საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობა უნარებზე დაფუძნებული ეკონომიკისათვის | ინტერვიუ თამარ ქიტიაშვილთან

უნარებზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლისა და პროფესიული განათლების პარადიგმის რადიკალური ცვლილების საწყის წერტილად თამამად შეგვიძლია ავიღოთ 2018 წელი, როდესაც პროფესიული განათლების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა სფეროსთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გახსნა.

2019 წლიდან კანონის დანერგვა იწყება და სწორედ ამ დროს იღებს პროფესიული განათლების რეფორმის ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი. მას პროფესიული განათლებისა და უნარების განვითარების მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

2021 წელს თამარი საქართველოს სხვადასხვა სამინისტროებისა და ექვსი უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების წარმომადგენლებმა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორად აირჩიეს.

გაზრდილი ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის პარალელურად ჩვენი რესპონდენტი თვლის, რომ პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანამდე მცირე დროა დარჩენილი – პროფესიული უნარების სააგენტოს განვითარებასა და სტრატეგიულ ამოცანებზე კი ენთუზიაზმით გვიზიარებს საკუთარ შეხედულებებს.

თამარ, პროფესიული განათლების საფეხურის მდგომარეობა რომ აღვწეროთ – რა გამოწვევები აქვს სფეროს, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ასევე, რამდენად არის მისი როლი აღიარებული როგორც საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მხრიდან?

პროფესიული განათლების საფეხურის განყენებულად შეფასება არასწორი იქნება, რაკი განათლების საფეხურები მჭიდრო ურთიერთკავშირშია და მათი განვითარების დინამიკა განსაზღვრავს ზოგად მდგომარეობას. ეს გავლენა კი განსაკუთრებით შესამჩნევია პროფესიულ განათლებაზე. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს უმაღლესი განათლების საფეხური, რომელიც გამორჩეულია მაღალი ხელმისაწვდომობით ‒ ვაკანტური ადგილების რაოდენობა, დაფინანსების მოცულობა და თავად სასწავლებლების მასშტაბი. მეორე მხრივ, ჩვენს გვაქვს ზოგადი განათლების საფეხური, რომელიც აპლიკანტების მზაობაზეა პასუხისმგებელი, თუნდაც აკადემიური და ფსიქო-ემოციური მზაობა ავიღოთ. ამ ორი საფეხურის მასშტაბები, გამოწვევები თუ მიღწევები მნიშვნელოვნად ვლინდებოდა პროფესიული განათლების განვითარების ტემპებზე.

დღეს ჩვენ გვაქვს რადიკალურად გარდაქმნილი პროფესიული განათლების საფეხური ‒ ის მხოლოდ განათლების ერთ-ერთი ქვედარგი აღარ იქნება. სფეროს მიზნად იქცა უნარების განვითარება და მათი ტრანსფერი ეკონომიკაში; ისეთი ერთიანი ეკოსისტემის შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება თავისი როლი და დაგეგმვისა და მართვის პროცესი მეტად ეფექტიანი იქნება. სწორედ უნარების ეკოსისტემას დაეფუძნება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება.

რაც შეეხება პროფესიული განათლების როლის აღიარებას, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ცხადია, მსოფლიოში მოიძებნება ჩვენზე წარმატებული სისტემის მქონე ქვეყნებიც, თუმცა, კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის მნიშვნელობა ასე თამამად ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ უღიარებია სახელმწიფოს. ამაზე მეტყველებს ხელისუფლების გადაწყვეტილება, პროფესიული განათლების განვითარებისა და მართვის ექსკლუზივი მთლიანად გადაეცეს სააგენტოს, რომლის მართვაშიც ექვსი სამინისტრო და ქვეყნის ექვსი უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება მონაწილეობს.

2018 წელს განახლდა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი. რა განსხვავებულ მიდგომებს გვთავაზობს კანონის უახლესი ვერსია და რა შესაძლებლობების ფანჯარა ჩნდება ამ ცვლილებით?

