ნინო ხარატიშვილი | მუზების მოთვინიერება

ნინო ამბობს, რომ პანდემიის სიმძიმის აღქმა ნელ-ნელა შეეპარა მის ყოველდღიურობას. პირველ ეტაპზე ეჩვენებოდა, რომ დიდად არაფერი შეცვლილა მის რუტინაში. მერე, როგორც ყველას, მასაც მისწვდა ურთიერთობების დეფიციტი, ჩაკეტილობა, შიში და გულგრილობა. ამბობს, რომ ახლის წამოწყება არასდროს ყოფილა ასეთი რთული. კიდევ იმასაც ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან პანდემია ახალ რომანზე მუშაობისას შუა გზაზე წამოეწია: ტექსტი, რომელიც ახლახან დაასრულა, გერმანიაში მალე გამოიცემა. მალევე დაიწყება რომანის ქართულ თარგმანზე მუშაობა.

კარანტინის პერიოდი ნაწილობრივ გერმანიაში გაატარა, ნაწილობრივ – საქართველოში, სადაც სამეფო უბნის თეატრის სცენაზე, პანდემიის კრიზისით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ნინო ხარატიშვილმა საკუთარი პიესა „მსახურთა შემოდგომა“ დადგა.

რამდენიმე თვის წინ ნინო ისევ გერმანიაში დაბრუნდა, ჰამბურგში გატარებული მრავალი წლის შემდეგ ახლა ოჯახთან ერთად ბერლინში ცხოვრობს.

სანამ ახალ რომანს წერდა, მისი „მერვე სიცოცხლე“ ევროპელ მკითხველთან ერთად ქართველებმაც აღმოაჩინეს და შეიყვარეს. 1200-გვერდიან რომანში ყველამ იპოვა რაღაც სათავისო; უამრავი აზრი და ემოცია გაჩნდა. საერთაშორისო ლიტერატურული აღიარების პარალელურად, წიგნი ყველაზე ამაღელვებლად სწორედ ქართველ მკითხველს შეეხო – გერმანულენოვანი ქართველი მწერლის მთავარ ადრესატებს.

ფოტო: დინა ოგანოვა

როგორ აისახა პანდემია თქვენს ცხოვრებაზე, განწყობაზე, ყოველდღიურობაზე?

თავიდან არ მქონდა შეგრძნება, რომ რაღაც რადიკალურად შეიცვალა. შეიძლება რეალობას თვალს არ ვუსწორებდი, ან, უბრალოდ, იმედიანად ვიყავი. თან ჩემს ყოველდღიურობას პირველ ეტაპზე ნაკლებად დაეტყო რამე, რადგან მე, როგორც წესი, ისედაც სახლიდან ვმუშაობ. ბავშვებზე ვიყავი გადართული და სახლში ყოფნა დიდად არ მაწუხებდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა მივხვდი, როგორ მომენატრა თეატრი, ხალხთან ურთიერთობა, მკითხველთან შეხვედრა. ამის გამო ძალიან გამიჭირდა. ყველაზე მეტად ეს თბილისში, სპექტაკლის დადგმის დროს ვიგრძენი. ისეთი ხალისითა და შემართებით მივდიოდი ყოველდღე რეპეტიციაზე, თითქოს პირველად ვდგამდი სპექტაკლს. რაც გერმანიაში დავბრუნდი, გაცილებით გამოცოცხლებული დამხვდა ყველაფერი. თან ჩემს შემთხვევაში ისიც იყო, რომ ზუსტად ერთი წლით საცხოვრებლად ბერლინში გადმოვედით ჰამბურგში გატარებული მრავალი წლის შემდეგ. ცუდად დაემთხვა ის, რომ მაშინ ჩაიკეტა ყველაფერი, მეორე ლოკდაუნი დაიწყო. ქალაქი ვერ ავითვისე, სულ ორი-სამი ქუჩით შემოვიფარგლებოდი, სადაც ბავშვებს ვასეირნებდი. დანარჩენი – სახლი, სახლი, სახლი. ამანაც ძალიან დამთრგუნა.

