14 წელია, რაც საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს, ანუ სახელმწიფო აფინანსებს გამოკვლევებს თქვენი ჯანმრთელობისთვის! ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მოსახლეობას ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის სკრინინგის და პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამებს სთავაზობენ. საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, პროგრამა წარმატებულია მაშინ, როცა მაღალია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მაჩვენებელი და მცირდება აღნიშნული დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა. სწორედ ამიტომაც პროგრამის განვითარების პარალელურად, სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ახლა ეთერ კიღურაძისა და თამარ სხირტლაძის მთავარი საზრუნავია. ჯამში 175 თანამშრომლით, საიდანაც თითქმის 90% ქალია, ეთერი და თამარი ყოველდღიურ რეჟიმში სკრინინგ პროგრამის დახვეწასა და მის განვითარებაზე მუშაობენ.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ კიღურაძე პროფესიით ექიმია. თბილისის სამედიცინო აკადემიაში უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღებისა და კარდიოლოგიის მიმართულებით რეზიდენტურის დამთავრების შემდგომ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, უფროსი ექიმის პოზიციაზე იმუშავა. შემდეგ სამკურნალო დარგის მენეჯერად დაინიშნა და მალევე სათავეში ჩაუდგა ამავე დაწესებულების ბაზაზე შექმნილ სასწავლო ცენტრს და ამერიკის გულის ასოციაციის (BLS, ACLS) საერთაშორისო კურსების ტრენერი გახდა. ეთერი ტრენინგ ცენტრიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში ინაცვლებს. მის ბიოგრაფიაში ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაზღვევის, ასევე ტესტირებისა და ბიზნესს პროცესების მართვის სამმართველოების ხელმძღვანელის თანამდებობაც, საიდანაც იგი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მიდის. პირველ ეტაპზე ცენტრში სერვისების განვითარების მენეჯერად ინიშნება, რასაც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიცია მოჰყვება, 2017 წელს კი ეთერ კიღურაძე ცენტრის დირექტორად დაინიშნა. მას გავლილი აქვს სერტიფიცირებული კურსები, როგორც კლინიკური, ასევე ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით. პარალელურად კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დოქტორანტურაში აბარებს.
„ცოდნის გაღრმავება აკადემიურ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. პრაქტიკულად ვასრულებ სწავლას. ჩემი სადოქტორო თემა სკრინინგის განვითარებას ეხება, კერძოდ, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში უფრო მაღალი სიზუსტის ტესტის გამოყენებას. უკვე ჩავატარეთ კვლევა, რომლის შედეგებს დისერტაციის გარდა, სახელმწიფოსაც წარვუდგენთ და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ახალ მოდელზე გადაყვანას შევთავაზებთ. ამ ეტაპზე UNFPA საქართველოს მხარდაჭერით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ახალ გაიდლაინზე ვმუშაობ“, – ეთერ კიღურაძე.
2018 წლიდან ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სამსახურის უფროსის პოზიციას თამარ სხირტლაძე იკავებს, თუმცა მისი საქმიანობა ჯანდაცვის სფეროში 2000 წლიდან იწყება. პირველი ნაბიჯი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იყო, რასაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოთხწლიანი საქმიანობა მოჰყვა. ახლადდაარსებულ ეროვნულ სკრინინგ ცენტრს იგი 2009 წელს შეუერთდა, კონკურსის საფუძველზე ის ვარკეთილის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე დაინიშნა. თამარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ჰოლანდიის სამეფო ტროპიკული ინსტიტუტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხის მფლობელია. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თამარმა შვედეთში, საფრანგეთში, აშშ-სა და სხვა განვითარებული ქვეყნების წამყვან ინსტიტუტებში სტაჟირების კურსები და სასტიპენდიო პროგრამები ეტაპობრივად გაიარა. ასევე, გავლილი აქვს არა ერთი სერტიფიცირებული კურსი როგორც ჯანდაცვის მენეჯმენტის, ასევე კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიმართულებით. სულ ცოტა ხნის წინ, ივნისში, ქალაქ ლიონში, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოში მუშაობდა პროექტზე „სკრინინგული სერვისების გაუმჯობესება საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული გამოვლენისთვის“.
„ჩვენს გუნდთან ერთად ვცდილობ წვლილი შევიტანო პროგრამის დახვეწა-განვითარებაში, ახალი ძალებით, შემართებით, ცოდნით და კონტაქტებით, იმისთვის რომ სიახლეები დავნერგოთ, კადრების გადამზადებაზე ვიზრუნოთ, ახალი ტექნოლოგიები შემოვიტანოთ. მიზანი პროგრამის განვითარებაა, რაც ხარისხიან მომსახურებაში გამოიხატება, ეს ყველაფერი კი ჯამში ადამიანის გადარჩენილ სიცოცხლეში გადაითარგმნება“, – თამარ სხირტლაძე.
ეთერი გვიყვება, რომ წლიდან წლამდე ცენტრში მიმართვიანობა იზრდება, თუმცა დღეისთვის დაფიქსირებული მონაცემები საკმარისად არ მიაჩნია.
„საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, პროგრამა წარმატებულია მაშინ, როცა პროგრამაში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი მინიმუმ 60-70%-ია. ჩვენთან ამ ეტაპზე ეს რიცხვი ძალიან დაბალია. სკრინინგი მთელს საქართველოში ერთი სქემით მუშაობს, განსხვავებულია მხოლოდ დაფინანსების წყაროები. თბილისში რეგისტრირებულ მოსახლეობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს, რეგიონებში ‒ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. დედაქალაქში შედარებით უკეთ გვაქვს საქმე და მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია, ძუძუს კიბოს სკრინინგის შემთხვევაში საუბარი შეგვიძლია 25% ჩართულობაზე. დღეისთვის ორი გამოწვევა გვაქვს ‒ პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფა და მიზნობრივი მოსახლეობის პროგრამაში ჩართულობის მაჩვენებლის ზრდა“, – ეთერ კიღურაძე.
თამარის თქმით, სკრინინგის კულტურის ჩამოყალიბება თავისთავად უკვე გადარჩენილი სიცოცხლეა. მისთვის, როგორც სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სამსახურის უფროსისთვის, მთავარი გამოწვევა პროგრამის ხარისხის ზრდაა, რათა ცენტრში მოსულმა ადამიანმა დროულად ხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურება მიიღოს. კადრების პროფესიონალიზმი კი მათი ძირითადი პრიორიტეტია. შესაბამისად, ცენტრი უზრუნველყოფს მათ გადამზადებას უცხოელი სპეციალისტების მიერ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სამომავლოდ, სკრინინგ ცენტრში მომუშავე ქართველი სპეციალისტების ტრენერებად მივლინებაც განიხილება. გეგმები საკმაოდ ამბიციურია – ცენტრში უნდათ, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგის კუთხით, საქართველო რეგიონში ცოდნის გამავრცელებელი ჰაბი გახდეს.
„ჩვენთან მამოგრაფიული გამოსახულების შეფასება ორი რადიოლოგის მიერ ხდება, რაც მინიმუმამდე ამცირებს სუბიექტური აღქმის ხარვეზებს. ორმაგი კითხვის შემდეგ თუ გარკვეული პათოლოგიური პროცესი გამოვლინდა ან დაზუსტება სჭირდება დიაგნოზს, ამისთვის ტარდება დამატებითი კვლევები, რაც ასევე პროგრამის ნაწილია“.
კერძო სექტორთან კონკურენციაზე დასმული კითხვის პასუხად, თამარი გვეუბნება, რომ დაარსების დღიდან პრაქტიკულად არცერთი რადიოლოგს არ დაუტოვებია ცენტრი. ამას ბევრი ახსნა აქვს. ერთ-ერთი ის შესაძლებლობაა, რომელსაც ცენტრი რადიოლოგებს პროფესიული გამოცდილების კუთხით აძლევს. კერძოდ, მხოლოდ თბილისში დღეისთვის 4 ცენტრი მუშაობს, თითო მათგანი დღეში საშუალოდ 50 პაციენტს ემსახურება, ეს კი რადიოლოგებისთვის სკრინინგის მიმართულებით ის დიდი გამოცდილებაა, რაც ამ ეტაპზე არცერთ კერძო კლინიკას არ შეუძლია შესთავაზოს.
მოტივაციის დამატებით წყაროდ, ეთერ კიღურაძე ცენტრის თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აპარატურას ასახელებს, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის ფუფუნებადაც კი ითვლება.
„როდესაც პაციენტი დიაგნოსტიკაში მიდის მას გარკვეული ჩივილები აქვს, სკრინინგში მოსული ადამიანის შემთხვევაში, რადგან ეს არის ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევა, ექიმს არ აქვს რაიმე მინიშნება და ამიტომ მან „ბრმად“ უნდა მოძებნოს პათოლოგია. ამიტომაც ჩვენ აქცენტს უახლეს ციფრულ აპარატურაზე, თანამედროვე მოდელებზე ვაკეთებთ. ასეთ აპარატურას მაღალი მგრძნობელობა აქვს და შედეგად მაღალი ხარისხის გამოსახულებას ვიღებთ“.
პროგრამაში ჩართულობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ამ ეტაპზე სერვისების განვითარების სააგენტოსგან მოსახლეობის დეპერსონალიზებული მონაცემები აქვს, ეს ნიშნავს, რომ ცენტრმა იცის სკრინინგის ასაკში მყოფი ქალის მხოლოდ ტელეფონის ნომერი, სადაც მომსახურების შეთავაზების მიზნით მოკლე ტექსტური შეტყობინებები იგზავნება.
„დაახლოებით კვირაში ორჯერ, მიზნობრივ ჯგუფთან ჯამში 20 000 მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება. ჩვენ არ ვიცით ქალის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თუმცა ვიცით, რომ სკრინინგის ასაკშია და ვიწვევთ გამოკვლევებზე. პერსონალური მონაცემების მოპოვებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე ვთანამშრომლობთ პარლამენტთან, რათა უფრო კონკრეტულად, მოქნილად და მასზე მორგებულად ვეთანამშრომლოთ ქალებს, კერძოდ, შევამოწმოთ სკრინინგის სტატუსი, ჩავუნიშნოთ ცენტრში ვიზიტი და ა.შ.“, – ეთერ კიღურაძე.
ვიდრე სკრინინგ ცენტრს მხოლოდ დეპერსონალიზებული მონაცემები აქვს, ცენტრი ძირითადად იმ ქალებს იწვევს, რომლებიც სკრინინგზე ერთხელ უკვე იყვნენ და რომელთა მონაცემები მათ ბაზაში ფიქსირდება.
„ორგანიზებული მოდელის დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს მაშინ, როცა საერთაშორისო გამოცდილებით, სწორედ ორგანიზებულმა სკრინინგმა ჯანდაცვის ინდიკატორებზე სერიოზული გავლენა იქონია და ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი რადიკალურად შეამცირა. ეს მოდელი გულისხმობს, რომ ინდივიდუალურად მოხდეს პაციენტების მოწვევა და პროგრამაში ჩართვა. დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს მოდელი დაინერგება და პაციენტებს წერილობით, მოკლე ტექსტური შეტყობინებები თუ სატელეფონო ზარით ინდივიდუალურად მოვიწვევთ კვლევებზე. ჩვენი სამიზნე სწორედ ის ჯგუფია, რომელსაც სკრინინგი ჯერ არ ჩაუტარებია“, – თამარ სხირტლაძე.
გარდა ორგანიზებული სკრინინგისა, პროგრამის წარმატება ბმაშია პირველად ჯანდაცვასთანაც. სკრინინგ ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ეს პროგრამა მნიშვნელოვანწილად პირველად ჯანდაცვაზე დგას, აქ პაციენტების სკრინინგული სტატუსის კონტროლში ოჯახის ექიმების ჩართულობა იგულისხმება.
„ამ მიმართულებით რამდენიმე საპილოტე პროექტი უკვე გვაქვს პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთ ცენტრთან და სადაზღვევო კომპანიასთან. ორივე შემთხვევაში პროცესში ოჯახის ექიმები არიან ჩართულები. ჩვენ ავაწყვეთ ელექტრონული სისტემა, ოჯახის ექიმები ხედავენ მათთან მისული მოსახლეობის სკრინინგის სტატუსს და პაციენტებს აწვდიან ინფორმაციას, თუ სად შეუძლიათ სკრინინგის ჩატარება, რომელი კვლევები ეკუთვნით, შემდეგ რაუნდებს უკვე ჩვენ ვაკონტროლებთ, თუმცა საწყის ეტაპზე, როდესაც პაციენტს სკრინინგი არ აქვს გავლილი, მთავარი როლი ოჯახის ექიმს ეკისრება“.
სკრინინგის პროგრამა ცნობიერების ამაღლების გარეშე წარმატებული ვერ იქნება, ამიტომაც ცენტრის ხელმძღვანელი ქალები გვეუბნებიან, რომ საჭიროა ბევრი საუბარი ამ თემაზე.
„საჭიროა მუდმივი საინფორმაციო კამპანიები. ონკოლოგიური დაავადებების მიმართ სტიგმის დაძლევა დაწყებულია, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს დიაგნოზი განაჩენი არ არის. ჩვენი დაკვირვებით მომართვიანობის დაბალი მაჩვენებელი მაინც დიაგნოზის შიშთან არის დაკავშირებული, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისას, ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებისა და განკურნების 98%-იანი ალბათობა არსებობს“, – ეთერ კიღურაძე.
„რომ მკითხოთ რა ასოციაცია მაქვს„სკრინინგზე“, ჩემთვის სკრინინგი ნიშნავს ბედნიერ ქალს, ბედნიერ დედას, მშვიდ ცხოვრებას, ჯანმრთელობის კონტროლს. ამაყი ვარ, როცა ვიგებ, რომ სკრინინგის პროგრამის მეშვეობით, პაციენტმა დაავადება ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინა და პაციენტს სიცოცხლე სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით შეუნარჩუნდა“, – თამარ სხირტლაძე.