ხატვა როგორც თამაში | ინტერვიუ თუთუ კილაძესთან

შეუძლებელია სულ, სულ ოდნავ მაინც გიყვარდეს მხატვრობა და თუთუ კილაძის ნახატები ვინმეს ნამუშევრებში აგერიოს.

მხატვრობაში სწორედ ასე მოვიდა ‒ საკუთარი, მკვეთრად ინდივიდუალური, ნაივური ხელწერით. ეს ხელწერა და უფრო მეტად განწყობა ერთნაირად გასდევს თუთუს დახატულ ბაზრებსაც, გამოგონილ ლანდშაფტებსაც და ზღვისპირა ქალაქების განაპირას ჩარიგებულ კაფეებსაც.

სამხატვრო აკადემიაში რესტავრაციის ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს სპეციალობა დეტალებზე ორიენტირებულობასა და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა, მას კი უნდოდა მთელი დრო ხატვისთვის დაეთმო. ამიტომ ბევრჯერ იფიქრა, ფერწერის ფაკულტეტზე გადასულიყო, თუმცა, საბოლოოდ, მაინც თავდაპირველად არჩეული ფაკულტეტი დაამთავრა. პარალელურად, სულ ხატავდა. იხსენებს, რომ ლექციების შემდეგ კურსელებთან ერთად აკადემიაში გვიანობამდე რჩებოდა. ხატავდნენ და ეს მაგიური პროცესი ძალიან ჰგავდა თამაშს.

ფოტო: Dmitry Gomberg

თუთუ ბევრს ხატავს და ძალიან ცოტას ლაპარაკობს საკუთარ თავზეც და შემოქმედებაზეც, მაგრამ ის, რასაც მისი ნახატები თავიანთ თავზე ჰყვებიან, სრულიად საკმარისია.

საკმარისია იმისთვის, რომ სახლებში, გალერეებში, ინტერნეტში გაფანტული ნახატების ავტორი არასდროს იკითხო, იმდენად უყოყმანოდ იცნო თუთუ კილაძის ჯადოსნური ხელწერა.

ამბობს, რომ ხატვის გარეშე ვერ ძლებს, ამიტომ რაც არ უნდა ხდებოდეს მის ცხოვრებაში, ბევრს ხატავს. ერთადერთი გამონაკლისი ახლა დაუშვა ‒ ორი თვის წინ ტყუპების დედა გახდა და ახლა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაშიც ამ სიხარულის გააზრების ეტაპია.

რა ასაკიდან ხატავთ და როგორ, რატომ, ვისი რჩევით ან გავლენით აირჩიეთ პროფესია?

ბავშვობიდან ვხატავდი, როგორც ყველა ბავშვი. აკადემიაში სწავლის დროს უფრო გააზრებული ხასიათი შეიძინა ამ პროცესმა, მივხვდი, რომ ძალიან ვერთობოდი ხატვით, მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მამამ მირჩია, რომელიც მხატვარი არ არის, მაგრამ ხატავდა და ძალიან უყვარს მხატვრობა.

ფიქრობთ ხოლმე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყავით, თუ არა მხატვარი?

კი, ხშირად მიფიქრია. მოგზაური ვიქნებოდი სიამოვნებით. ვივლიდი, ვიმოგზაურებდი.

თუ გახსოვს, სად და ვინ მოგიხსენიათ პირველად როგორც მხატვარი და რა ემოცია გაგიჩნდათ?

აკადემიაში პირველ კურსზე სწავლის დროს მეგობრებმა მოვაწყვეთ გამოფენა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მახსოვს, დამთვალიერებლების ლაპარაკს
მოვკარი ყური, სადაც, ჩემთვის მოულოდნელად, მხატვრად მომიხსენიეს. მახსოვს, როგორი გაკვირვებული და ბედნიერი ვიყავი ამ ამბით. დიდი სტიმული აღმოჩნდა.

ვისი სახელი გქვიათ?

ნამდვილი სახელი ეთერი მქვია, ბებიის სახელი. თუთუ მე თვითონ დავირქვი ბავშვობაში.

ძალიან განსხვავებული და სახასიათო ხელწერა გაქვთ. რა შეფასებები გესმით ხოლმე ყველაზე ხშირად თქვენს მხატვრობასთან დაკავშირებით და თავად როგორ დაახასიათებდით საკუთარ სტილს?

ჩემს ნახატებს მიაკუთვნებენ ნაივურ სტილს, მე თვითონ მიჭირს საკუთარი ნამუშევრები რაიმე სტილს მივაკუთვნო, არასდროს ვცდილობ რაიმე სტილს გავყვე, რაც გამოდის, ბუნებრივად გამოდის ასე. თუმცა ვცდილობ, მრავალფეროვანი ვიყო, ექსპერიმენტები მიყვარს და სულ მინდა სხვადასხვა მასალაში ვიმუშაო.

ბავშვობაში რა ასოციაციებს აღგიძრავდათ სიტყვა „მხატვარი?“

მიმაჩნდა, რომ მხატვარი არის თავისუფალი ადამიანი, რომელიც საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს.

როგორ ხატავთ – გჭირდებათ სპეციალური გარემო ან განწყობა მუშაობისთვის?

რასაკვირველია, მჭირდება განწყობა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ ხატვა რაღაც დროის შემდეგ ჩვევაში გადადის და სამსახურივით ხდება. მაგრამ ესაა სამსახური, სადაც შენივე თავთან ხარ დასაქმებული.