წერის სურვილზე როგორ აისახა ეს პერიოდი?

ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ეს პერიოდი მოტივაციის მხრივ. ფაქტობრივად, ვერ ცხოვრობ, ვერ ივსები ვერაფრით, იმას ფიქრობ, ვისთვის ან რატომ უნდა აკეთო რამე. სახლში ჯდომას მართლა ჩათრევა სცოდნია. სავარძელი თითქოს გისრუტავს და აბსოლუტურად დემოტივირებული ხდები. თუმცა მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ სანამ კორონა დაიწყებოდა, მანამდე უკვე ვწერდი ახალ რომანს. ამან მიშველა, ერთგვარი სტრუქტურა მქონდა ყოველდღიურობაში, რომ რაღაცნაირად მომეხერხებინა და დღეში ორი-სამი საათიც რომ ყოფილიყო, მეწერა. დაწყებული რომ არ მქონოდა და რაღაც ეტაპამდე მისული არ ვყოფილიყავი, ახალს ნამდვილად ვერ დავიწყებდი. მოგვიანებით მივხვდი ამის მიზეზს: ხომ უნდა შეივსო ამ რაღაც ენერგიით, ინსპირაციით და ამ დროს ბალანსი არაა, მხოლოდ გასცემ, გასცემ, ბოლოს იცლება ეს რეზერვებიც და ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ არაფერი გაქვს სათქმელი, არ გაქვს სიახლე და ეს ხდება დემოტივაციის მთავარი მიზეზი. შარშან დავამთავრე წერა, სამ წელიწადს ვმუშაობდი. ახლა ვასრულებთ რედაქტირებას და მარტში გამოვა. პარალელურ რეჟიმში გვინდა ქართულად თარგმანის დაწყებაც.

ახერხებთ სისტემატურ მუშაობას? განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც შვილები გყავთ?

ჯერ ექსპერიმენტისა და იმპროვიზაციის რეჟიმში ვარ. სანამ ერთი შვილი მყავდა, უფრო იოლად ვახერხებდი. მაგალითად, ეს რომანი ბრიუსელში დავიწყე, იქ მქონდა სტიპენდია, წინა რომანი სტამბოლში დავიწყე და იქვე დავამთავრე. ყოველდღიური სტრუქტურებიდან გასვლა ძალიან მეხმარება. უცხო გარემოში რომ ვიყავი, გართობის ან ყურადღების გადატანის ცდუნება ნაკლები იყო, ესეც ძალიან ხელისშემწყობი აღმოჩნდა – უფრო ინტენსიურად და სწრაფად ვმუშაობდი, ვიდრე აქ. სახლში რთულია. სულ რომ ცალკე ოთახში შევიკეტო, რეალობას ისეთი დოზით ვერ ვთიშავ, როგორც უნდა გავთიშო იმისთვის, რომ აბსოლუტურად კონცენტრირებული ვიყო. ჩვეული სივრციდან უნდა გავიდე. თუმცა ახლა რაღაც გამოსავალს უნდა მივაგნო, რადგან ამ ეტაპზე არ გამოვა, ყოველ ჯერზე სადღაც წავიდე და ბავშვები დავტოვო, ან თან წავიყვანო.

ფოტო: დინა ოგანოვა

ახალ რომანზე მოგვიყევით.