ახალმა კანონმა ნამდვილად ბევრი შესაძლებლობა გახსნა ‒ ცვლილებების შედეგად შესაძლებელი გახდა თანაბარ პარტნიორად კერძო სექტორის შემოყვანა, დუალური განათლების ინოვაციური მოდელის დანერგვა, ინტეგრირებული სასწავლო პროგრამების შემუშავება, არაფორმალური განათლების აღიარება და ა.შ. განახლებულ კანონს მალევე მოჰყვა ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, ათობით მარეგულირებელი აქტი ‒ 2018 წლიდან დავიწყეთ პროფესიული განათლების ძირითადი მიმართულებების კონცეპტუალიზაცია, სფეროს მოწესრიგება და ჰარმონიზაცია, ვფიქრობ, პროცესის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. რეფორმის ეს ეტაპი ერთგვარი გარღვევა იყო პროფესიული განათლებისთვის და გვაქვს ხელშესახები მიღწევებიც: გაიზარდა პროფესიული განათლების მასშტაბი ‒ როგორც ვაკანტური ადგილების რაოდენობა, ისე სასწავლებლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სასწავლო ინფრასტრუქტურა; გაუმჯობესდა კვალიფიკაციების განვითარების პოლიტიკა, ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო, განახლების პროცესშია დაფინანსების მოდელიც. საბოლოოდ, რეფორმის ეს ტალღა სწორედ პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნებით დავასრულეთ.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ეს თვითკმაყოფილებისა და რელაქსაციის საფუძველი ვერ იქნება. ამჟამად სფერო ინტენსიური განვითარების ეტაპზეა და სწორედ ეს პროცესები იქნება მომდევნო დეკადის განმავლობაში ჩვენი მუშაობის ფოკუსი. ამასთან, ცხადია, ვაკუუმში ვერ განვვითარდებით ‒ ჩვენი საქმიანობა განათლების სხვა საფეხურებსაც უკავშირდება. გვაქვს ამბიცია, რომ შესაბამისი სამუშაო ძალის განვითარებით ეკონომიკის დარგების განვითარებაშიც მივიღოთ მონაწილეობა და საბოლოოდ, შევქმნათ ურთიერთდაკავშირებული უნარების ეკოსისტემა. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ეტაპის ამოცანაა პროფესიული განათლების სისტემის გადაქცევა უნარების ეკოსისტემად.

რეფორმებზე საუბრისას ცალკე უნდა გამოვყო ავტორიზაციის განახლებული სტანდარტი, რომელიც ევროპული EQAVET-ის მახასიათებლებს (ბენჩმარკებს) ეყრდნობა. მართალია, საქართველო არ არის ამ გაერთიანების წევრი, რომელსაც მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიეკუთვნებიან, თუმცა განათლების ხარისხის ჩარჩო სწორედ მათ საზომებს დავაფუძნეთ. ეს არ ყოფილა პოპულარული ნაბიჯი, რადგან კოლეჯებს თავიდან ეს სტანდარტები მაღალ თამასად ეჩვენებოდათ ‒ თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ ამგვარი შეფასება მათ განვითარებასა და მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული.

თქვენ 2022 წლის დასაწყისში დატოვეთ მინისტრის მოადგილის პოზიცია და პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორად აგირჩიეს. მაშინ დაწერეთ, რომ ეს თქვენთვის დაწინაურების ტოლფასი იყო ‒ სფეროში პოზიტიური ცვლილებების რა ბერკეტები გაჩნდა ამ სააგენტოს დაფუძნებით?

ჩემთვის დაწინაურება ყოველთვის პასუხისმგებლობის ზრდას ნიშნავს. სწორედ ამ მიზეზით ვაფასებ სააგენტოს დირექტორად ჩემს არჩევას დაწინაურებად. განსხვავებით წინა პოზიციებისა, ჩემს გუნდს და მე ნდობა ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთობლივად გამოგვიცხადა. ხუთი წლის ვადით ვარ არჩეული პოზიციაზე და ნამდვილად უფრო მაღალ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. გარდა პასუხისმგებლობისა, მაღალია მოლოდინებიც, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მაგალითად, პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნების შემდეგ, ქვეყანამ რეფორმის მხარდაჭერის სახით გერმანიის მთავრობის ფონდისგან 24 მილიონი ევრო მიიღო გრანტის სახით. მალე დაიწყება ევროკავშირის ახალი პროგრამაც, რომელიც ციფრული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. USAID-ის მხარდაჭერაც გვაქვს რამდენიმე პროგრამის მეშვეობით.

