სტარტაპერი – იქ, სადაც ახალი ბიზნესი იქმნება | ინტერვიუ ნიკა ქურდიანთან

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიური კომპანია თიბისი ქართული სტარტაპ კომუნის ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია, რომელიც ახლადშექმნილ ბიზნესებს ეხმარება არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ცოდნის გაღრმავების, მენტორობისა და ცნობადობის ამაღლების კუთხითაც. თიბისის მიერ სტარტაპებისადმი გამოვლენილი ნდობა იმაშიც ჩანს, რომ ის პირველი ფინანსური ინსტიტუტი გახლდათ ქვეყანაში, რომელმაც მაღალრისკიანი სტარტაპ სეგმენტისთვის განკუთვნილი სესხი შექმნა.

სტარტაპერის მისიაზე, მის შექმნის იდეაზე, შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნიკა ქურდიანს ვესაუბრეთ.

ნიკა, როდის გაჩნდა თიბისიში სტარტაპერის შექმნის იდეა და ‒ რატომ?

სტარტაპერის შთაგონებად იქცა ბიზნესების არაფინანსური მხარდაჭერის მიმართულება, რომელიც თიბისიში 2012-2013 წლებში დავიწყეთ. იმ დროს სერიოზული ძალისხმევა ჩავდეთ ყველა იმ მიმართულებით, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს უკეთ ოპერირებაში დაეხმარებოდა – ჯერ კიდევ მაშინ, განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ, 2017 წელს, ამ პროგრამის ფარგლებში გადავწყვიტეთ, რომ ახლადშექმნილი ბიზნესები ანუ სტარტაპები ცალკე გამოგვეყო, რადგან ამ სეგმენტის დიდი წილი სწორედ თიბისიზე მოდიოდა – საქართველოში ახლადშექმნილი კომპანიების 60%-ზე მეტი მიმდინარე ანგარიშს თიბისიში ხსნიდა. ამ მაჩვენებელმა დაგვანახა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სტარტაპი იყო, რასაც თან დაერთო ის ფაქტი, რომ სტარტაპერობა, როგორც გლობალური ტრენდი, აქტიურად ვითარდებოდა. ამ დროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ახლადშექმნილი იყო, რამაც არაერთი ერთობლივი პროექტის განხორციელების საშუალება მოგვცა.

ამ ყველაფრის ფონზე ვიფიქრეთ, რომ ახლადშექმნილი ბიზნესების მხარდაჭერის პლატფორმა – სტარტაპერი შეგვექმნა. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური მიმართულება არ გამოვყავით, რადგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, ყველა მიმართულებით, რაც შეიძლება მეტი ბიზნესი დაიწყოს. სტარტაპერი თავიდანვე ე.წ. „ქოლგა“ ბრენდი იყო, რომელსაც თანდათან არაერთი სხვა მიმართულება დაემატა.

ნიკა, რა სახის მხარდაჭერას სთავაზობთ ამ პროგრამით დაინტერესებულ პირებს?

თავდაპირველად დავფიქრდით, თუ რა სჭირდებოდა ყველაზე მეტად სტარტაპს, რომელსაც ოპერირება ჯერ არ დაუწყია და მივხვდით, რომ ამ პროგრამით დაინტერესებული ადამიანებისთვის – სტარტაპერებისთვის მათზე მორგებული ფინანსური პროდუქტი, სტარტაპსესხი უნდა შეგვექმნა. ამგვარი სესხი, თავის დროზე, საქართველოში უბრალოდ არ არსებობდა, რადგან ბიზნესის ეს მიმართულება ძალიან მაღალრისკიან სეგმენტად ითვლებოდა. ამგვარად, სტარტაპერები ახალი რეალობის წინაშე დადგნენ – საკუთარი იდეების ხორცშესხმისთვის ფინანსური რესურსი გაუჩნდათ.

