პასუხისმგებლობა და პატიოსნებაზე დაფუძნებული ნდობა ‒ ეს მარინა კორძაძის ცხოვრებისეული კრედო და მისეული წარმატების ფორმულაა. იურისტს, 22 წლიანი სტაჟით, ინტერვიუსთვის, მის ოფისში ვესტუმრეთ. მასპინძელი, მასთან ერთად, მისი შვილი ‒ მანონი უმანკოშვილიც არის. რომელიც, დედის მსგავსად, იურიდიულ საქმიანობას ეწევა.
მარინა კორძაძის გზა, სამართალმცოდნეობამდე, ეკონომიკური სფეროდან იწყება. ვიდრე იურიდიულ სექტორში წავიდოდა, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, სხვადასხვა საფეხურზე, თითქმის 20 წელი იმუშავა. ფინანსების და სამართალმცოდნეობის ცოდნა, მნიშვნელოვნად ეხმარება საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1983 წელს, წითელ დიპლომზე დაამთავრა. როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი, კონკურსის გავლის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში დასაქმდა და უწყებაში, 2002 წლამდე დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროში, 12 მინისტრი შეიცვალა; თავად კი, არაერთი იერარქიული თანამდებობა გამოიცვალა. დაწყებული, ცენტრალური აპარატის ეკონომისტის თანამდებობით, დასრულებული, საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სამმართველოს უფროსის პოზიციით.
„ფინანსთა სამინისტროში, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში, თითქმის ყველა თანამდებობაზე ვიმუშავე. როცა ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსად დამნიშნეს, ჩემს სამმართველოს, იურიდიული სამსახურიც ექვემდებარებოდა.
მაშინ, იურიდიული განათლება ჯერ არ მქონდა მიღებული. პრაქტიკულად, ცხოვრებამ მიკარნახა, რომ სამართალმცოდნე გავმხდარიყავი და 2000 წელს, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. სამართალმცოდნეობის შესწავლის პარალელურად, ვმუშაობდი და ეკონომიკის დარგში, დისერტაციას ვამზადებდი“.
2006 წლიდან, მარინა კორძაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია. ფინანსთა სამინისტროში მუშაობის ბოლო ეტაპი, დიდ რეორგანიზაციასა და ცვლილებებს ემთხვევა. ისე მოხდა, რომ იგი რეორგანიზაციის მიღმა რჩება. შედეგად, საერთო სპეციალიზაციით, კერძო იურიდიულ საქმიანობას იწყებს მანამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ადვოკატისა და პროკურორის საკვალიფიკაციო გამოცდებს აბარებს. 2002 წლიდან, მარინა კორძაძის მიმართულება, იურისპრუდენციაში ‒ საგადასახადო სამართალია. საადვოკატო ბიუროსაც, ამავე წელს აფუძნებს. სასამართლოს გარდა, მარინა კორძაძე, კლიენტებს მომსახურებას, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარმოებული დავების დროსაც უწევს.
„ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვისას, აუცილებელია, მე როგორც იურისტი, ასევე ვიყო კვალიფიციური ‒ ეკონომიკის სპეციალობის მიმართულებით. თანამშრომლობა მიწევს სერიოზულ აუდიტორულ კომპანიებთან. როგორიცაა, „საკონსულტაციო კომპანია აი დი ქონსალთინგი“, „ემბე ჯგუფი“. არის შემთხვევები, როცა, ჩემ მიერ წამოწყებული საქმეები, პრეცედენტულად აღიქმება“.
საკუთარი თავის მუდმივი გამოცდა, მისი ჰობია. ასე იყო წარსულშიც და ასეა ახლაც. ამიტომაც, მუდმივად, გამოცდების ჩაბარებისა და განათლების გაღრმავების პროცესშია.
2015 წელს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტურაში ჩააბარა. ამ ეტაპზე, უკვე მზად აქვს დისერტაცია, რომელსაც უახლოეს პერიოდში დაიცავს კიდეც. მორიგმა სტუდენტობამ, მარინას ერთი სახალისო ისტორიაც მოუტანა.
„ჩემს პირადობის მოწმობას, აწერია ‒ სტუდენტი და პარალელურად, ასაკობრივად, უკვე პენსიონერი ვარ. მიმაჩნია, რომ ქალი არც ერთ ასაკში არ უნდა გაჩერდეს. სულ უნდა ვითარდებოდეს და მუდამ სიახლის ძიებაში იყოს“.
სწავლობს და ასწავლის კიდეც. მარინა კორძაძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია. აქ, სტუდენტებს საგადასახადო სამართალს უკითხავს. მანამდე, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ფინანსების და კრედიტის კათედრაზე, ასოცირებული პროფესორის სტატუსით საქმიანობდა.
