ემოციური ოჯახური საგა ექვს თაობას მოიცავს. ემოციური რატომ? იმიტომ, რომ ოჯახურ ამბებს უემოციოდ ჯერ არასდროს ჩაუვლია. ასეთ ამბებს აქვს სული და აუღელვებელს ვერ გტოვებს. და თუ ზრდასრულ ასაკში ლიტერატურის მოყვარულებს წიგნი ატირებს, ნინო ხარატიშვილი ერთ-ერთია იმ თანამედროვე ავტორებს შორის, ვისაც ეს შეუძლია.
გერმანულენოვანი ქართველი მწერალი გვერდს იშვიათად თუ აუვლის საქართველოს. ამიტომ „მერვე სიცოცხლეს“ (ბრილკასთვის) განსაკუთრებით ელოდნენ მის სამშობლოში. და ამ წიგნს გასულ ზაფხულს კითხულობდა ყველა, ─ ისინიც, ვისაც ნინო ხარატიშვილი უკვე უყვარს და ისინიც, ვინც ახლა გამოუტყდა მას სიყვარულში. 1200-გვერდიან გამოცემას აღტაცებით აფასებენ გერმანიაშიც: „საუკუნის რომანი, რომელიც კითხვას მოგაწყურებთ… მასშტაბური ისტორიული რომანი, ადამიანური ტრაგედიებით ისევე სავსე, როგორც რეალური ცხოვრება,“ „წლის საუკეთესო გერმანული რომანი. ფენომენალურია!“
ნინო უკვე ძალიან წარმატებული ლიტერატურული, სარეჟისორო და დრამატურგიული საქმიანობის ფონზე, ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი კულტურული სიახლის ეპიცენტრშიც აღმოჩნდა: ის ფრიდრიხ შილერის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პრემია 1955 წლიდან გაიცემა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია მიმდინარე წლის 14 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
გასული ზაფხული ნინოსთვის უმნიშვნელოვანესი ოჯახური ამბითაც გამოირჩეოდა: ის მეორე ქალიშვილის დედა გახდა და ოჯახურ თავგადასავალშიც ახალი აბზაცი დაიწყო.
„მერვე სიცოცხლე“ ამ ზაფხულს უამრავმა ადამიანმა წაიკითხა საქართველოში და შეფასებები, ძირითადად, ამდაგვარი იყო: „წყალივით წავიკითხე,“ „საიდან იცის ამდენი,“ „რანაირად წერს,“ „რამ დააწერინა“… რამ დაგაწერინათ? ზოგადად, რა გაწერინებთ? რატომ წერთ?
ალბათ, პირველ რიგში, რაღაცის უკეთ შეცნობის ან გაგების წყურვილი მამოძრავებს, თუმცა ეს პროცესი ნაწილობრივ ქვეცნობიერია. ხანდახან მე თვითონ არ ვიცი, თუ რატომ არ მასვენებს რაიმე კონკრეტული თემაან კითხვა და რატომ „ვიძიებ“ მას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი წარსული და, აქედან გამომდინარე, ჩვენს აწმყოსთან დაკავშირებული კითხვები იყო ის, რამაც ეს წიგნი დამაწერინა. ერთ დღეს აღვიქვი, რომ მე-20 საუკუნესთან დაკავშირებული ჩემი ცოდნის 90% დასავლური პერსპექტივიდან იყო და რომ, მაგალითად, ნაციზმზე ბევრად მეტი ვიცოდი, ვიდრე სოციალიზმზე, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ბოლო ეპიზოდში დავიბადე. თუმცა თავად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს პროცესი ასე ჩამითრევდა, ამხელა მოცულობის გახდებოდა და ჩემი ცხოვრების 4 წელს მოვანდომებდი მას.
როდის წერთ და როგორ წერთ? გაქვთ რაიმე რუტინა, იგივე, რომანზე მუშაობისას? ჭირდებათ სპეციალური გარემო, განწყობა მუშაობისთვის?