ანგარიშვალდებული ხართ იმ ადამიანებთან, რომელმაც წლების წინ აღმოგაჩინეს და შეგიყვარეს როგორც მხატვარი?

პირველ რიგში, საკუთარ თავთან ვარ ანგარიშვალდებული, რადგან ხატვის გარეშე არ შემიძლია. ბედნიერი ვარ, როცა მოსწონთ ჩემი ნახატები და უდიდეს პატივს ვცემ სხვის აზრს, თუმცა ვფიქრობ, რომ მხატვრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ ხატვის პროცესი და საკუთარ თავზე მუშაობაა.

ბევრი დრო სჭირდება ხატვას? რამდენად რთულია ბალანსის დაცვა ხატვას, სხვა საქმეებს, ახლა უკვე შვილებს შორისაც?

კი, ხატვას ნამდვილად დიდი დრო სჭირდება. ამ ეტაპზე ცოტა დამერღვა ეს ბალანსი, რადგან ტყუპები შემეძინა და ყველაზე ბედნიერი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. ჯერ სულ ორი თვეა გასული, ამიტომ აქტიურად ვერ ვხატავ. რამდენიმე პატარა ნამუშევარი გავაკეთე „ტყუპების“ სახელწოდებით. ეს სიახლე იმხელა სტიმულს და შთაგონებას მაძლევს, ვფიქრობ, შეიძლება სრულიად ახალი ემოციის ბიძგი გახდეს ჩემს ნახატებში.

ვინ ნახულობს ხოლმე პირველი თქვენს ახალ ნახატს?

ის ნახულობდა ხოლმე, ვინც პირველი მესტუმრებოდა სახელოსნოში. ახლა ეს ადამიანი ჩემი მეუღლეა.

ვინაა თქვენი მთავარი შემფასებელი?

ჩემი თავის შემფასებელი მე ვარ, აზრი კი ყოველთვის ძალიან მაინტერესებს ჩემი მეგობარი მხატვრების და მხატვრების, რომლებიც მომწონს.

როგორი ხართ საკუთარი შემოქმედების მიღმა – რისი კეთება გიყვართ, რას უთმობთ ყველაზე მეტ დროს?

ყველაფერზე მეტად მეგობრებთან ურთიერთობა და მოგზაურობა მიყვარს.

კომუნიკაბელური ადამიანი ხართ?

მგონი კომუნიკაბელური ვარ. მიყვარს ურთიერთობა, ახალი ხალხის გაცნობა.

იცხოვრებდით სადმე თბილისის გარდა?

სამუდამოდ ვერსად ვერ ვიცხოვრებდი. უამრავი საყვარელი ადგილი მაქვს საქართველოში, მის გარეთაც და კიდევ უამრავი ადგილია, სადაც ვოცნებობ წავიდე. ახალი ადგილების ნახვა ჩემთვის ბუნებრივი მოთხოვნილებასავითაა.

მხატვრებს ხშირად უჭირთ ხოლმე საკუთარ ნამუშევრებთან განშორება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

რა თქმა უნდა, არის ნამუშევრები, რომლებთანაც მიჭირს განშორება. არის ნახატები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ისინი ჩემთან რჩებიან.

ეთანხმებით აზრს, რომ ხელოვანები უცნაური და რთული ადამიანები არიან?

არა მგონია. ხელოვანები საერთოდ არ არიან რთული ადამიანები, ჩემთვის პირიქითაა. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები უფრო უცნაურები არიან, ან, არ ვიცი… ბიუროკრატები.

რა შეცვალა ბავშვების დაბადებამ თქვენს ცხოვრებაში? რამდენად მზად აღმოჩნდით დედობისთვის? რამდენად რთული როლია?

მგონია, რომ ძალიან შემცვალა ბავშვების დაბადებამ და სადღაც სხვა განზომილებაში მომახვედრა. ახალი და ძალიან საინტერესო მდგომარეობაა ჩემთვის.

სენტიმენტალური ადამიანი ხართ?

მგონი ძალიან სენტიმენტალური ვარ.

სახლი გიყვართ? როგორ ფიქრობთ, ჰგვანან სახლები თავიანთ მეპატრონეებს?

მიყვარს სახლი, სახლში ყოფნა და სტუმრად სახლებში სიარული სწორედ იმიტომ, რომ ისინი ჰგვანან მეპატრონეებს. ყველა სახლს თავისი სული და ისტორია აქვს.

რას აგროვებთ?

შემგროვებელი არ ვარ, არასდროს შემიგროვებია არაფერი.

დრო რომ გადის, გაშფოთებთ?

ასე მგონია, რომ დრო აჩქარდა და მინდა ნელა გადიოდეს, როგორც ბავშვობაში იყო – გრძელი დღეები.

მუზა არსებობს?

კი, მუზა არსებობს და ის ყოველთვის სხვადასხვანაირია.

ფოტო: Dmitry Gomberg

ნაოჭების გაჩენის გეშინიათ?

არ მინდა სიბერე, თუმცა, ალბათ, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, არ ვიცი. მე მაინც უნაოჭობა მინდა, მაგრამ შიშით არ მეშინია.

რას არ გინდათ გადაეჩვიოთ?

არ მინდა გადავეჩვიო მხიარულებას.

ქალების ძალას რაში ხედავთ?

ქალების ძალას ვხედავ იმაში, რომ ქალს შეუძლია ბავშვების გაჩენა და აღზრდა.

ვინ გიჩენთ სოლიდარობის სურვილს? ვის უცხადებთ უპირობო მხარდაჭერას?

ბავშვებს, რა თქმა უნდა.