მსოფლიოს უდიდეს ციფრული ხელოვნების ცენტრში კლიმტის გამოფენა გაიხსნა

საფრანგეთის ქალაქი ბორდო პირველად უმასპინძლებს ციფრული ხელოვნების სივრცეს, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში და რომლის პირველი გამოფენაც გუსტავ კლიმტს მიეძღვნება.

“ძალიან გახარებული ვართ, Atelier des Lumières-ის შემდეგ, ხელოვნების ასეთ უზარმაზარ ცენტრს ქალაქ ბორდოსთვის რომ ვქმნით. The Bassins de Lumières სტუმრებს დაუვიწყარ ვიზუალურ და აუდიო თავგადასავალს შესთავაზებს საკმაოდ უჩვეულო სივრცეში” – განაცხადა ბრუნო მონიერმა, კომპანია Culturespaces-ის პრეზიდენტმა.

 © akg-images / Erich Lessing

ახალი ხელოვნების ჰაბი საგამოფენო სივრცედ გარდაქმნამდე წყალქვეშა ნავების ბაზას წარმოადგენდა. მისი მთლიანი ზედაპირი 13, 000 მ²-ია, ასევე, აქვს 12,000 მ² პროექციული სივრცე, ოთხი 110 მ სიგრძის აუზი, 90 ვიდეო პროექტორი და 80 ხმის გამაძლიერებელი საშუალება. კლიმტის გამოფენა თავისი საოცარი ფერთა გამით, რომელიც წყალზე აირეკლება, მიზნად დამთვალიერებელთა შეგრძნებების გაცოცხლებას ისახავს.

photo – newseu.cgtn

მართალია, მსგავსი დიდი სივრცის ათვისება მრავალ სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა კომპანია Culturespaces გამოწვევას გაუმკლავდა და 10 ივნისს Bassins de Lumières-მა გრანდიოზული გამოფენით სტუმრებს პირველად უმასპინძლა.

© akg-images / Erich Lessing

Atelier des Lumières-ის პარიზული გამოფენის (რომელმაც 1 მილიონამდე მნახველი მიიზიდა) ფენომენალური წარმატების შემდეგ, ორგანიზატორები The Bassins de Lumières-საც მსგავს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

photo – Georges Gobet/AFP

კლიმტის ნაშრომების პარალელურად, მცირე პროგრამა მიეძღვნება გერმანელ ხელოვანს, პოლ კლეისა და Ocean Data-ის ციფრულ ხელოვნებას, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანებისთვის გამოყოფილ სივრცეში განთავსდება.