„აი, საკუთარი წიგნების მაღაზია, რომ მქონოდა…“ – მსგავსი ფრაზა ბევრს წარმოგვითქვამს, მაგრამ ერთეულებისთვის თუ გამხდარა იგი რაღაც ახლის დასაწყისი. ჩემი რესპოდენტი, სწორედ მათ შორის აღმოჩნდა, ვისთვისაც „ახლა და დღეს“ ის დროა, როცა ცვლილებებისკენ ნაბიჯები იდგმება და ერთხელ, ღრმა ბავშვობაში, ოცნებად წარმოდგენილი პატარა წიგნების მაღაზია რეალობად, შემდეგ კი დიდ გამომცემლობად იქცევა.
ვინ არის მარი კორინთელი, როგორ უნდა გიცნობდეთ საზოგადოება?
მარი კორინთელი იყო ბევრი რამე, მაგრამ ახლა, მე მგონი, ჩამოვყალიბდი საბოლოოდ და ვიცი უკვე რაც მინდა, რომ ვიყო და რაც ვარ. მარი კორინთელი არის – გამომცემელი, რედაქტორი, დედა. დედა, ალბათ, პირველი უნდა მეთქვა, იმიტომ, რომ მაინც მთავარ ფუნქციად ეგ მიმაჩნია ჩემი ცხოვრების. ასევე, ცოლი, შვილი, მეგობარი და უბრალოდ ადამიანი, რომელიც იმას აკეთებს რაც უყვარს.
როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორ შეიქმნა „წიგნები ბათუმში“
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა საერთო პროფესია, რომელსაც არაფერი აკავშირებდა წიგნებთან. ორივე ვიყავით იურისტები, გვქონდა ცოტა რუტინული, ოდნავ მოსაწყენი ცხოვრება და საერთო უდიდესი გატაცება, რაც იყო მხატვრული ლიტერატურა. ეს იყო ის, რაც ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდა და ერთხელაც, როდესაც ძალიან ვწუწუნებდით იმაზე, რომ რისთვის ვცხოვრობთ, რატომ ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ, რა მოსაწყენი ცხოვრება გვაქვს და როგორ არ მოგვწონს ჩვენი პროფესიები, უცებ მივხვდით, რომ ერთი და იმავე რამეზე ვოცნებობდით თურმე ბავშვობიდან, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ორივე. მაშინ მე ვთქვი: „აი, საკუთარი წიგნების მაღაზია, რომ მქონოდა…“ და ჩემი ქმრის პასუხი იყო, რომ „ღმერთო ჩემო, მეც ამაზე ვოცნებობ“ და დავიწყეთ უკვე საუბარი. ოღონდ ვლაპარაკობდით ძალიან შორეულ მომავალზე, ვამბობდით, რომ აი, სიბერისკენ, მერე უკვე, როცა იურისტობას ბოლომდე ამოვწურავთ, გავხსნათ წიგნების მაღაზიაო.
მერე ერთ დღეს ვთქვით – რატომ არ უნდა გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები? მოდი ახლა და დღეს, იმიტომ, რომ ახალგაზრდები ახლა ვართ და ახლა უნდა ვაკეთებდეთ იმას, რაც გვიყვარს. გადავხედ-გადმოვხედეთ და მივხვდით, რომ დედაქალაქი უკვე გაჯერებული იყო წიგნების მაღაზიებით, რახან ჩემი მეუღლეც ბათუმიდანაა და ბათუმს არ ჰქონდა რაღაც დამახასიათებელი, არაქსელური საკუთარი წიგნების მაღაზია, მივხვდით, რომ აქ შესანიშნავი ასპარეზი გვექნებოდა. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ძალიან მოძრავი ქალაქია ბათუმი. ამიტომ, დავბრუნდით ჩემი მეუღლის მშობლიურ ქალაქში და გავხსენით წიგნების მაღაზია. საოცრება იყო ის, რომ გახსნისთანავე ეს მაღაზია გახდა უზომოდ პოპულარული და ჩვენც მივხვდით, რომ „წიგნები ბათუმში“ საჭიროებდა რაღაც მიმართულებით განვითარებას. იყო ორი გზა, ან უნდა გაგვეხსნა ფილიალები ან რაღაც სხვა გზით უნდა წავსულიყავით. ვინაიდან, მე და ჩემს მეუღლეს გვიყვარს კითხვა და რადგანაც, უამრავი მწერალი და წიგნი არ იყო ქართულად თარგმნილი, გავხსენით გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. ზოგჯერ ვხუმრობთ კიდეც, რომ ჩვენთვის გავხსენით ეს გამომცემლობა, რათა საინტერესო წიგნები გვეთარგმნა და შემდეგ ჩვენ წაგვეკითხა. თუმცა, ახლა უკვე ისე ღრმად შევტოპეთ, ძალიანაც რომ გვინდოდეს, უკან მოსაბრუნებელი გზა, ფაქტობრივად, უკვე აღარ გვაქვს.