წერა ყველგან შემიძლია, სადაც სიმშვიდეა და არავინ მიშლის ხელს. არ უნდა არსებობდეს იმის საშიშროება, რომ ვინმე კარებს შემომიღებს, ან ტელეფონი დარეკავს ათჯერ, ან ყოფიერება დიდი დოზით შემომეჭრება პროცესში. სხვა არაფერი განსაკუთრებული არ მჭირდება. ხშირად წერისას მუსიკას ვუსმენ, თითქმის ყველა რომანს თავისი „ფლეილისთი“ ახლავს თან. თუმცა მუსიკა ყოველთვის ხელის შემწყობი არ არის. იშვიათად, რომ წერისას სიმღერებს მოვუსმინო, სიმღერის ტექსტი ხელს მიშლის და ყურადღებას მიფანტავს. მაგრამ სწორედ შერჩეული მელოდია ძალიან სწრაფად „გაგდებს“ საჭირო განწყობაში.
რომელი უფრო მკაცრი შემფასებელია – ქართველი თუ გერმანელი მკითხველი?
ოჰ, ეგ საინტერესოა. ორივეს საკუთარი „სიმკაცრეები“ აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოში, რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინები იყო, რადგანაც ეს წიგნი საქართველოზეა, ჩვენს ისტორიაზე, ქართულ ტრაგედიებსა და კომედიებზე და, რა თქმა უნდა, მეც განსაკუთრებულად ვღელავდი, სანამ გამოვიდოდა. დიდი იმედი მაქვს, რომ იმედს ქართველ მკითხველსაც არ გავუცრუებ.
გერმანელ მკითხველსაც ისევე აინტერესებს ვინ დგას კონკრეტულ ტექსტს მიღმა, როგორც ქართველს? როგორია, რანაირია ავტორი? აინტერესებთ მასთან კომუნიკაცია?
კი, გერმანელი მკითხველი ძალიან უნიკალურია მაგ მხრივ. ძალიან უყვართ კითხვითი საღამოები და თითქმის მთელ საათს უსმენენ ავტორს, რომელიც საკუთარ ტექსტს კითხულობს. ეს არცერთ სხვა ქვეყანაში ასეთი ინტენსიურობით არ ხდება. თუმცა მაინც მგონია, რომ ადამიანების უმრავლესობა, ვინც იქ მოდის, მოდის ავტორის პირადად ნახვისა და მოსმენის ინტერესით. მათ აინტერესებთ ვინ იმალება წიგნის უკან და საკმაოდ დელიკატურად, მაგრამ მაინც ცდილობენ ავტორის, როგორც ადამიანის, შეცნობას. ამიტომ არის კითხვა: „ეს რომანი ავტობიოგრაფიულია?“ ─ ასეთი ხშირი. უმეტესობას რთულად წარმოუდგენია როგორ უნდა გამოიგონო რაღაც, რაც თავად არ განგიცდია და ამიტომ ცდილობს ─ ბევრი რამის ბიოგრაფიის ხერხით გადმოცემას, რა თქმა უნდა, რაღაც გადმოსახედიდან ბიოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის, პირადად, ისევე, როგორც, ალბათ, მკითხველისთვის, ის მეორეხარისხოვანია. მე მგონია, რომ ყველა ღირებული ტექსტი პირადია, მაგრამ არა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. განცდილმა და ნაფიქრმა
ტრანსფორმაცია თუ არ განიცადა, ის ხელოვნება ვერ გახდება.
როგორ ახერხებთ დროის რაციონალურად განაწილებას ერთდროულად ბევრი საქმის, ბევრი საფიქრალის პირობებში?
რაც დედა გავხდი, მეც ისევე მიჭირს, როგორც უმეტეს ქალს, რომელსაც დედობისა და საყვარელი საქმის დაბალანსება უწევს. ხშირად, როცა ამის ფუფუნება მაქვს, ყოველდღიურობას ვეთიშები, მაგალითად, სარეზიდენციო პროგრამებით მივდივარ საზღვარგარეთ ან, უბრალოდ, სადმე ბინას ვქირაობ და იქ ვმუშაობ. ეს ძალიან მეხმარება. თუნდაც რამდენიმე ასეთი დღე საოცრად პროდუქტიულია, სხვანაირად იყენებ დროს, სხვანაირად ფოკუსირდები. თუ ეს ვარიანტი არ გამოდის, მაშინ იმპროვიზირება მიწევს.
