როგორია ჩვენი წარმოდგენა ბანკირის საქმიანობაზე, ინტერესებზე, სამუშაო განრიგზე? ირგვლივ, ნაცნობებს თუ გადავხედავთ, ძირითადად ასეთი სურათია: მათი უმეტესობა მათემატიკასთან და, ზოგადად, ტექნიკურ საგნებთან მეგობრობს, მიწაზე მყარად დგას, პრაქტიკულები არიან, თითქოს თავიდანვე ციფრების რჩეულები იყვნენ. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არიან ბანკირები, რომლებიც ცდილობენ ამ ჩარჩოების გაწევას და შემოქმედებითი ნოტის შემოტანას. ასეთია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის ‒ ნატა ხურციძის შემთხვევა, როდესაც თითქოს ერთი შეხედვით მშრალი საქმიანობა მან ხელოვნებად აქცია და ამაში მას, როგორც თვითონ ამბობს, მუსიკა დაეხმარა. ნატა პროფესიონალი მუსიკოსია. მან წარმატებით დაამთავრა ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი. პარალელურად საზოგადოებრივი ურთიერთობების შესწავლას ახერხებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში როგორც ბაკალავრი, შემდეგ კი მაგისტრი. იხსენებს რა ამ პერიოდს ამბობს, რომ ბევრი შრომა უწევდა ამ წლებში. „მუსიკა მოითხოვდა ყოველდღიურ საათობრივ ვარჯიშს, უნივერსიტეტს კი თავის სწავლის რეჟიმი ჰქონდა, მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდა სირთულეების დაძლევა და ეს სწავლის პროცესი არ მამძიმებდა, პირიქით, კიდევ უფრო მაძლიერებდა და მიბიძგებდა რაღაც ახლისკენ, შეუცნობელისკენ“.
სწავლის პერიოდშივე ის მიიწვიეს სტაჟირებაზე მინერალური წყალი „ბორჯომის“ კომპანიაში, შემდგომ კი სარეკლამო სააგენტო „მიმინოში“, სადაც მან პირველი სამუშაო გამოცდილება მიიღო.
საბანკო კარიერის პირველი საფეხური „თბილუნივერსალბანკს“ უკავშირდება, სადაც მას საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩააბარეს, სწორედ იქ პირველად აღმოაჩინა ბანკი როგორც საინტერესო სტრუქტურა.
შემდეგი ეტაპი კი საკვანძო აღმოჩნდა ნატას პროფესიულ ცხოვრებაში. „თიბისიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ Private Banking-ის სამსახური უნდა გაეკეთებინათ, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში არ არსებობდა. მივხვდი, რომ რაღაც ახალი და საინტერესო იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ დროს გაჩნდა ჩემი პირველი შვილი, მე მაინც მივიღე ეს გამოწვევა, ვინაიდან ძალიან მსურდა რაღაც ახლის შექმნაში მიმეღო მონაწილეობა და დღეს ვხვდები, რომ ეს სწორი არჩევანი იყო“. ნატა ამ დროს სულ რაღაც 25 წლისაა…
ასე დაიწყო ამ სამსახურის შექმნის და განვითარების რთული და საინტერესო პროცესი, რომელიც ერთი მხრივ ძალიან კრეატიული და მეორე მხრივ ‒ რუტინულიც აღმოჩნდა, ვინაიდან ჩამოსაყალიბებელი და გასამართი იყო სრულიად ახალი ბიზნეს მიმართულება, რომლის ანალოგი საქართველოში იმ ეტაპზე არ არსებობდა. „მივხვდი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე და იმისათვის, რომ საბანკო სექტორში პროფესიული თვალსაზრისით თავდაჯერებულად მეგრძნო თავი, სხვა ტიპის განათლება მჭირდებოდა, ასე ავღმოვჩნდი ESM-ში, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც მე ბიზნესის საფუძვლების ფუნდამენტური ცოდნა შევიძინე“.
თიბისი ბანკის პერსონალური მომსახურება სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა, ახალი ინოვაციური ტენდენციებით ივსებოდა. ნატაც ახალ გამოწვევებს უსახავდა თავის თავს და თვლიდა, რომ რაღაც ეტაპზე მას უკვე საერთაშორისო კლასის გამოცდილება ესაჭიროებოდა. ასე დაიწყო ის გრძელი „სასწავლო მარათონი“, რომელიც ვფიქრობ, დღესაც არ დასრულებულა. მან ესპანეთში, IE ბიზნეს სკოლაში სწავლისთვის სტიპენდიაც მოიპოვა, სადაც ბიზნეს ადმინისტრირებაზე Executive Master–ის წოდება მიიღო. ეს მის პროფესიულ ცხოვრებაში ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს. სასწავლო პროცესი ძალიან ინტენსიური და მრავალფეროვანი იყო, ვინაიდან პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლებას: ბრაუნის უნივერსიტეტი (აშშ), ინსპერის უნივერსიტეტი (ბრაზილია) და ფუდანის უნივერსიტეტი (ჩინეთი). გარდა პროფესიული გამოცდილებისა, მისი აზრით, ყველაზე ღირებული იმ ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა იყო, რომლებთანაც დღემდე მეგობრობს და ინარჩუნებს სისტემატურ კონტაქტს, ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ 27 ქვეყანაში ჰყავს პროფესიონალი მეგობრები.