თქვენი წარმატება უკავშირდება იმ სფეროს, სადაც საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ჩვენი ქვეყანა კითხვის მოყვარულთა სიმრავლით არ გამოირჩევა. თუმცა, თქვენმა გამომცემლობამ შეძლო და ახალგაზრდები ისევ „მოაბრუნა“ წიგნებისკენ. როგორ ახერხებთ ამას, რა გამოარჩევს თქვენს გამომცემლობას სხვებისგან და რატომ უყვართ იგი ასე?
ამას ხშირად მეუბნებიან ხოლმე – ახალგაზრდები მოაბრუნეთ წიგნებისკენო. ეს სიტყვები ჩემთვის არის ყველაზე დიდი ქათინაური, რაც შეიძლება გამომცემლობასთან დაკავშირებით მივიღო. ზოგადად, საგამომცემლო სფეროში, ჩემი კოლეგებიც მათ შორის, ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ უფრო პოპულარული გახდეს წიგნის კითხვა, მაგრამ ჩვენი გამომცემლობა ალბათ, მკითხველს ასე იმიტომ უყვარს, რომ იგრძნობა ჩვენი თავდავიწყებული სიყვარული ამ ლიტერატურის მიმართ. მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ძალიან უყვარს ეს საქმე და ეს ყველაზე კარგად წიგნის ფესტივალებზე ჩვენს სტენდთან იგრძნობა ხოლმე. მე კი მიმაჩნია, რომ ეს ცეცხლი გადამდებია და მკითხველიც გრძნობს ჩვენს დამოკიდებულებას წიგნების მიმართ. სანამ გამომცემელი გავხდებოდი მეც თავდავიწყებული მკითხველი ვიყავი და ჩემთვისაც ჰქონდა მნიშვნელობა ვინ მთავაზობდა წიგნს. მეორე ალბათ ის არის, რომ გამოსაცემ წიგნებს ძალიან გულდასმით ვარჩევთ და ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მკითხველის აზრს და ვუსმენთ მათ.
„წიგნები ბათუმში“ ეხმარება ახალგაზრდა ქართველი მწერლების შემოქმედებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. რა შეგრძნებაა, როცა თქვენც თანამონაწილე ხართ თანამედროვე ქართული ლიტერატურის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბების პროცესში და რა გეგმები გაქვთ ამ მხრივ სამომავლოდ?
ეს თავიდანვე იყო სტიმულისმომცემი შეგრძნება, რადგან, მგონია მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურეთ. თუნდაც, 2018 წლის ფრანკფურტის ფესტივალის გამო, იმიტომ, რომ ჩვენმა გამომცემლობამაც, სხვადასხვა ინსტიტუციასთან ერთად, ძალიან ბევრი რამე გააკეთა საქართველო ღირსეულად რომ გასულიყო. ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ჩვენი ლიტერატურა გაეცნო ევროპელ მკითხველს და ეს იყო მომენტი, როცა ხვდები, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებ მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ იმ ავტორებთან თანამშრომლობას, რომელთაც „ჩვენს ავტორებს“ ვეძახით, ამ მხრივ გაჩერებას არ ვაპირებთ.
თქვენ ცდილობთ, რომ ახალგაზრდებსა და პატარებს კითხვა შეაყვაროთ და მათ ყოველთვის ახალსა და განსხვავებულ ბიბლიოთეკას სთავაზობთ. როგორია ეს პროცესი თქვენთვის, რა პასუხისმგებლობა სდევს იმ ფაქტს თან, რომ ხარ ადამიანი, ვინც ახალგაზრდა თაობის აზროვნების ფორმირებაში, გარკვეულწილად, იღებს მონაწილეობას?
