2020 წელს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ ყოველდღიური ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა. შექმნილი ვითარების გამო კომპანიების უმეტესობას მოუწია ვირტუალურ სივრცეში გაეგრძელებინა საქმიანობა. ამ ყოველივეს უზრუნველყოფა კი ერთი პლატფორმის საშუალებით მოხერხდა, ეს იყო Zoom. მიუხედავად ალტერნატიული ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა, ეს პროგრამა ყველაზე პოპულარული და მისაღები აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.
ბუნებრივია, ეს წარმატება არ იყო ადვილად მისაღწევი. Zoom-ის უფროსი ფინანსური მენეჯერი კელი სტეკელბერგი გახლავთ. ის ფორბსის სიაში 78-ე ადგილს იკავებს იმ ქალებს შორის, რომლებმაც სიმდიდრე საკუთარი შრომით შეაგროვეს. კელი 2020 წელს ამ სიაში მოხვდა, როგორც ახალწვეული – პანდემიის გამო მისი დამსაქმებელი კომპანიის აქციები 355 პროცენტით გაიზარდა, კელის როლი ამ ყველაფრის მიღწევაში აღსანიშნავი იყო.
როდესაც Zoom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ იუანმა კელი დაიქირავა, 2017 წელს, კომპანიას ფინანსების მიმართულებით გამოცდილი კადრი ესაჭიროებოდა. როგორც თავად აღნიშნა Silicon Valley Business Journal-თან ინტერვიუს დროს, იუანმა კელი ბიზნესის გაფართოების მიზნით დაიქირავა და ძალიან გაუმართლა, რადგან სტეკელბერგი პანდემიის დროს იდეალური პარტნიორი აღმოჩნდა.
კელი 2007 წლიდან მუშაობდა WebEx-ში, რომელიც Zoom-ის წინარე ვერსია იყო. ვინაიდან მომხმარებლებისთვის ამ პროგრამის გამოყენება რთული აღმოჩნდა, მათ საბოლოოდ მომხმარებლისთვის ოპტიმალური აპლიკაცია შექმნეს, რომელიც დღეს Zoom-ის სახელით არის ცნობილი. WebEx-იდან წამოსვლის შემდეგ, კელი მუშაობდა Zoosk-ში, ის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი გახლდათ. რაინ კონზმა, Zoom-ის ერთ-ერთმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კელი კომპანიის განუყოფელი ნაწილია მისი შრომის, თავდაჯერებულობის და გამოცდილების გამო. როგორც სტეკელბერგი აღნიშნავს, მას ორი პრინციპი აქვს, როდესაც ფინანსებს მართავს. პირველი არის ის, რომ დასაქმებულები ისე უნდა ფიქრობდნენ კომპანიის ფინანსებზე, როგორც საკუთარზე, ხოლო მეორე ის, რომ თავიანთი როლი კარგად გააცნობიერონ.
„თუ დასაქმებულები არ იგრძნობენ თავიანთი როლის მნიშვნელობას, კომპანია წარმატებას ვერ მიაღწევს.“
კელი სტეკელბერგი 3 წლის განმავლობაში Zoosk-ში მუშაობდა, როგორც თავად აღნიშნავს, ამ პერიოდში დაეუფლა მარკეტინგის საფუძვლებს, მიიღო ცოდნა პროდუქტის განვითარებისა და მომხმარებელთა საჭიროებების შესახებ, რამაც საშუალება მისცა, უკეთ გაეანალიზებინა მათი მოთხოვნები და დაეხვეწა პროდუქტი. დღეს კელი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ პანდემიის შემდეგ მოთხოვნა არ იქნება ასეთივე მაღალი და ცდილობს მზად იყოს ამ ყველაფრისთვის.
DocuSign-თან გაფორმებული თანამშრომლობა Zoom-ის გაფართოებისკენ მიმავალი კიდევ ერთი ნაბიჯია. ისინი ერთობლივად ქმნიან პროგრამას, სახელად OnZoom, რომელიც მცირე და მიკრო ბიზნესებისთვის ვირტუალურ შეხვედრების უზრუნველყოფის სერვისი იქნება – მისი მიზანი კი კომპანიების ხარჯების შემცირებაა. კელი აღნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ მომხმარებლის აზრს და ისეთ პროდუქტებს ქმნიან, რაც მომგებიანი და საჭიროა მათთვის. სტეკელბერგი აცხადებს, რომ ამ პროცესში კონკურენცია მისთვის ერთგვარი მოტივატორია, რადგან მძაფრი შეჯიბრის გარეშე განვითარება თითქმის შეუძლებელია.
კელის განათლებას რაც შეეხება, ის ტექსასის უნივერსიტეტში სწავლობდა ბუღალტერიასა და ფინანსებს. ის პირველად კერვილში ადგილობრივ დეპარტამენტში მუშაობდა ქსოვილების გამყიდველის პოზიციაზე. დღეს სტეკელბერგი პასუხისმგებელია ფინანსური სტრუქტურის, გუნდის და პროცესების მართვაზე. 2019 წლიდან მან 12 მასშტაბური ოპერაცია განახორციელა Zoom Video Communications-ის სახელით და როგორც თავად აღნიშნავს, ეს ყოველივე დიდ წნეხთან არის დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ გარდა Zoom-ის მთავარი ფინანსისტის პოზიციისა, ის არის Episcopal Community Services of San Francisco საბჭოს წევრიც. მას უყვარს მოგზაურობა და 60-ზე მეტ ქვეყანაში არის ნამყოფი. მისი ხელფასი კი 408,533 აშშ დოლარს უდრის. რაიან აზუსის შემდეგ ის კომპანიაში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა კელის კარიერა, რომ არა კორონავირუსის პანდემია, თუმცა მისი მიღწევების მიხედვით, შეიძლება იმის თქმაც, რომ ის ექსტრემალურ სიტუაციებს არ უშინდება და მუდმივად წინსვლაზე ფიქრობს. კელი სტეკელბერგი დღემდე დაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ პროდუქტი განავითაროს და, სავარაუდოდ, ის არაერთ სიახლეს წარუდგენს მომხმარებელს მომავალში.