1995 წელი იდგა, სადაც კონტრასტები ჰარმონიულად თანაარსებობდნენ, პროგრესი და გამოწვევები დელიკატურ ბალანსში თანაარსებობას ცდილობდნენ. მეოცნებე გოგო კი დიდ ქალაქში პროფესიული თავგადასავლებისთვის ემზადებოდა. ახალი ცხოვრების საწყისებზე თავს ჟურნალისტიკას უკავშირებდა. ამაზე ფიქრს წერისა და ლიტერატურის სიყვარულიც უმყარებდა, თუმცა დედის რჩევით გადაწყვეტილებას ცვლის და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. გულწრფელი ღიმილი გულიდან მოდის, მაგრამ ჯანსაღ ღიმილს კარგი სტომატოლოგიური მოვლა სჭირდება. ჰოდა, იმისთვის, რომ პროფესიონალ სტომატოლოგად ჩამოყალიბებულიყო დიდ გზას გადის და გზად არც გამოწვევებს უშინდება. Forbes Woman-ი მოგითხრობთ ექიმ თამარ ყურაშვილის ამბავს, რომლის წარმატების მისამართი დღეს სტომატოლოგიური კლინიკა ‒ Dentsblanches • დანბლანშია.
ვინ ითამაშა გადამწყვეტი როლი თქვენი სამომავლო პროფესიის განსაზღვრაში და რა იყო შთაგონება, რამაც ეს არჩევანი განსაზღვრა?
სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ პროფესიაში. მეოცნებე ბავშვი ვიყავი. ქართულის საუკეთესო მასწავლებლები მყავდა, იმდენად გამორჩეულად კარგი მენტორები იყვნენ, რომ ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს. მათი დამსახურებით ძალიან მიყვარს ლიტერატურა და წერა. მაშინ, როცა პროფესიის არჩევანის წინაშე ვიდექი, მინდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი.
როგორ მოხდა, რომ ასე გიყვარდათ ლიტერატურა, წერა და რადიკალურად სხვა სფეროში აღმოჩნდით?
1995-1996 წლებია, ზუგდიდში ვიზრდებოდი. არ იყო უსაფრთხო დრო. ეს სამეგრელოში მძაფრად იგრძნობოდა. მშობლებმა გადაწყვიტეს თბილისში გადმოვსულიყავი. დედამ მირჩია სამედიცინოზე ჩამებარებინა. ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ მისი რჩევა გავითვალისწინე.
16 წლის ასაკში რამდენად რთული იყო ადგილის ცვლილება ქალაქიდან დიდ ქალაქში, ემოციურად ამისთვის მზად იყავით?
1995 წელს ზუგდიდში ექსტერნად დავამთავრე სკოლა და სტუდენტობისთვის მზადება დავიწყე. თბილისში ჩვენი ბინა გვქონდა. ჩემთან საცხოვრებლად ჩემი ბიძაშვილი ‒ თეა გადმოვიდა. ემოციურად რთული იყო ცვლილება. ეს იყო მძიმე პერიოდი, არც გაზი, არც შუქი და არც წყალი. ოჯახური სითბოდან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, უცებ სიცივეში აღმოვჩნდი. ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რამაც ერთგვარად ქაოსი გამოიწვია. კლასიკური დეპრესია არასდროს არ მქონია, თუმცა მახსოვს, მაშინ ცუდად ვიყავი. ბევრი ამბავი ხდებოდა ერთად, თან ძალიან ბევრს ვსწავლობდი. მეხმარებოდა ის, რომ თავდაჯერებული ვიყავი და ეს დედაჩემის დამსახურება იყო. თვითშეფასებას ყოველთვის მიმაღლებდა. სამწუხაროდ, გვხვდება შემთხვევები, როცა დედები ამას ვერ ახერხებენ. ცხადია. ამის პარალელურად უამრავ ამბავს ვკითხულობდი ძლიერი გოგოების/ქალების შესახებ, რაც კიდევ უფრო მიძლიერებდა მოტივაციას.
თქვენი მშობლების ეს მხარდაჭერა ჯანსაღ ფსიქიკასთან მისამართდება, რომელიც რთულ გზაზე სიარულისას გეხმარებოდათ…
კი, ნამდვილად ასე იყო და ძალიან მადლიერი ვარ მშობლების, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.
სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებისას სტომატოლოგია პირველი არჩევანი იყო თუ სწავლის პროცესში მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებისას პირველი არჩევანი გავაკეთე გინეკოლოგიაზე, ჩავაბარე სამკურნალო ფაკულტეტზე. ეს მიმართულება შვიდწლიან სწავლებას გულისხმობდა. ისე მოხდა, რომ პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ დავქორწინდი. ამის მერე უფრო რაციონალურიც გავხდი პრაქტიკული თვალსაზრისით. თუ თავდაპირველად დედის ზოგადი რჩევა გავითვალისწინე და სამედიცინო ავირჩიე, ქორწინების შემდეგ კონკრეტული სპეციალობა უკვე თავად, დამოუკიდებლად განვსაზღვრე. ამ ამბის პრაქტიკული მნიშვნელობა ის იყო, რომ სტომატოლოგიის დაუფლებას ხუთი წელი სჭირდებოდა, სამკურნალო ფაკულტეტს, როგორც უკვე აღვნიშნე, შვილი წელი. ამიტომ დამოუკიდებელი ფინანსური ცხოვრების უფრო სწრაფად მისაღწევად არჩევანი სწორედ სტომატოლოგიაზე გავაკეთე. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ერთხელაც საკუთარ კლინიკას გავხსნიდი. სტომატოლოგიის სწავლის პარალელურად იმდენად დიდი იყო წერის მიმართ სიყვარული, აქტიურად ვთანამშრომლობდი უნივერსიტეტის გაზეთთან.
დღეს წერთ?
სამწუხაროდ არა. დღეს მკითხველი ვარ.
ჩვენი დიალოგიდან ჩანს გულისწყვეტა გაქვთ იმის გამო, რომ წერის სიყვარული წარსულში დატოვეთ…
არა მხოლოდ წერის, ზოგადად, ჟურნალისტიკის მიმართაც მაქვს სენტიმენტალური განწყობა. მერე ისე მოხდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ახლო მეგობრების უდიდესი წრე ჟურნალისტებისგან შედგა. ქმარიც ჟურნალისტია.
გარდა იმისა, რომ სწავლაში დიდ შრომას დებდით, რა გზას გადიოდით ამის პარალელურად, რომ თქვენი ცოდნა კონკრეტული მიმართულებებით გაგეღრმავებინათ და კარიერული წარმატების ათვლა დაგეწყოთ?
სამედიცინო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. შემდეგ კი ‒ პრაქტიკას გავდიოდი. ჩემი მიზანი ორდინატურაში ჩაბარება იყო. დედამ ჩემი შვილის ‒ პატარა მარიამის აღზრდა საკუთარ თავზე აიღო. სამსახურიც კი მიატოვა. 2000-იანების დასაწყისი იყო. მოსკოვში ჩავედი. იქ გავაგრძელე სწავლა ‒ ორდინატურაში. ვცხოვრობდი ჩემს მამიდაშვილებთან. ვსწავლობდი და ვმუშაობდი სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრაზე. მივიღე უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება. ჩემს იქ ყოფნაში შემოიღეს სავიზო რეჟიმი, რამაც ძალიან გაართულა თბილისში ჩემი ხშირად ჩამოსვლა, თუმცა, წელიწადში რამდენჯერმე მაინც ვახერხებდი. იქ არაერთი კლინიკიდან მქონდა შემოთავაზება. კათედრაზე დარჩენასაც მთხოვდნენ სამეცნიერო მუშობის გასაგრძელებლად. ჩემი სურვილი არასოდეს ყოფილა რუსეთში დარჩენა. თითქმის სამი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. აქაც მქონდა სამი კლინიკიდან შემოთავაზება. ერთდროულად ორში დავიწყე მუშაობა. ჩემი პროფესია ურთულესია. ეს ყველაფერთან ერთად ფიზიკურ დატვირთვასაც გულისხმობს. თანდათან მივხვდი, რომ ჩემს პროფესიაში მეტი შემეძლო. მედიცინაში, მათ შორის სტომატოლოგიაში ტექნიკური გარღვევა მოხდა და საჭირო გახდა მუშაობის სტილის რადიკალური ცვლილება. სიახლეებს ფეხი უნდა აუწყო, საჭიროა ტრენინგები, მასტერკლასები და ცოდნის გაღრმავება.
იყავით პიონერი სიახლეების დანერგვაში?