ეს არის იმდენად მძიმე პასუხისმგებლობა, ამაზე, რომ მუდმივად ვიფიქრო, შეიძლება გავგიჟდე კიდეც. საბავშვო წიგნებზე მუშაობისას განსაკუთრებით გაფაციცებული ვარ ხოლმე, რადგან მე მახსოვს ჩემი თავი, პატარა მარი, მკითხველის როლში. ფაქტობრივად, რაც ვიცი ყველაფერი წიგნებიდან ვისწავლე და რომ ვფიქრობ, ჩვენი „წყალობით“ შეიძლება ბავშვმა რაღაც არასწორად გაიგოს ან ისწავლოს, მართლა მაფრთხობს ეს ფაქტი. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სანამ წიგნი დასაბეჭდად წავა ათას თვალსა და ყურს გადის, ათასჯერ იკითხება და ის, რომ ჩვენი გამომცემლობა, ამ მხრივ, ძალიან გაიზარდა და შეცდომებზე ვისწავლეთ ჩვენი მკითხველის დამსახურებაა, რადგან მცირე შეცდომაზეც კი მკაცრ კრიტიკას ვიღებდით, რაც, ნამდვილად, დაგვეხმარა. მაგალითად, ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“ რომ ავიღოთ, ეს წიგნი პირველებმა ჩვენ გამოვეცით და ასეთ მომენტებში პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ეს წიგნი უნდა დარჩეს თაობებს და მთელი არსებობის მანძილზე შეიძლება მეორე თარგმანი არ გამოჩნდეს. ამიტომ შენზეა დამოკიდებული რას მიაწვდი მკითხველს, შესაბამისად ეს მარტივი არ არის, მაგრამ ღირს.
3 წიგნი, რომელიც ფიქრობთ, რომ აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს?
იცით, სულაც არ მიმაჩნია, რომ ჩემი ტოპ 3 ყველამ უნდა წაიკითხოს, ამიტომ ორ ტოპ 3-ს გეტყვით. ერთი ჩემი პირადი ფავორიტები და მეორე ის წიგნები, რომელიც მგონია, რომ აუცილებლად საკითხავია.
ჩემი პირადი ტოპ 3 ასე გამოიყურება:
1. უილიამ ფოლკნერი – ხმაური და მძვინვარება
2. ვირჯინია ვულფი – მისის დოლოვეი
3. პოლ ოსტერი – 4 3 2 1
მესამეს არჩევა ცოტა გამიჭირდა, რადგან აქამდე იყო „თეთრი კბილები“, თუმცა ახლა პოლ ოსტერის ამ ნაწარმოებით ვარ შეპყრობილი. ზოგადად, ყოველთვის მგონია, რომ ჩემი ლიმიტი, როგორც მკითხველმა უკვე ამოვწურე და ვეღარაფერი გამაკვირვებს, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ახალი წიგნი, რომელიც სრულიად შოკში მაგდებს. ამიტომ არის მხატვრული ლიტერატურა შესანიშნავი. არასდროს არ იწურება, არ აქვს ლიმიტი. შესაბამისად, ეს წიგნი ჩემთვის იყო სრული აღმოჩენა, ძალიან დიდ შთაბეჭდილებებში მომაქცია. ფაქტობრივად, მასში გამომკეტა და მართლა, ვერ წარმომიდგენია ჩემი მკითხველური ცხოვრება ამის შემდეგ. რაღა უნდა მომეწონოს-მეთქი ვფიქრობ.
შემდეგ ტოპ 3-ში მინდა ერთი ქართველი ავტორი დავასახელო, ამ ბოლო დროს ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს არის ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“. აუცილებლად ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს ეს ნაწარმოები და გაეცნოს ამ მწერალს, რადგან ჩვენ გვყოლია სრულიად გენიალური, მეოცე საუკუნის ძალიან საამაყო ავტორი, რომელმაც საქართველოს ურთულეს პერიოდზე დაწერა და კახეთში მცხოვრები 3 ქალის ისტორია აღწერა გასაგიჟებელ რომანში. მსგავსი საოცრება ენის, სიუჟეტის თვალსაზრისით ცოტა თუ წამიკითხავს. მეორე, აუცილებლად საკითხავ წიგნებში მინდა შევიყვანო „ყვავილები ელჯერნონისთვის“ – ეს არის იმ იშვიათ წიგნებს შორის, პირდაპირ რომ ზემოქმედებს მკითხველზე. ვფიქრობ, რომ მისი წაკითხვის შემდეგ ხილულ შედეგს ხედავ, როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი უკეთესობისკენ. მესამე წიგნი ალბათ იქნება „ჩვენც სალტკროკელები ვართ”. მგონია, რომ მისი წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია ცუდ ადამიანად გააგრძელო ცხოვრება. ბავშვობაში წავიკითხე იგი და ბევრ რამეს ვუმადლი მას. შეიძლება ითქვას, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.
