ნატალია კვანტალიანის იმპერია

ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, რთულად დასაჯერებლად მოგეჩვენებათ, შეიძლება იფიქროთ რომ Forbes Woman-ის ფურცლებზე ფილმის სიუჟეტს კითხულობთ, თუმცა ისტორია თავიდან ბოლომდე რეალურია. მისი მთავარი გმირი დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართველი ქალი ნატალია კვანტალიანია, თუმცა მანამდე იყო გრძელი და საკმაოდ რთული გზა, რომელიც სამტრედიის რაიონის დაბა კულაშიდან იწყება. გზას წარმატებამდე ნატალია დამოუკიდებლად გადის, სხვების ხელშეწყობისა თუ დახმარების გარეშე.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ინტერვიუსთვის ნატალია კვანტალიანთან სახლში მივდივართ, გადაწყვიტა, რომ ოჯახურ გარემოში გვიმასპინძლოს. დახვედრა თბილი და უშუალო აქვს, მისი განწყობა გადამდები ხდება. საუბარს სულ თავიდან ვიწყებთ.

თავიდან იყო მთელი საქართველოსთვის უმძიმესი 90-იანი წლები, ბრძოლა არსებობისა და თავის გატანისთვის. ნატალიამ გამოსავალი არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ თითქმის მთელი მშობლიური დაბისთვის მოიფიქრა. დარჩელსა და ზუგდიდში თხილს შედარებით იაფად ყიდულობდა, ჩაჰქონდა კულაშში, საკუთარ სახლში საწნეხში მეზობლებთან ერთად ამუშავებდა, ნაჭუჭს ზამთარში გასათბობად იყენებდნენ, დარჩეულ თხილს კი ბათუმში აბარებდა. მიღებული შემოსავლით მარტო მისთვის არა, სოფლისთვის სამყოფ ზეთსა და მაკარონს ყიდულობდა.

თუმცა სულ პირველი ნაბიჯები ბიზნესში ქსოვას უკავშირდება, ხელსაქმე დედისგან ისწავლა და არცთუ მცირე თანხის სანაცვლოდ ბერეტებს ქსოვდა. ახალგაზრდობაში დაწყებული პირველი საქმის კვალი, წლების შემდეგ უკვე შემდგარსა და წარმატებულს, საკმაოდ ემოციურად თავს ისრაელში მაშინ ახსენებს, როცა იქ საპატიო სტუმრად ჩადის. ერთ-ერთ ოჯახში მისული ხედავს, რომ ოჯახის ერთგვარ რელიკვიას ‒ თოჯინას, მისი ბერეტი აქვს მორგებული.

„პირველი კაპიტალი ბერეტების ქსოვის შედეგად გამოვიმუშავე, აუცილებელია ყველა ადამიანმა დაინახოს საკუთარი პოტენციალი, დაცემის შემთხვევაში წამოდგომის ძალა ყველამ უნდა იპოვოს“.

ნატალია კვანტალიანს ებრაულ დიასპორასთან გამორჩეულად მჭიდრო კავშირები აქვს, ის 90-იან წლებში სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოდან ებრაელთა მშვიდობიანი გაყვანისთვის ზრუნავდა, მადლობა „სხვა ერის წმინდა შვილის“ სტატუსის მინიჭებით გადაუხადეს, ბიზნესმენი ქალაქ აშდოდის საპატიო მოქალაქის დიპლომის მფლობელია.

„სულით მეწარმე ვარ. არაფრიდან შემიძლია საქმის წამოწყება. იქნება ეს მცირე ბიზნესი თუ მასშტაბური, ყველას ერთი ფორმულით და პასუხისმგებლობით ვუდგები. ამ დრომდე ყველა ბიზნესს საკუთარი ხელით ვაწყობ და, რაც მთავარია, არ ვჩერდები არასოდეს, იქნება ეს ომი, ინფლაცია თუ პანდემია. შეუპოვრობის შტრიხები სპორტულმა წარსულმა გამომიმუშავა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა თითოეული ჩვენგანის ასაშენებელია. ერთმა ადამიანმა რომ 10 დაასაქმოს უმუშევრობა შემცირდება. იყო წლები ჯამში 1 200 ადამიანი მყავდა დასაქმებული, ახლა როცა დიდი პროექტები განახლდება, ჩემ მიერ დასაქმებულთა რაოდენობაც გასამმაგდება“.

