სულ რაღაც 25 წლის ასაკში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, რამდენიმე წელიწადში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. განხილული აქვს 3000-მდე სამართლებრივი დავა, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი აქვს 500-მდე კანონპროექტი, გაფორმებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებები 40-ზე მეტ სახელმწიფოსთან, გახლავთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2011) თანაავტორი.
რუსუდან კემულარიას ბიოგრაფიაში ბევრი საინტერესო პროექტი, მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული აკადემიური ხარისხები და საერთაშორისო მნიშვნელობის პოზიციებია. Forbes Woman Georgia-სთან ინტერვიუში OECD-ის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრის მთავარი საგადასახადო მრჩეველი რუსუდან კემულარია თავად გვესაუბრება მისი, როგორც ქალის კარიერულ გზაზე.
საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ ბევრი ახალგაზრდა უკან აღარ ბრუნდება. თქვენ კი, გერმანიაში სამართლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ, ავსტრიაში დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვით და საქართველოში დაბრუნდით. რამ გიბიძგათ ამ ნაბიჯისკენ და დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ მაშინ?
გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ, არ ვგეგმავდი საქართველოში დაბრუნებას, რადგან უკვე მოპოვებული მქონდა სტიპენდია და ავსტრიაში დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან სამინისტროში მუშაობა ჩემი ცოდნის და გამოცდილების რეალიზების უნიკალური შესაძლებლობა იყო. მოგეხსენებათ, ქვეყანამ 90-იან წლების შემდეგ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კოლაფსიდან ნელ-ნელა დაიწყო გამოსვლა. საქართველო რეფორმების განხორციელების ფაზაში იმყოფებოდა და რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება სწორედ ამ დროს ხდებოდა. ამიტომ ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დათანხმება ჩემი მხრიდან საკმაოდ გაბედული ნაბიჯიც იყო. ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია არ შეუშინდე ახალ გამოწვევებს, ენდო შინაგან ინტუიციას და მიიღო დროული გადაწყვეტილება.
მინისტრის მოადგილედ მუშაობის შემდეგ სწავლა გააგრძელეთ ჯერ ჰარვარდის კენედის ლიდერთა სკოლაში, შემდეგ კი ოქსფორდის უნივერსიტეტში. თუმცა, განათლება ინვესტიციაა, რომელსაც დიდი ალტერნატიული დანახარჯები აქვს. როგორ ფიქრობთ, რა პროფესიული თუ პიროვნული სარგებელი მოგიტანათ ასეთ მაღალ კარიერულ დონეზე ყოფნის დროს კვლავ სწავლის გაგრძელებამ და რამდენად გადაფარა ამ სარგებელმა მაღალი დანახარჯები?
ჩემთვის წარმოუდგენელია სწავლაზე და განვითარებაზე ვთქვა, რომ უკვე დავასრულე და ახლა პრაქტიკულ მოღვაწეობას დავიწყებ. ჩემი აზრით, ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან განუყოფელია და ვფიქრობ, მუდმივად არის აუცილებელი მუშაობის პარალელურად განაგრძო კვალიფიკაციის ამაღლება. სწორედ საჯარო სექტორში მიღებულმა გამოცდილებამ დამანახა, რომ საჭირო იყო საჯარო პოლიტიკის მიმართულებით მეტი ცოდნა მიმეღო. ამასთანავე, ოქსფორდის უნივერსიტეტი არ იყო მხოლოდ ცოდნის მიღების საუკეთესო ადგილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო, წვდომა საუკეთესო კვლევებსა და პუბლიკაციებზე და, რაც მთავარია, ახალი კავშირების დამყარება. მქონდა ბედნიერება მესწავლა მსოფლიოს 54 ქვეყნის წარმატებულ და გამორჩეულ ადამიანთან ერთად. კარიერის ამ ეტაპზე გადადგა ეს ნაბიჯი და ისევ წახვიდე სასწავლებლად, რა თქმა უნდა, უკავშირდება ალტერნატიულ დანახარჯებს. თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის სრული დაფინანსება მოვიპოვე და გადაწყვეტილებაც შედარებით მარტივად მივიღე.
2011 წლიდან მუშაობდით ათასწლეულის გამოწვევის ფონდში, რომლის ფარგლებში განხორციელებულ უამრავ პროექტს შორის ყურადღება ექცეოდა გენდერული უთანასწორობის, როგორც ეკონომიკის ზრდისა და სიღარიბის აღმოფხვრის დამაბრკოლებელ ფაქტორს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მწვავეა ეს პრობლემა დღეს და თავად თქვენი კარიერის განმავლობაში თუ დაუბრკოლებიხართ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს?
ათასწლეულების გამოწვევების ფონდში გახლდით დირექტორი იურიდიულ საკითხებში. შესაბამისად, უშუალოდ ვმონაწილეობდი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან საქართველოს მთავრობის სახელით განხორციელებულ მოლაპარაკებებში $140 მილიონი საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. ეს კომპაქტი გახლდათ საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც ითვალისწინებდა გენდერული თანასწორობის საკითხსაც.
ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც გენდერული სტერეოტიპების გამო ათჯერ მეტი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა. მოგეხსენებათ, საგადასახადო სფეროში ძირითადად მამაკაცები დომინირებენ. ამიტომ მიხარია, რომ საგადასახადო სფეროში მოღვაწე ქალები წარმატებით ვამსხვრევთ აღნიშნულ სტერეოტიპებს.