კერძო საადვოკატო კარიერის პარალელურად, მარინა კორძაძე, მენტორ ადვოკატადაც საქმიანობს. ყველაფერს ერთ მთავარ ფორმულაზე აწყობს, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება ‒ პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ნდობა.
„უპირველესია, პასუხისმგებლობა, შენი თავისა და საქმის მიმართ. ადვოკატის ეთიკის კოდექსის მიხედვით, საქმის აღებისას, კლიენტისთვის გარანტიების მიცემა გვეკრძალება. მე, მათ ვუხსნი ‒ რა რისკები არსებობს, რა პოზიციები გვაქვს საქმეში. ამისათვის, იმდენ საათს ვხარჯავ, რამდენიც საჭიროა.
ზოგადად, საქმის გაცნობა ადვოკატებისთვის, ძალიან შრომატევადი პროცესია. ყველა საქმე ხომ ძალიან ინდივიდუალური და საინტერესოა. სასამართლო პროცესამდე, აუცილებლად ვუკავშირდები კლიენტს. ვაწვდი იმ პერიოდისთვის, საქმეზე არსებულ ინფორმაციას. ჩემი სურვილია, ის ყოველთვის ესწრებოდეს პროცესს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია, კლიენტმა შეგიყვაროს და აუცილებელია, ის, ადვოკატმა არასოდეს მოატყუოს!
წლებმა მოიტანა ის, რომ მყავს კლიენტები, რომელთა შვილებსაც კი ვემსახურები უკვე. ჩემი წარმატების ფორმულა, ორ კომპონენტს ეფუძნება. ეს არის – პასუხისმგებლობა და პატიოსნებაზე დაფუძნებული ნდობა. პასუხისმგებლობის ნაწილია ისიც, რომ პროცესზე არ უნდა დაიგვიანო, არავითარ შემთხვევაში არ გააცდინო. უნდა იყო მაღალ დონეზე მომზადებული, თითოეულ საქმეზე, უნდა გქონდეს სტრატეგიული და ინდივიდუალური გეგმა. დიდი დრო და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა დამჭირდა იმისთვის, რომ დღევანდელ რეალობამდე მოვსულიყავი“.
კვალიფიკაციაზე მუდმივი ზრუნვის ნაწილია ისიც, რომ მარინა კორძაძემ, ცოტა ხნის წინ, „ბავშვთა უფლებათა კოდექსიდან“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, სერტიფიცირება გაიარა და ახლა უკვე, ამ მიმართულებით, სერტიფიცირებული ტრენერია. მისმა პროექტმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ, გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. ფონდის დაფინანსებით, ექსპერტი ტრენერის პოზიციიდან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და სამინისტროებთან იმუშავა. პროექტის მიზანია, შესაბამისი უწყებების დატრენინგება – თუ, როგორ უნდა მოხდეს „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ და „სოციალური მუშაობის შესახებ კანონის“ იმპლემენტაცია.
„ეს პროექტი, მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან კარგია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში, დონორები ჩვენ გვერდით არიან. ბავშვებმა უკვე იციან საკუთარი უფლებების თაობაზე და ესეც მათი ინტერესების დაცვის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია“.
დაახლოებით, 20 წლიან პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მარინა კორძაძე მიიჩნევს, რომ ბიზნესს გამბედაობა ჯერ ისევ აკლია. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად გვეუბნება, კერძო სექტორმა წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით ამოისუნთქა.
როცა საქმე, საგადასახადო სამართალს ეხება, იურისტი ამბობს, რომ საგადასახადო კოდექსში ბევრი ცვლილების მიუხედავად კანონმდებლობა, ბოლომდე, ბიზნესზე მორგებული მაინც არ არის. მარინა კორძაძე აცხადებს, რომ საგადასახადო პოლიტიკა ბიზნესს უნდა უწყობდეს ხელს. იურისტს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებასთან ერთად, ექსპერტთა კვალიფიციური გუნდი სჭირდება.
საგადასახადო დავების სასამართლოში განხილვა რომ ჭიანურდება, ეს, ყველასთვის ცნობილია. ადვოკატი გვიხსნის, რომ სასამართლო სისტემაში შესული ადმინისტრაციული საქმეების დაახლოებით 15%, საგადასახადო დავებზე მოდის და თითოეულ მოსამართლეს, ჯამში, სხვა საქმეებთან ერთად, დაახლოებით 1200 საქმე აწერია.
