მაიას წარმატების „ინგრედიენტები“ | ინტერვიუ მაია კაციაშვილთან

კორპორატიული კვების, ფურშეტების, ქეითერინგის მიმართულებები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. კომპანიები სტუმრების გამასპინძლებისთვის უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ კვების თანამედროვე ტენდენციებს. ეს მიმართულება ღონისძიებების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა კომპანია Food Management Group, რომელიც 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს. FMG-ის კონკურენტული უპირატესობა ხარისხზე მაქსიმალური ორიენტაციაა, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მზადდება ახალი, გაუყინავი პროდუქტისგან, რომელიც შემოწმებას სურსათის უვნებლობისა და მონიტორინგის ჯგუფის მიერ გადის. ამ დროისთვის 100 თანამშრომლით FMG დაახლოებით 30 ობიექტს ემსახურება.

კომპანიის შეფი მაია კაციაშვილია, რომელიც FMG-ის დაახლოებით 2 წლის წინ შეუერთდა, მაშინ, როცა მთელს მსოფლიოს კოვიდპანდემია უტევდა და ყველასთვის საყვარელი კვების ობიექტები დაიკეტა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

მაიას ძირითადი პროფესია სამზარეულოს არ უკავშირდება, თუმცა გემრიელი კერძების მომზადება და ადამიანების გამასპინძლება ყოველთვის სიამოვნებდა. სამოყვარულო დონეზე დაწყებულმა საქმემ მაია პროფესიონალად აქცია და არც შეთავაზებას დაუგვიანია ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროდან. თუმცა მაიასა და სამზარეულოს დამეგობრება სასიამოვნო მოგონებით სულაც არ დაწყებულა.

„ჩემი ამ პროფესიით დაინტერესება საკმაოდ უცნაური ისტორიით იწყება. ბავშვობაში, მე-6 კლასში ცხვარიჭამიის ბანაკში ვისვენებდი, სადაც ყოველდღიურად ყველა ბავშვს სხვადასხვა საქმე გვქონდა დავალებული. ერთ დღეს მე კერძის თეფშებზე დაწყობა და განაწილება დამევალა, რა დროსაც თეფში შემთხვევით ხელიდან გამივარდა. ინციდენტზე ბანაკის მზარეულს ძალიან უსიამოვნო რეაქცია ჰქონდა და სადილზე ჭამის უფლება არ მომცა. ამ შემთხვევამ უსამართლობის აუტანელი განცდა დამიტოვა და სწორედ ამ დღემ შთამაგონა ‒ რომ გავიზრდები, უამრავ საჭმელს მოვამზადებ და ყველას გავუმასპინძლდები-მეთქი“.

მაია გვიყვება, რომ როცა გასტრონომიულ სფეროში საქმიანობა დაიწყო, თავის დამკვიდრება ამ მიმართულებით რთული იყო ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის იმიტომაც, რომ მაშინ შეფის პროფესია სულაც არ იყო ისეთი პრესტიჟული, როგორც დღესაა. მაია ამბობს, რომ გაუმართლა ‒ დასაწყისიდანვე პროფესიონალთა გუნდის წევრი გახდა და წარმატების მისაღწევად თავადაც დაუღალავად იშრომა.

„ჩემი პირველი სამსახური ერთ-ერთი პოპულარული სასტუმროს სამზარეულო იყო. მიუხედავად პროფესიული გამოცდილების არქონისა, რისკზე წავედი და მზარეულის დამხმარის პოზიციაზე დავსაქმდი. საკუთარი თავის იმედი მქონდა, ამიტომაც გამოწვევას არ შევუშინდი და შემოთავაზებას დავთანხმდი“.

