საქართველომ კულტურის ინტერდისციპლინურ ფესტივალს „ხიდი: თბილისი – ციურიხი“ უმასპინძლა, რომელიც 1-ელი აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით გაიმართა. ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი ასოციაცია „ქართული კულტურული პლატფორმის“ პრეზიდენტი, ელენე ჩეჩელაშვილია. „ხიდი: თბილისი – ციურიხის“ ფარგლებში გამართული ღონისძიებები მოიცავს კინოს, ლიტერატურის, არქიტექტურის, ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ფესტივალი ქართული პროგრამით ციურიხში, 2021 წლის ოქტომბერში გაიმართა. როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ და ჩვენთან საუბარში მისი დამფუძნებელი, ელენე ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, პროექტის მიზანი ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავება და თანამშრომლობის ქსელის შექმნაა.
აღსანიშნავია „ხიდი: თბილისი – ციურიხის“ ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 4 აპრილს გამართული ღონისძიება, რომელიც შვეიცარიულ არქიტექტურას მიეძღვნა. მოწვეული ექსპერტი – დოქტ. ანდრე ბიდო, აუდიტორიას შვეიცარიული არქიტექტურის წარმატების კრიტიკულ ასპექტებზე ესაუბრა.
ფესტივალის დაფუძნების იდეასა და ღონისძიების მიზნებზე, ქართულ-შვეიცარიულ პროგრამაზე, ასევე „ხიდი: თბილისი – ციურიხისა“ და თიბისის თანამშრომლობაზე Forbes Woman Georgia ელენე ჩეჩელაშვილსა და თიბისი კონცეპტის მარკეტერს, სოფო კიკვაძეს ესაუბრა.
ელენე, პირველ რიგში გვიამბეთ, როგორ გაჩნდა ფესტივალის დაარსების იდეა? რა მიზანს ემსახურება იგი?
კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალის, „ხიდი: თბილისი – ციურიხის“ მიზანია კულტურული ხიდის გაცოცხლება და გაძლიერება როგორც ამ ორ ქალაქს შორის, ასევე ორ ქვეყანას შორის, ქართული თანამედროვე კულტურისა და ხელოვნების გაცნობა შვეიცარიაში და ასევე, შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობა საქართველოში. ფესტივალს სურს, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის ქსელის შექმნას.
ახალი ფორმატის პროექტების მოფიქრება და რეალიზება ჩემთვის შემოქმედებითი პროცესის ნაწილია. ციურიხი და თბილისი – ერთი შეხედვით, დიდი განსხვავების მიუხედავად, კულტურისა და ხელოვნების სიმდიდრით ჰგვანან კიდეც ერთმანეთს.
ფესტივალი, ერთი მხრივ, საინტერესო შემოქმედებითი პროექტია, მეორე მხრივ, ძალიან მინდოდა, რამე ახალი გამეკეთებინა ციურიხში საქართველოს წარმოჩენის მიმართულებით, როგორც თანამედროვე, საინტერესო, დამოუკიდებელი, საბჭოთა მტვერგადაცლილი ქვეყნისა ხასხასა ფერებით, ქვეყნის, რომელიც, ყველა ტკივილის მიუხედავად, ფენიქსივით მუდამ ახლიდან იბადება ფერფლიდან.
ციურიხი იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ევროპელი ინტელექტუალებისთვის საიმედო თავშესაფარი და მრავალი კულტურული ინოვაციის ცენტრი. იმავე პერიოდში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოც ცოცხალი კულტურული ცენტრი იყო კავკასიის რეგიონში – „აღმოსავლეთის პარიზი“, როგორც მას უწოდებდნენ. მეზობელი ქვეყნებიდან ხელოვანები და ინტელექტუალები თბილისში სახლდებოდნენ. ასე იქმნებოდა ის განუმეორებელი შემოქმედებითი გარემო, რომელიც ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ფაქტობრივად გაქრა. თბილისი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაშინდელი მსოფლიოს წამყვან კულტურულ ცენტრებთან.
ევროპაში დაბრუნება, რაზეც ხშირად საუბრობენ, ჩემთვის იმასაც გულისხმობს, რომ კვლავ მოვიპოვოთ ის ადგილი და აღვადგინოთ ის გაწყვეტილი ძაფები, რომელიც რკინის ფარდამ და დიდი ხნის იზოლაციამ წაგვართვა. სხვა მიზეზებთან ერთად, ეს ორი ქალაქიც იყო ჩემთვის ინსპირაცია – ერთი, სადაც დავიბადე და მეორე, სადაც ვცხოვრობ.
მოგვიყევით 2021 წელს ციურიხში გამართული ფესტივალის შესახებ. როგორ შეირჩა პროგრამა? როგორი გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნულ პროექტს?
