სალომე კუკავას Globalize-ი | ხიდი აწმყოსა და მომავალს შორის

თბილისსა და სილიკონ-ველს შორის, რომელიც კალიფორნიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, სან-ფრანცისკოს სამხრეთით მდებარეობს, თერთმეტსაათიანი სხვაობაა. გამოდის, რომ ეს ქალაქები, ფაქტობრივად, დედამიწის ორ უკიდურეს წერტილში მდებარეობს, რაც მათ კავშირს ერთგვარ მისტიკურობას სძენს. თუმცა, ჩვენს ქვეყანასა და დედამიწის ტექნოლოგიურ ცენტრს შორის არსებულ მიზიდულობას მხოლოდ მისტიკურობას არ და ვერ დავაბრალებთ, რადგან რეალურად, საქმე სულ სხვა ფენომენთან გვაქვს. სინამდვილეში, ეს ანტრეპრენიორული სულის, სიცოცხლის სიყვარულისა და უდრეკი მიზანსწრაფულობის ამბავია, რომელიც იქ, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, სილიკონ-ველზე იწერება.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ქართული სტარტაპებისა და მათი დამფუძნებლებისთვის, სილიკონ-ველზე მოხვედრა, საქმიანი შეხვედრების ჩატარება და საერთოდ, იქაურობასთან საკუთარი ცხოვრების დაკავშირება, როგორც წესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული მიზანია, რომლის მიღწევა, ხშირად, არც თუ ისე იოლია. თუმცა, როგორც ცნობილია, ყოველი პრობლემა საკუთარ თავში შესაძლებლობასაც გულისხმობს ‒ შესაძლებლობას იმისა, რომ ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია, ყოველდღიურობად იქცეს.

ახალგაზრდა ქართველი მეწარმე, სალომე კუკავა ერთ-ერთია იმ ადამიანთა მცირე ჩამონათვალიდან, რომელიც გეოგრაფიულ, ენობრივ და ეკონომიკურ დაბრკოლებებს არ შეუშინდა და კომპანია Globalize-ი დააფუძნა, რომელიც ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში და ინვესტორებთან დაკავშირებაში ეხმარება. ამ პროცესში საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებიც არიან ჩართულნი, რომლებიც, ხშირად, ინვესტორის ტიტულს არც კი ატარებენ ‒ ისინი მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიურ კომპანიებსა და უნივერსიტეტებში მუშაობენ და უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას ფლობენ.

„საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების მიერ დაგროვილი გამოცდილება უდიდესი აქტივია, რომელიც ქვეყანაში აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ, რისთვისაც გამოცდილების ქართული სტარტაპერებისთვის გაზიარება ‒ საუკეთესო გზაა“, ‒ მითხრა სალომემ ჩვენი საუბრისას, რაზეც არ შემიძლია არ დავეთანხმო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენნაირი დემოგრაფიის მქონე ქვეყნისთვის, საიდანაც უკანასკნელ ოცდაათ წელიწადში ემიგრაციაში მილიონზე გაცილებით უფრო მეტი ადამიანი წავიდა, დიასპორა ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად, წარმატება სწორედ ამ ორის კოლაბორაციით მიიღწევა.

საქართველოში მცხოვრები სტარტაპერებისა და ექსპორტიორების საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირების სიმბოლურ მნიშვნელობას სალომეც კარგად აცნობიერებს, მაგრამ ფიქრობს, რომ მხოლოდ ენთუზიაზმით, საქმე სანახევროდ კეთდება. ამგვარად, სალომემ გადაწყვიტა, რომ ნაცნობებისა და უცნობების საკუთარი ქსელი, რომელშიც ექვსი ათასამდე ადამიანი არის გაერთიანებული, დამოუკიდებელ და თვითკმარ ბიზნესად აქციოს და სარგებელი საქმეში ჩართულ ყველა მხარეს გაუნაწილოს. დრომ აჩვენა, რომ სალომე მართალი იყო, რადგან Globalize-ის წარმატება სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ‒ ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს ერთჯერადი ხასიათის დახმარება კი არ იყო, არამედ ძალიან საინტერესო, თვითკმარი და დამოუკიდებელი ბიზნესი.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

თავისი არსით, Globalize-ი არის კომპანია, რომელიც სტარტაპებსა და ექსპორტიორებს სხვადასხვა ქვეყანაში მათთვის საჭირო სერვისებს სთავაზობს, მათ შორის ბაზრის კვლევის, იურიდიული კონსულტაციის, სტრატეგიისა და ბრენდინგის მიმართულებით. Globalize-ის კომუნაში ექვსი ათასზე მეტი ადამიანი არის გაწევრიანებული, ხოლო კომპანია მსოფლიოს თორმეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, საფრანგეთსა და ისრაელში. გეოგრაფიული ლოკაციების დივერსიფიკაცია შემთხვევითი სულაც არ არის ‒ სალომეს სჯერა, რომ სტარტაპებისა და ექსპორტიორებისთვის კონკურენტუნარიანი სერვისების მიწოდება მხოლოდ ლოკალური მართვითაა შესაძლებელი.

ფუნქციონირება Globalize-მა ოფიციალურად ამა წლის მარტში დაიწყო, მაგრამ რეალურად, ამ ბიზნესის უკან სალომე კუკავას და Globalize-ის გუნდის წევრების მრავალწლიანი შრომა დგას. თავის დროზე, არაერთი სამსახურიდან გამომდინარე, სალომეს ხშირი კომუნიკაცია უწევდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან, როგორც საინვესტიციო და დაგროვილი კაპიტალის მართვის, ასევე სტარტაპების მიმართულებით. ამავდროულად, სალომე ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის გულმხურვალე მხარდამჭერიცაა და ხვდება, რომ ძალიან ხშირად, ქართულ კომპანიებს პროდუქტიც აქვთ და ინვესტიციაც, მაგრამ მასშტაბირება უჭირთ. აი, სწორედ ეს ნიშა დაიკავა Globalize-მა, რომელიც კომპანიებს პირველი გარეთა ინვესტიციის მოზიდვაში ეხმარება და ამით, მსოფლიოში გამავალ კარებს უხსნის.

პირველი კარი, რომელიც Globalize-მა გახსნა, ქართველ სტარტაპერებს ამერიკის ტექნოლოგიურ ცენტრში, სილიკონ-ველზე მოხვედრის საშუალება მისცა, სადაც ისინი აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ, ერთმანეთი გაიცნეს და საკუთარი ბიზნესებიც გააცნეს. „სულ სხვაა, ადამიანს პირადად რომ იცნობ“, ‒ ამბობს სალომე, რომელსაც Globalize-ის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრისას თვალები უბრწყინავს ‒ „სტუმრები მალევე დაინტერესდნენ და სერიოზულად ჩაფიქრდნენ, ქვეყანას როგორ გამოვადგეთო. მეორე დღეს კი, შედარებით არაფორმალურ გარემოში, იდეებით მოვიდნენ, რომ აი, ამა და ამ კომპანიაში შეგვიძლია ქართველები დავასაქმოთ ან სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებში ჩავრთოთო“. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Globalize-ის წარმატება, სწორედ ამგვარმა ენთუზიაზმმა განაპირობა.

თუმცა, Globalize-ი აქ არ გაჩერდა და შემდეგი კონფერენცია ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში, პარიზში ჩაატარა, რომელსაც ევროპაში მცხოვრები ქართველები, სტარტაპების დამფუძნებლები და ადგილობრივი ინვესტორები შეიკრიბნენ. კონფერენციის სტუმრებმა მიმოიხილეს, როგორც ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები, ასევე დეტალურად ისაუბრეს ევროკავშირში ბიზნესის წარმოების ბიზნესურ და იურიდიულ თავისებურებებზე.

ისე კი, ენთუზიაზმი არც სალომეს აკლია. მეტიც, მას სახეზე ეტყობა, რომ საკუთარი საქმე ძალიან უყვარს და ისიც, რომ ბიზნესში თავს კომფორტულად გრძნობს. თუმცა, როგორც მითხრა, მისი საქმიანი გზა არც თუ ისე მარტივი და სწორხაზოვანი აღმოჩნდა. პროფესიულ განვითარებაზე ფიქრი თხუთმეტი წლისამ დაიწყო, როცა უნივერსიტეტში, უცხო ენების ფაკულტეტზე ჩააბარა ‒ ენების სწავლა ეხერხებოდა და თექვსმეტი წლისა, თარჯიმნადაც კი მუშაობდა, მაგრამ ამ სფეროში განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავდა. მოგვიანებით, ლონდონში წავიდა, უფრო საინტერესო, მიმზიდველი და „ქულ“ საქმის ‒ გრაფიკული დიზაინის შესასწავლად. საქართველოში დაბრუნებულმა კი, მრავალპროფილურ საინვესტიციო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

როგორც თვითონ მიყვება, ფინანსურ ტერმინოლოგიაში გარკვევა სამსახურებრივმა მოვალეობებმა აიძულა, რადგან საინვესტიციო კომპანიაში მისულს, იქ გაჟღერებული საკითხების, თემებისა და ტერმინების ნახევარზე მეტი უბრალოდ არ ესმოდა. თუმცა, სალომე არც ამ დაბრკოლებას შეუშინდა ‒ პირიქით, ამ გამოწვევამ მას სწავლის მოტივაცია აღუძრა. სამსახურში უცნობ ტერმინს რომ გაიგებდა, იწერდა და თავისუფალ დროს მის მნიშვნელობას სწავლობდა. ის, რომ თვითგანათლებას დიდ ყურადღებას აქცევს, სალომეს ისედაც ეტყობა, სხვაგვარად, განვითარება ხომ წარმოუდგენელია? „დღეს, ინტერნეტში ყველაფერი ისწავლება ‒ შეიძლება იმაზე მეტიც კი, ვიდრე ლექციაზე. თუ მოინდომე, ყველაფერს შენით ისწავლი“, ‒ მიყვება ის.