სააგენტოს მართვის მოდელის ინოვაციურობა აღიარა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმაც, რომლის ფასილიტაციით ჩვენს გამოცდილებას უკვე სხვა ქვეყნებსაც ვუზიარებთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს დაფუძნება და მისი მართვის ინოვაციური მოდელი უზარმაზარ პროგრესულ ნაბიჯად არის შეფასებული და ამ შეფასებებს უკვე მოჰყვა დიდი მხარდაჭერა და მოლოდინები.

ცოტა მეტი რომ ვისაუბროთ სააგენტოზე ‒ რა არის თქვენი მოკლე და გრძელვადიანი მიზნები?

ჩვენი სააგენტო B2B სააგენტოა, შესაბამისად მოქალაქეებთან პირდაპირი კავშირი არ გვაქვს. ვეხმარებით ბიზნესსექტორს მიიღოს მისთვის სასურველი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი და ვეხმარებით სასწავლო დაწესებულებებს, სწავლების ხარისხი და საქმიანობის მასშტაბი გაზარდონ. ამჟამად სისტემის ერთ-ერთი გამოწვევა მისი მასშტაბია. თუკი პროფესიულ განათლებას უმაღლეს განათლებას შევადარებთ, მასშტაბი ძალიან მცირეა ‒ ეკონომიკის მოთხოვნაც შესაბამისად დაბალია. თუმცა საქართველოში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების უდიდესი ნაწილი სწორედ პროფესიულ კვალიფიკაციებზე მოდის. წელს 17,000-მდე ვაკანტური ადგილი გვაქვს, რაც რეკორდული მაჩვენებელია პროფესიული განათლების საფეხურზე ერთი მიღებისთვის. იმედი გვაქვს, რომ სრულად შევავსებთ შეთავაზებულ ვაკანტურ ადგილებს.

რაც შეეხება სააგენტოს მიზნებს, ჩვენი მთავარი ამოცანა პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის სამიზნე ნიშნულების შესრულებაა. ახალი სტრატეგია მიმდინარე წელს ამოქმედდება და ის ისახავს ამოცანებს, რომლებიც ძალიან ახლოსაა ევროპელი პარტნიორი ქვეყნების სტრატეგიულ ამოცანებთან.

ჩვენ კვლავ მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას ტურინის პროცესში, რომელსაც ევროკავშირის ორგანიზაცია European Training Foundation (ETF) უძღვება. ETF ტურინის პროცესის დახმარებით ყოველ მეორე წელს იკვლევს პროფესიული განათლების რეფორმებს. ჩვენ ამ პროცესში პირველად 2010 წელს ჩავერთეთ. მაშინ პროფესიულ განათლებაზე ძალიან მცირე რესურსი იყო მიმართული, ამიტომ ჩვენი ჩასატარებელი კვლევაც კი ევროპელმა ექსპერტმა განახორციელა. 2012 წლიდან პროცესი ნელ-ნელა გადმოვიბარეთ, ახლახან კი ჩვენმა ანგარიშმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც კრიტიკული თვითშეფასების და მაღალი პროგრესის აღმნიშვნელმა.

გარდა ტურინის პროცესისა, გვსურს UNESCO-UNEVOC-ის წევრებიც გავხდეთ. შევიტანეთ განაცხადი რამდენიმე გლობალური ორგანიზაციის წევრობაზეც. ჩვენი ამბიციაა, მხოლოდ საუკეთესო პრაქტიკების ჩვენთან ტრანსფერით არ შემოვიფარგლოთ და პირიქით, გლობალური განვითარების პროცესის ნაწილები და მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიციატორებიც ვიყოთ – ვფიქრობ, საინტერესო გამოცდილება დაგვიგროვდა.