სპორტი ვახსენეთ და აქვე გეტყვით, რომ ნატალია კვანტალიანი წარსულში მძლეოსანი, 400 მეტრზე მორბენალი იყო. აქაც, ცხადია, წარმატებული და ამიტომაც სპორტული ცხოვრება სამტრედიის შემდეგ თბილისის სპორტულ სკოლა-ინტერნატში გააგრძელა.

1994 წელს ნატალია კვანტალიანი მცირეწლოვან შვილთან ერთად სამტრედიიდან თბილისში გადმოდის, საქმე არსებობისთვის კიდევ უფრო საჭირო ხდება დედაქალაქში. 16 კვადრატული მეტრის ოთახი მეორადი განათებით, ეს პატარა ნათიასთან ერთად ნატალიას ერთ-ერთი პირველი საცხოვრებელი მისამართი იყო. თბილისში გადმოსახლებიდან მალევე სოლოლაკში პატარა სასურსათო მაღაზია გახსნა, პარალელურად სამკერვალო წარმოება დაიწყო. ნაჭრები უცხოეთიდან ჩამოჰქონდა, შეკერილ ტანსაცმელს კი ლილოს ბაზრობაზე აბარებდა. მერე მის პროდუქციას სამკაულები დაემატა, როცა ინდოეთში წასულმა მარგალიტის ძვირფასი ქვები აღმოაჩინა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ბიზნესს მიღმა ნატალია კვანტალიანის ხასიათის შტრიხები ერთ კონკრეტულ ამბავში ალბათ საუკეთესოდ ჩანს. მაშინ როცა, ახალშექმნილ სპორტისა და ტურიზმის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და მაშინ როცა, ანაზღაურება საკმარისი არ იყო, უწყების დირექტორმა არც მეტი არც ნაკლები დამლაგებლის ფუნქციებიც შეითავსა, ოღონდ ისე რომ ამბავი ბოლო წუთამდე საიდუმლოდ დარჩა.

„დილას 6 საათზე ვდგებოდი, რათა სამტრედია-ხონის ავტობუსის პირველივე რეისისთვის მიმესწრო, სამსახურში ყველაზე ადრე უნდა მივსულიყავი, ვალაგებდი რამდენიმე კაბინეტს და შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი. ბავშვს მოვაწესრიგებდი და ისევ სამტრედიაში, სამსახურში მივდიოდი. როცა სამტრედია-ხონი-ვანის გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელად დამაწინაურეს, ძველმა სამსახურმა გაცილება მომიწყო. ამ ღონისძიებაზე თანამშრომლებმა დამლაგებელი მოიკითხეს და სწორედ მაშინ ჩემგან სიმართლე გაიგეს“.

თბილისური ცხოვრების პირველი ეტაპის გაგრძელებაა ფილების მწარმოებელი საწარმო დიღომში, რომელიც ახლა უკვე შპს „დავითი 2008“-ის სახელით წარმატებით ფუნქციონირებს. კომპანია ქარხნული ვიბრაციის მეთოდით, ხაოიან ზედაპირიანი ბეტონის მოსაპირკეთებელ ფილებს ამზადებს. ნატალიამ საწარმოები თბილისთან ერთად საჩხერესა და კულაშშიც გახსნა. სწორედ ამ კომპანიის მიერ წარმოებული დეკორატიული ფილებითაა მოპირკეთებული მცხეთაში დედათა მონასტრის ტერიტორია, ქუთაისი, თელავი, ბათუმი, სიღნაღი, ბაზალეთის ტბის კომპლექსი, მთაწმინდის პარკი. ბიზნესმენი გვიყვება, რომ ახლადგახსნილ საწარმოში პირველი ფილა თავად ჩამოასხა, ეს იმიტომ, რომ ზუსტად სცოდნოდა რა სიმძიმის შრომა უწევთ მუშებს.

„იმისთვის რომ თანამშრომლებისთვის მათი შრომის ადეკვატური ანაზღაურება დამენიშნა, პირველი ფილები თავად ჩამოვასხი, მსურდა მცოდნოდა, რა სიმძიმის სამუშაო მოუწევდათ ჩემს თანამშრომლებს“.

