წარმატებამდე მისული წინააღმდეგობებით სავსე გზა | ინტერვიუ ქეთევან ქართველიშვილთან

„გამარჯვებას მოსდევს წინსვლა. წინსვლას ახალი ეტაპი და ახალი პუბლიკა. ამ დროს თავდაჯერებულობის ახალ საფეხურზე უნდა ახვიდე და სინამდვილეში, ზუსტად ეს არის მთავარი მიღწევა. ზოგჯერ ამას წლები სჭირდება, დიდი შრომა და ნებისყოფა, განსაკუთრებით თუ პიანისტი ხარ, მაგრამ ჩემთვის სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესოა და ახალი ნიუანსების აღმოჩენაც ახალი ძალებით მავსებს. მუსიკა და სცენა მე ყველა პრობლემას მავიწყებს, ხოლო მსმენელთან კავშირის დამყარებას მოსდევს ის განცდები და ემოციები, რომლებიც უბრალოდ შეუცვლელი და განუმეორებელია.

ამ შეგრძნებებს ადრეული ასაკიდანვე დავუკავშირე ბედი ‒ თუ კი სადმე დავინახავდი როიალს, ვცდილობდი, ახლოს მივსულიყავი და რაიმე დამეკრა.

მახსოვს, როდესაც „მერვე მუსიკალურში“ ვაბარებდი, გამოცდის დასრულების შემდეგ ჟიურის ვკითხე, თუ შეიძლებოდა რომ როიალზე დამეკრა. ჟიური გაკვირვებული დარჩა. იმდენად პატარა ვიყავი, მათ ვერ წარმოიდგინეს დაკვრა რომ შემეძლო. რა თქმა უნდა, დამთანხმდნენ და მეც აღელვებული მივუჯექი როიალს. ამ ფაქტმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი პირველი მოგონებაა, რომელიც მუსიკას უკავშირდება, რომელიც დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომელიც მახსენებს გამარჯვებას და ჩემი პროფესიისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს“, 

– ქეთევან ქართველიშვილი, პიანისტი.

ფოტო: Jovanka Novakovic

რამდენად რთულია თქვენს სფეროში თავის დამკვიდრება და რა გამოწვევების წინაშე დადექით, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდით?

ჩემს სფეროში თავის დამკვიდრება ნამდვილად ძალიან რთულია და, ზოგადად, ეს სფერო არის რთული, მოითხოვს დიდ ნიჭს, უდიდეს შრომას და ნებისყოფას, ასევე იღბალს, გამართლებას და საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრას. პირადად მე, არაერთხელ დავდექი ფინანსური დაბრკოლების წინაშე, ასევე იყო პერიოდები, როდესაც ამერიკაში არ მქონდა კარგი სამეცადინო პირობები. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ხელი შემიშალა. საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ კონკურსებში გავიმარჯვე და ამ გამარჯვებებმა საგრძნობლად შეცვალა ჩემი ფინანსური დაბრკოლება. ასევე ჩემით დაინტერესდნენ ამერიკელი სპონსორ/მეცენატები, რომლებმაც ფინანსური დახმარება გამიწიეს გადამწყვეტ სიტუაციებში.

როგორ შეცვალა ამერიკამ თქვენი კარიერული ცხოვრება?

ამერიკა დიდი ქვეყანაა, დიდი შესაძლებლობებით. აქ ადამიანს შეუძლია იყოს ის, ვინც არის და აკეთოს ის, რაც მას სურს. აქ აფასებენ ნიჭს, პროფესიონალიზმს, შრომას. ყოველთვის მინდოდა ჩემი ცხოვრება სწორედ ასეთ ქვეყანასთან დამეკავშირებინა. ასევე ჩემი პროფესორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, ბატონი ლექსო თორაძე ასწავლიდა ამერიკაში, ინდიანას უნივერსიტეტში და ჩემი აქ წამოსვლის უმთავრესი მიზეზი, სწორედ ეს გახლდათ. ყოველთვის მსურდა ბატონი ლექსოს დონის პიანისტთან მემუშავა. გამიმართლა და ასეც მოხდა. 2009 წელს მივიღე სრული დაფინანსება ინდიანას უნივერსიტეტში და გავემგზავრე ამერიკაში. ამ ქვეყანამ კი მართლა საგრძნობლად შეცვალა ჩემი კარიერული ცხოვრება. აქ მე მივაღწიე იმას, რაც საქართველოში თითქმის შეუძლებელი იყო სხვადასხვა მიზეზების გამო.

