მარინა კარპის ფოტოამბავი

რამდენიმე თვის წინ მარინა კარპის ფოტოები შავ-თეთრი გახდა, მის პროექტებს კი ერთი კონკრეტული კონტექსტი მიეცა. როცა რუსეთმა მის მშობლიურ უკრაინაში ომი დაიწყო, მარინასთვის ურთულესი პერიოდი დადგა და მისი პროფესია ‒ ფოტოგრაფია ‒ ერთდროულად პროტესტისა და გადარჩენის საშუალებად იქცა. მარინა დონეცკიდანაა. 12 წელია მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილთან ქორწინების შემდეგ ნახევარ წელიწადს საქართველოში ატარებს, ნახევარს ‒ უკრაინაში. როგორც თავად ამბობს, ორ სამშობლოში ცხოვრობს.

პროფესიით ფოტოგრაფი ხართ?

თითქმის 17 წელია, ფოტოებს ვიღებ, დავამთავრე კიევის ფოტოგრაფიის სკოლა, ასევე გავიარე ფოტოგრაფიის არაერთი კურსი, რომლებიც იმ დროს ხელმისაწვდომი იყო უკრაინაში. შემდეგ პროფესიადაც ფოტოგრაფია ავირჩიე კიევის კულტურის უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლის ხარისხი არ აღმოჩნდა მაინცდამაინც სახარბიელო, ამიტომ დიპლომი არც ამიღია. სიმართლე გითხრათ, ჩემი კარიერის განმავლობაში ამას არასდროს შეუშლია ხელი. ფოტოგრაფს, როგორც წესი, დიპლომს არავინ სთხოვს. მე მგონია, რომ ჩემი დიპლომი ჩემი ნამუშევრებია, ამიტომ არანაირი სინანული არ მაქვს სწავლის მიტოვებასთან დაკავშირებით. თან იმედს ვიტოვებ, რომ ყოველთვის შეიძლება ვისწავლო, მაგალითად, ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის აკადემიაში სიამოვნებით ვისწავლიდი, მაქვს კიდეც გარკვეული გეგმები.

რა ეტაპზე მიხვდით, რომ ფოტოგრაფია გაინტერესებდათ?

16 წლიდან ვიღებ. ზოგადად, ვიზუალის ადამიანი ვარ. ჩემი ნომერ პირველი ჰობი ყოველთვის ფოტოების თვალიერება იყო. მაგალითად, ჟურნალს რომ ვყიდულობდი, იმას ვაკვირდებოდი, როგორ უკეთებდნენ რეკლამას ამა თუ იმ პროდუქტს. როცა ფოტოებს ვხედავ, ტექსტით ნაკლებად ვინტერესდები, ფოტოთი უფრო აღვიქვამ ამბავს, ეს ვიზუალური აღქმა ყოველთვის გამძაფრებული მქონდა. მეორე ჰობი, რაც მგონია, რომ მამასგან გადმომეცა, ტექნიკის სიყვარულია. ამ მხრივ ყველა სიახლე მიყვარს – ფოტო თუ ვიდეოკამერები, სმარტფონები – ყველაფერი მაინტერესებს. ადრე ერთ ჟურნალს ვყიდულობდი ხოლმე, „ფოტო და ვიდეო“ ერქვა, ვიჯექი და ვათვალიერებდი, ვეცნობოდი ახლად გამოსული მოდელების ტექნიკურ მახასიათებლებს. ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა. მამა მთელი ცხოვრება ტელევიზიასა და რადიოში მუშაობდა, ეს ინტერესი მისგან მაქვს. თან ჩემი საქმიანობა პირდაპირაა დაკავშირებული იმის უნართან, რომ ერკვეოდე ტექნიკაში, იცოდე მისი გამოყენება. ამას ემატება, რა თქმა უნდა, ვიზუალური აღქმა: ყველაფერს, რასაც ხედავ, საკუთარ თავში ატარებ და საკუთარი პრიზმიდან უკვე ფოტოს სახით უშვებ პროდუქტს.

როგორ ირჩევთ პროექტის თემას, რა განსაზღვრავს კონკრეტული თემის მიმართ ინტერესს გარკვეულ მომენტში?

ცხადია, რაც გტკივა, იმაზე ლაპარაკობ. თუ არის რაიმე პრობლემა, რაც მეხება და მაღელვებს, ყოველთვის ვცდილობ გამოვეპასუხო იმ თემას და მისკენ სხვების ყურადღებაც მივაპყრო.

