კეტამინის გამოყენება დეპრესიის განსაკურნად – ახალი კვლევის შედეგები

ტრანსლაციური ფსიქიატრიის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით ცნობილი გახდა, რა გავლენას ახდენს კეტამინის ანტიდეპრესანტად გამოყენება რეზისტენტული დეპრესიის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ წინა კვლევამ ცხადყო კეტამინის პოტენციური ეფექტურობა დეპრესიის მკურნალობისას, მეცნიერთათვის ჯერ კიდევ უცნობი იყო, როგორ მოქმედებს ნარკოტიკი ადამიანის ტვინზე, რომელიც არ რეაგირებს სტანდარტული მკურნალობის მეთოდებზე.

შვედეთში, კაროლინსკას ინსტიტუტის კლინიკური ნეირომეცნიერების დეპარტამენტში, ჩატარებული კვლევისას აკვირდებოდნენ მონაწილე პირების სერატონინისა და დოპამინის დონის ცვლილებებს. როგორც ცნობილია, სერატონინის დაბალი დონე ურთიერთდამოკიდებულია მწვავე კლინიკურ დეპრესიასთან. მონაწილეთა 70%-ს კეტამინით მკურნალობის შემდეგ აღენიშნებოდა დოპამინის დონის ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეზისტენტულები იყვნენ მკურნალობის სხვა მეთოდების მიმართ. აღსანიშნავია, რომ დოპამინი დადებითად მოქმედებს განწყობის რეგულირებაზე.

რეზისტენტული დეპრესიის მკურნალობისას კეტამინი სწრაფად მოქმედ მეთოდად დასახელდა, მაგრამ, ამავდროულად, კეტამინზე დამოკიდებულება უარყოფითად აისახება პაციენტებზე. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შესაძლებელი გახდება დეპრესიის ეფექტიანად მკურნალობა საზიანო გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებით.