ქალაქგეგმარების სტრატეგია | ინტერვიუ არქიტექტორ ქეთუნა ყრუაშვილთან

არქიტექტორების ოჯახში გაზრდილი ქეთუნა ამბობს, რომ მომავალ პროფესიაზე ბევრი არ უფიქრია. არქიტექტურა, ფაქტობრივად, ინსტინქტურად აირჩია. იმასაც ამბობს, რომ ამ საქმის მიმართ სიყვარული და ინტერესი სისხლში აქვს. დედა, მამა, ბებია, ბაბუა, დიდი ბაბუა ‒ ყველანი არქიტექტორები არიან.

ის, რაც მთელი ცხოვრება უნდა ეკეთებინა, დიდწილად მამის სახელოსნოში გატარებულმა ბავშვობამ განსაზღვრა, სადაც სკოლის ასაკიდან აკვირდებოდა, „როგორ იქცევა ფურცელზე გაკეთებული ჩანახატი მასშტაბურ მოცულობად“. და მერე ეს მთავარ მიზეზად იქცა, რის გამოც არქიტექტურა და მისი შესაძლებლობები შეიყვარა.

თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ქეთუნა ყრუაშვილის პირველი პროფესიული გამოცდილება მამასთან ერთად პროექტებზე მუშაობა იყო. შემდეგ ცხოვრების 8 წელი პორტუგალიაში გაატარა. ამბობს, რომ ევროპამ სრულიად სხვა კუთხით აღმოაჩენინა არქიტექტურა და საკუთარი შესაძლებლობებიც.

2005 წლიდან კი ქეთუნა არქიტექტურული სტუდია NOAstudios-ს თანადამფუძნებელია, რომელიც საქართველოსა და პორტუგალიაში ფუნქციონირებს. მულტიდისციპლინური სტუდიის არქიტექტორები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებზე არქიტექტურული, ურბანული და დიზაინერული მიმართულებით მუშაობენ.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

კითხვაზე, რა ქმნის ჰარმონიას საცხოვრებელ სივრცეში, ქეთუნა გვპასუხობს, რომ მნიშვნელოვანია სახლის დიზაინის შერჩევისას მოდის ტენდენციების უპირობოდ ატაცების ცდუნებას არ ავყვეთ. მისი რჩევით, მთავარია შინაგან ხმას მოვუსმინოთ და აღმოვაჩინოთ, რა გვიქმნის სიმშვიდესა და კომფორტს.

მისთვის, როგორც არქიტექტორისთვის, ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას მთავარი მიზანი სწორედ ჯანსაღი სივრცის შექმნაა. ეს ვრცელდება საცხოვრებელ სახლებზეც, მათი ინტერიერის დიზაინზეც და არქიტეტურულ პროექტებზეც, რომლებმაც ქალაქის იერსახე უნდა შექმნას.

არქიტექტურა ოჯახური ტრადიციის გამო აირჩიეთ? ოჯახის წევრები გირჩევდნენ, რომ ამ საქმიანობას გაყოლოდით თუ თქვენი პირადი სურვილი და ინტერესი იყო გადამწყვეტი?

რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ოჯახში ყველა არქიტექტორია, თუმცა მათგან ეს რჩევა არ მიმიღია, პირიქით, გაუკვირდათ კიდეც, იგივე პროფესია რომ ავირჩიე. სკოლაში კარგად ვწერდი, ასევე ბევრ უცხო ენას ვსწავლობდი და ალბათ ამიტომაც ეგონათ, რომ ჰუმანიტარული განხრით წავიდოდი.

პანდემია როგორ აისახა თქვენი ცხოვრების, მუშაობის ტემპზე, სტილზე?