აი, ასე, სწავლა-სწავლაში და ღამეების თენებაში, სალომე მიხვდა, რომ ბიზნესის კეთება ძალიან აინტერესებდა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევაში ბექგრაუნდი ხელს არ უწყობდა. თუმცა, სალომემ ეს დაბრკოლებაც გადალახა და სწავლა შესაბამისი მოდულების მიხედვით დაიწყო: ჯერ იმას სწავლობდა, რაც არ იცოდა, მერე კი ბიზნეს-სკოლების სილაბუსებს და იქ ჩამოთვლილ ლიტერატურასაც დაერია. სულ ფიქრობდა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც უნივერსიტეტი დაამთავრეს ამა თუ იმ მიმართულებით, მასზე ბევრად მეტი იცოდნენ, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ეს სულაც არ იყო ასე. „მგონია, რომ ამ საუკუნეში დიპლომი აუცილებელი აღარ არის“, ‒ ამბობს სალომე, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ყველა ადამიანის პროფესიული გამოცდილება ‒ ინდივიდუალური მოგზაურობაა და ის, რაც ამართლებს ერთი ადამიანის შემთხვევაში, შეიძლება არ გაამართლოს მეორეს შემთხვევაში. ზოგადად კი, სალომეს აზრით, განათლება მრავალმხრივი უნდა იყოს, რადგან ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა, ხშირად სხვადასხვა ტიპის უნარებს მოითხოვს.

თუმცა, აღსანიშნავია ერთი დეტალი: იმის ფონზეც კი, თუ დიპლომს ფორმალობად აღვიქვამთ, მთელი ის შრომა, რომელსაც ადამიანები აკადემიური ხარისხის მისაღებად, წამყვან კომპანიაში მოსახვედრად ან საკუთარი სტარტაპის შესაქმნელად დებენ ‒ წარმატების უმთავრესი წინაპირობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოსნაირი მცირე ზომის სახელმწიფოდან ხარ.

„ქართველებს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში გვიწევს მუშაობა, რათა დავამტკიცოთ, რომ რაღაც შეგვიძლია. ჩემს შემთხვევაშიც ასეა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ქალი ვარ, არამედ იმიტომ, რომ პატარა ქვეყნიდან ვარ. სილიკონ-ველზე, ამერიკელ ინვესტორებთან ქართულ სტარტაპებზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან ჩვენ, როგორც ქვეყანას, დასამტკიცებელი ბევრი გვაქვს. ამ ადამიანებამდე სათქმელის მისატანად დიდი შრომა გვჭირდება და ზოგჯერ, ისე ხდება, რომ ერთი სტარტაპის წარმატებისთვის ათობით ადამიანი მუშაობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, ‒ ამბობს სალომე, მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ენერგია და ჟინია ის, რაც ქართველ სტარტაპერებს იქ, სილიკონ-ველზე მოხვედრაში დაეხმარება.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სალომე კუკავასთან საუბრისას შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ზედმიწევნით კარგად იცნობს საკუთარ თავს, ერკვევა საკუთარ შესაძლებლობებსა და ნაკლოვანებებში და ხვდება საკუთარ ცხოვრებისეულ დანიშნულებას. სალომემ მითხრა, რომ Globalize-ი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია, რომელიც სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და ინვესტორებს ერთმანეთს აკავშირებს, მაგრამ იცით რა, ჩემი აზრით, მისი როლი და დანიშნულება გაცილებით უფრო ფუნდამენტური და შთამბეჭდავია.

სალომესთან საუბრისას მივხვდი, რომ Globalize-ი ის ხიდია, რომელიც საქართველოს აკავშირებს ევროპასთან, ამერიკასთან და, ზოგადად, მსოფლიოსთან; Globalize-ი ის მეტაფიზიკური ჯაჭვია, რომელიც ქართველ ადამიანებს სხვა ეროვნების ადამიანებთან აკავშირებს და მათ უბარიერო, საერთო სამყაროში თანაცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. Globalize-ი გლობალიზაციის სიმბოლოა და დროა, მას ფეხი ავუწყოთ. ჰო-და, Let’s Globalize.