ჩემი შემოსავლის გარკვეული ნაწილი ყოველთვის იხარჯებოდა სიახლეების დასანერგად, რომ პაციენტთან ახალი მეთოდებით მემუშავა. ეს ხდებოდა იმ პირობებშიც, როცა დაქირავებული ექიმი ვიყავი სხვის კომპანიებში. საბოლოოდ, გადავწყვიტე კოლეგასთან ერთად საკუთარი კლინიკა დამეარსებინა. 5 წელი ვიმუშავეთ ამ კლინიკაში. მომდევნო ეტაპზე კი დამოუკიდებლად გადავწყვიტე ბიზნეს საქმიანობა. ეს ის პერიოდია, როცა რეგულაციები შემოდის. მანამდე ყველას შეეძლო სტომატოლოგიური საქმიანობა, სარდაფშიც კი ხსნიდნენ კლინიკებს. მედიცინა, როგორც რეგულირებული სფერო, საქართველოში ევროპული სტანდარტებისგან შორს იყო. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში ბევრი ვიმუშავეთ, რომ შეგვექმნა კლინიკების რეგულაციის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი. ეს მოიცავდა კლინიკის მოწყობის სტანდარტს, მათ შორის სასტერილიზაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ეს სტანდარტი აუცილებელი იყო იმიტომაც, რომ ფეხი აეწყო გადაწყვეტილებისთვის ‒ ქვეყანაში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იწყებდა ამოქმედებას. სწორედ ამ სტანდარტების დაცვით გავხსენი საკუთარი კლინიკა Dentsblanches • დანბლანშის ჩემს გუნდთან ერთად.
თქვენი გამოცდილებით, რა მენეჯერული თვისებებია საჭირო კლინიკის მართვისას?
მენეჯერის ფუნქცია გადავაბარე ადამიანს, რომელსაც ძალიან ვენდობი. კლინიცისტ ექიმებს ყოველდღიური მართვის დრო არ გვაქვს. მეც ვმუშაობ ჩემს კლინიკაში ექიმად. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თანამშრომლებთან ადამიანურ ურთიერთობებს. როცა მთელ დღეს ატარებ კოლეგებთან ერთად ერთ სივრცეში, მათთან ყოფნა უნდა გიხაროდეს. კომპანიის მართვის სხვადასხვა სტილი არსებობს. მე შედარებით ლიბერალური მიდგომის მომხრე ვარ. ექიმს კლინიკაში ისეთი პირობები უნდა შეუქმნა, რომ სრულფასოვან და იდეალურ მომსახურებაზე კონცენტრირდეს. ამისთვის ადამიანური, უშუალო კომუნიკაცია ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
მიღმა თქვენი პროფესიული წარმატებისა, რა სერვისები ხვდება პაციენტებს, რომლებიც კლინიკა Dentsblanches • დანბლანშზე აჩერებენ არჩევანს?
დღეს კლინიკა Dentsblanches • დანბლანში ყველანაირი გემოვნებისა და საჭიროებების მქონე პაციენტებს ყველა სახის მომსახურებას სთავაზობს. თანამედროვე სტომატოლოგია გულისხმობს ფუნქციურ და ესთეტიკურ მიმართულებებს ერთდროულად. ვმუშაობთ შშმ პირებთან, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან. ყველაზე მეტად მიხარია, როცა ჩემს პაციენტებს, რომელთაც ბავშვობაში ვმკურნალობდი, ახლა თავიანთი შვილები რომ მოჰყავთ კლინიკაში სტომატოლოგიური მომსახურების მიზნით.
ბევრი რეგალია და ინტერესი გაქვთ, რა ხდება ქალთა მოძრაობის კუთხით?
ქალთა უფლებებისთვის ხმაურიანი თუ ჩუმი ბრძოლა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბოლო ათი წლის განმავლობაში წინ წავიწიეთ, გავიზარდეთ. ქალთა მოძრაობა ორგანიზაცია არ არის. ის პლატფორმაა, სადაც ყველა პრობლემაზე საუბარია შესაძლებელი, რაც ხშირად საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველი ხდება. ჩართული ვიყავი პროცესში, როცა იქმნებოდა კანონმდებლობა სექსუალური შევიწროების შესახებ, ასევე ადევნებაზე, ვმონაწილეობდი ცვლილებებში გენდერული კვოტირების თაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ქალებისთვის, რომლებიც ბევრ წინაღობას აწყდებიან საკუთარი უფლებების დაცვის გზაზე. ამაში ვგულისხმობ, როგორც იურიდიულ, ასევე მორალურ მხარდაჭერას. ქალთა მოძრაობასა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე გაერთიანებული ქალები ამას ახერხებენ. უმნიშვნელოვანესია გამოცდილების გაზიარებაც.