პანდემიის დაწყებისთანავე დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავედით. დილას ონლაინ ჯგუფში გამამხნევებელი შეძახილებით ვიწყებდით და შემდეგ ვერთვებოდით სამუშაოში. რადგან მსოფლიო გაჩერდა და ტემპი დავარდა, ყველანაირი ზეწოლის გარეშე ბევრად უფრო პროდუქტიული და კრეატიული აღმოჩნდა მუშაობა. გაკვირვებულიც კი ვიყავი. ბევრი ახალი პროექტი დაგვემატა ამ პერიოდში და საკმაოდ დატვირთული ლოკდაუნი გამოვიდა.

რამდენად რთული პროფესიაა?

რთულია, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა. უცნაური პროცესია. თავში დაბადებული იდეა გადმოგაქვს ფურცელზე, თავიდან ჩანახატის სახით. შემდეგ იწყებ დამუშავებას და საბოლოოდ ეს ყველაფერი, დიდი მასშტაბით, რეალობაში გადმოდის. პასუხისმგებლობა ბევრი მიმართულებითაა: დამკვეთის მიმართ, უსაფრთხოების კუთხით, ფინანსური მხარე, ქალაქისა და ქვეყნის მიმართ, რადგან, ფაქტობრივად, მის იერსახეში ერევი.

რთულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ბევრ დისციპლინას მოიცავს და ამის კოორდინირება აუცილებელია. კიდევ, უამრავი დრო მიაქვს. რამდენსაც მისცემ, იმდენს წაიღებს. საათები შეუმჩნევლად გადის მუშაობაში. ზოგადად, თუ ეს საქმიანობა სიგიჟემდე არ გიყვარს, ალბათ ამ პროფესიას არ უნდა გაჰყვე. როგორც კონფუციუსი ამბობს: „აირჩიე სამსახური, რომელიც გიყვარს და ცხოვრებაში არცერთი დღე არ მოგიწევს მუშაობა“.

რის გარეშე ვერ მიიღწევა ჰარმონია?

ქაოსის გარეშე. ყველა ადამიანს საკუთარი ჰარმონია და ქაოსი აქვს. ალბათ, ჩვენი პროფესიის ნაწილი ისიცაა, რომ ეს ბალანსი დავიცვათ და ყველა დამკვეთს თავი კომფორტულად და ჰარმონიულად ვაგრძნობინოთ ჩვენ მიერ დაპროექტებულ სივრცეში. ხშირად გვეუბნებიან, „სახლიდან გასვლა არ გვინდაო“ და სწორად მაშინ ვხვდებით რომ საქმე გამოგვივიდა.

განსხვავებულია ამ ჰარმონიის აღქმა? როგორ მიდიხართ საერთო აზრამდე დამკვეთთან? რთულია ეს კომუნიკაცია?

ყველა დამკვეთს თავისი მოთხოვნა და აღქმა აქვს. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ მათთან ერთგვარ ინტერვიუს გავდივართ. ძალიან ბევრ კითხვას ვუსვამთ და ვიწერთ. ზოგს უკვირს კიდევაც. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი ცხოვრების წესი შევისწავლოთ და ზუსტად მათზე მორგებული სივრცე შევქმნათ. კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ვამბობ, რომ საბოლოო შედეგს ჩვენი და დამკვეთის კოლაბორაცია ქმნის და მათი ჩართულობა ბევრს წყვეტს. განსხვავებული აზრი ყოველთვის არის და ესეც ამ პროფესიის ნაწილია: ცოტა ფსიქოლოგიც უნდა იყო და დიპლომატიც. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ნდობაა. ამის გარეშე, ალბათ, ვერ ვიმუშავებთ.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

თქვენ ხართ არქიტექტურული სტუდია NOAstudios-ს თანადამფუძნებელი. რაზე მუშაობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე?

ბევრი საინტერესო, განსხვავებული დატვირთვის პროექტი გვაქვს: სასტუმროები, სახლები, რესტორნები, ბინის ინტერიერები და სხვა. საერთაშორისო პროექტები, ძირითადად, პორტუგალიაშია, სადაც ჩემი პარტნიორი სეზარ რიბეიროა.

პორტუგალიაში რა სახის პროექტებზე მუშაობთ?

