კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 233-წლიანი ისტორიის განმავლობაში აღნიშნულ ინსტანციაში პირველი შავკანიანი მოსამართლე ქალი გახდა. თანამდებობაზე ის ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარადგინა. 7 აპრილს კი სენატმა კეტანჯი ჯექსონის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას კენჭი უყარა. მის თანამდებობაზე დამტკიცებას მხარი სენატის 53-მა წევრმა დაუჭირა, 47-მა კი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
უზენაეს სასამართლოში შავკანიანი ქალის მოსამართლედ დანიშვნის შესახებ დაპირება ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გასცა. მას შემდეგ, რაც ინსტანციის ერთ-ერთმა მოსამართლემ, სტივენ ბრაიერმა განაცხადა, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, ზაფხულში თანამდებობას დატოვებდა, უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილი გამოჩნდა. ამან ჯო ბაიდენს წინასაარჩევნო დაპირების შესრულების საშუალება მისცა.
სენატის მიერ კეტანჯი ბრაუნ ჯექსონის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცებას ჯო ბაიდენი გამოეხმაურა. „მოსამართლე ჯექსონის დამტკიცება ისტორიული მომენტი იყო ჩვენი ერისთვის. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმისკენ, რომ ჩვენი უმაღლესი სასამართლო ამერიკის მრავალფეროვნებას ასახავდეს…“, – დაწერა Twitter-ის საკუთარ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ 51 წლის კეტანჯი ჯონსონი 116-ე ადამიანია, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. ის ამჟამად კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოში მუშაობს. კეტანჯი ჯექსონი ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულია.