ქართველი მძლეოსანი ბირთვის კვრაში ათენისა და პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე – მარიამ ქევხიშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის უნივერსიტეტის 2020 წლის “დიდების დარბაზის” (Hall of Frame) წევრი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ფლორიდის უნივერსიტეტმა ქართველი მძლეოსანი 2007-2010 წლებში მოპოვებული საუკეთესო შედეგებისათვის გამოარჩია. მარიამ ქევხიშვილმა სპორტული კარიერის უდიდესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. გარდა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლისა, აღსანიშნავია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობა, ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში მოპოვებული გამარჯვებები და საქართველოს ჩემპიონობა.
მარიამ ქევხიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც ამერიკის საუნივერსიტეტო სპორტში ასეთი მაღალი აღიარება მიიღო. ღია სტადიონზე მისი საუკეთესო შედეგი ბირთვის კვრაში 17.60 მეტრია, დარბაზში კი – 17.83 მეტრი.