ინდუსტრიულ სამზარეულოსთან პირველმა შეხებამ მაიას აღფრთოვანება გამოიწვია, გააოგნა მასშტაბებმა და დეტალებზე ორიენტირებულობამ. თავიდან იმისიც კი ეშინოდა, ოთახმაცივარში არ ჩაკეტილიყო, თუმცა ადაპტაცია არ გასჭირვებია. შედეგად, 5 წელში მზარეულის დამხმარის პოზიციიდან ‒ მზარეულის, მალევე კი სუ-შეფის პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც, ფაქტობრივად, შეფის მარჯვენა ხელს ნიშნავდა. ამ თანამდებობამ მაიას ახალი ვალდებულებები მოუტანა, კერძოდ, 50 პროფესიონალისგან შემდგარი გუნდის მართვა, პროდუქტების ხარისხის კონტროლი, სტაბილური გემოების შენარჩუნება და სამუშაო გარემოში პერსონალის კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ეს ის წლებია, როცა მაია კაციაშვილმა არაერთი ტრენინგი და გადამზადება გაიარა როგორც კვებითი ტექნოლოგიების, ასევე გუნდის მართვის მიმართულებით. ახალმა ცოდნამ თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა მოუტანა. ამას მოჰყვა უცხოელ შეფებთან მუშაობა და შემდეგ უკვე შეფის პოზიციამდე დაწინაურება. მაიამ იცოდა, რომ ახალი პროფესიული საფეხური კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობასა და დისციპლინას მოითხოვდა.

„თუ პროფესია არ გიყვარს, შეუძლებელია, რომ საქმე კარგად აკეთო, გაუძლო დატვირთულ რეჟიმს. პირველ სამსახურში პროფესიული ცხოვრების 10 წელი გავატარე, შემდეგ კი სიახლეების საჭიროება დავინახე. ამ პერიოდში არაერთი შეთავაზება მქონდა, მათ შორის საზღვარგარეთ მდებარე რესტორნებისგანაც, თუმცა საქართველოში დარჩენა გადავწყვიტე და საკმაოდ რთულ პროექტს შევეჭიდე, რომელიც საველე პირობებში, ნავთობის ჭაბურღილზე 1 წლის განმავლობაში მთელი გუნდის ყოველდღიურ კვებას გულისხმობდა. ეს იყო გამოწვევებით სავსე 1 წელი, თუმცა პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ CNN-ის ეთერითაც კი გაშუქდა“.

8 წლის განმავლობაში მაია აკადემიურ საქმიანობასაც ეწეოდა და აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის ლექტორი იყო. ამ პერიოდს დაუვიწყარ გამოცდილებად აფასებს და რომ არა ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი, უნივერსიტეტს ისევ დაუბრუნდებოდა, რადგან გასტრონომიაში ახალი თაობის აღზრდის გარდა, სწავლების პროცესი მას პერსონალურ განვითარებაშიც ეხმარება.

ახლა მაია კაციაშვილი Food Management Group-ის შეფია. კომპანიასთან პროფესიული გადაკვეთა რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა თანამშრომლობა დაახლოებით 2 წლის წინ, პანდემიის პერიოდში დაიწყეს.

„როგორც იცით, პანდემიის დროს სარესტორნო სექტორი სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, დაიხურა ობიექტი, რომლის სამზარეულოს მართვა მებარა. შედეგად, მე თავისუფალი დრო გამომიჩნდა, FMG-ის კი შეფის საჭიროება დაუდგა. შეთავაზებაზე დათანხმების შემდეგ, მმართველი გუნდის მხრიდან სრული თავისუფლება მომენიჭა ‒ მომეწყო სამზარეულო ისე, როგორც თანამშრომლებისთვის კომფორტული იქნებოდა. ზოგადად, როდესაც დამსაქმებელი თავისუფლებას გაძლევს, 100%-ით გენდობა და შენი იმედი აქვს, ეს დიდი მოტივაციით გავსებს. სამზარეულოში სრული თავისუფლება ამ სივრცის მთავარი ღირებულებაა. კოვიდის პირობებში შევძელით და 5 თანამშრომლიდან გუნდი 40 თანამშრომლამდე გავზარდეთ, რაც მხოლოდ სამზარეულოს სტაფს მოიცავდა“.