ჩემი პირველი გამოფენა ეძღვნებოდა ძაღლებსა და მათ პატრონებს. მაშინ 17 წლის ვიყავი, ძალიან მინდოდა ძაღლი მყოლოდა, მშობლები კი არასდროს მრთავდნენ ამის ნებას. მერე მითხრეს, 18 წლის რომ გახდები, თვითონ იყიდე ძაღლიო და ასეც გამოვიდა. მაშინ ძალიან მოცული ვიყავი ძაღლების თემით და ამან შთამაგონა პირველი პროექტი. საერთოდ, როცა რაღაცას ძალიან განვიცდი კონკრეტულ მომენტში, ვცდილობ ჩემს ფოტოპროექტებში გადავიტანო.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ორ პროექტში მივიღე მონაწილეობა. პირ­­ველი იყო Voices from Georgia, რომელიც ჩემს კოლეგასთან, ევგენი ეფანოვთან ერთად გავაკეთე. ევგენიც უკრაინელი ფოტოგრაფია და საქართველოში ცხოვრობს. პროექტი ორ ნაწილს მოიცავდა. პირველი ნაწილი იყო საქართველოში ცნობილი სახეების ფოტოპორტრეტები, რასაც თან ახლდა მათი აზრები უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამის საჭიროება გაჩნდა იმიტომ, რომ გარკვეული მიზეზების გამო, უკრაინელებისთვის ბუნდოვანი იყო ომთან დაკავშირებით ქართველების პოზიცია. მე კი მინდოდა მთელი მსოფლიოს გასაგონად მეყვირა რასაც საქართველოში ვხედავდი და ვისმენდი. მინდოდა სხვებსაც ენახათ ქართველების პოზიცია, ენახათ მათი პორტრეტები, მათი თვალები, რადგან თვალები ხშირად სიტყვებზე მეტს ამბობს. ეს პროექტი ჩემთვის ერთგვარი ხიდი იყო ქართველებსა და უკრაინელებს შორის. პროექტის მეორე ნაწილი იყო ის, რომ ფოტოს გადასაღებად მოვიწვიეთ ყველა, ვისაც უნდოდა თავისი პორტრეტი ჰქონოდა. ამ პროექტით 8000 დოლარზე მეტი შევაგროვეთ და ჰუმანიტარულ შტაბში გავგზავნეთ უკრაინელების დასახმარებლად.

მეორე პროექტი სოფო ჭყონიას ორგანიზებული თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში გაკეთდა. ეს იყო INSIDE OUT, კვირეულის ერთ-ერთი მთავარი სოციალური პროექტი – ცნობილი ფრანგი არტისტის, JR-ის მიერ 2011 წელს წამოწყებული ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც იღებენ რაიმე საერთო პრობლემით გაერთიანებული ადამიანების დიდ ჯგუფს. ეს შავ-თეთრი ფოტოები დიდი ფორმატით იბეჭდება და სხვადასხვა ადგილზე, მაგალითად, შენობების ფასადებზე გამოიფინება. ჩემს პროექტს ერქვა Children of War და აერთიანებდა ომს გადარჩენილი უკრაინელი ბავშვების პორტრეტებს, რომლებსაც სახლი, განათლება სჭირდებათ. გადავწყვიტეთ ამ ბავშვების სახით წამოგვეწია იმ უკრაინელი დევნილების პრობლემა, რომლებიც ახლა საქართველოში იმყოფებიან.

თქვენი მუშაობის სტილი როგორია – სისტემატური თუ ქაოსური?

ამ ეტაპზე ტრანსფორმაციის სტადიაში ვარ, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში ექვს თვეს საქართველოში ვატარებდი, ექვსს კი – უკრაინაში. ორ ქვეყანაში ვცხოვრობდი. უკრაინაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წლები ძალიან პროდუქტიულად ვმუშაობდი. თავიდანვე ასე გადავწყვიტე, რომ ნახევარი წელი უკრაინაში გამეტარებინა, იქ აქტიურად მემუშავა და საქართველოში საკუთარი თავისთვის უფლება მიმეცა, შედარებით დამესვენა, მხოლოდ ფოტოტურებით ვყოფილიყავი დაკავებული.