რამდენიმე ინდივიდუალური სახლის პროექტი გვაქვს. ასევე ერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ ქალაქგარეთ. ესაა იოგასა და განტვირთვის ცენტრი, უკვე დასრულებისკენაა და იმედია მალე გამოვაქვეყნებთ.

როგორ შეაფასებდით პორტუგალიის არქიტექტურას?

პორტუგალიის თანამედროვე არქიტექტურა ძალიან დახვეწილი და მოზომილია. ითვალისწინებენ ტრადიციულ არქიტექტურას და ახალი ფორმით გადმოსცემენ მას. ძალიან სწორი მიდგომა აქვთ კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მიმართაც. მგონი, სამაგალითოები არიან ამ სფეროში.

გაქვთ პროექტი, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობთ?

ყველა პროექტით ვამაყობთ. გვიხარია, როდესაც დამკვეთი ბედნიერია ჩვენ მიერ შექმნილ სივრცეში. ეს არის ყველაზე საამაყო.

ერთგან ამბობთ, რომ ქალაქგეგმარება ქვეყნის სტრატეგიაა. როგორ აფასებთ თბილისის გეგმარებას და რაში ხედავთ საკვანძო პრობლემებს?

კი, ასეა. ქალაქები ასე იქმნებოდა. დღეს თბილისის ქალაქგეგმარების პრობლემა არის გენერალური გეგმის გარეშე გაშენებული უზარმაზარი უბნები, რომლებიც მხოლოდ კომერციული მიზნებითაა მოტივირებული. ქალაქის იერსახე ძალიან დაზარალდა, სამწუხაროდ. თუმცა სასიხარულოა ის, რომ ნელ-ნელა შემოდის რეგულაციები, რომლებიც, იმედია, დაიცავს ქალაქს და სწორი მიმართულებით განავითარებს მას. ახალი მშენებლობა და ქალაქის განვითარება აუცილებელია, უბრალოდ, ეს უნდა მოხდეს დელიკატურად და მაღალპროფესიულ დონეზე.

თბილისის შეცვლილი და ქაოტური იერსახე მუდმივად განხილვის საგანია. შესაძლებელია ამ ყველაფრის მეტ-ნაკლები კორექტირება? რა შეიძლება გაკეთდეს?

კორექტირებას დიდი ნება და რესურსი უნდა, რაც ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია. თუმცა სამომავლოდ ქალაქის უკეთესი განვითარება აუცილებელია და ამისთვის პროფესიონალიზმია საჭირო ყველა დარგში.

ჩემი დაკვირვებით, თქვენს ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამწვანებას. რამდენად გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებთ ამას, ერთი მხრივ, რეკრეაციული თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, ინტერიერის დიზაინში?

სიმწვანე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, პანდემიამ დაგვანახა ეს. ბუნება გვამშვიდებს ‒ ინტერიერში თუ გარე სივრცეში. სიმწვანეს ფუნქციურ დატვირთვასაც ვაძლევთ: მწვანე სახურავი ბუნებრივი იზოლაციაა, იგი აკავებს სიცხესაც და სიცივესაც. ზოგადად, მდგრადი არქიტექტურა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

თქვენ იყავით მსოფლიოში ცნობილი გამოცემის Dezeen-ის დაჯილდოების ჟიურის წევრი. როგორ მიიღეთ ეს შემოთავაზება? რა ემოცია გქონდათ?

ძალიან სასიხარულო და საამაყო იყო, როდესაც მარკუს ფეარსმა, Dezeen-ის დამფუძნებელმა, ჟიურის წევრობა შემომთავაზა სტოკჰოლმის დიზაინ კვირეულზე ყოფნისას. შეფასების პროცესიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ მოხერხდა ფიზიკური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონიაც ონლაინ ჩატარდა. კიდევ ერთმა არქიტექტურულმა კონკურსმა მიმიწვია ჟიურის წევრად, ეს იყო Rethinking the Future Awards. მოკლედ, პანდემიის დროს საინტერესო დამატებითი სამუშაო გამიჩნდა. ბევრი საინტერესო პროექტი ვნახე და შევაფასე.