FMG-ში მაიას მიზანი საფურშეტე მიმართულების თანამედროვე მიდგომებზე გადაწყობაა. კომპანიას ამბიცია აქვს, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე ნებისმიერი რაოდენობის ადამიანს უპრობლემოდ მოემსახურება. ბუნებრივია, ამ გზაზე FMG ფეხდაფეხ მიჰყვება გლობალურ გასტრონომიულ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს.

„FMG ქეითერინგის სერვისის მიწოდებაზე ორიენტირებული კომპანიაა, სწორედ ამიტომ ნებისმიერ პროექტში ჩვენი ჩართულობა მოიცავს ყველა ეტაპს ‒ დაგეგმვიდან აღსრულებამდე. ქეითერინგი, თავის მხრივ, სხვადასხვა მიმართულებად იშლება. ესენია: სტანდარტული ფურშეტი, სუშის ფურშეტი, à la carte მენიუ, სხდომითი სუფრის ქართული მენიუ ქორწილისთვის, დაბადების დღისთვის ან ნებისმიერი სხვა ტიპის ღონისძიებისთვის, კომპანიებისთვის ყოველდღიური, კორპორატიული ლანჩის შედგენა-მიწოდება, ყავის შესვენება და საველე პირობებში მომუშავე პერსონალის გამოკვება, როგორიცაა ფილმის თუ რეკლამის გადაღებები. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში ჩვენვე უზრუნველვყოფთ ღონისძიების დიზაინს, რაც, ძირითადად, ღონისძიების კონცეფციის შესაბამისი მაგიდის დეკორისა და სერვირების შექმნას მოიცავს“.

ამ ეტაპზე FMG-ს მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა ერთდროულად 10 000-მდე პერსონისთვის შეუძლია ერთ ან რამდენიმე ლოკაციაზე. მასშტაბური პროექტების მომსახურება მაიას FMG-ის კონკურენტულ უპირატესობად მიაჩნია. ხარისხიანი სერვისის პარალელურად, მაია კაციაშვილი FMG-ის უპირატესობად კერძებში სტაბილური გემოვნური თვისებების შენარჩუნებასაც ასახელებს, რაც გასტრონომიულ სფეროში მომხმარებლის მხრიდან ყველაზე დასაფასებელია, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს, რომ კომპანია გემოვნურ ჩარჩოებშია მოქცეული და ექსპერიმენტებს გაურბის.

„ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ახალი გემოების ძიებაშია და ამას დამკვეთის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს. ჩვენი ამოცანაა ყურადღებით გავეცნოთ მათ კონკრეტულ მოთხოვნებს კერძების გემოვნურ თვისებებთან დაკავშირებით და ღონისძიების კონცეფციის გათვალისწინებით, სრულიად ახლებური მენიუ შევთავაზოთ მომხმარებელს. გარდა უშუალოდ სამზარეულოში დანერგილი განსხვავებული მიდგომებისა, კომპანიის მართვის პრინციპებიც მუდმივად განახლებადია. შიდა მენეჯმენტისთვის თუ ადამიანური რესურსების სწორად გადანაწილებისთვის აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიურ პროდუქტებს, რაც ყოველდღიურ საქმიანობას უფრო ეფექტიანსა და მოქნილს ხდის. ამ სისტემური მიდგომით ვახერხებთ, რომ კომპანიაში მიმდინარე პროცესები ჰარმონიულად, ყოველგვარი გართულების გარეშე წარიმართოს. ჩემი აზრით, თითოეული თანამშრომლის მხრიდან საქმისადმი მსგავსმა დამოკიდებულებამ და პასუხისმგებლობის მაღალმა გრძნობამ შეგვაძლებინა, რომ 2023 წელს საქართველოში ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენაზე და საერთაშორისო პროექტზე ‒ UEFA UNDER 21-ზე გვემუშავა. პროექტის ფარგლებში 4 სხვადასხვა ლოკაციაზე – თბილისის ორ სტადიონზე, ქუთაისისა და ბათუმის სტადიონებზე VIP ზონებს, „სქაი ბოქსებს“, UEFA-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებს, მედიის წარმომადგენლებს და ახალგაზრდული პროგრამის მოხალისეებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკვებით ვუმასპინძლეთ, რაც სამ სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად 1500-ზე მეტი პერსონის გამოკვებას გულისხმობდა. ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების მხრიდან გამოცხადებული ასეთი ნდობა და დადებითი უკუკავშირი გვაძლევს ძალას, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებული მიღწევებით და ყოველი მომდევნო პროექტი წინაზე უკეთ შევასრულოთ“.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

