ჩვენი ტვირთია, რომელსაც გვინდა თუ არა, ზურგით ვატარებთ. ჩვენ გვიწევს ორჯერ მეტის დამტკიცება, რომ შეგვიძლია, რომ ძალიან ჭკვიანები და ყოჩაღები ვართ. ქალებთან მიმართებაში განსაკუთრებული როლი აქვს ოჯახსაც. ოჯახიც ხომ უფრო მეტად ქალის ტვირთია, ვიდრე მამაკაცის? ხშირად მიფიქრია, ამდენ დროს რომ ვუთმობ ჩემს საქმეს ეს ფუფუნება ხომ არ არის?!“

იმისთვის, რომ ქალები გავძლიერდეთ, ანას მიაჩნია, რომ აუცილებელია ერთმანეთს დავეხმაროთ. ამბობს, რომ დახმარება კაცებსაც სჭირდებათ, რათა გაიგონ, რომ ქალების ჩაგვრა არ არის მათი იდენტობის თუ სიძლიერის დამადასტურებელი.

„ამ მიმართულებით კაცებთანაც ბევრია სამუშაო, რათა იცოდნენ, ქალები ასეთი ყოჩაღები რომ ვართ, მხოლოდ ამის გამო არ უნდა დაგვჩაგრონ“.