მოგვიანებით, ფინანსურ მხარდაჭერას განათლების კომპონენტი დავამატეთ და ბიზნეს დაჯილდოება დავაარსეთ. ამასთანავე, მძლავრი საკომუნიკაციო პლატფორმა შევქმენით, რომლითაც სტარტაპებს ხილვადობის გაზრდასა და რეკლამირებაში ვეხმარებოდით და გავუშვით პორტალი, რომელზეც სტარტაპების კატალოგი ავტვირთეთ. დღეს, ქვეყანაში შექმნილი ახალი ბიზნესების დათვალიერება ერთ სივრცეში არის შესაძლებელი. ცოტა ხნის წინ, ამ ყველაფერს სტარტაპ ნაკრებიც დაემატა, რომელიც მის მფლობელს ბარათთან ერთად საბანკო მომსახურებებზე გარკვეულ ფასდაკლებებს სთავაზობს.

პროგრამამ დაგვანახა, რომ ბიზნესში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად სტარტაპებს მხარდაჭერა სჭირდებოდათ. როგორც წესი, სტარტაპერებს გამოცდილება და კომპეტენცია აკლიათ და არ შეუძლიათ, რომ ეს პრობლემა სფეროს ექსპერტების დახმარების გარეშე მოაგვარონ. სწორედ ამის გამო, პროგრამას განათლების კომპონენტი დავამატეთ, რომლის ფარგლებში ბიზნესის სხვადასხვა დარგის ლიდერთან სპეციალური კურსებითა და ინდივიდუალური კონსულტაციებით, სტარტაპერებს ცოდნის და უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა მივეცით.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტარტაპერის შექმნიდან – დღემდე, ეს პლატფორმა საგრძნობლად განვითარდა: გაფართოვდა, როგორც მომხმარებელთა ბაზა, ასევე მიმართულებები, რომლებსაც სტარტაპერი მის მომხმარებლებს სთავაზობს. სტარტაპერის კონკრეტული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესაჯამებლად, სტარტაპერის გუნდს მივმართეთ.

ხომ ვერ შეაფასებთ პროგრამის შედეგებს, მისი გაშვებიდან – დღემდე?

დღემდე, საერთო ჯამში, სტარტაპები 315 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდნენ – ამ თანხის უდიდესი ნაწილი სასტუმროებმა მიიღეს. ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენს პროგრამას 55 ათასზე მეტი დამწყები ბიზნესი შემოუერთდა, რომლებმაც ფინანსური დახმარების გარდა, თიბისის მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა პროდუქტებითა და სერვისებით ისარგებლეს. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, 3000-ზე მეტი სტარტაპერი გადამზადდა – ცოდნა მათ სტარტაპ კურსებითა და ინდივიდუალური კონსულტაციებით გაიღრმავეს. სტარტაპერის მედია მხარდაჭერით, მათ შორის სატელევიზიო სიუჟეტებით, ბეჭდური სტატიებითა და ბლოგებით საზოგადოებამ 300-ზე მეტი ახალი ბიზნესი გაიცნო.

ცოტა ხნის წინ, ინოვაციური სტარტაპებისთვის, რომლებიც ბაზარს პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტებს სთავაზობენ, Impact Hub-თან ერთად პრე-აქსელერაციის პროგრამა შევთავაზეთ – ამასთანავე, ვაგრძელებთ აპლიკაციების კონკურსსა და სტარტაპ დეკრეტს.

სტარტაპერს სურს, რომ ყველგან იყოს, სადაც ახალი ბიზნესი იქმნება. ამ მიზნის დასტურია ის არაერთი კოლაბორაცია, რომელსაც თიბისი სხვადასხვა კომპანიასთან ერთად ახორციელებს. სწორედ ამის გამო, ძალიან მალე არაერთ საგანმანათლებლო პროექტს დავიწყებთ, მათ შორის თავისუფალ უნივერსიტეტთან და ალტე უნივერსიტეტთან, რომელთა ფარგლებში სტუდენტებს ბიზნესის კეთებას შევასწავლით.