ფესტივალი „ხიდი“ ქართული პროგრამით პირველად 2021 წლის ოქტომბერში ციურიხში გაიმართა. ახლა კი სარკისებრი „ხიდი: თბილისი – ციურიხი“ შვეიცარიული პროგრამით თბილისში პირველად ჩატარდა.
ამ ფესტივალამდე უკვე არსებობდა ბევრი მეგობრული თუ პროფესიული კავშირი, ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები და ფესტივალები. ალბათ, ამანაც განაპირობა ის პოზიტიური გამოხმაურება და ინტერესი ციურიხის წამყვანი ინსტიტუციების მხრიდან, რომ დაუყოვნებლივ დასთანხმებოდნენ ფესტივალთან თანამშრომლობას. ციურიხში ჩატარებულმა ფესტივალმა ნამდვილად მოახდინა შთაბეჭდილება და იმდენად კარგი რეზონანსი გამოიწვია, რომ, როგორც ხედავთ, მეორე ფესტივალის გამართვაც გახდა შესაძლებელი.
რაც შეეხება პროგრამას, ქართულ ფესტივალზე ციურიხში შემდეგი პროგრამა განხორციელდა: არქიტექტურის ცენტრში ჩატარდა კონფერენცია პანელის დისკუსიებით, მოხსენებებით და ინსტალაციით ქართველ, შვეიცარიელ, გერმანელ და ავსტრიელ მონაწილეებთან ერთად თემაზე – არქიტექტურა, როგორც ჩვენი კულტურული იდენტობის სარკე, კულტურული და არქიტექტურული პროცესები შვეიცარიაში და საქართველოში. მოწვეული კურატორი ირინა ქურთიშვილი გახლდათ; ციურიხის ლიტერატურის სახლში გაიმართა აკა მორჩილაძის რომანის „მეიდ ინ ტიფლისის“ პრეზენტაცია; ქუნსთჰალეში ჩატარდა ღონისძიება მოხსენებებით ქართული მოდერნიზმის, ფუტურიზმის და დადაიზმის შესახებ კაბარე ვოლტერთან თანამშრომლობით; ქართველი რეჟისორი ქალების რეტროსპექტივას „Georgiens Cineastinnen“ კინოპოდიუმმა უმასპინძლა; ქუნსთრაუმ ვალხეთურმში მუსიკოსის, ალექსანდრე კორძაიას კონცერტი-ელექტრონული ლაივ პერფორმანსი გაიმართა.
კრიტერიუმი იყო შემდეგი: სიახლე ციურიხისთვის, პროგრამის შესაბამისობა მთლიან კონცეფციასთან, შემოქმედების მაღალი ხარისხი და სხვა. გადამწყვეტი იყო ინტერესი კონკრეტული პროგრამის მიმართ შესაბამისი პარტნიორი ინსტიტუციების მხრიდან, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია იქ რამის განხორციელება.
ფესტივალის თბილისში, სარკისებურად გადმოტანა თავიდანვე იგეგმებოდა, თუ ეს იდეა მოგვიანებით გაჩნდა?
კულტურული დიალოგი არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, ამიტომაც, დიახ, თავიდანვე იგეგმებოდა შვეიცარიული პროგრამის ჩამოტანა ფესტივალის ფარგლებში. შვეიცარიელებს ნამდვილად აქვთ გულწრფელი ინტერესი უკეთესად გაიცნონ საქართველო. ასევე, ვფიქრობ, რომ საქართველოშიც არსებობს გარკვეული ინტერესი შვეიცარიული კულტურის მიმართ. პროგრამა მოიცავს ასევე საგანმანათლებლო ნაწილსაც, მაგალითად ვორკშოპებს ახალგაზრდა რეჟისორებთან, შეხვედრებს, საუბრებს, ამგვარად მნიშვნელოვანი ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლას.
როგორ შეირჩა თბილისის ფესტივალისთვის შვეიცარიული პროგრამა?
ექსკლუზიური პროგრამა, რომელიც თბილისისთვის მომზადდა ამ ფესტივალის ფარგლებში, სრულიად ახალია ქართველი პუბლიკისთვის და ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო იყო კულტურითა და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, არამარტო ფართო საზოგადოებისთვის, არამედ დარგის სპეციალისტებისთვის. პროგრამაში წარმოდგენილი იყო კინო, ლიტერატურა, არქიტექტურა, ხელოვნება და მუსიკა. ეს მიმართულებები გახლავთ ერთგვარი კონცეპტუალური ჩარჩო, მატრიცა, ინტერდისციპლინური პროგრამის წარმოსადგენად.
ჩემთვის ერთგვარი ინტერესისა და კვლევის საგანია, როგორ აირეკლება ერთმანეთში ეს დისციპლინები. ზოგადად, ჟანრები კულტურის მთლიანობის ნაწილებია, ისინი უფრო მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი ერთმანეთთან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, არქიტექტურა ისევე ჰყვება ისტორიებს, როგორც ლიტერატურა, მაგრამ თავისებურად – ფორმებითა და სილუეტებით, მუსიკასაც აქვს თავისი არქიტექტურა, კინო არ არსებობს მუსიკის გარეშე… და ა.შ. შეიძლება დისციპლინები შევცვალოთ ან დავამატოთ მომავალში.
ელენე, მოგვიყევით 4 აპრილს, თიბისი კონცეპტში გამართული ღონისძიების შესახებ. როგორი გამოცდილება მიიღეთ თიბისისთან პარტნიორობით?
თიბისი კონცეპტში ფესტივალის პროგრამიდან არქიტექტურის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიება ჩავატარეთ.
შვეიცარიული არქიტექტურის განახლება მოხდა ოთხმოციანი წლების ბოლოს, ქვეყნის გერმანულენოვან ნაწილში. მისი წარმატება, მალე საერთაშორისო მასშტაბით გახდა შესამჩნევი. „შვეიცარიული არქიტექტურა – წარმატების ისტორიის კრიტიკული ასპექტები“, ეს გახლდათ იმ ლექციის თემა, რომლის შესახებაც ფესტივალის მიერ მოწვეულმა მომხსენებელმა- დოქტ. ანდრე ბიდომ ისაუბრა.
ის ასწავლის არქიტექტურის ისტორიასა და თეორიას მენდრისიოს არქიტექტურის აკადემიაში და ციურიხის ETH-ში (ტექნიკურ-სამეცნიერო უნივერსიტეტი). გარდა ამისა, ბიდო არის ციურიხის არქიტექტურის ცენტრის თანადამფუძნებელი, სადაც ასევე კურირებდა გამოფენებს.
მოხსენების შემდეგ გაიმართა კინოჩვენება, ვაჩვენეთ კრისტოფ შაუბის შთამბეჭდავი დოკუმენტური ფილმი „უსასრულობის არქიტექტურა“, რომელშიც რეჟისორი ეძებს და იკვლევს „მაგიურ“ და საკრალურ ადგილებს.
უნდა აღვნიშნო, რომ თიბისი კონცეპთან პირველად მქონდა შეხება და აღფრთოვანებული ვარ, თუ როგორი პროფესიონალიზმით მუშაობენ ამ სივრცის ორგანიზატორები. ისინი ნამდვილად საიმედო პარტნიორები არიან და სიამოვნებით გავაგრძელებ მათთან თანამშრომლობას მომავალშიც.
სოფო, რით მიიპყრო ფესტივალმა თიბისის ყურადღება? რამ გადაგაწყვეტინათ პროექტის სპონსორობა?
თიბისი კონცეპტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კულტურული პროექტების ხელშეწყობა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაა. ფესტივალის „ხიდი: თბილისი – ციურიხი“ მხარდაჭერით, ჩვენ ხელს ვუწყობთ არა მხოლოდ თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას, არამედ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლითაც სარკისებრი ეფექტით ხდება საქართველოს კულტურის გაცნობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
როგორ შეაფასებთ პარტნიორობის ფარგლებში 4 აპრილს გამართულ ღონისძიებას?
ჩვენთვის ყველა პროექტი უნიკალური და ინდივიდუალურია. მოხარულები ვართ, რომ ვუმასპინძლეთ მსოფლიოში ისეთ ცნობილ არქიტექტორს, როგორიც ანდრე ბიდოა. მისმა ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, თავისი მრავალფეროვანი და მუდამ სიახლეზე ორიენტირებული ღონისძიებებით, ჩვენი მომხმარებლების ინტერესებზე და მათ კომფორტზეა გათვლილი.
რას ნიშნავს თიბისისთვის მსგავსი პროექტების მხარდაჭერა?
თიბისი კონცეპტისთვის, კულტურის ხელშეწყობა და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ თიბისი, თავისი არსებობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის უჭერდა მხარს სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ისეთ გამორჩეულ ფიგურებთან დაკავშირებით, როგორებიც არიან პეტრე ოცხელი, დავით კაკაბაძე, ლადო-ალექსი მესხიშვილი და კიდევ მრავალი სხვა. აქვე უნდა ვახსენოთ ჯაზფესტივალები, წინანდლის ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი და ა.შ.
სამომავლოდ, თიბისი კონცეპტში არაერთ ღონისძიებას ვგეგმავთ, სადაც მსოფლიოს წამყვან ხელოვანებს და მათ შემოქმედებას შეხვდებით.