საკუთარი ლინზების მიღმა | ექსკლუზიური ინტერვიუ შვედეთის რიქსტაგის ვიცე-სპიკერთან კერსტინ ლუნდგრენთან

Photo: Anders Lowdin/The Swedish Parliament

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ შვედეთში ძალიან საინტერესო სასწავლო ტურზე, ძალიან საინტერესო დელეგაციასთან ერთად დამპატიჟა. ტურის მიზანი იყო, საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლებისთვის ის პრაქტიკა გაეცნო, რაც შვედეთმა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად უკვე დანერგა.

შვედეთში ჩასულს არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა კერსტინ ლუნდგრენთან ინტერვიუ გამოსულიყო ‒ ერთ საღამოს ვუთხარით და მეორე შუადღეს ინტერვიუ უნდა გვქონოდა. ვიფიქრე, ბიუროკრატიული ბარიერები არ მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ ჩვენი საუბარი შემდგარიყო. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც ვცადე ‒ Forbes Woman-ისთვის კერსტინ ლუნდგრენი იდეალური რესპოდენტი იყო.

შვედეთის ცენტრისტული პარტიის პოლიტიკოსი, რიქსტაგის (ჩვენ ენაზე ‒ პარლამენტის) წევრი 2002 წლიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი 2006 წლიდან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შვედური დელეგაციის წევრი 2007 წლიდან და ამავე ასამბლეაში საქართველოზე თანამომხსენებელი, კერსტინ ლუნდგრენი დღეს რიქსტაგის ვიცე-სპიკერია.

ამ ყველაფერთან ერთად, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან მასთან ყველაზე ახლოს ის აღმოჩნდა, რაც Forbes Woman-ის პირდაპირი ნიშაა ‒ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.

ჩვენი ინტერვიუ რიქსტაგში შედგა. მოკლედ შეჭრილი ქერა თმა, ფერადი თვალები, სათვალე და მტკიცე ხელის ჩამორთმევა ‒ ინტერვიუმდეც კეტრინ ლუნდგრენი იმ ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვისაც რისკის არ ეშინია, ვინც თანაბრად იღებს გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობას.

ინტერვიუს შემდეგ მხოლოდ ერთი რამ იცვლება ‒ კეტრინ ლუნდგრენი იმაზე ბევრად კარგი მოსაუბრეა, ვიდრე თავიდან წარმომედგინა. თავს იმით მამახსოვრებს, რომ ბავშვობას, როგორც თვითდამკვიდრების პირველ ეტაპს, ისე იხსენებს ‒ პატარაობაში, თურმე სულ ძმასთან კამათობდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძმა მის გადაწყვეტილებებში ჩარევას გადაწყვეტდა: „რაც მაინტერესებდა, ყოველთვის იმას ვაკეთებდი, იმისდა მიუხედავად, ვინმე ამას გოგოს შესაფერისად თვლიდა თუ არა. გამიმართლა, რომ ჩემს ოჯახში დავიბადე და შვედეთში, ახლა ვფიქრობ, პასუხისმგებლობა მაქვს, ასეთი სივრცე სხვებსაც შევუქმნა ‒ ხედავთ შესაძლებლობას? გამოიყენეთ! ‒ აბა, სხვა რა არის დემოკრატია?“ ‒ ერთმანეთის პირისპირ ვსხდებით და ინტერვიუც იწყება.

მაინც რატომ გგონიათ, რომ ქალები ეკონომიკურად ვინმემ უნდა გააძლიეროს?

ქალები გლობალური მოსახლეობის ნახევარია ‒ შეიძლება ცოტა მეტიც. თუ შესაძლებლობებს არ უქმნი მოსახლეობის ნახევარზე მეტს ‒ როგორ უნდა იმუშაოს ეკონომიკამ? თუკი ეკონომიკურ საქმიანობაში ქალები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან, ეკონომიკა უფრო სწრაფად და უფრო მეტად გაიზრდება ‒ შვედეთის  ეკონომიკურ წარმატებას, სხვათა შორის, ესეც განაპირობებს.

როგორ აძლიერებთ ქალებს?

სესხები ‒ გვინდა, ქალებმა საკუთარი ბიზნესი შექმნან. ხშირად ისინი საქმეს დიდი ამბიციებით და გეგმებით არ იწყებენ, ამის გამო ინვესტორებს და საბანკო სისტემას ვერ აინტერესებენ. ჩვენ გვინდა, მათ ბიზნესის დაწყებაში დავეხმაროთ. შემდეგ უკვე თვითონ მიხედავენ თავიანთ თავს და საქმეს.

Photo: Anders Lowdin/The Swedish Parliament

როლური მოდელები ‒ ვცდილობთ, ისეთი ქალების შესახებ ავამაღლოთ ცნობიერება, რომლებიც დღეს თავიანთ საქმეში ლიდერები არიან. ერთია განათლების მიღება, მეორეა ‒ ეკონომიკაში არსებული შესაძლებლობების გამოყენება თან ისე, რომ ოჯახთან აღებული პასუხისმგებლობებიც არ დაზარალდეს. შვედეთში ქალებს ამ მიმართულებით გამუდმებით ბრძოლა უწევთ.

ამიტომ ჩვენ მათ განსაკუთრებულად ვუსმენთ.

თხოვნა იყო, დეკრეტული შვებულებების მოწესრიგება. დღეს ორივე მშობელს შეუძლია ამით ისარგებლოს იმისთვის, რომ არჩევანი არ ჰქონდეს გასაკეთებელი ‒ შვილებსა თუ კარიერას შორის. ორივეს თანაბრად უნდა შეეძლოს ამ როლების შეთავსება.

ბევრ ქალს უთქვამს ჩემთვის, რომ დამსაქმებლები ხშირად უსვამენ კითხვას ‒ რამდენი წლის ხართ? და შემდეგ ამას მოჰყვება კითხვა ‒ დაფეხმძიმებას ხომ არ აპირებთ? მათთვის ეს შეურაცხმყოფელია, რადგან კაცების ასაკით, დამსაქმებლები, როგორც წესი, არ ინტერესდებიან ხოლმე. ქალების შემთხვევაში მათი სქესი ცალკე აქცენტია და ეს ქალებს შეურაცხყოფს.

ისეთი ქალებიც ვიცი, მათ გაძლიერებაზე ზრუნვას რომ შეურაცხყოფად მიიჩნევენ ‒ მაგალითად, კვოტებზე საუბარი მათთვის პირდაპირი შეურაცხყოფა რომ არის, რადგან მთავარი აქცენტი აქაც მათი სქესია და არა ‒ უნარები. ამაზე რას მეტყვით?

კი, ეგ საკამათო თემაა. მაგრამ მეორე მხრივ, დღეს რასაც უფრო ხშირად ვაკვირდებით ჩვენ გარშემო, ეს ფარული კვოტაა და ეს პრობლემა როგორმე უნდა გადაიჭრას. ფარული კვოტაა, აბა, რა არის, როცა ოთახში ზიხარ და შენს მსგავსებს უყურებ და მხოლოდ კაცები არიან. ე.ი. რაღაც არ მუშაობს. ქალებს დამატებითი შანსი სჭირდებათ. მხოლოდ ამ პირობებში იმუშავებს ეკონომიკა გამართულად და გაიზრდება.

რადგან ეკონომიკას შევეხეთ, რა არის დღეს მთავარი გლობალური ეკონომიკური გამოწვევა, რომელიც თანაბრად შეიძლება ეხებოდეს როგორც შვედეთს, ისე საქართველოს?

ჩვენი ქვეყნები მცირე ზომისანი არიან. ასეთი პატარა, ღია ეკონომიკისა და თავისუფალი ვაჭრობის მქონე ქვეყნებისთვის მთავარი გამოწვევა გლობალურ ბაზარზე არსებული თანაბარი თამაშის წესებია. ასეთი წესების გარეშე, გამოწვევები მცირე ზომის ეკონომიკებისთვის ხელოვნურად იზრდება და ისინი ყველაზე უფრო მეტად ზარალდებიან სისტემისგან, რომელიც არ მუშაობს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გულისხმობთ?

დიახ. ჩინეთი აშკარად თამაშის წესების დარღვევით მოქმედებს. სახელმწიფო ფულს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი წესები დაადგინოს, შემდეგ მხოლოდ მათ მიჰყვეს და ამით ადგილობრივ ბაზრებზე ‒ შვედეთში, ევროპაში, საქართველოში ‒ კონკურენცია მთლიანად დაამახინჯოს.

ამერიკა დამოუკიდებლად ცდილობს, პრობლემა გადაჭრას, რაც დავების საერთო მექანიზმს უსარგებლოს ხდის და ვაჭრობაც უფრო ბილატერულ სახეს იძენს. ვფიქრობ, პატარა ქვეყნები უნდა გავერთიანდეთ და ისეთი წესები შევიმუშავოთ, რაც ყველას თანაბრად მოაწყობს.