ამჟამად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრების გარეშე“ (TIWB) მუშაობთ. მოკლედ რომ მოგვიყვეთ, რას გულისხმობს ეს პროექტი და კონკრეტულად, რა სამუშაოს ასრულებთ თქვენ.
OECD-ში მთავარი საგადასახადო მრჩეველი ვარ. მიწევს მსოფლიოში აღიარებულ საგადასახადო ექსპერტებთან და ეკონომისტებთან ერთად მუშაობა. ამასთანავე, საქართველო არ არის OECD-ის წევრი ქვეყანა და მე გამონაკლისის სახით მაქვს შესაძლებლობა მივიღო მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების საკითხების შემუშავების პროცესში.
რაც შეეხება TIWB-ს, ეს არის OECD-ის და UNDP-ის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო დაბეგვრის სფეროში განვითარებადი ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას. კერძოდ, პროექტის ფარგლებში განვითარებული ქვეყნების საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები მიემგზავრებიან განვითარებად ქვეყნებში და ადგილობრივ აუდიტორებთან ერთად ახორციელებენ საერთაშორისო ტრანზაქციების აუდიტს. ჩემი მთავარი ამოცანა გახლდათ ინიციატივის პროგრამული და ფინანსური შეფასება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების შემუშავება. TIWB-ის მმართველმა საბჭომ, რომელსაც ხელმძღვანელობს OECD-ის გენერალური მდივანი და UNDP-ის ხელმძღვანელი, ამა წლის, 5 მაისს ერთხმად დაამტკიცა ჩემ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და ამჟამად, გუნდთან ერთად ვმუშაობთ ინიციატივის ახალ საგადასახადო სფეროებში გაფართოებაზე.
მოგეხსენებათ, COVID-19-მა ეკონომიკის ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა. აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი კვლევის თანახმად, პანდემიის მძიმე ეკონომიკური შედეგები გენდერულად ნეიტრალური არ არის. თქვენი აზრით, რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული ეს საკითხი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისას?
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, გენდერული თანასწორობა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და უკეთესი სოციალური შედეგების მიღწევას. ამასთანავე, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია ბევრი რამ გენდერულ ჭრილში გადაფასდეს. გასათვალისწინებელია, რომ ამ მძიმე პერიოდში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა შორის ქალთა მაღალი წილის გამო ძალიან დიდი ტვირთი მოდის ქალებზე. ასევე, თუნდაც შინა მეურნეობის და ბავშვების მოვლის თვალსაზრისითაც, ქალებს ორმაგი შრომის გაწევა უწევთ. ამიტომ აუცილებელია. საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნას გენდერული ელემენტი. უმნიშვნელოვანესია, აქტივების ფლობისა და კორპორაციული აქტივობის გაანალიზება, რათა დაკომპენსირდეს შემოსავლების მიხედვით არსებული განსხვავებები.
როგორ ხედავთ მომავალს, რას შეცვლის მსოფლიოში პანდემია და რა გამოწვევების წინაშე დგას როგორც, ზოგადად, გლობალური ეკონომიკა, ისე, კონკრეტულად, საგადასახადო პოლიტიკის სისტემა?
დღეს ჩვენ მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისის მომსწრენი ვართ. თუმცა, ამავდროულად „ნებისმიერი კრიზისი – ახალი შესაძლებლობების დასაწყისია“. ვფიქრობ, რომ ახალ გამოწვევებთან ერთად, ვდგავართ ახალი შესაძლებლობების წინაშე. როგორც საჯარო ისე, კერძო სექტორი იქნება უფრო ინოვაციური და შეიქმნება ბევრი ახალი პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება გლობალური ეკონომიკის რეცესიიდან ამოსაყვანად და, ზოგადად, 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გასამკლავებლად.
რაც შეეხება საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას, ცალკეულმა სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ დროული, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინტერვენციები. მათ შორისაა, სექტორული თუ ზოგადი საგადასახადო შეღავათები, ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადება, დაჩქარებული საგადასახადო დაბრუნებები და ა.შ.
ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის საკითხი. ამჟამად, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ქვეყნები და განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ მიაღწიონ კონსესუს ელექტრონული სერვისების საერთაშორისო უნივერსალური წესებით (Pillar 1, Pillar 2) დაბეგვრის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი ქვეყნებს შორის სავაჭრო ომს პროგნოზირებს, გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობ, გარდაუვალი იქნება ციფრული ეკონომიკის დაბეგვრის საერთაშორისო უნივერსალური წესების მიღება, რაც აუცილებლია სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნისთვის.
„ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა“ – დღეს ჩემი ქვეყანა კიდევ ერთხელ ქმნის თავის ბედს, წერს გარდაქმნის ისტორიას. საგადასახადო პოლიტიკის შემმუშავებელ მოხელეებს კი ეძლევათ შესაძლებლობა გადადგან სწორი ნაბიჯები უფრო მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის შესაქმნელად.
ინტერვიუში გაჟღერებული მოსაზრება, წარმოადგენს რესპოდენტის პირად მოსაზრებას და არ გამოხატავს OECD-ის პოზიციას.