ნულიდან მილიონებამდე: კენდრა სკოტი

46 წლის კენდრა სკოტმა ბიზნესსაქმიანობა 500 დოლარით დაიწყო. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი დიზაინერია. ის საკუთარი სახელობის ბრენდის აღმასრულებელი თავჯდომარე და კრეატიული დირექტორია. 2017 წელს Ernest & Young-მა ის წლის ბიზნესვუმენად დაასახელა.

Photo Credits to Drew Anthony Smith

კენდრა სკოტი ვისკონსინის შტატში, კერძოდ კენოშაში დაიბადა. 16 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ტეხასში, ჰიუსტონში გადავიდა საცხოვრებლად. სკოტმა კლეინის უმაღლესი სკოლა დაამთავრა, შემდეგ ტეხასის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, თუმცა ის არასდროს დაუმთავრებია. 19 წლის ასაკში ის ოსტინში გადავიდა, რათა ავადმყოფ მამინაცვალს დახმარებოდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მან პირველი ბიზნესი – The Hat Box.

The Hat Box აწარმოებდა ქუდებს ქალებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებდნენ. სკოტი ამბობს, რომ ქუდების შექმნისას მხოლოდ ორ რამეს ითვალისწინებდა: პირველი – ისინი უნდა ყოფილიყო კომფორტული, ხოლო მეორე ფაქტორი იყო მათი სილამაზე. აღსანიშნავია, რომ სკოტმა შეგროვებული თანხიდან მნიშვნელოვანი ნაწილი გადარიცხა ფონდში, რომელიც ამ დაავადებას იკვლევდა. სანამ უფრო დიდ ბიზნესს შეეჭიდებოდა, ის სამკაულებს სახლში, ტეხასში ქმნიდა.

2002 წელს კენდრამ საკუთარი  სახელობის კომპანია შექმნა, მისი პირველი კოლექციის ბიუჯეტი კი მხოლოდ 500 აშშ დოლარი იყო. სკოტი ადგილობრივ მაღაზიებში დადიოდა და საკუთარ ნამუშევრებს აჩვენებდა მათ. თანდათან პოპულარული გახდა, თუმცა საყოველთაო აღიარება მხოლოდ 2005 წელს მოიპოვა, როდესაც მოდის სახლ ოსკარ დე ლა რენტას 2006 წლის გაზაფხულის კოლექციისთვის შექმნა აქსესუარები. მან 2007 წელსაც შექმნა სამკაულები რანდოლფ დუკის შოუსთვის. 2009 წელს ფინანსური კრიზისის გამო სკოტის ბიზნესი დროებით დაიხურა და მუშაობა მხოლოდ 1 წლის შემდეგ აღადგინა. 2016 წელს კენდრამ კომპანიის მცირე ნაწილი გაყიდა მილიარდ აშშ დოლარად გაყიდა.

„როდესაც კომპანია დავაარსე, ყველა მეუბნებოდა, რომ ან ლოს ანჯელესში უნდა დამეწყო ბიზნესი ან ნიუ-იორკში, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ამის მოხერხება ტეხასშიც შეიძლებოდა.“

დღეს კენდრას კომპანიის ფასი მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, მისი ბრენდი ქმნის აქსესუარებს, სახლის ნივთებს, კოსმეტიკურ პროდუქტებს და მრავალ სხვას. 2019 წლის მონაცემებით, მას 102 მაღაზია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. კენდრა პროდუქციას არამარტო მშობლიურ ქვეყანაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის, მათ შორის, დიდი ბრიტანეთში, კანადაში და ა.შ. მისი მომხმარებლების 95% ქალია.

2021 წლის თებერვალში კენდრამ დატოვა კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია და მხოლოდ კრეატიულ ხელმძღვანელად დარჩა. ის ინვესტორების სიაშიც გვხვდება – სკოტი მცირე ბიზნესებს ეხმარება ოსტინში, მაგალითად, Helm Boots და Darbie Angell dinnerware.

სკოტი ფილანტროპიცაა, ის ძირითადად ქალებსა და ბავშვებს ეხმარება, მათ შორის სტიპენდიებით და მსგავსი ტიპის ხელშეწყობით. კენდრა თვლის, რომ მისი დახმარება დღეს ქალებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს. მისთვის ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თვითონ არ ჰქონდა საშუალება, უნივერსიტეტი დაემთავრებინა. 2010 წლის შემდეგ სკოტის კომპანიამ თითქმის 30 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში.

Photo Credits to Forbes

ფორბსის მიხედვით, კენდრა სკოტი 47 ადგილს იკავებს იმ ქალებს შორის, რომლებმაც ქონება საკუთარი შრომით მოიპოვეს. მისი აქტივების მოცულობა 510 მილიონი აშშ დოლარია 2020 წლის მონაცემებით.