თუმცა, სწავლის პროცესი აქ არ დამთავრებულა. სწორედ იმ დღეს, ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტისგან წერილი მიიღო, რომ ბოლო გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა და მისი, რიგით მეოთხე სამაგისტრო პროგრამა ‒ Master of Science in Wealth Management ‒ დაასრულა. სინგაპურის ეს უნივერსიტეტი ნატამ შემთხვევით არ აირჩია, სწორედ ამ უნივერსიტეტში შეიძინა ცოდნა საინვესტიციო პროდუქტების მიმართულებით, რომელიც, მისი თქმით, პერსონალური საბანკო მომსახურების სფეროს ხვალინდელი დღეა. აქაც, ცოდნასთან ერთად, პირადი გეოგრაფია გააფართოვა ‒ ერთი სასწავლო მოდული შვეიცარიის სენტ ჰალენის, მეორე კი აშშ-ის იელის უნივერსიტეტში გაიარა.
და მაინც, რა არის თქვენი მოტივაცია?
„პროცესი, განვითარების საინტერესო პროცესი, რომელშიც ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობ და ალბათ, ამას აზარტიც ახლავს თან. ზოგადად, ცნობისმოყვარე ვარ. მგონია, რომ შემეცნების პროცესი ამოუწურავია. მით უმეტეს, დღეს ისე სწრაფად ვითარდება ყველაფერი, ერთ ადგილზე ვერ გაჩერდები, და თუ წინ არ მიდიხარ, გაქვს უკუსვლა“, ‒ ასე მარტივად აგვიხსნა ნატამ ამ მარათონის ხიბლი.
გასაოცარია, თუ როგორ ახერხებს 3 შვილის დედა ასეთ რეჟიმში ცხოვრებას. „დიდი საქმეები შინაგანი სიმშვიდის და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია აკეთო. მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, რომელიც გაგებით ეკიდება ამ ყოველივეს და, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის ყველა წევრის, რომელთა მხარდაჭერის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა ამ ყოველივეს განხორციელება“. დღეს ნატა აგრძელებს თავის ჩვეულ რიტმში ცხოვრებას. მან და მისმა გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს ბოლო წლებში. „რომ არა ჩემი გუნდი და მათი თავდაუზოგავი შრომა, შეუძლებელი გახდებოდა წარმატების მიღწევა“, ‒ ამბობს ნატა. ამას ასევე ხელს უწყობს ის გარემო, რომელიც დღესდღეობით თიბისი ბანკის ეჯაილ ტრანსფორმაციასთან ერთად ამ ორგანიაზაციაში დამყარდა. ამ ცვლილებამ კიდევ უფრო გააფართოვა სამუშაო კომპეტენციის არეალი. აქ, ამ სამუშაო მოედანზე, ერთდროულად თანამშრომლობენ სხვადასხვა დარგის და კომპეტენციის პროფესიონალები, რომლებიც საბოლოოდ დებენ იმ პროდუქტს, რომელიც ასე სჭირდება მათ მომხმარებელს. ნატა აქაც იშველიებს მუსიკას და იხსენებს აკა მორჩილაძის გამონათქვამს ქართულ ხმასა და სიმღერაზე ‒ „როდესაც ყოველი დამძახებელი თავისას დებს მის ძახილში, ცდილობს, თავისი ხმა სხვის ხმას შეუწყოს და ასე მიაწვდინოს იმას, ვისთვისაც რაღაც აქვს სათქმელი“.
ურთიერთობები პერსონალურ საბანკო მომსახურებაში გადამწყვეტია. 250 პირადი ბანკირი, რომელთა მეშვეობით ყოვლდღიურად ხორციელდება 70000 კლიენტზე მეტის მომსახურება, მუდმივად ზრუნავს თავიანთი კლიენტების კმაყოფილებაზე. „შენ ყოველდღიურად გიწევს ურთიერთობა ინდივიდებთან, მათ სხვადასხვა ტიპის საჭიროებებზე რეაგირება და მალე მათი ცხოვრების ნაწილი ხდები. წლების მანძილზე გიყალიბდება არა მარტო საქმიანი ურთიერთობები, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, ჩნდება დიდი ნდობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. საერთოდ, ვფიქრობ, ნებისმიერი საქმე სიყვარულით უნდა აკეთო, მაშინ შენ გაუძლებ ყოველდღიურ რუტინას
და სირთულეებს, რომელსაც ცხოვრება გთავაზობს“.
