ფხენიანმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე არსებული საკავშირო ოფისი ააფეთქა, – ამის შესახებ ინფორმაცია 16 ივნისს გავრცელდა. აფეთქებას წინ უსწრებდა ჩრდილოეთ კორეის მმართველის დის, კიმ იო-ჯონგის მუქარის გამომხატველი განცხადებები, რომელთა თანახმად, ქვეყანა მზად იყო, კორეის დემილიტარიზებულ ზონაში ჯარი შეეყვანა.
ოფიციალურმა სეულმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ისინი მათ მკაცრად უპასუხებდნენ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა, რომ საკავშირო ოფისის აფეთქებით, კორეის ნახევარ კუნძულზე დამკვიდრებული მშვიდობის იმედი სამუდამოდ გაქარწყლდა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას მერე დაიძაბა, რაც მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე კომუნიზმის საწინააღმდეგო ბროშურების, დრონებითა და საჰაერო ბუშტებით გავრცელებაზე რენეგატებმა ხელი არ აიღეს.
საკავშირო ოფისი 2018 წელს, ქვეყნის ლიდერებს შორის გამართული ისტორიული შეხვედრის შემდგომ შეიქმნა, რათა ომში ჩაბმულ ორ ქვეყანას შორის საკომუნიკაციო არხი გაჩენილიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული საკარანტინო ზომების გამო, ამა წლის იანვრიდან, ოფისი ცარიელი იყო.