მითები კორონავირუსის პრევენციაზე – რატომ არ უნდა მივიღოთ პრეპარატები თვითნებურად | ინტერვიუ დოდო კეზელთან

მსოფლიოში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების პარალელურად, სწრაფადვე ვრცელდება ამბები სხვადასხვა პრეპარატების სარგებლიანობაზე. ხანდახან მსგავს განცხადებებს ქვეყნების ლიდერები და ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციებიც აკეთებენ. ბოლო დროსვე მოხშირდა ამბები იმ ადამიანთა გარდაცვალების შესახებ, ვინც პრეპარატი თავისი სურვილით ან ზედმეტი დოზით მიიღო.

Forbes Woman Georgia-მ გადაწყვიტა აღნიშნული საკითხი უფრო ღრმად გამოეკვლია და შესაბამისი კითხვებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტს, ფარმაკოლოგს, პროფესორ დოდო კეზელს მიმართა.

ამ ბოლო დროს ხშირად ვიღებთ ინფორმაციას ქლოროქინის სარგებლიანობაზე. რომელი ჯგუფის პრეპარატია ქლოროქინი და ძირითადად რომელ დაავადებებთან სამკურნალოდ  გამოიყენება იგი?

ქლოროქინი ეკუთვნის ოთხ ამინოქიმონოლებს, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, პერუში ინდიელები უკვე იყენებდნენ ქინაქინის ხის ქერქს ცხელების საწინააღმდეგოდ. თუმცა, მცენარის ძლიერი ტოქსიკურობის გამო, მას მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოგვიანებით, 1934 წელს, იგი ევროპაში შემოვიდა და გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია „ბაიერმა“ (Bayer) ქინაქინის ტოქსიკური მხარეების შერბილების გზით ახალი პრეპარატის, ქლოროფილის დამზადება გადაწყვიტა.  მედიკამენტი კვლავ საკმაოდ ტოქსიკური იყო და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა მთელ მსოფლიოში უკვე მალარია მძვინვარებდა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მოისურვა ანტიმალარიული პრეპარატების კვლევის სპონსორობა, რათა შეგროვილიყო უფრო მეტი მონაცემი და გაცილებით ფართოდ და სწორად გამოეყენებინათ ეს წამლები.

1947 წელს ქლოროქინს მიანიჭეს ანტიმალარიული პროფილაქტიკური სამკურნალო საშუალებების სტატუსი და 1955 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის შეიტანა ესენციური წამლების ნუსხაში, როგორც მალარიის სამკურნალო საშუალება.

1965 წელს უკვე მეორე ფარმაცევტულმა კომპანიამ „სანოფი-ავენტისი“ დაიწყო ჰიდროქლოროქინის დამზადება, რომელსაც დაერქვა თავისი საფირმო სახელი „პლაქვენილი“. ეს პრეპარატი საინტერესოა იმით, რომ აქვს ორმაგი მოქმედების მექანიზმი: პირველი – ანტიპარაზიტული, რაც იმან ნიშნავს, რომ ის ჩვენს სხეულში პარაზიტულ ორგანიზმებს კლავს, (სამწუხაროდ, ეს პროცესები ბოლომდე შესწავლილი არ არის) და მეორე – ანთების საწინააღმდეგო მექანიზმი. პრეპარატი ინიშნება რამდენიმე სახის დაავადების: მალარიის, ქუცხელებისა და ლეიშმანიოზის სამკურნალოდ.

რა ზიანის მოტანა შეუძლია ქლოროქინს თვითმკურნალობის მიზნით გამოყენებისას?

ქლოროქინის თვითმკურნალობის მიზნით გამოყენება დაუშვებელია. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატი ამ მექანიზმით გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, წითელი მგლურასა და ლაიმის დაავადების თანხმლები გამწვავებების სამკურნალოდ – ეს არის ძნელად მიმდინარე ანთებითი დაავადებები.

ქლოროქინი არ არის პირველი რიგის პრეპარატი, ის გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ანთების საწინააღმდეგო წამლები ეფექტურობას ვეღარ ავლენს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი უფრო ძლიერი წამალია, არამედ მის ტოქსიკურობაზე მიუთითებს. ის უსაფრთხო არ არის და ამიტომ პირველ რიგშივე არ ნიშნავენ.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება პაციენტმა პრეპარატი თვითნებურად გამოიყენოს – ამ პრეპარატის დანიშვნამდე, პაციენტი უნდა გაიაროს კონსულტაცია რამდენიმე ვიწრო სპეციალიზაციის ექიმთან.