თქვენი პროექტი ნომინირებულია მის ვან დერ როეს ჯილდოზე. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ეს ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არქიტექტურაში. ძალიან გვიხარია და მადლიერები ვართ, ნომინანტთა სიაში რომ მოვხვდით. შედეგები 2022 წელს იქნება, მაგრამ ჯილდოზე წარდგენა უკვე დიდი მიღწევაა. მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ნომინანტები და წარდგენილი პროექტები საერთაშორისო არქიტექტურულ ჟურნალებში და ონლაინ პლატფორმებზე გამოქვეყნდა. მათ შორის, ჩვენი პროექტიც.

რა გხიბლავთ არქიტექტურაში?

ზუსტად ის პროცესი, რომ ფურცელზე გაკეთებული ჩანახატი ჩვენ თვალწინ მასშტაბურ მოცულობად იქცევა.

რომელი ქვეყნები (ქალაქებია) თქვენთვის არიტექტურის თვალსაზრისით განსაკუთრებით მიმზიდველი?

ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ძველი თუ ახალი არქიტექტურის მონახულება. განსაკუთრებულად მიმზიდველი, ალბათ, უფრო ევროპული ქალაქებია, თუმცა ყველგანაა ძალიან კარგი და ძალიან ცუდი არქიტექტურა. ზოგადად, გლობალიზაციის პირობებში ქვეყნებმა და ქალაქებმა ავთენტურობა დაკარგეს. ნებისმიერი შენობა შეიძლება დაიდგას ნებისმიერ ქალაქში. არქიტექტორებიც დღეს მთელ მსოფლიოში მუშაობენ და არამხოლოდ თავიანთ სამშობლოში. რა თქმა უნდა, ყურადღება ექცევა ადგილობრივ გარემოს და ტრადიციებს, მაგრამ, ზოგადად, არქიტექტურა მაინც გლობალური გახდა.

რას გამოყოფდით თქვენი, როგორც არქიტექტორის ხელწერაში?

სივრცეს და შუქს. ეს არის ჩვენი მთავარი ხელსაწყოები არქიტექტურაში. და ასევე ადგილთან დიალოგს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც პროექტზე უნდა ვიმუშაოთ.

ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ნამუშევრების ავტორებს ხშირად განასხვავებენ ხოლმე სქესის მიხედვით („ქალის დაწერილი რომანი,“ „მამაკაცის ხელწერა იგრძნობა…“) რამდენად რეალური ან მართებულია მსგავსი დაყოფა არქიტექტურაში და თუა შესაძლებელი არქიტექტურულ ნამუშევარში საგრძნობი იყოს გენდერი?

არქიტექტურა ერთგვარ სიძლიერეს მოითხოვს და, ალბათ, ამიტომ ამ პროფესიის წარმომადგენელი მეტი მამაკაცია, ვიდრე ქალი. მაგრამ როდესაც ქალია არქიტექტორი, ნამუშევარში ეს არ იგრძნობა.

რა გაძლევთ შთაგონებას?

პირველ რიგში, ადგილი, სადაც ვაშენებთ. გარემო. სივრცე. განათება. მზე საიდან ამოდის, სად ჩადის. ხედები. ასევე დამკვეთი და მათთან ურთიერთობა. არქიტექტურა ყოველთვის მოცემულობიდან გამომდინარე იქმნება. ზოგჯერ მთავარი შთაგონება სწორად ის შეზღუდვებია, რაც კონკრეტულ პროექტს ახლავს თან.

ოცნების პროექტი თუ გაქვთ?

სტუდენტობისას ვოცნებობდი აეროპორტის პროექტზე. ახლა ოცნების პროექტი ხელოვნების მუზეუმია.

რა არის გართობის განტვირთვის საშუალება თქვენთვის?

ცურვა და თხილამურებზე სრიალი. ასევე მოგზაურობა.