აივანზეც მიწერია, სანთლის შუქზე ან მატარებელში, ყურსასმენებით ყურში.
რამდენად მნიშვნელოვანია თვითორგანიზება ნებისმიერ საქმეში და, მათ შორის, ხელოვნებაშიც?
ხელოვნებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საკუთარი რესურსების სწორი გამოყენება უნდა შეგეძლოს. დისციპლინა აქაც საოცრად მნიშვნელოვანია. მხოლოდ „მუზის“ ამარა ვერ იქნები.
არსებობს მუზა? ვინაა, რანაირია?
ალბათ, ესეც ინდივიდუალურია. თუმცა ჩემთვის მუზა უფრო სწორი განწყობაა, სწორ მომენტში სწორ ტალღაზე შეხტომა, როგორც სერფინგისას. ჩემს შემთხვევაში ლამაზი და საბედისწერო ქალი ნამდვილად არაა.
და მაინც, სად პოულობთ შთაგონებას – ქუჩებში? ადამიანებში? სიზმრებში? ხელოვნებაში?
ყველაფერში ერთად. ყველაზე მარტივად რომ ვთქვა: ცხოვრებაში. ვერაფერს გამოვიგონებ ისეთს, რაც რეალობაში უკვე არ მომხდარა. რეალობა ყოველთვის უფრო დაუჯერებელია, ვიდრე ნებისმიერი ფანტაზია.
კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გისვამენ.
„ეს ტექსტი ავტობიოგრაფიულია?“
თავიდანვე შეგეძლოთ შეფასება როგორ წერდით? როცა გამომცემლობას თქვენი ტექსტის წაკითხვას სთხოვდით, იცოდით, რომ ეს იყო ის, რისი წაკითხვაც ღირდა? რაც მკითხველს აუცილებლად დააინტერესებდა?
რა თქმა უნდა, არა. სანამ გავრისკე და ის ნაბიჯი გადავდგი, რომ გამომცემლობის ძიება დამეწყო, ალბათ, ერთი კარადა მქონდა გავსებული ხელნაწერებით, რომელსაც დღემდე არავის ვაკითხებ, რადგან ვთვლი, რომ ის ყველაფერი მხოლოდ „სავარჯიშოები“ იყო. არასდროს ვიცოდი, მოეწონებოდათ თუ არა ჩემი ნაწერი, მაგრამ ის ყოველთვის ვიცოდი, რომ წერა ჩემთვის თვითგამოხატვის აუცილებელი ფორმა იყო და მე დავწერდი, იმისგან დამოუკიდებლად, გამოიცემოდა ჩემი ნაწერები თუ არა.
გქონიათ შეგრძნება, რომ რაღაცები იმისთვის მოხდა, რომ დაგეწერათ?
ამის ფიქრი ჩემი მხრიდან ძალიან ეგოცენტრული იქნებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა და ხდება, გავლენას ახდენს ჩემზე, როგორც ავტორზე.
საკუთარ გმირებს თანაუგრძნობთ?
კი, წერის მომენტში ემპათია ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წერის პროცესში, შენ, როგორც ავტორმა, არ განსაჯო ისინი. პატარა-დიდ კაცზე წერისასაც, რომელშიც ლავრენტი ბერია იგულისხმება, ვცდილობდი არ დამეფიქსირებინა ჩემი აგრესია და ზიზღი ამ ადამიანის მიმართ; რაც შეიძლება ნეიტრალური ვყოფილიყავი, მასშიც კი „ადამიანი“ დამენახა და არა მონსტრი.
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ახალი ამბავი თქვენ იყავით, კონკრეტულად, შილერის პრემიის ლაურეატობა იყო. რა ემოცია მოაქვს პროფესიულ ჯილდოს, რა გავლენა აქვს, აძლიერებს მოტივაციას?
ძალიან მოულოდნელი იყო. არც ვიცოდი, რომ განვიხილებოდი და, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, განსაკუთრებით, როცა წინა ნომინანტების სიას გადავხედე. ჩემი უმცროსი შვილი ახალი დაბადებული იყო, როცა დამირეკეს და სულ სხვა რეალობიდან სულ სხვაგან გადამისროლეს. დიდი სიხარულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაც, რომ არ გაჩერდე და მეტი და მეტი მოსთხოვო საკუთარ თავს.