ახლანდელი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით საქართველოში სწავლის პერიოდს?

როდესაც მე საქართველოში ვსწავლობდი, იმ დროს საკმაოდ ძლიერი კონკურენცია იყო ახალგაზრდა პიანისტებს შორის. ბევრ ნიჭიერ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი.

მიხარია, რომ საქართველოში სწავლის პერიოდში ისეთ საუკეთესო პედაგოგებთან ვსწავლობდი, როგორებიც არიან: ეთერ გუნია ‒ „მერვე მუსიკალურში“, რუსუდან ბეგიშვილი ‒ „ნიჭიერთა ათწლედში“ და თენგიზ ამირეჯიბი ‒ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში“.

საქართველოში სწავლის პერიოდში ასევე მქონდა მრავალი გამოსვლა სოლო და სიმფონიურ ორკესტრებთან და ვიღებდი მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებზე ევროპის ქვეყნებში.

მოგვიყევით თქვენს გამარჯვებებზე, საერთაშორისო კონკურსებზე და მიღწევებზე.

ამერიკაში არაერთი პრემია მოვიპოვე სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე, დამთავრებული მაქვს Artist-ის და Performer-ის დიპლომი ინდიანას უნივერსიტეტში და ასევე, მქონდა გამოსვლები ამერიკის სხვადასხვა ქალაქებსა და შტატებში, ისეთ დარბაზებში, როგორიც არის „კარნეგი ჰოლი“, ნიუ იორკი, „ბენაროია ჰოლი“, სიეტლი, როგორც სოლო, ისე სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად.

ფოტო: Jovanka Novakovic

მრავალი სოლო კონცერტი მაქვს ჩატარებული ჩიკაგოში. ასევე მქონდა გამოსვლები “Myra Hess-ის” სამემორიალო კონცერტების სერიაში, კონცერტები “Nichols Hall-ში”, “PianoForte Foundation”. ჩაწერილი მაქვს კომპაქტ დისკები.

რას გასწავლით ან როგორ გცვლით ეს მიღწევები?

ყოველი გამარჯვების შემდეგ ვგრძნობ, თუ რამდენად დიდი გზაა კიდევ წინ გასავლელი. რამდენად უკიდეგანოა ეს სფერო. ყოველი გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო დიდი შემართება მეძლევა, რომ კიდევ მეტად წავიდე წინ, განვვითარდე როგორც მუსიკოსი, პიანისტი. აღმოვაჩინო კიდევ მეტი საინტერესო რამ ამ სფეროში.

როგორია თავად სამუშაო პროცესი?

სამუშაო პროცესი დამღლელია, თუმცა ჩემთვის საინტერესო. ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ის ფაქტი, თუ როგორ ვითარდება და იხვეწება პიესა ყოველდღიურად. რამდენ ფაზას თუ ეტაპს გადის მუშაობის პროცესში. მეცადინეობისას ხშირად ისე ვასრულებ პიესას, თითქოს კონცერტზე ვიყო. ჩემთვის ეს ერთერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია.

როდესაც მარტო რჩებით და უკრავთ, მაშინ რა ემოციები და გრძნობები გეუფლებათ?

გააჩნია რას ვუკრავ, ან რა ხასიათზე ვარ, ამის მიხედვით იცვლება განცდა და ემოციები. ხშირად მაქვს ნოსტალგიური გრძნობა ან მოგონებები ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდიდან. საერთოდ ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. ხშირად არ მაკმაყოფილებს მუშაობის შედეგი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც თითქოს უკვე განვლილ ეტაპს თავიდან ვუბრუნდები რამდენიმეჯერ, სანამ არ მივაღწევ მიზანს. საერთოდ ეს პროცესი დაუსრულებელია.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და მიზნები?