ჯერ ზუსტად არ ვიცი, როგორ უნდა ითარგმნოს სათაური. ალბათ, როგორც „სინათლის ნაკლებობა“. ნაწილობრივ საქართველოზეა ეს წიგნი. პირადად ჩემთვის მეგობრობაზეა, ოთხ მეგობარ ქალზე. თხრობა იწყება 80-იანებში და გრძელდება 2000 წლამდე. ერთი დეკადაა, თუმცა დღევანდელი პერსპექტივიდანაა მოყოლილი. ეს ოთხი მეგობარი, რომელთა შორის ერთ-ერთი ცოცხალი აღარაა, ამ ერთ-ერთის ფოტოგამოფენაზე ხვდება ერთმანეთს მრავალი წლის შემდეგ. თითოეულ თავს წინ უძღვის ფოტო, რომელზეც, სხვებთან ერთად, ეს ქალებიც არიან აღბეჭდილები. გამოფენის ავტორი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი იყო. გადაიღო მთელი ის პერიოდი: 90-იანები, „პერესტროიკაც“ და შემდგომი წლებიც, მათი თინეიჯერობა, ახალგაზრდობა და ძალიან ბევრი რთული და მწვავე მომენტი. ამ ყველაფერს ერთ-ერთი მათგანი იხსენებს; ჰყვება მეგობრობის მთელ ისტორიას, რომელიც რაღაც მომენტში ინგრევა, კონფლიქტი ჩნდება და წლები აღარ ნახულობენ ერთმანეთს. ამ გამოფენის გამო ისევ იკრიბებიან, მოგონებებით და საერთო ისტორიით ისევ უახლოვდებიან ერთმანეთს. ესაა მოკლე ფაბულა.

რა გრძნობა გიჩნდებათ ხოლმე იმ დროს, როცა ტექსტზე მუშაობას ამთავრებთ და მას მკითხველს გადასცემთ შესაფასებლად?

ეს გრძნობა ნაცნობი იქნება ყველასთვის, ვისაც რაღაც დაუწერია და შემდეგ ის გამომცემლობისთვის გადაუცია. წერა ძალიან ინტიმური პროცესია. თვეების, წლების განმავლობაში მარტო ხარ საკუთარ თავთან, ყველაფერი შენს ფანტაზიაში ხდება, შემდეგ ტრანსფორმირდება, ქაღალდზე გადმოდის და მერე უკვე გასცემ მას. ეს ყოველთვის ამაღელვებელი პროცესია. რა თქმა უნდა, როგორც თავიდან მეშინოდა, ახლა ისე აღარ მეშინია, მაგრამ მღელვარება მაინც სულ არის და რაც უფრო გრძელვადიანია სამუშაო, მით უფრო ინტენსიურია ეს შეგრძნება. ცხადია, როცა პიესას ერთ თვეში ვწერ, ისეთი ბმა არ მაქვს მასთან, როგორც, მაგალითად, რომანთან, რომელზეც ოთხ წელიწადს ვმუშაობ. ბოლო რომანს რომ ვამთავრებდი, მახსოვს, აივანზე ვიჯექი და ვწერდი დიდხანს. ბავშვები არ იყვნენ. ვიცოდი, რომ დავამთავრებდი, რაღაცნაირად მივექანებოდი დასასრულისკენ. უფრო ზუსტად, გეზი ამისკენ მქონდა აღებული, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი იმ დღეს მოვრჩებოდი, მეორე დღეს თუ ერთ კვირაში. ბოლომდე გამოვეთიშე რეალობას – ცხენზე რომ ზიხარ და ეს ცხენი სადღაც მიგაჭენებს, ეგეთი შეგრძნება მქონდა. როცა ავდექი, მთელი სხეული მტკიოდა, ისეთი დაჭიმული ვიყავი.

ისე მოხდა, რომ ახალი წიგნები, რომლებზეც ბოლო დროს ყველაზე მეტს ლაპარაკობენ საქართველოში, ქალი ავტორების დაწერილია. ზოგადად თუ აღიარებთ ამ ფენომენს ‒ მწერლების ქალ და მამაკაც ავტორებად დაყოფას?