ახლა პირველადაა, რომ ამდენ ხანს არ ჩავსულვარ უკრაინაში. ამ დანაკლისის შესავსებად ვცდილობ უფრო ხშირად ვაკეთო პროექტები, რომლებიც ისევ და ისევ უკრაინას უკავშირდება. საერთოდ, ისეთი ადამიანი ვარ, თუ ასი პროცენტით არ ვარ დარწმუნებული იმაში, რასაც ვაკეთებ, მირჩევნია არ გავაკეთო. ამის გამო ხშირად მიწევს დაველოდო მომენტს, როცა სავსე ვიქნები შთაგონებით. ახლაც ეს ეტაპი მაქვს – საჭირო განწყობას ველოდები. ახლახან ესპანეთში ვიმოგზაურე, დავბრუნდი აბსოლუტურად ახალი ძალებით და მჯერა, რომ წელსაც ბევრი საინტერესო პროექტი იქნება და მათი უმრავლესობა, თუ ყველა არა, დაკავშირებული იქნება უკრაინაში მიმდინარე ომთან. ჩემთვის ამის თუნდაც, წუთით დავიწყება შეუძლებელია. საზოგადოება შეიძლება მიეჩვიოს იმას, რაც ხდება, მაგრამ მე როგორც უკრაინელს, ამასთან შეჩვევა და შეგუება არ შემიძლია. იმდენად მტკივნეულია, თავისთავად შთაგონებაა იმისთვის, რომ რაღაც შევქმნა, ვაჩვენო, რომ ომი არ დამთავრებულა; რომ ეს რეალობაა.

შთაგონებას რა გაძლევთ? რა გიქმნით მუშაობისთვის საჭირო განწყობას?

მთელი ცხოვრება მეშინია ფრენის და ამ შიშს უკრაინაში ომის დაწყებამდე წლების განმავლობაში ვებრძოდი. როცა ომი დაიწყო, საერთო სტრესის ფონზე ყველა შიში დაბრუნდა და გამძაფრდა. ახლახან ესპანეთში მივფრინავდი, საშინლად მეშინოდა ამ პროცესის, მაგრამ თავი ვაიძულე წავსულიყავი ამ შიშთან შესახვედრად და მეგობრისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა ჩემი ჩასვლით. ესეც შთაგონებაა, ისევე, როგორც ახალი დღე, რაღაც ახლის დანახვა, ახალი ნაცნობობა, ახალი ფილმის ნახვა, ადამიანების მოსმენა, რაღაცით გაკვირვება… ყველაფერი შთაგონებაა.

არის რაღაც, რისი გადაღებაც ყველაზე მეტად გიყვართ?

ადამიანების გადაღება მიყვარს. 16 წელია ფოტოგრაფად ვმუშაობ და ამ დროის განმავლობაში მგონი ფსიქოლოგიც გავხდი, რადგან როცა ადამიანს იღებ, ძალიან მნიშვნელოვანია, ის გენდობოდეს. როცა ამას ვერ აღწევ, პორტრეტული ფოტოსესია არ გამოდის. ქიმიაა ეს პროცესი და მაშინ ხდება, როცა მეორე ადამიანს შენი სჯერა, როცა გეხსნება, როცა მასთან ურთიერთობას ამყარებ. ჩემთვის ნებისმიერი ფოტო­სესია ურთიერთობაა, ამიტომ მყავს ამდენი ნაცნობი მთელს მსოფლიოში. ორსაათიანი გადაღება საკმარისია იმისთვის, რომ გაიგო ადამიანის მთელი ცხოვრება თუ არა, მისი მომხიბვლელი მხარეები მაინც, საკუთარ თავში გაატარო ეს ადამიანი და შემდეგ აჩვე­ნო ფოტოზე. ჩემთვის ადამიანებთან მუშაობა ყველაზე გასაოცარი რამაა. არასდროს მბეზრდება, რადგან რამდენი განსხვავებული ადამიანიცაა, იმდენივეა ფოტოსესიაც. ამაზე საინტერესო არაფერი მგონია.

რა იყო ის, რასთან შეგუებაც გაგიჭირდათ საქართველოში? და ის, რაც, პირიქით – იოლად მიიღეთ?