„ასეთ რეალობაში, რა თქმა უნდა, იქნება პროცესის თანმდევი ხარვეზი. მართლმსაჯულება, ზოგიერთ საგადასახადო დავას, ზოგჯერ, 4 წლის განმავლობაში იხილავს. ამ პერიოდში კი, მაგალითად, ბიზნესისთვის, არ ჩერდება საურავის დარიცხვა. გამოსავალი, ამ მიმართულებით, კვალიფიციური მოსამართლეების რაოდენობრივ ზრდაშია“.
კოლეგებს კონკურენტებად არ აღიქვამს. ამბობს, რომ მათ მიმართ, განსაკუთრებული პატივისცემა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად გვეუბნება, იურისტობა ამბიციური პროფესიაა.
მარინა კორძაძის ოცნებაც და მიზანიც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაა. ბოლო კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა, მათ შორის აკადემიური მიღწევების თაობაზე, მეორე ეტაპზე ვერ გადავიდა. მიზეზი, მისთვის უცნობი და გაუგებარია. გაჩერებას, არც სამომავლოდ აპირებს. კონკურსში მონაწილეობას ისევ გეგმავს.
სტატიის დასაწყისში ვწერდი, რომ მარინა კორძაძესთან ერთად, ჩვენი მასპინძელი, მანონი უმანკოშვილიც არის. მანონის დიდი სურვილია, კარიერაში და ზოგადად, ცხოვრებაში, იმის ნახევარი მაინც შექმნას, რაც დედის სახელს უკავშირდება. ამ ეტაპზე, მისი იურიდიული საქმიანობა, კერძო სკოლებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი სკოლა ‒ „ჯეჯილია“. გვეუბნება, რომ განათლების სფეროში რეფორმამ, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მოიტანა. მანონი, სკოლებს, სწორედ ამ კუთხით ეხმარება.
„პროფესიის არჩევისას, ჩემი ინსპირაცია, დედა იყო. ასეც რომ არ ყოფილიყო, ალბათ, მაინც მომიწევდა სამართალმცოდნეობაზე ჩაბარება, რადგან ოჯახში ყველა სამართალმცოდნეა. მართალია, პირველ ეტაპზე, მსახიობობა მინდოდა, თუმცა, საბოლოოდ, დედის გზას გავყევი. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე“.
მანონის პრაქტიკული გამოცდილება, საგამოძიებო ორგანოებიდან იწყება. ამბობს, რომ ეს, პროფესიული კუთხით, ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. 17 წლის ასაკში, მუშაობას კომპანია „ფლორეალში“ იწყებს. ბუნებრივია, ამ პერიოდში, დედაც მის გვერდით იყო. ახლა, მანონი სკოლებთან ერთად, ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორიცაა „ტექნოლაბი“, „აიფონ ჯორჯია“.
„ამ პროფესიის მთავარი ხიბლი ის არის, რომ მუდმივად ახალი გამოწვევის წინაშე ხარ, რაც შენგან მუდმივ სწავლას მოითხოვს. აუცილებელია, კომპანიის მოთხოვნებს მოერგო. შედეგად, სულ მოძრაობაში ხარ. ეს პროფესია მოდუნების საშუალებას არ გაძლევს“.
მარინა კორძაძეს ჰყავს ვაჟი – ზურაბ უმანკოშვილი, რომელიც ორმაგი (საქართველო, აშშ) მოქალაქეობის მქონეა. ზურაბი ცხოვრობს და მუშაობს ამერიკაში.
ოჯახის, უკვე ტრადიციად ქცეული, იურისტის პროფესიის ნაწილია ‒ მარინა კორძაძის უფროსი შვილიშვილი მარიამ უმანკოშვილიც, რომელიც ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობაზე სწავლობს. მარიამი ათასწლეულის ფონდის ‒ MILLENNIUM პროექტის გამარჯვებულია. მეგობრებთან ერთად, სმარტის ხელთათმანი შექმნეს და როგორც გამარჯვებულებმა, NASA-შიც იმოგზაურეს, იქ მომუშავე მეცნიერთა მიწვევით. მარიამი, 21-ე საუკუნის მომავალი თაობის გამოძახილია, უმაღლესი თანამედროვე მიღწევებით – გზა მომავლისკენ!
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ‒ მარინა კორძაძე, ორი კვალიფიკაციის სპეციალობით-ეკონომისტი და სამართალმცოდნე, მეცნიერებათა დოქტორი, ადვოკატი, ექსპერტი, მეუღლე, დედა, სამი შვილიშვილის ბებია, აქტიური ცხოვრების ფერხულშია ჩართული და მისი მოწოდებაა, იყო ყოველთვის ახლის ძიებაში და მუდმივად ზრუნავდე პროფესიული განვითარებისთვის.