ვცდილობ, რომ არ ვაღიარო, მაგრამ მინდა, არ მინდა, მაინც ეგრეა. ქალის პერსპექტივა, სულ რომ ზოგადსაკაცობრიო და ზოგადადამიანური იყოს, საზოგადოების მიერ მაინც ქალის ვერსიად აღიქმება. ეს ზღვარი ნელ-ნელა იშლება, მაგრამ თუ მე-19 საუკუნის ჩათვლით ლიტერატურას გადავხედავთ, ვნახავთ, რაოდენ მწირია ქალების ხმა მამაკაცებთან შედარებით. მე ვფიქრობ, რომ თუ წიგნი კარგია, სულ რომ არ ვიცოდე ვინაა ავტორი, არაფერი იცვლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ საზოგადოებრივი განვითარების იმ ეტაპზე, რომ ეს უმნიშვნელო იყოს. მარტო საქართველოს არ ვგულისხმობ. ვისურვებდი არ გვჭირდებოდეს ამის დაყოფა, ხაზგასმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ მანდ და სანამ არ ვართ, ალბათ, მნიშვნელოვანია ამაზე ლაპარაკი, ამაზე ყურადღების გამახვილება, რადგან ძალიან ბევრი ისტორია, ძალიან ბევრი თემა ჯერ არ არის ქალების მიერ დამუშავებული, იგივე, საკუთარ თავზე არ გვაქვს იმდენი ნალაპარაკები, რამდენიც მამაკაცებს. შეფასებები: „ამას მარტო ქალი დაწერდა“ ან „მარტო ქალებს რომ აინტერესებთ, ისეთი თემაა“ – ძალიან მაღიზიანებს – ჩემი აზრით, ლიტერატურას არ უნდა სჭირდებოდეს არც სქესის, არც ეროვნების დაზუსტება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ამ ჩარჩოებში ვართ, ამიტომ ამ ეტაპზე კვოტებიც გვჭირდება და ყველანაირი დამხმარე ინსტრუმენტიც, რომ ამ პრობლემას ხაზი გაესვას და სათანადო დრო და ყურადღება დაეთმოს.

რომანი „მერვე სიცოცხლე“ საქართველოშიც ბევრმა წაიკითხა, ისევე, როგორც მის ფარგლებს გარეთ. ძირითადად, როგორი იყო გამოხმაურება, რა შეფასებები გესმოდათ?

დღემდე ბევრი წერილი მომდის ფეისბუკით, რაც ძალიან მახარებს. განსაკუთრებით მიხარია, როცა ახალგაზრდები მწერენ. ამ წერილებშიც და თბილისში მკითხველთან შეხვედრების დროსაც შეფასებები ამდაგვარი იყო: ჩვენს ისტორიას მოყევი; ჩემი ოჯახის ისტორიას მოყევი; თვალსაჩინო გახდა რაღაც; არ ვიცოდი… გერმანიაშიც და საქართველოშიც ხაზი ესმევა იმას, რომ ემოციური წიგნია. ბევრი მეუბნება, რომ ააღელვა, ვეღარ დაიძინა, ვეღარ მოისვენა, ამაზე ფიქრობდა, დიდხანს გაჰყვა ეს პერსონაჟები. კრიტიკაც იყო, რა თქმა უნდა. მაგალითად, დაიწერა, რომ გერმანელებს გავეპრანჭე ამ წიგნით და ისე შევფუთე ეს ყველაფერი, რომ მათთვის მოსაწონი და საინტერესო ყოფილიყო. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ამ წიგნს კითხულობენ, ამით ინტერესდებიან. ჩემი პრობლემაც თავის დროზე ის იყო, რომ, მაგალითად, 16 წლის ასაკში ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდი, ისტორიის ეპიზოდები არაობიექტური და კონტექსტიდან ამოვარდნილი მეჩვენებოდა; უამრავი კითხვა მქონდა. ის ფაქტი, რომ კითხვები სხვებსაც აქვთ და ინტერესი არსებობს, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.

ფოტო: დინა ოგანოვა

კრიტიკას როგორ აღიქვამთ?