საქმის მიმართ მაღალპროფესიული მიდგომა, გამოცდილების დაგროვება, ამ გამოცდილების სწორად გამოყენება და თანამშრომლების ზრდაზე ორიენტირებულობა ‒ ის მთავარი „ინგრედიენტებია“, რომლისგანაც მაიას პროფესიული წარმატება „მზადდება“. ჩვენს რესპონდენტს მიაჩნია, რომ შეფის პროფესიულ ზრდას, განვითარებასა და ახალი უნარების გამომუშავებას სამუშაო გარემო და გუნდის ცვლილებაც ეხმარება.

„ამ საქმის კეთება შემდგარი გუნდის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ჩემი მთავარი ღირებულებები ძირითადად ამაზე დგას ‒ გუნდურობა, ემპათია, ჯანსაღი ურთიერთობა და პერსონალის სწორად მოსმენა. გუნდის თუ არ გესმის, ვერანაირი თანამშრომლობა ვერ შედგება. ჩემი გუნდის წევრებმა ყოველთვის იციან, რომ მე მათ მხარეს ვარ, მათ ინტერესებს ვიცავ და ვახმოვანებ. ასევე უმნიშვნელოვანესია საქმის დელეგირება, რათა გუნდის წევრებს აუმაღლდეთ პასუხისმგებლობის ხარისხი მათთვის მინდობილ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამ გზით ყველას უნდა მიეცეს შანსი, რომ საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოს და განავითაროს“.

FMG-ს ამბიციური გეგმები აქვს, მაგალითად, კომპანიის მენეჯმენტის უახლოესი მიზანი პროცესების სრული ავტომატიზაციაა. FMG-ს სურს, რომ შეკვეთის გაფორმებიდან დამკვეთის უკუკავშირის მიღებამდე ყველა პროცესს ერთ ციფრულ სივრცეში მოუყარონ თავი. ეს დადებითად აისახება როგორც თანამშრომლების სამუშაო რესურსის დაზოგვაზე, ისე დამკვეთისთვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიწოდებაზე.

„ასევე გვსურს სასწავლებლის დაარსება, სადაც შევძლებთ 15-წლიანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გასტრონომიული სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამავდროულად, არ ვწყვეტთ ჩვენი გუნდის წევრების განვითარებაზე ზრუნვას და მომავალში ვგეგმავთ საერთაშორისო სპეციალისტების მოწვევას თანამშრომლების გადამზადების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მათ სხვა ქვეყნებში, კონკრეტულ ტრენინგებზე თუ პროგრამებზე გაგზავნას ცოდნის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ერთ-ერთ მიზნად ასევე დავისახეთ ციფრული მედიაპლატფორმის შექმნა, რომელიც მიმოიხილავს ქვეყანაში არსებულ გასტრონომიულ პროცესებს და გააშუქებს ჩვენს სფეროში არსებულ საერთაშორისო სიახლეებს იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით შევუწყოთ ხელი სფეროს პოპულარიზაციას. გვჯერა, რომ ამ ნაბიჯების გადადგმით შევძლებთ ქვეყანაში კვებითი ტექნოლოგიების მიმართულებით სიახლეები დავნერგოთ და კიდევ უფრო გავამყაროთ საქართველოს პოზიცია გლობალურ გასტრონომიულ რუკაზე“.