თიბისი ბანკი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა და მუდმივად ცდილობს მათთვის, სასარგებლო ახალი პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზოს. სწორედ ასეთი მიდგომით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მაკენზის გუნდთან ერთად 6 თვიანი მუშაობის შედეგად, შეიქმნა ახალი სტატუს ციფრული ნაკრები, რომელიც დაახლოებით, 25დან 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი მაღალშემოსავლიანი ფიზიკური პირებისთვის არის განკუთვნილი. აღნიშნული ინოვაციური პროდუქტი დიდი პოპულარობით სარგებლობს და სწორედ მისი დამსახურებით თიბისის სტატუს კლიენტების ბაზა წელს დაგეგმილი 16 ათასის ნაცვლად, ამ დროისთვის უკვე 28 ათასი ახალი კლიენტით გაიზარდა და ლიდერის პოზიცია დაიკავა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში.
„დღესდღეობით რთულია იყო გამორჩეული ბაზარზე მხოლოდ ტრადიციული საბანკო პროდუქტებით, რომელთა კოპირება ძალიან მარტივია“, ‒ ამბობს ნატა. სწორედ ამ იდეის ირგვლივ შეიქმნა ახალი პლატფორმა ‒ „სტატუს შეხვედრები“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ხვდებიან, საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და უბრალოდ, იდეებს უზიარებენ იმ თემებზე, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო გარემოში, ისე ყოფით ცხოვრებაში. შეხვედრების მიმართ ინტერესი ისე გაიზარდა, რომ დასასწრები ადგილები თარიღის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ივსება. ნატას გუნდის მთავარი დაპირებაა „მეტი დრო ცხოვრებისთვის“ და სწორედ ამიტომ, მათ, ვინც შეხვედრაზე მისვლას ვერ ახერხებს, თიბისი სტატუსი ახალ, ინოვაციურ ონლაინ სივრცეს სთავაზობს, სადაც სპიკერების ვიდეოებს მათთვის სასურველ დროს ონლაინ სივრცეში ეზიარონ.
ნატას გუნდის მცდელობებს აღიარების გარეშე არ ჩაუვლია და თიბისი ბანკი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის წელს “The Banker and Professional Wealth Management”-მა მეხუთედ, “Global Finance”-მა კი, მეორედ დააჯილდოვა. ამ ნომინაციებს თიბისის სტატუსის მენეჯმენტი 78 ათას მომხმარებელთან ინაწილებს, რომელთა ჯამური პორტფელი 4 მილიარდ ლარს აღწევს. ეს რიცხვები კი სამსახურის ჩამოყალიბებისას მოკრძალებული იყო ‒ 48 კლიენტი, საერთო ჯამში, 27 მილიონი ლარით.
მომავალი წლიდან თიბისის სტატუსი მომხმარებლებს ორ ახალ პროექტს შესთავაზებს, რომლის დეტალებს ჯერჯერობით არ ამხელენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ 2020 წელი ბანკს აღიარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ამ ეტაპებს სად აქვს დასასრული, არავინ იცის…
„არავინ იცის, ხვალ ვინ სად აღმოვჩნდებით, მაგრამ ჩემი აზრით, ნამდვილი ლიდერი ის არის, ვისთანაც ყოველი შეხვედრის შემდეგ საკუთარი თავი უკეთესი გგონია და ფიქრობ, რომ მეტის გაკეთება შეგიძლია“. ესეც კიდევ ერთი განმარტება იმის შესახებ, თუ რა უდევს საფუძვლად ნატას კარიერას, რომლის გაცნობისას გასაკვირი არ არის, რომ ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდა. მას თავისი თეორიები აქვს, ეს თეორიები ფიზიკის ფორმულებივით არის ‒ ამოხსნა სჭირდება და პასუხიც მოდის: „ადამიანს ყოველთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე წარმოუდგენია, მთავარია, ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეგეშინდეს და თუ გადადგამ, შემდეგ ყველაფერს გააკეთებ.“ როგორც ამბობს თავის გუნდთან ერთად ახალი ნაბიჯების გადადგმა არ ეშინია, რადგან დარწმუნებულია მათ პროფესიონალიზმში,
პირიქით, ინტერესით ელის ახალ გამოწვევებს.
‒ და, ისევ მუსიკას რომ დავუბრუნდეთ, ხედავთ თუ არა კავშირს ამ ორ პროფესიას შორის?! ‒ „ვფიქრობ, ორივე შემთხვევაში შენ ზრუნავ ადამიანებზე, რომელთაც სიამოვნება უნდა მიანიჭო, რაღაც მონაკვეთში განტვირთო, შეუმსუბუქო ყოფა. როდესაც შენ სერვისი მაღალ დონეზე აგყავს და კლიენტი კომფორტულად გრძნობს თავს, ფიქრობ, რომ შენი საქმე კარგად შეასრულე. ამას კი დიდი ძალისხმევა სჭირდება და რაც უფრო სრულყოფილია შესრულება, ხვდები, თუ რა დიდი შრომაა ჩადებული. ასეა ბანკირის საქმიანობაც ‒ დაუღალავი შრომა და შემოქმედებითი პროცესი, რომელიც არასოდეს არ მთავრდება“.
გვიანი იყო, ჩვენი საუბარი დასასრულს მიუახლოვდა. ხუმრობით ერთი კითხვა დავსვი: კიდევ ხომ არ აპირებ სწავლას?
მან ღიმილით მიპასუხა: „რატომაც არა?!“
ფოტო: ანა ბოკო