გერმანიაში, მაგალითად, ბოლო რომანის – „კატა და გენერლის“ გამო ძალიან გამაკრიტიკეს. გამიბრაზდნენ, საერთოდ რატომ გავბედე ჩეჩნეთზე წერა. გამებუტა ის ხალხი, ვინც მანამდე „ბრილკას“ გამო მაქო და მადიდა. კრიტიკა ზოგჯერ მტკივნეულია, თუმცა გააჩნია კრიტიკას. თუ მასში სიმართლის მარცვალს ვპოულობ, ესე იგი, კარგია და საჭიროა. თუ უსამართლოა და სუბიექტური მიზეზებით განპირობებული, მწყინს და ვბრაზდები, მაგრამ ემოციურად ნაკლებად მიმაქვს გულთან ახლოს, რადგან ვიცი, რომ შეფასება არ შეესაბამება სიმართლეს. თუნდაც ეს დისკუსია – რატომ ვწერ ჩეჩნეთზე – არ მიმიღია დიდად მტკივნეულად. ამ შემთხვევაში მეცინება. რას ნიშნავს, რატომ ვწერ?! რაზეც მინდა, იმაზე დავწერ. მოვიტყუები, თუ ვიტყვი კრიტიკა მსიამოვნებს – მეთქი, რადგან არავის სიამოვნებს, მაგრამ წლების განმავლობაში უკეთ და უკეთ ვსწავლობ როგორ არ უნდა შემეხოს რაღაცები. თეატრში მქონია რეცენზიები, რომლებსაც რაღაც მოუცია ჩემთვის, დავუფიქრებივარ და უკეთესობისკენ წავსულვარ. მაგრამ ხდება ისეც, რომ კრიტიკა უსამართლოა, პირადი მოტივითაა განპირობებული და ხვდები, რომ ეს ყველაფერი არაა შენთან კავშირში – უფრო მეტად კრიტიკოსის გემოვნებაა, ან, მაგალითად, რასიზმი და ამას შენ ძალით გახვევს თავს. გავბრაზებულვარ, გულიც დამწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ამ პროფესიის თანმდევია, მედლის მეორე მხარე, და ამისთვის მზად უნდა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ უნდა გამოსცე წიგნი და საზოგადოების წინაშე არ უნდა წარდგე. საბოლოო ჯამში, კრიტიკა მაინც მნიშვნელოვანია. საქართველოში ამის ნაკლებობაა და ეს ცუდია. მაგალითად, სპექტაკლი რომ დავდგი, მეგობრების, ნაცნობების აზრის თუ მაყურებლის ფეისბუკ პოსტების გარდა არ ყოფილა არცერთი რეცენზია. მაშინ მივხვდი, რომ ჯობია ისევ ცუდი დაიწეროს, მაგრამ დაიწეროს. საზოგადოებრივი დებატები კონკრეტულ თემებზე განვითარების საწინდარია. იმისთვის, რომ საზოგადოების აბსოლუტურად განსხვავებულ შრეებს შორის დიალოგი გაიმართოს, კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ამის ნაკლებობა ჩვენთან ნამდვილად არის. რომანზეც იგივეს ვიტყოდი. ტექსტის სერიოზული განხილვა თუ ლიტერატურული რეცენზია საქართველოში მე არ მახსოვს. განსხვავებით გერმანიისგან.

კითხვისთვის თუ გრჩებათ დრო?

არ შეიძლება მწერალი იყო და არ კითხულობდე. უნდა ვიცოდე, რა ხდება ჩემ გარშემო, რა იწერება. კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობ?! ყოველთვის მაქვს ერთი ან ორი წიგნი თავთან, ან მაგიდაზე, ან თან დამაქვს. თვალს ვადევნებ რა გამოვიდა, რა ითარგმნა.

შეგიძლიათ შუა გზაზე მიატოვოთ წიგნი?

კი, შემიძლია. ადრე, მაგალითად, ჯარისკაცული მიდგომა მქონდა, მომწონდა თუ არ მომწონდა წიგნი, მაინც ბოლომდე უნდა წამეკითხა. რაღაც უცნაური ეთიკა მქონდა, თითქოს პასუხისმგებელი ვიყავი, ეს გამეკეთებინა. ახლა შემიძლია მივატოვო, მაგრამ იშვიათად. ვაძლევ ხოლმე რაღაც შანსს ამ წიგნს, მაგალითად, 50-70 გვერდს, და მერე თუ მივხვდი, რომ ძალიან ცუდია, მირჩევნია აღარ მოვიკლა თავი და გადავდო. მენანება დრო.