წიგნი, რომელზეც ისურვებდით, რომ თქვენ დაგეწერათ?
ეს ის წიგნია, რომელსაც ახლა ვთარგმნი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორის, ჩემი ცხოვრების აკვიატების, გერტრუდ სტაინის „სამი სიცოცხლე“. ვიტყოდი, რომ ეს ქალი არის ჩემი გატაცება. უამრავი წელია უკვე მის გარშემო ვიქექები და ვცდილობ ყოველთვის უფრო მეტი გავიგო მის შესახებ. ალბათ, საკუთარ თავზე არ ვიცი იმდენი, რამდენიც გერტრუდ სტაინზე.
სტაინი იყო ძალიან დიდი ავტორი, რომელიც თავისი ცნობილი მეგობრების, ჰემინგუეის, ფიცჯერალდისა და ამ თაობის სხვა წარმომადგენლების ჩრდილში ჩაიკარგა. შეიძლება იმიტომაც, რომ ქალი იყო. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ იგი იყო გენიალური, სრულიად შესანიშნავი ავტორი. „სამი სიცოცხლეც“ არის გასაოცარი წიგნი და მწერალი რომ ვყოფილიყავი, ვისურვებდი, რომ სწორედ იგი დამეწერა და სწორედ ეგრე დამეწერა.
როგორი პროცესია წიგნის თარგმნა?
ახლა თარგმნის პროცესში ვარ და მგონია, რომ ამ წიგნს მე ვწერ. ძალიან შემოქმედებითი პროცესია, შენ ძერწავ და შენვე ადნობ ყველაფერს. დიდი გამოცდილება ამ მხრივ არ მაქვს, ლიან მორიარტის „დიდი პატარა ტყუილები“ ვთარგმნე აქამდე და ცოტა გული მიჩუყდება რომ ვუყურებ. რთული დასაჯერებელია, რომ ჩემი თარგმანია. თუმცა, თვითონ პროცესი ურთულესია. მოითხოვს, რომ მთლიანად მიეძღვნა მას. ასევე, ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან შენზეა დამოკიდებული ამ წიგნის ბედი, როგორ გააგრძელებს იგი არსებობას საუკუნეების მანძილზე, ხომ შეიძლება არასდროს გაჩნდეს ამ წიგნის ალტერნატიული თარგმანი. მეორე მხრივ, ისეთი პროცესია, რომ ერთხელ თუ შეტოპე უკან ვეღარ გამოხვალ. თუმცა, ძალიან საინტერესოა. ამ დროს მარტო რჩები ავტორთან, მხოლოდ თქვენ ორნი ხართ და ალბათ, გარკვეულწილად, რაღაც საკუთარსაც, შენეულსაც აქსოვ თარგმნის პროცესში. რა თქმა უნდა, ავტორს არ უნდა გადაუხვიო და მკაცრად მიჰყვე მას, თუმცა, შეუძლებელია, რომ ამ პროცესში მთარგმნელი დაიკარგოს. შენც აუცილებლად ჩანხარ ხოლმე.
რა შეგძინათ გასულმა წელმა?
2019-მა წელმა შემძინა რამდენიმე ძალიან საინტერესო ავტორი და შინაგანი სიმშვიდე. ძალიან რთული წელი იყო, ბევრი დანაკარგებით, მაგრამ შინაგანად უფრო დავმშვიდდი. 30-ს რაც მეტად გადავშორდები, ალბათ, ეს შეგრძნებაც გაძლიერდება. უფრო სავსე და წყნარი გავხდი. ბევრ რამეს უფრო მსუბუქად ვუყურებ და ეს ძალიან მეხმარება ყველაფერში. ასევე, იოგა შემძინა, ქართულ ცეკვას მივუბრუნდი, ამიტომ ისიც. პრინციპში, მეტი რა უნდა შეეძინა, ერთი წლისთვის მგონი სრულიად საკმარისია.