იაპონელი დიზაინერი, კენზო ტაკადა, კორონავირუსით გარდაიცვალა

81 წლის იაპონელი დიზაინერი, კენზო ტაკადა, პარიზის ამერიკულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, დიზაინერი Covid-19-მა იმსხვერპლა. კენზოს ხსოვნას განსაკუთრებული პატივი მიაგო პარიზმა: „უნიჭიერესი დიზაინერი! მან სიმკვეთრე და ბრწყინვალება შემატა მსოფლიო მოდას. პარიზი თავის შვილს გლოვობს.“ – ასე გამოეხმაურა კენზოს გარდაცვალებას პარიზის მერი, ენ ჰიდალგო.

Photo Credits to JOEL SAGET/AFP

კენზო იაპონიიდან პარიზში 1965 წელს გემით გაემგზავრა. მაშინ დიზაინერი პარიზში სულ რაღაც ორი წლის გატარებას გეგმავდა. თუმცა, დამწყებმა დიზაინერმა პარიზში დიდი წარმატება მოიპოვა. შესაბამისად, ამ ქალაქში დიდხანს დარჩა და მოდის ინდუსტრიაში თავი დაიმკვიდრა.

თავიდან, კენზო თავის სკეტჩებს პარიზის მოდის სახლებზე ჰყიდდა. მოგვიანებით, მან საკუთარი პროდუქციის შექმნა გადაწყვიტა და პატარა მაღაზია გახსნა, რომელსაც „Jungle Jap“ დაარქვა. მაღაზიის დიზაინი შთაგონებული იყო ჯუნგლებით: „პირველ ნახატზე, რომელიც პარიზში ვნახე, ჯუნგლები იყო გამოსახული. ნახატი ძალიან მომეწონა, ამიტომ, ჯუნგლების თემატიკა ჩემი შთაგონების წყაროდ იქცა“ – იხსენებს კენზო თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

მაღაზია „Jungle Jap“-ის მსგავსად, კენზოს კოლექციებიც ჯუნგლების თემატიკითაა შთაგონებული. ასევე, იგრძნობა იაპონელი დიზაინერებისა და კულტურის გავლენა. მოდის კრიტიკოსების თანახმად, კენზოს შემოქმედება, რომელსაც მკვეთრი გრაფიკა, ჯუნგლებით შთაგონებული პრინტები და მრავალფეროვანი ფერთა გამა ახასიათებს, უნიკალურია და საგრძნობლად განხსვავდება სხვა დიზაინერების ნამუშევრებისგან.

ცნობისთვის, კენზო მის მიერვე დაფუძნებული მოდის სახლიდან 1999 წელს 60 წლის ასაკში წამოვიდა და მოღვაწეობა სახვითი ხელოვნების მიმართულებით განაგრძო. მოდის სამყაროდან წასვლის მიუხედავად, კენზო ტაკადა მსოფლიო მოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად დარჩა.