საიდან იღებთ ყველაზე მეტ შთაგონებას იმისთვის, რომ წეროთ?

პირველ რიგში, ადამიანებისგან. არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარი იქნება ეს, ახალგაცნობილი ადამიანი, ვინმესთან მოულოდნელი გადაკვეთა, შემთხვევითი საუბარი – ყველაფერი შთაგონებაა. ამის მერე მოდის თვითონ ხელოვნება: კარგი ფილმი, კარგი მუსიკა, სპექტაკლი, გამოფენა და ა. შ. და მერე არის, ალბათ, მოგზაურობა, რომელიც საშინლად დამაკლდა და დარწმუნებული ვარ, არამარტო მე. კიდევ ბევრი რამ შეიძლება იქცეს შთაგონებად: შემთხვევითობა, თავგადასავალი, რაღაცაზე უბრალოდ დაკვირვება.

რისი გეშინიათ?

როგორც ყველას, მეც მეშინია ახლობელი ადამიანის დაკარგვის ან ავად ყოფნის. კიდევ მოწყენილობის მეშინია. ძალიან იოლად მწყინდება რაღაცები. არ მიყვარს რუტინა, მიჭირს ყოველდღიურობა. ალბათ ესეც იყო პანდემიის დროს ჩემი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. მრავალფეროვნება როცა მაკლდება, თავს გალიაში გამომწყვდეულად ვგრძნობ, ბალანსს ვკარგავ, გაწონასწორებული აღარ ვარ, ეს მერე ბევრ რამეზე აისახება და მე თვითონ აღარ მსიამოვნებს საკუთარ თავი. მეშინია იმედგაცრუებების – ესეც, ალბათ, ბევრი ადამიანის მსგავსად. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ რისკის გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენია. ადამიანს შეგიძლია თავი აარიდო სარისკო სიტუაციებს იმ მიზეზით, რომ ნაკლებად გეტკინოს, იმედგაცრუებაც ნაკლები შეგხვდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ რაღაცას ვერ გამოცდი, ვერ იგემებ და ვერ იგრძნობ. ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. ალბათ, უბრალოდ ვერ დავწერ, თუ თავი დავიზღვიე, თუ ცხოვრებაში თავი ავარიდე ისეთ სიტუაციებს, სადაც შეიძლება მეტკინოს ან იმედი გამიცრუვდეს. მაშინ იმდენ რამეს ვერ გამოვცდიდი აქამდე, რომ ჩემი შთაგონებაც და კრეატიულობაც მწირი იქნებოდა. ცოტა ურთიერთგამომრიცხავი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ზუსტად ის, რაც ცხოვრებაში არ გსიამოვნებს, გტკივა, დისკომფორტს გიქმნის და ჭრილობასავითაა, მუშაობისთვის საჩუქარია.

რისი აღარ გეშინიათ?

სხვა რას იტყვის ჩემზე. მე, როგორც საქართველოში დაბადებული, გაზრდილი, ჩამოყალიბებული ადამიანი, თან ქალი, სულ რაღაც წნეხის ქვეშ ვიყავი. ყოველთვის სხვის აზრს ვუწევდი ანგარიშს: იმას არ ეწყინოს, ამან ცუდად არ გაიგოს, არასწორად არ მიიღოს და ა. შ. ამ ყველაფრისგან რამდენიმე წელია გავთავისუფლდი. რა თქმა უნდა, ანგარიშს დღემდე ვუწევ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს და არ მინდა მათ გული ვატკინო, მაგრამ უცხო ადამიანი, მეზობელი, ნაცნობი რას იტყვის, ნაკლებად მადარდებს. აღარ ვფიქრობ ამაზე, დროს აღარ ვკარგავ. შიში – ყინულზე რომ მიაბიჯებ და არ იცი როდის ჩაგიტყდება – აღარ მაქვს და ეს ძალიან მომწონს.