ვინაა თქვენი ყველაზე მკაცრი შემფასებელი?
მაინც უფრო გამომცემლები (ორი მყავს: დრამისა და პროზის) და ჩემი რედაქტორები. წინასწარ არავის არაფერს ვაკითხებ. არ მინდა არავის აზრის გაზიარება. ძალიან ფაქიზი პროცესია და ნებისმიერმა კომენტარმა შეიძლება დამაბნიოს. მერე უკვე, როდესაც ხელნაწერი ჩაბარებულია, საკამაოდ კარგად შემიძლია ნებისმიერი კრიტიკის მიღება და კონსტრუქტიულად გამოყენებაც კი.
რა ასოციაციები გქონდათ ბავშვობაში სიტყვა “მწერალთან” დაკავშირებით?
მიუწვდომელი, შორეული ოცნება. ჭკვიანი და იდუმალი, უმეტესწილად, ასაკოვანი ხალხი.
რისი გეშინიათ და რისი აღარ გეშინიათ?
ალბათ მარტოობის აღარ მეშინია. მეშინია საყვარელი ადამიანების ცუდად ყოფნის ან დაკარგვის.
ხშირად გაქვთ განცდა, რომ ბედნიერი ხართ?
კი, საკმაოდ. თუმცა მე არ ვთხოვ ბედნიერებას, რომ ის მარად თან მსდევდეს. მისი წამიერი გაელვებაც დიდი სიხარულია.
ბედნიერი ადამიანები წერენ?
ბედნიერება ჩემთვის არ არის რაღაც სტაბილური მდგომარეობა. ამიტომ ვიტყოდი, რომ კი, რატომაც არა. ყველა ექსტრემალური გრძნობა კარგია საწერად. მე ვიტყოდი, რომ მოსაწყენი ადამიანები ვერ წერენ და ადამიანები, რომლებიც არ არიან ცნობისმოყვარენი.
ფიქრობთ, რომ ოჯახური ცხოვრების, ყოფითი ვალდებულებების პირობებში თვითგანვითარება რთულდება ან, მეტიც, ფერხდება? და თუ ასეა, როგორ, რა მექანიზმით უნდა გაუმკლავდე ამას?
ყოველდღიური რუტინა, რა თქმა უნდა, არ არის დიდად კრეატიული მდგომარეობა. აუცილებელია, ხანდახან ამ ყოფის უკან მოტოვება და ახლის ძიება, კომფორტის ზონიდან გასვლა როგორც წყვილისთვის, მშობლისთვის, ხელოვანისთვის. მაგრამ ადამიანი ხომ ყოველთვის მისი ყოფიდან არ ამოდის, აუცილებლად აწმყო არ არის ინსპირაციის წყარო. ბავშვობიდან მოყოლებული, წლების წინ განცდილით შეგიძლია ისაზრდოვო და იქიდან „იკვებო.“ მაგრამ სიახლისკენ სწრაფვა, რაღაცების შეცვლა, გარისკვა მგონია, რომ ყველა ვარიანტში აუცილებელია ადამიანისთვის და განსაკუთრებით ხელოვანისთვის.
როდის ტირით?
ამ ბოლო დროს უფრო ხშირად მიჩუყდება გული, ალბათ, ბავშვების გამო გავხდი უფრო სენტიმენტალური. კარგ სპექტაკლზე, ფილმზე, წიგნზე არასოდეს მენანება ცრემლები და არც მრცხვენია მათი.
წიგნი, რომელიც ასჯერ ან ათასჯერ წაიკითხეთ.
მარინა ცვეტაევას ლექსებს ვუბრუნდები ძალიან ხშირად, ეს ქალი ჩემთვის ენის ჯადოქარია და უშრეტი ინსპირაციის წყარო, მაგრამ ისე იშვიათად ვკითხულობ ერთსა და იმავე რომანს რამდენჯერმე. ვიცი, ბევრი მკითხველია, რომელიც ათჯერ კითხულობს საყვარელ ტექტს, მაგრამ მე იმ ემოციის შენახვა მინდა, რაც პირველად მქონდა კითხვისას.