როცა ადამიანი გიყვარს, ყველაფერი გიყვარს, რაც მას ეხება. საქართველო გიგისთან ერთად შემიყვარდა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეორე სამშობლო ვიპოვე. ძალიან ბედნიერი ვარ აქ და როცა ბედნიერი ხარ, ნებისმიერ ვითარებას, მათ შორის გაუგებრობებს, სირთულეებს იოლად დაძლევ. მე უზარმაზარი პატივისცემა მაქვს თქვენი ხალხის მიმართ და მგონია, რომ შევძელი 12 წლის განმავლობაში გამომევლინა ეს სიყვარული და პატივისცემა ამ ქვეყნისადმი. გულწრფელად ვამბობ, რომ არ მქონია აქ რამესთან შეგუების პრობლემა. სირთულე იყო პირველ ეტაპზე ენა, მაგრამ დავძლიე. საერთოდ, როცა გინდა ისწავლო ენა და ამის საჭიროებას გრძნობ, აუცილებლად გამოგივა. მე არ მიმეცადინია ქართულში ასე საგანგებოდ, არ მქონდა ამის დრო, მაგრამ ვუყურებდი ფილმებს, ტელეგადაცემებს, ვუსმენდი ქართულ სიმღერებს. გიგის ვეხუმრები ხოლმე, ქართულად შენი სიმღერებით ვლაპარაკობ-მეთქი. გიგი დამეხმარა ბევრ რამეში, რაც ეხება საქართველოს. ახლახან, ესპანეთიდან რომ ვბრუნდებოდი, აბსოლუტური განცდა მქონდა, რომ სახლში მოვდიოდი. ამის გამო ძალიან მადლობელი ვარ საქართველოსი, რადგან ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, აქ მთავარი ისაა, თქვენ როგორ იღებთ ადამიანებს, ამის წყალობით ყველაფერი იოლი და სასიხარულოა. ზოგადად, მგონია, რომ უკრაინელები და ქართველები ბევრ რამით ჰგვანან ერთმანეთს.

ყველაზე დიდ მსგავსებას რაში ხედავთ?

საქართველოში ისევე, როგორც უკრაინაში, ადამიანები რეგიონების მიხედვით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მე, მაგალითად, დონეცკიდან ვარ და ძალიან მიყვარს იქაურები. რომც არ მითხრან, რომ ადამიანი დონეცკიდანაა, ალბათ, მაინც ვიგრძნობ ამას რაღაცნაირად. ეს საოცარი რამაა. იგივე საქართველოშიც ვიგრძენი. სასიამოვნოა, როცა გიყვარს, აფასებ და უფრთხილდები შენიანს, ამაყობ მისით. ეს საქართველოში კიდევ უფრო კარგად ვისწავლე.

რა მოგწონთ საქართველოში განსაკუთრებულად?

ის, რომ ოჯახური ღირებულებები მგონი არსადაა ისე შენარჩუნებული, როგორც აქ. უკრაინაშიც კი ვხედავ, რომ ოჯახური ფასეულობები რაღაცნაირად ფერმკრთალდება, ძალიან ბევრი წყვილი შორდება ერთმანეთს, ეს ხდება ხმაურიანად, თითქოს დემონსტრაციულად, რაც, ვფიქრობ, ძალიან ცუდად აისახება ახალგაზრდების აღქმაზე.

როგორი დედა ხართ?

სიგიჟემდე მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ შემიძლია სრულიად მშვიდად დავტოვო, მაგალითად, ძიძასთან ან დედასთან და ჩემს საქმეებზე წავიდე. დამოუკიდებლობის საშუალებას ვაძლევ მათ. ვცდილობ აქედანვე იცოდნენ, რომ ყველას აქვს თავისი სივრცე – მეც, მათაც – და ხანდახან ერთმანეთის სივრცე არ უნდა დავარღვიოთ. მგონია, რომ ამისი ცოდნა ძალიან გვეხმარება ცხოვრებაში. 12 წლის ვიყავი, როცა ჩემი ძმა გაჩნდა და, მახსოვს, თავი ზრდასრულ, დამოუკიდებელ ადამიანად ვიგრძენი. დავდიოდი საბავშვო ბანაკებში, მშობლების გარეშე მივფრინავდი ლონდონში და ეს ძალიან მომწონდა. სწრაფად ვითარდები, როცა თავს დამოუკიდებლად გრძნობ.

ოცნება გიყვართ?

მეოცნებე ვარ, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჯობია კონკრეტულ რაღაცებზე იოცნებო და არა რაღაც ზოგადზე. მაგალითად, მოგზაურობა მინდა კი არა, მინდა წელს წავიდე ბარსელონაში, მომავალ წელსჟენევაში… ანდა, მაგალითად, აივანზე მცენარეები მინდა კი არა, მინდა ზეთისხილის ხე ან მანდარინი… რასაც კონკრეტულად ამბობ და ვიზუალიზაციას უკეთებ, ასრულებას იწყებს.

დღეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებაა. ამას ვამბობ ყოველ დილით, თვალის გახელისთანავე. ასე, პირდაპირ და კონკრეტულად, როგორც მინდოდა მანდარინის ხე და ახლა ის წინ მიდგას, აივანზე. უკრაინის გამარჯვებაც მალე იქნება, მჯერა.