სამწუხაროდ, პანდემიამ ცუდად იმოქმედა ჩემს სამომავლო გეგმებზე. ბევრი რამ გადაიდო ან საერთოდ ჩაიშალა. მე უფრო სურვილებს დავარქმევდი: მსურს, უფრო მეტად გავაფართოვო საკონცერტო კარიერა. ასევე მინდა გვერდში დავუდგე და დახმარების ხელი გავუწოდო იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავის რეალიზაციის არანაირი საშუალება არ გააჩნიათ. გეგმაში მაქვს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კონცერტების სერიის ჩატარებაც.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენს სფეროში სურთ თავის დამკვიდრება? რა უნდა გაითვალისწინონ?

არ შეუშინდნენ არანაირ დაბრკოლებას და სირთულეს. არ ეგონოთ, რომ ეს ქვეყნის დასასრულია. იბრძოლონ ბოლომდე, იმ სიტუაციაშიც კი, როდესაც თითქოს ყველა იმედი გადაწურულია. მაქსიმალურად აარიდონ თავი ნეგატიურ კომენტარებს. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ახალგაზრდა ადამიანის თვითრეალიზაციას, განვითარებასა თუ ჩამოყალიბებას. მაქსიმალურად სწორად შეარჩიონ პედაგოგი, პიანისტი, რომელთანაც შემდგომში იმუშავებენ. ყოველთვის სჯეროდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების. იმუშაონ თავიანთ თავზე და რაც შეიძლება მეტი მოსთხოვონ საკუთარ თავს. გაიმაგრონ ფინანსური ზურგი, თუკი ეს შესაძლებელია.

დღესდღეობით, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ქალები?

ყოველთვის იყო და არის ის პრობლემა, რომ მამაკაცებს, ქალებთან შედარებით აქვთ უპირატესობები. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, წინა საუკუნეებში გაცილებით მწვავედ იდგა და ამის გამო უამრავი ქალი დაიჩაგრა. მათ ვერ მისცეს გასაქანი თავიანთ ნიჭს და შესაძლებლობებს. ჩემი აზრით, ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ქალებს აუცილებლად უნდა მიეცეთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

ფოტო: Jovanka Novakovic

როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი?

უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში.

გავამხნეოთ ერთმანეთი და დადებითი ემოციები გავუზიაროთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით ძალიან ბევრი რთული პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი.

რა უნდა გვახსოვდეს ქალებს ყოველთვის?

ქალს ყველაფერი შეუძლია, თუკი ის ამას საკმარისად მოინდომებს. ჩვენ, ქალებმა, ძალიან კარგად უნდა გავაანალიზოთ როგორ გვინდა წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება. არასოდეს უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ზოგადი კრიტერიუმებისთვის მისაღებია, ხოლო ჩვენთვის, მიუღებელი. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ჩვენი სურვილიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მთელი ჩვენი ცხოვრება საკუთარი თავის მოტყუებაში გავატაროთ.

რას ეტყოდით იმ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ სჯერათ თავიანთი შესაძლებლობების?

დაიჯერონ და ირწმუნონ, რომ თუ მოინდომებენ, ჩადებენ საკმარის შრომას საკუთარ საქმეში, ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. შეიძლება ბევრი წინაღობა შეხვდეთ მათ ამ გზაზე, მაგრამ ამის გარეშე წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია. ამგვარი წინააღმდეგობები წარმატების ერთ-ერთი ეტაპია. უნდა იპოვონ საკუთარ თავში ყველაზე ძლიერი მხარეები და სწორედ, აქედან გამომდინარე, განაგრძონ ბრძოლა წარმატებისკენ. არაფერია შეუძლებელი, თუკი ადამიანი სწორად წარმართავს საკუთარ შესაძლებლობებს.