თამარ, რა ფორმით შეუძლია ბიზნესს პროფესიული განათლების განვითარებაში ჩართვა და რატომ უნდა დაინტერესდეს ბიზნესი თანამშრომლობის ამ ფორმატით? ასევე, რა შედეგები გაქვთ საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მიმართულებით?

სააგენტოში ბიზნესის ჩართულობისთვის მრავალფეროვანი ფორმატები გვაქვს. პირველი გახლავთ თავად სააგენტოს მართვის ფორმატში მონაწილეობა სამეთვალყურეო საბჭოს დახმარებით ‒ ჩვენი გუნდი ანგარიშვალდებულია ექვსი სამინისტროსა და ექვსი უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების წინაშე: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, AMCHAM, ICC, EBA და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. ჩამოთვლილი გაერთიანებები ფარავენ სხვადასხვა ბიზნესმიმართულებებს. მათი აქტიური ჩართულობით მტკიცდება პროფესიული განათლების ზოგადი პოლიტიკა, პროფესიული უნარების სააგენტოს ბიუჯეტი და სტრატეგია.

გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების, ე.წ. დუო-ების ფორმატი. ახალ სტრატეგიასთან ერთად ამოქმედდება უნარების დარგობრივი პოლიტიკა ‒ აქამდე გვქონდა მხოლოდ პროფესიული განათლების ერთიანი პოლიტიკა, რაც აისახებოდა სფეროს ყველა პროცესზე. დღეს კი ჩნდება ახალი განზომილება ‒ დარგობრივი დონე. ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, რაც პროფესიულ განათლებაში შემუშავდება, ექნება დარგობრივი დონე.

დუო დამოუკიდებელი ორგანიზაცია იქნება, სადაც მთელი დარგი იქნება კონსოლიდირებული კონკრეტული უნარების გარშემო. მაგალითად, აგრო დუო აერთიანებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე 11 დარგობრივ ასოციაციას. დუო აიღებს პასუხისმგებლობას პროფესიული კვალიფიკაციების, პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებასა და დამტკიცებაზე. სწორედ მათთან პარტნიორობით ვგეგმავთ დუალური განათლების პროგრამების კოორდინაციას. დუო-ების მთავარი ბერკეტი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფისთვის საბოლოო საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება იქნება ‒ ეს დაგვეხმარება აღვადგინოთ ნდობა განათლების პროვაიდერსა და კერძო სექტორს შორის.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ამასთან, პროფესიული განათლების სექტორი ანგარიშს გაუწევს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც უნარების მიმართ დუო დაადგენს. მათ საშუალება ექნებათ დააწესონ დამატებითი მოთხოვნები მასწავლებლის კვალიფიკაციასთან ან გამოცდის და შეფასების სტანდარტთან დაკავშირებით. სააგენტოს გრძელვადიანი მიზანია, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების განვითარება, სასწავლებლებსა და დუოებს შორის კავშირების გაღრმავება.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ინდივიდუალური პარტნიორობის ფორმატითაც შეუძლიათ კომპანიებს პროფესიული უნარების სააგენტოსგან მხარდაჭერის მიღება ‒ მომზადებისა და გადამზადების კურსების, დუალური განათლების, არაფორმალური განათლების აღიარებისა და სხვა მიმართულებებით. ჩვენ თანამშრომლობის ყველა ინოვაციური ფორმატისთვის მზად ვართ.

მოკლედ შეგვიძლია შევეხოთ ბიზნესების მოტივაციასაც, ჩაერთონ პროფესიული განათლების განვითარებაში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის DCFTA შეთანხმების გაფორმებამ ექსპორტის განვითარების შესაძლებლობა გააჩინა. კერძო სექტორი აქტიურად ცდილობს ამ შესაძლებლობის გამოყენებას, თუმცა კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის დეფიციტი აფერხებს სექტორების განვითარებას. ამ გამოწვევის გადალახვის გარეშე წარმოების გაფართოება ვერ ხერხდება. ცნობისთვის, პოტენციური ინვესტორებიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებენ. შესაბამისად, მათი მოტივაცია და დაინტერესება პროფესიული განათლების სფეროთი, ბიზნესების მომავალ ზრდასა და მასშტაბირებას უკავშირდება.