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ბოლო 10-20 წელიწადს თუ ავიღებთ, რომელ გლობალურ მოვლენებს ჰქონდა განსაკუთრებული სისტემური გავლენა მსოფლიოზე?

9/11 ‒ ამ მოვლენამ მსოფლიოს გლობალური განწყობა შეცვალა, რასაც დიდი გავლენა ჰქონდა ტერორიზმის აღქმაზე და მასთან ბრძოლაზეც ‒ შვედეთი და საქართველო ავღანეთში არიან და ზუსტად იციან, ანტიტერორისტული აქტივობის მნიშვნელობა და ფასი. ტურიზმის განვითარება ‒ ამ ტენდენციას დიდი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს მსოფლიოსთვის, მაგრამ ამავდროულად, დიდი გამოწვევაც არის გლობალურად, გარემოსთვის.

Photo: Anders Lowdin/The Swedish Parliament

Lehman Brothers ‒ ვფიქრობ, ამ კომპანიამ მნიშვნელოვნად შეცვალა გლობალური ეკონომიკური განწყობა. გამოწვევები შექმნა ევროპასა და სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ბევრ ახალ მოთამაშესაც გაუხსნა კარი. ამ დრომდე გვიწევს შედეგების ანალიზი და გზების გამონახვა, როგორ შეიძლება მსგავს გამოწვევებს მომავალში უკეთ გავართვათ თავი.

აგვისტოს ომი ‒ ამ ომმა კარგად დაგვანახა რუსეთი, როგორც ქვეყანა ევროპული უსაფრთხოების სისტემის შიგნით, რომელსაც სურდა, ევროპის შიგნით საზღვრების შეცვლა. ამ ომმაც საგრძნობლად იმოქმედა განწყობებზე ევროპის შიგნით და გლობალურადაც.

რადგან საქართველოს თემას შეეხეთ და რადგან საკმაოდ კარგად იცნობთ ჩემს ქვეყანას, რა არის დღეს თქვენი გადმოსახედიდან მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის?

რასაც მე ვაკვირდები, საქართველოში ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა და ეს ასეც უნდა შენარჩუნდეს. სამოქალაქო საზოგადოებისთვის უნდა დარჩეს სივრცე, რომ საქართველოს კეთილდღეობაზე დადებითი გავლენა გაგრძელდეს.

რუსეთი ‒ რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა და მისი ჩართულობა საქართველოს საქმეებში დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის და მისი საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, რომ ევროპაშიც ისეთი სიტუაცია იქნება, რაც მოვლენების ასეთ განვითარებას დაასრულებს და ქართველ ხალხს უკეთესი მომავალი ექნება. იმედი მაქვს, რუსეთი დატოვებს საქართველოს და თქვენი ქვეყანა დაიბრუნებს ტერიტორიებს.

დემოკრატია და საქართველოს დემოკრატიული განვითარება ‒ რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური კონკურენციისთვის სამართლიანი პირობები უნდა არსებობდეს და დიდი სიამოვნებით ვნახავდი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების შესრულებას ‒ თუნდაც, ახალი 2024 წლისათვის.

ახლა არ მალაპარაკებს მხოლოდ შვედეთის და ან საქართველოს გამოცდილება, დემოკრატიის მთავარი წესია, რომ თამაშის წესები პოლიტიკურ ველზე გადამწყვეტია, როცა საქმე დემოკრატიის დაცვას ეხება. იმედი მაქვს, ამას ვნახავთ საქართველოს შემთხვევაში.

ვზივარ და გისმენთ, როგორი თავდაჯერებით საუბრობთ ‒ თქვენ ვინ გაგაძლიერათ?

ხალხმა. ჩემმა ოჯახმა. თვითონ მეც მიმიძღვის ამაში წვლილი.

სხვა ქალებისგან თუ ხედავთ იგივეს ‒ სურვილს, გაძლიერდნენ?

შვედეთში ვხედავ. სხვა ქვეყნებშიც. კულტურა დიდ როლს თამაშობს. ყველაფერი არ არის ისეთი მარტივი, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინ განვიხილავდით ერთ შოტლანდიურ ტრადიციას ‒ როცა ქალი ოჯახდება, ის თავის ქმარს ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე სექსუალური ძალადობა ქმრის მხრიდან, არ განიხილება გაუპატიურებად. ასეთი რამის წარმოდგენა ადვილი არ არის. ზოგჯერ საკუთარი ლინზები გვერდით უნდა გადავდოთ, რომ მართლა დავინახოთ, რა ხდება.