ქეთევან ხუციშვილი – კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი

ქეთევან ხუციშვილი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია. ქეთევანი სოციალური მუშაკი და გენდერის მკვლევარია. ამჟამად მუშაობს ორგანიზაციაში WISG – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.

ქეთევანი წლების განმავლობაში მუშაობდა მარგინალური ჯგუფების სოციალური ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. პროფესიული პრაქტიკის დიდი ნაწილი გაატარა LGBTQ თემსა და ზრუნვის სისტემაში მყოფ არასრულწოვნებთან მუშაობაში. 2012 წლიდან ის მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში „იდენტობა“, „Save the Children“ და სოციალური მომსახურების სააგენტოში.

2019 წლის მარტში ქეთევან ხუციშვილი უძღვებოდა სოციალური მუშაკების პროტესტს, როდესაც სოციალური სამსახურის თანამშრომლები ბენეფიციარების უფლებების დასაცავად გაიფიცნენ. სოციალური მუშაკების უმრავლესობა ქალია. მათ უმძიმეს საქმეებთან გამკლავება შიშველი ხელებით უწევთ, ისინი იცავენ ყველაზე მოწყვლად ადამიანებს – სოციალურად დაუცველებს, მოხუცებს, ბავშვებს.

სოციალურმა მუშაკებმა პროტესტის შემდეგ ქეთევანთან ერთად მათთვის სასურველ შედეგს მიაღწიეს, თუმცა ბრძოლა მათი პირობების გაუმჯობესებისათვის ჯერ არ დასრულებულა. ამ სფეროში პოზიტიური ცვლილებებისთვის აუცილებელია ძირეული რეფორმების გატარება, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ მიზნის მისაღწევად ქეთევანმა სოციალური მუშაკების თავისუფალი პროფკავშირი დააფუჩნა და უკვე კოლეგებთან ერთად ებრძვის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

მასალა მომზადებულია ნომინაციაზე ქეთევან ხუციშვილის წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.