ნატალია კვანტალიანის სახელი კარგად არის ცნობილი ჯანდაცვის სფეროში. უფრო ზუსტად, ქალიშვილთან ერთად წარმატებით მართავს მისივე სახელობის სამედიცინო ცენტრსა და სისხლის ცენტრალურ ბანკს. „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე, იყავი გმირი“, ‒ ეს ნატალიას სისხლის ბანკის მთავარი დევიზია. სამედიცინო სფეროში ბიზნესის დაწყება მაშინ გადაწყვიტა, როცა საქმე დედის ჯანმრთელობას შეეხო. სისხლის ბანკის პარალელურად ბიზნესმენი „მედინვესტის“ ანუ ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და 80%-იანი წილის მფლობელია, ნატალიას კლინიკა ბაზარზე საკმაოდ წარმატებით საქმიანობს.

„ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრი“ სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებს აერთიანებს. ცენტრი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში, რათა ხარისხიანი და დროული ჯანდაცვა ‒ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ ‒ სისხლით ამარაგებს მძიმე პათოლოგიებით დაავადებულებს, ასევე, ონკოჰემატოლოგიურ ანუ სისხლის ონკოლოგიური პათოლოგიებით დაავადებულებს, ახალშობილებს, მშობიარეებს, ქირურგიულ და ტრავმატოლოგიურ სექტორს, ავტოავარიაში დაზარალებულებს, გინეკოლოგიურ პაციენტებს. „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ ბაზარზე ლიდერია და დონორების რაოდენობაში რეკორდს ყოველწლიურად ამყარებს.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

სამედიცინო ცენტრში განთავსებული ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა, რომელსაც საერთაშორისო ISO სერტიფიკატი აქვს მინიჭებული და ის პაციენტებს ლაბორატორიული კვლევების სრულ პაკეტს სთავაზობს; ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მომსახურების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საწარმოო და კლინიკური ტრანსფუზია; კლინიკური და ლაბორატორიული ჰემატოლოგია/ონკოჰემატოლოგია; სტაციონარული ჰემატოლოგია/ონკოჰემატოლოგია; სისხლისა და სისხლის სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდებით. კლინიკა პაციენტებს ასევე სთავაზობს ლეიკემიების და ლიმფომების დიაგნოსტიკას, პერიფერიული სისხლის, ძვლის ტვინის ციტომორფოლოგიური, ციტოგენეტიკური და იმუნოფენოტიპირების მეთოდებით; ლეიკემიებისა და ლიმფომების მკურნალობას თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების პოლიქიმიოთერაპიის კურსებით, შეძენილი და თანდაყოლილი ანემიების დიაგნოსტირებას და მკურნალობას, რკინადეფიციტური ანემიის სრული განკურნების გარანტიას, ჰემორაგიული დიათეზების დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

„ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი სისხლის ბანკის ბაზა ჩვენია. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული. მედიცინაში 2010 წელს მოვხვდი, როცა დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სისხლის თემას ყველაზე ახლოს სწორედ მაშინ შევეხე“.

შემდეგი რაზეც მოგიყვებით სამშენებლო დარგია, აქ ნატალია რამდენიმე პროექტით არის წარმოდგენილი. მათ შორის ყველაზე მასშტაბური „ნატალი სითია“ ანუ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად მახათას მთაზე. პროექტი ეკოლოგიურად სუფთა სახლების, VIP დასახლებების, ხუთსართულიანი შენობების, აუზების, სკოლების, ბაღებისა და სასტუმროების მშენებლობას ითვალისწინებს. ბიზნესმენი გვეუბნება, რომ “ნატალი სითიში” ცხოვრების მსურველებს სახლის დაპროექტება თავადაც შეეძლებათ.

დეველოპმენტში ჩვენი რესპონდენტის კიდევ ერთი პროექტია მრავალფუნქციური კომპლექსი „თეთრი ტბა“. ნატალია კვანტალიანი ბიზნესის ალღომ დაარწმუნა, რომ გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შესაძლებელი იყო წარმატებული პროექტის განხორციელება. ამაში სხვებიც დაარწმუნა და მშენებლობა 2009 წელს დაიწყო. „თეთრი ტბა“ და მისი ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყო, მოეწყო კომფორტული პლაჟი, ღია კაფეები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, მინი კინოთეატრი და სხვა.