რას ეტყოდით იმ ქალებს, ვისაც ეშინია, ვისაც გამბედაობა არ ჰყოფნის?
გაბედეთ და ნახეთ, როგორ აღფრთოვანდებით იმ ძალებით, რომელთაც საკუთარ თავში აღმოაჩენთ.
როგორ ფიქრობთ, სხვების აღქმით განსხვავებული ან უცნაური ხართ? და უპირობოდ გულისხმობს ხელოვნება ამ განსხვავებულობას?
სკოლაში ვიცი, რომ უცნაურად აღმიქვამდნენ. არასოდეს ვყოფილვარ „ქულ“ ბავშვი, რომელთან მეგობრობა „მოდური“ იქნებოდა. არც ძალიან გარიყული ვიყავი, მაგრამ მაინც, ალბათ, უფრო უცნაურებში გავდიოდი. მერე უკვე ნაკლებად. სტუდენტობისას უფრო თავნება და რადიკალური ვჩანდი. ახლა ხშირად მესმის, რომ ძალიან „ჩვეულებრივი“ ვარ და ეს უმეტესობას ძალიან უკვირს. რატომღაც ითვლება, რომ ეს დიდი დამსახურებაა. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანებს ჩემი წიგნების წაკითხვისას უკვე წარმოდგენილი ჰყავთ საკუთარი ნინო და უჭირთ მისი რეალურთან შეთავსება. მაგალითად, ამას წინათ საბავშვო ბაღში ერთი დედა გამომელაპარაკა, სახელი მკითხა, მე ვუპასუხე. მერე მითხრა, რა იშვიათი სახელია, ამ სახელით მხოლოდ ნინო ხარატიშვილს ვიცნობო და, ალბათ, შენც საქართველოდან ხარო. მე გამეცინა, მაგრამ თავიდან ვერ ვუთხარი, რომ მე ─ მე ვიყავი. მერე დაიწყო ჩემს წიგნებზე ლაპარაკი, ემოციების გაზიარება და ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. როცა ბოლოს მომიწია თქმა, რომ მე ─ მე ვარ, ეს ქალი ძალიან აღელდა, ვერ იჯერებდა და დიდხანს ვცდილობდი სიტუაციის განმუხტვას; თან ძალიან კომიკური სიტუაციაც იყო. მას ვერაფრით წარმოვედგინე ამ რეალობასა და მოცემულობაში: ჩვეულებრივი დედა, რომელსაც ბაღიდან გამოჰყავს ტალახში ამოსვრილი შვილი და იგივე პრობლემებითაა დაკავებული, როგორითაც თავად ის. მას მერე ამ ქალთან სულ ბანალურ თემებზე ვსაუბრობ, ვცდილობ არცერთი სიტყვით არ ვახსენო ლიტერატურა, არა და ის სულ იქით მექაჩება. არა მგონია, რომ ხელოვნება ყოველთვის ექსცენტრულობასა და უცნაურობას გულისხმობდეს. ამ წარმოდგენაშიც ბევრი კლიშეა. მაგრამ უპირობოდ გულისხმობს ძალიან სუბიექტურ ხედვას, რაღაც დოზით, ალბათ, ეგოცენტრიზმს და ამ ხედვის მიმართ დიდ ნდობას.
რის გამო შეგიყვარდათ თქვენი ქმარი? რა ჰქონდა მას ისეთი, რაც შეიყვარეთ?
საინტერესო კითხვაა. ეს გრძელი პროცესია ხოლმე ჩემს შემთხვევაში. არასდროს არ შემყვარებია ერთი ნახვით და არც კი ვიცი ეს რა არის… ჩემთვის შეყვარებას ხშირად წინ უძღვის ადამიანის შეცნობის სურვილი და არსებობენ ადამიანები, რომელთა გაცნობაც და შეცნობაც განსაკუთრებით მინდა და მანდ ვიცი, რომ „რისკზე“ მივდივარ, ე.ი. შეყვარების საშიშროებაა. ეს არ არის თეორიული პროცესი, ხანდახან არც ცნობიერი. უბრალოდ არის რაღაც იმპულსი და მას ან ბრმად მიჰყვები ან ეწინააღმდეგები.