პირველი და მთავარი – ოფთალმოლოგი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემებს ამის შესახებ სპეციალური გაიდლაინები აქვთ შექმნილი, ვინაიდან წამალი თვალს საგრძნობლად აზიანებს. აზიანებს რქოვანას და მაკულას, ამიტომაც იწვევს სიბრმავეს და თუკი პაციენტს თვალი უკვე დაზიანებული აქვს, კატეგორიულად არ შეიძლება ამ პრეპარატის დანიშვნა.

მეორეა ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია, რადგან პრეპარატი სმენის ნერვის ატროფიასაც იწვევს.

მკურნალობამდე აუცილებლად უნდა შემოწმდეს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქცია, რათა ზუსტად გამოანგარიშდეს წამლის მიცემის დოზები.

აუცილებლად უნდა გადავიღოთ ელექტროკარდიოგრამაც, რადგან თუკი პაციენტს რაიმე დარღვევები აქვს, წამლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს არითმია.

პაციენტს აუცილებლად უნდა ინახოს პერიფერიული სისხლის სურათი, რადგან პლაქვენილი მიღების შემდეგ დაქვეითებას იწყებს სისხლის ფორმიანი ელემენტები.

პრეპარატის დანიშვნის შემდეგ ყოველ 6 თვეში ერთხელ პაციენტმა კვლავ უნდა მიმართოს ექიმს და მუდმივად გადამოწმდეს ყველა მაჩვენებელი.

მეორე მიზეზი, რატომაც არ შეიძლება წამლის თვითნებურად მიღება შემდეგია – მას აქვს ძალიან ცუდი ფარმაკოკინეტიკა. მისი დოზა მკვეთრად ინდივიდუალურად უნდა გამოითვალოს და უნივერსალური დოზები არ არსებობს. იგი გამოითვლება პაციენტის წონის მიხედვით, თუმცა, თუკი პაციენტი ჭარბწონიანია და მისი სხეულის მასის ინდექსი მაღალია, ვხელმძღვანელობთ სპეციალური ფორმულით – თუ რა იდეალური წონა უნდა ჰქონოდა პაციენტს მოცემულ ასაკში თავისი სიმაღლის მიხედვით.

ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ ექიმს შეუძლია. შეუძლია პაციენტს, ამდენი რამ თავად გამოთვალოს? – ნამდვილად არა.

გარდა ამისა, პლაქვენილს აქვს ძალიან ბევრი წამალთშორისი სიცოცხლისათვის საშიში ურთიერთქმედება. ასევე, პრეპარატი ორგანიზმში ძალიან სწრაფად იწოვება და საჭიროა ექიმის მითითებები, როგორ არ უნდა წავიდეს კონცენტრაცია მაღლა და პაციენტის ინტოქსიკაცია არ მოჰყვეს ამას.

ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ე.წ „იმუნიტეტის ასამაღლებელი“ პრეპარატების ეფექტურობაზე კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით. არსებობს თუ არა რეალურად რაიმე პრეპარატი, რომელიც „დაგვიცავს“ მისგან და რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს მსგავსი პრეპარატების გამოყენებამ?

ეს ცოტა რთული კითხვაა. რეალურად, იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები რაც არის, ისინი არის ძალზედ რთული პრეპარატები და ცოტა გვაქვს, მას „ასამაღლებელი“ არც ეწოდება, ის უფრო, ერთგვარი, „ჩამნაცვლებელია“ და არის ყველაზე მკაცრად შეზღუდული. მისი მოხმარება მხოლოდ კლინიკებში ხდება.

დანარჩენი ის, რაც საქვეყნოდ მოარულია, არის “მარკეტინგული ხრიკები”. არცერთი მათგანი იმუნიტეტს არ ზრდის. ზოგჯერ შეიძლება ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს მათი მიღება, საუკეთესო შემთხვევაში კი ისე ჩაიაროს თქვენმა „მკურნალობამ“, რომ არანაირი შედეგი არ გამოიღოს.