ექსპორტის განვითარების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ანი კვარაცხელია აირჩიეს, რომელიც ასოციაციას სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ შეუერთდა. მის სახელს უკავშირდება არაერთი სახელმწიფო ინიციატივა, მათ შორის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგიის შექმნა და განვითარება.
ანი კვარაცხელია 2011 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ქართული კერძო სექტორის განვითარების სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში. მათ შორისაა, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ღვინის კამპანია აზიაში (2011-2012), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმა 2013 წელს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს (აწარმოე საქართველოში) შექმნა, რომელსაც იგი 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა; ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგია და ექსპორტის დაკრედიტების სქემების საქართველოში დანერგვის იდეა. 2017-2019 წლებში კი ანი კვარაცხელია აქტიურად იყო ჩართული ანაკლიის პორტის, ქალაქისა და ეკონომიკური ზონის განვითარებაში, როგორც „სს ანაკლია სითის“ დირექტორის მოადგილე.
ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით. EDA აერთიანებს ასამდე ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმესა და მომსახურების მიმწოდებელს. ასოციაცია ექსპორტიორებს სთავაზობს მუდმივად განახლებულ პროდუქტის/ბაზრის მოკლე მიმოხილვას და სტიმულს აძლევს ქართულ კომპანიებს ჩაერთონ საექსპორტო საქმიანობაში მათი ბიზნესის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის მიზნით. ასოციაციის მთავარი კომპეტენციაა ბაზარზე შესვლის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.