მნიშვნელოვანია სიყვარულისთვის მზადყოფნა?
ალბათ, მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს ასევე სიყვარული, რომელიც გრიგალივით გატყდება თავს და სულაც არ გეკითხება მზად ხარ თუ არა.
რისი კეთება გიყვათ ცხოვრებაში?
წერა, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, მოგზაურობა, ახალი ადამიანების, ადგილების, ემოციების აღმოჩენა.
თბილისის მიმართ ნოსტალგია გაქვთ? საცხოვრებლად დაბრუნებაზე ფიქრობთ ხოლმე?
კი, ძალიან ხშირად, თითქმის სულ, თუმცა თბილისს არ ვარომანტიზებ, ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამ მაბრაზებს მანდ ყოფნისას. რაც შვილები მეყოლა, სულ უფრო ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, თუ სად მინდა გაიზარდონ, რა გარემოში, რა ფასეულობებით…
ფიქრობთ შვილების მომავალზე? რას ისურვებდით მათთვის?
რა თქმა უნდა. პირველ რიგში, მშვიდობასა და ჯანმრთელ გარემოს. მრავალგვარ პერსპექტივას, ნაკლებ აგრესიას, სუფთა ჰაერს, მწვანე პლანეტას და არა ბეტონის ჯუნგლებს…
რა შეცვალა ბავშვების დაბადებამ? მზად იყავით ამისთვის? მნიშვნელოვანია მზაობა?
ძალიან ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სხვა ადამიანი გავხდი, პირიქით, ალბათ უფრო გავმყარდი რაღაცებში და უფრო მკაფიოდ ჩამომიყალიბდა ჩემი პოზიცია ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თითქოს უფრო ნათლად დავინახე რაღაცები, თითქოს იქამდე მხედველობა არ მქონოდა მთლად კარგი და უცებ საჭირო სათვალე გავიკეთე და ყველაფერი უფრო მკაფიოდ დავინახე. თეორიულად მომზადებული ვიყავი, ცნობიერი ნაბიჯი იყო, ასაკითაც აღარ ვიყავი პატარა, მაგრამ მაინც მგონია, რომ „მზად“ ამისთვის შეუძლებელია იყო. თავიდან რაღაც პერიოდი დამჭირდა ამ პასუხისმგებლობის გათავისებისა და შიშის დაძლევისთვის. არ ვიცი, როგორი დედა ვარ, ამაზე ოდესმე თავად ჩემი შვილები გამცემენ, ალბათ, პასუხს, თუმცა ვცდილობ, არ დავიშურო სიყვარული და მათ საკუთარი თავის რწმენა ჩავუნერგო, დამოუკიდებელი ქალები გავზარდო. ის ფაქტი, რომ ორივე გოგოა, კიდევ უფრო მიმძაფრებს იმის სურვილს, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანები გაიზარდონ, რომელთაც ყოველთვის ეცოდინებათ თავისი ფასი და არ შეაშინებთ არცერთი გამოწვევა. მაგრამ ასევე გარკვეული ჩარჩოებიც საჭირო მგონია. წესებისა და საზღვრების გარეშე აღზრდა, ვფიქრობ, არ გამოდის. გარკვეული სიმკაცრეც მახასიათებს.
რაშია ქალების ძალა?
რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო მეტად ვხდები ფემინისტი. ყველაზე უვიცი ადამიანის იდეა მეჩვენება ის, რომ ქალისთვის „სუსტი სქესი“ ეწოდებინა. მგონია, რომ ქალი საოცრად ძლიერია, თუ თავად დაიჯერა და მოინდომა ეს. სამწუხაროა, რომ უმეტეს კულტურაში ამ აზრით არ ზრდიან გოგოებს, არ ეუბნებიან ამას, პირიქით, უნერგავენ, რომ ბევრ რამეს ვერ შეძლებს, ან მხოლოდ კაცის წყალობით, აკნინებენ და აუფასურებენ მის ღირსებასა და შესაძლებლობებს. დასავლურ კულტურაშიც კი ჯერ შორს ვართ თანაბარი უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობებისგან, ამისთვის ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია.
ავტორი: მაკა ცხვედიანი
ფოტო: Steffen Baraniak