„რასაც ხელი მოვკიდე ყველაფერი გამომივიდა. ისე მოხდა, რომ ყოველთვის, სწორ დროს სწორ ადგილას ვიყავი. ქვეყნისთვის რთულ პერიოდში საქართველოდან არ წავსულვარ. ის რაც, ახლა საქართველოში ბიზნესს გვჭირდება ცოტა მეტად სტაბილური სიტუაციაა. მსოფლიოს მსგავსად საქართველოშიც რთული ვითარებაა, მუდმივად გვიწევს სხვადასხვა ტიპის რყევებთან გამკლავება. ჩემი აზრით, ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია ბანკების როლი, ჯერ ისევ არის კრედიტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. აუცილებლად მიმაჩნია, ბანკი ბიზნესს საწყისს ეტაპზევე ენდოს, ცალკე პრობლემაა საპროცენტო განაკვეთების საკითხი“.

ნატალია კვანტალიანი არც ტურიზმის ინდუსტრიის მიღმა დარჩენილა ‒ სასტუმრო „ბორჯომი აისი“ და ჰოსტელი „ანა“ ბორჯომში, სასტუმრო სამტრედიაშია. გეგმაში აქვს კიდევ ერთი და ამჯერად მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა ისევ ბორჯომში.

ყველაფერი რასაც ნატალია კვანტალიანის შესახებ გიყვებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრულად მისი შექმნილია, დამოუკიდებლად, განსაკუთრებული დამხმარის გარეშე. ასე დამოუკიდებლად გადაწყვიტა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყანას დახმარება სჭირდებოდა და გორის მიწები შეიძინა. როგორც ბიზნესმენი გვეუბნება, მიწებს რამდენიმე დანიშნულებით ყიდულობს, ასე იყო გორის შემთხვევაშიც. გვიყვება, რომ გორში მზის ყველაზე დიდი ენერგიაა, აქვეა ნავთობის ჭაბურღილების პერსპექტივა, უფლისციხე როგორც ტურისტული ლოკაცია. გორის მიწებზე ნატალიამ ლავანდები დარგო, 100 000 ძირი. აპირებს რომ ლავანდებსაც ტურისტული დანიშნულება მოუძებნოს, ამას გარდა ამ მცენარის ზეთი პარფიუმერიაში საუკეთესოა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

და როგორია ნატალია კვანტალიანის ცხოვრება ბიზნესს მიღმა. 24 საათში მხოლოდ 4 საათი სძინავს, ასეა უკვე ბევრი წელია, ერთი შვილის დედა, 5 შვილიშვილის ბებიაა, უფროსი 19 წლის არის, უმცროსი ‒ 3 წლის. ბებია შვილიშვილებს დამოუკიდებელ შრომას ბავშვობიდან აჩვევს. ასე მოიქცა უფროსი ‒ ნატალია ჩხიტუნიძე, რომელიც ახლა ესპანეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პოზიციაზეა წარდგენილი. ნატალია ახლა ესპანეთში სწავლობს და მალე განათლების მიღებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს, უმცროსი ნატალია, როცა საქართველოშია აქტიურად არის ჩართული სისხლის ბანკის საქმიანობაში.

ნატალია მაგალითი იყო საკუთარი შვილისთვის, ამიტომაც არის, რომ ნათია დამოუკიდებლად უძღვება თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სილამაზის სალონს.

„ზოგადად, ადამიანებს და ცხადია, ქალებსაც, წარმატების რაღაც ეტაპზე ამბიციები უჩნდებათ, ზოგჯერ უსაფუძვლო. ჩემი ამბიცია მუდმივად ახალი საქმის კეთება და სამომავლო პროექტებია. ქართველი კაცის მენტალიტეტში ჯერ ისევ ზის ქალის შესაძლებლობების მიმართ უნდობლობა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ქალი, რომელიც საკუთარ სიტყვას პატივს სცემს მუდმივად სასურველი პარტნიორია. ბიზნესში ვარ აბსოლუტურად სუფთა, ტყუილს სჭირდება ფიქრი და ასეთ ფიქრში ბევრი დრო იკარგება. ბიზნესში კი მთავარი დროა. თუ სწორ დროს, სწორ ნაბიჯს გადადგამ მოგებული იქნები“.

როდის დავისვენებ?

„როცა თეთრი ტბის პროექტი თავიდან ბოლომდე ისეთი იქნება როგორიც ჩავიფიქრე, როცა თბილისის ზღვაზე ყველა ვილა აშენდება და როცა თბილისის ცენტრში ყველაზე მაღალ თაუერს ავაშენებ, ის „კინგ დავითზე“ მაღალი იქნება, ცხადია, მრავალფუნქციური დატვირთვით. ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ახალ კომპანიებს აღარ დავაფუძნებ“.