თქვენი ერთ-ერთი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაციაც არის ‒ შეგვიძლია ვისაუბროთ, რატომ არის დაბალი ჩართულობა განათლების ამ საფეხურზე და როგორია სამიზნე ნიშნულები?

საზოგადოების დამოკიდებულება პროფესიული განათლებისადმი საქართველოში პირველად 2015 წელს, რეფორმის პირველი ტალღისას გაიზომა და დიდად დამაკმაყოფილებელი სურათი არ გვქონია. ამავე პერიოდში ჩვენ ავიღეთ რამდენიმე საკვანძო ინდიკატორი, რომელთაც პერიოდულად ვზომავთ, რათა რეფორმების ეფექტიანობა და საზოგადოების რეაქცია შევაფასოთ. ეს ინდიკატორებია: პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და მათი სტატუსის კვლევა შრომის ბაზარზე ‒ თუკი პანდემიის ნეგატიურ ეფექტს გამოვრიცხავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მაჩვენებლები წლიდან წლამდე იზრდება. ასევე ვზომავთ სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების რაოდენობას, რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობას, ჩარიცხვის მაჩვენებლებს, სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელს და ა.შ. ყველა ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია გვაქვს.

ამასთან, ჩვენ პარადიგმულად ვცვლით პროფესიული განათლების პოზიციონირებას. თუკი აქამდე პროფესიული განათლება საზოგადოებისთვის წარდგენილი იყო როგორც ღირსეული ალტერნატივა, გზა დასაქმებისთვის და ა.შ., ეს მესიჯები შეიცვალა და დღეს ახალგაზრდებს ვეუბნებით: დაიწყე კარიერა პროფესიული განათლებით; პროფესიული განათლება წარმატებისთვის; უნარები წარმატებისთვის. ჩვენი განახლებული ამოცანაა კონკრეტული პროფესიებისა და დარგების პოპულარიზაცია, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებისა და ინტეგრირებული სასწავლო პროგრამების პერსპექტივების გაზიარება.

ინტეგრირებული პროგრამა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევაა. მოსწავლეები საბაზო საფეხურის, მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ აბარებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ეროვნულ სასწავლო გეგმასა და პროფესიას ერთდროულად ითვისებს. შედეგად, მისი დიპლომი უთანაბრდება ატესტატს, პროფესიული განათლება კი აღარ განიხილება როგორც ჩიხი ან ალტერნატიული განათლება.

ვფიქრობ, რეფორმირებული სისტემის უპირატესობები თვალსაჩინოა ყველასთვის, შესაბამისად, ველოდებით ამ საფეხურზე სწავლის მსურველთა რაოდენობის ზრდასა და მეტი ბიზნესის პარტნიორობის ჩვენ მიერ შეთავაზებული ფორმატებით დაინტერესებას.

როგორია დროითი ჩარჩო ‒ როგორ ფიქრობთ, როდის შეასრულებს სააგენტო დასახულ ამოცანებს?

წელს ამოქმედდება პროფესიული განათლების ხუთწლიანი სტრატეგია. სწორედ ამ დოკუმენტის ამოცანების შესაბამისად მოქმედებს სააგენტო. ჩვენი მიზანია, 2027 წლისთვის ყველა ძირითადი მიზანი და ამოცანა შესრულებული იყოს. ცხადია, პროფესიული განათლების განვითარება ამით არ ამოიწურება, თუმცა, საანგარიშო პერიოდის ბოლოს თვალსაჩინო იქნება გარდამტეხი პოზიტიური ცვლილებები.

ხშირად ძალიან მტკიცებით ფორმაში ვუზიარებ პარტნიორებს ჩვენს ამოცანებს, თუმცა ამგვარი ტონი უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. დღეს სააგენტოს ჰყავს დიდი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ღრმა ექსპერტიზის მქონე პროფესიონალებითა და სფეროს დამწყები და მოტივირებული სპეციალისტებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შრომის შედეგად სააგენტოს ხედვა კონკრეტულ აქტივობებად და მიღწეულ სამიზნე ნიშნულებად იქცევა.