ფოტოკონკურსის „ქოლგა თბილისი ფოტო“ 2020 წლის ფინალისტთა სია ცნობილია

Image Credits to Kolga Tbilisi Photo / Facebook

„ქოლგა თბილისი ფოტომ“ 2020 წლის ფოტოკონკურსის ფინალისტების სია და მათი ნამუშევრების გალერეა გამოაქვეყნა. წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო ერთი კადრი და მობილური ფოტო.

წლევანდელი საპრიზო ფონდი 18 000 ლარს შეადგენს, საიდანაც პირველ სამ ნომინაციაში თითოეული გამარჯვებული 4200, საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულები 2800, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებული 1400 ლარს მიიღებს.

აგრეთვე, აღსანიშნავია პრემია KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD, რომელიც 25 წლამდე ასაკის ფოტოგრაფს გადაეცემა, რომლის ფოტოსერიაც დოკუმენტური, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტების ნომინაციებიდან აირჩევა.

ფოტოკონკურსის გამარჯვებულები მაისში გამოვლინდებიან, თუმცა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ განცხადებით, წელს, კორონავირუსის გავრცელების ფონზე, დაჯილდოვების ცერემონია განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.