რას ურჩევდით ქალებს, რომელიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს კარიერაში?
არასოდეს უნდა იცხოვრონ სხვისი ცხოვრებით. ყველაფერი საკუთარი თავის პატივისცემით იწყება. საკუთარ სურვილებს უნდა უთხრათ ‒ კი.
თქვენი საქმიანობის რიტმი იმდენად აქტიურია, ამდენი ამბის მიღმა, რა ხდება პირად სივრცეში?
საქმეში ოჯახი მიმაგრებს ზურგს. ჩემი ქმარი ჟურნალისტი ვახო სანაია, რომელსაც ასევე რთული პროფესია აქვს, ჩემი მხარდამჭერია. მყავს სამი შვილი: მარიამი, ნასტი და სანი. მარიამ კვაშილავა არტისტია, ხელოვნებათმცოდნე. ისიც ფემინისტია. სწავლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში არტ აკადემიაში და მისი არტის მიმართულება არის ქალები. მარიამმა სორბონაში სწავლისას ჩამოაყალიბა ქალთა ჯგუფი „გლემფაქტორი“. იქ გაერთიანებულია ასი ათასზე მეტი ქალი. თავისი პირველი პერსონალური გამოფენა პარიზშიც, ფემინისტთა კლუბში მოაწყო. ნასტი კვაშილავა ‒ ასევე არტისტი და მხატვარია. ხატვის ნიჭი ალბათ მამისგან გამოჰყვა, თუმცა მეც კბილებს ვხატავ. ეს ხედვა თუ არ გაქვს, ვერც ჩემს პროფესიაში გახდები წარმატებული. ორივე შემოქმედებითი ნატურაა. ნასტი ახლა იუნისეფთან თანამშრომლობს და მედია პლატფორმის აქტივისტია. თავის თანატოლებს პლატფორმის საშუალებით ესაუბრება მენტალურ პრობლემებზე. პატარა სანი ოთხი წლისაა. ყოველთვის გვყავდა ძაღლები ‒ პეპი, ახლა უკვე პატარა ნოა, რომელიც სანის საუკეთესო მეგობარია.
დიალოგში ახსენეთ, რომ სხვადასხვა პროფესიის მეგობრები გყავთ. თქვენი აზრით, თქვენი მეგობრები როგორს არ გიცნობენ?
ჩემი ახლო მეგობრები კარგად მიცნობენ. მე ვიცი განსაკუთრებულად ნერვიულობა და სულ მინდა, რომ ეს არ მემჩნეოდეს. ვახო მეუბნება არანორმალური ნერვიულობა იციო. როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობასა და კლინიკას, მაშინ მართლა არანორმალური ნერვიულობა ვიცი. მერე, როცა გადაივლის, მეცინება. შეიძლება, ასეთს არ მიცნობენ, მაგრამ ვცდილობ, არ შემეტყოს. მარიამი და ვახო მეუბნებიან, რომ დღესაც ბავშვური ვარ. უმნიშვნელო დეტალებიც მწყინს, ოღონდ არ ვიცი გულში ჩადება. შეიძლება უცებ ავფეთქდე, მერე მავიწყდება.
დასასრულს იმ პატარა გოგოს რას ეტყოდით, რომელიც 16 წლის ასაკში დიდ ქალაქში დიდი ამბის დასაწერად მოდიოდა?
შენ ყველაფერი შეძელი! მართლა შევძელი და ჩემი თავით ვარ კმაყოფილი. მომწონს, როგორც ვცხოვრობ და რასაც ვაკეთებ. დღეს ბევრი ადამიანი ფიქრობს ემიგრაციაზე. ყველანაირად ვეცდები, არ დავტოვო ეს ქვეყანა, მაგრამ კარგად მესმის მათიც, ვინც ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მინდა აქ ვცხოვრობდე, ჩემი პროფესიისა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი გავაკეთო. ყველა ჩემს სამომავლო გეგმას საქართველოს ვუკავშირებ. ჩემი შვილებიც აქ უნდა გაიზარდონ და მათ დავეხმარო ჯანსაღი გარემოს შექმნაში. მინდა მე და ვახო სიბერეში სწორედ საქართველოში ვიყოთ ბედნიერად ჩვენს მეგობრებთან ერთად.