ჰარმონიისა და თავისუფლების კარი — ირინა ხომასურიძე, სოფიო მაკარაშვილი, მიშა ავსაჯანიშვილი

კარს შეაღებთ და მრავალფეროვან სამყაროში ხვდებით, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. სივრცე, ინტერიერი, სულ პატარა დეტალებიც კი და, რა თქმა უნდა, სამზარეულო – აქ ყველაფერი ფერადი და ყველაფერი ერთმანეთზე ლამაზია. კარს მიღმა არსებული გარემო განწყობაზე რამდენიმე წუთში მოქმედებს და ხვდები, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობ. სად ვართ? ლისზე, რესტორან „კარი“-ში.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ახალი შესაძლებლობების კარი ირინა ხომასურიძემ საკუთარ თავს დაახლოებით ერთი წლის წინ გაუხსნა. ჰორეკა ბიზნესში ხანგრძლივი გამოცდილების მქონემ გადაწყვიტა, რომ შეექმნა ისეთი ობიექტი, რომელიც მის იდენტობასთან ახლოს იქნებოდა. თუმცა, ვიდრე აქამდე მივიდოდა ირინას ცხოვრებაში ბევრი ამბავი იყო.

„გაჭირვებაგამოვლილი ბავშვობიდან მოვდივარ, ალბათ სწორედ ამან მომცა ძალა, იმისთვის რომ ყველაფრისთვის მიმეღწია. მუშაობა პირველად 19 წლის ასაკში დავიწყე და მას შემდეგ არ მახსენდება პერიოდი, როცა დასაქმებული არ ვიყავი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ვიშრომე, რათა აქამდე მოვსულიყავი“, – ირინა ხომასურიძე.

ჰორეკა სექტორში გამოცდილება წამყვანი კომპანიების საშუალებით დააგროვა, ოღონდ ირინა მაშინ კვების ობიექტების მფლობელებს სპონსორის პოზიციიდან ესაუბრებოდა. ეს გამოცდილება საუკეთესოდ მაშინ გამოადგა, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილი გაცვალა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენელი თავად გახდა.

„რამდენიმე წლის წინ, საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, აი ისეთი, ნათელი წერტილი რომ არსად ჩანს. ამ დღეებმა არანორმალური ძალა მომცა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ უნდა გამეკეთებინა საკუთარი ბიზნესი, ის რისი კეთებაც ვიცოდი. ეს რესტორანი „ჩვენი“ იყო, მაშინდელ პარტნიორ გურამ ბაღდოშვილთან ერთად “, – ირინა ხომასურიძე.

პროექტმა გაამართლა, მაგრამ მალევე ირინამ არჩევანი მეგობრობაზე გააკეთა და ბიზნესში საკუთარი წილი დათმო და „კარის“ შექმნის ისტორიაც დაიწყო.

„კარი“ იმიტომ დავარქვი რომ ეს ჩემთვის შესაძლებლობების ახალი კარი იყო, პირველად სრულიად მარტო დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი. გამიმართლა პარტნიორებში, ისინი მენტალურად ძალიან ახლოს არიან ჩემთან. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ცხოვრების გზაზე შემხვდნენ მნიშვნელოვანი ადამიანები, დღეს შემდგარი რომ ვარ ამაში მათი დიდი წვლილია. მგონია, რომ პიროვნებად ჩამოყალიბებას დაახლოებით 35 წელი სჭირდება, შემდეგ წლებში კი შენი სახელი მუშაობს შენზე“, – ირინა ხომასურიძე.

ირინა ხომასურიძეს დღევანდელი მოცემულობა სრულად აკმაყოფილებს, უყვარს საკუთარი თავი და უკან მოიტოვა დრო, რომელიც ჰარმონიის ძებნას დასჭირდა. მთელი გულით დაწყებული ბიზნესი სწრაფად განვითარდა, ირინამ განვითარება გაფართოებისთვის გამოიყენა და ახლა რესტორანი „კარი“ ბაკურიანში ორ ლოკაციაზე დაგხვდებათ.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან ახლოს ყოფნა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დეტალებს, სივრცეს, ინტერიერს, ბუნებრივია მნიშვნელოვანია სამზარეულოც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ბრენდს თავისი სული აქვს. ჩემი ბრენდი ძალიან მგავს, „კარი“ ჩემსავით ფერადია, აქ მოსვლა ჩემთვის სიამოვნებაა. ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, რომ კაპიტალს აგროვებ იმით, რასაც ანაზღაურების გარეშეც გააკეთებდი“, – ირინა ხომასურიძე.

მართვის სტილი განსხვავებული აქვს, საქმეს იმ ადამიანებთან ერთად აკეთებს, რომელთათვისაც „კარში“ საქმიანობა ზუსტად ისეთივე სასიამოვნოა, როგორც მისთვის. ამიტომაც გუნდის შერჩევისას მაქსიმალურად თავისუფალ ადამიანებს ეძებდა, ამას ირინასთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„მე ჩემს ბრენდს მრავალფეროვნება ვაჩუქე, „კარში“ თავისუფლება შემოვიტანე, იმ ადამიანების საშუალებით, რომლებიც აქ მუშაობენ. მაგალითად, არ ვზღუდავ ფორმის ჩაცმის მოთხოვნით. არის შემთხვევები, როცა სტუმრებს თავადაც ვემსახურები, ასე მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი მაქვს და ამ გზით ჩვენ შესახებ ბევრ რამეს ვიგებ. ასე ჩემს თანამშრომლებთან ერთ საფეხურზეც ვდგები, თუმცა ადამიანები, რომლებიც „კარში“ მუშაობენ სუბორდინაციას მაინც იცავენ, აუცილებელია მეგობრობა და საქმე ერთმანეთში არ აგვერიოს. ადამიანს უნდა ჰქონდეს ისეთი შინაგანი კულტურა, რომ ხვდებოდეს რატომ არის აქ ასეთი თავისუფლება და ის ბოროტად არ გამოიყენოს“, – ირინა ხომასურიძე.

„კარის“ ინტერიერი სრულად ირინას დიზაინითაა შექმნილი. მოგზაურობიდან ხელცარიელი არასოდეს ბრუნდება. კარში მისულ სტუმრებს ხშირად მფლობელი ფუნჯით ხელში ხვდება, ეს იმიტომ რომ „კარი“ ირინასთვის სახლია.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ირინა ხომასურიძის ცხოვრებაში ახლა ის ეტაპია, როცა უნდა რომ დარჩენილი წლები საკუთარ თავთან ჰარმონიულ ყოფნაში გაატაროს, ამიტომაც დღის წესრიგში ახალი ფილიალების გახსნა არ დგას. მეტიც აპირებს, რომ გარკვეული პერიოდით ბალიზე წავიდეს და ახლა ირინას გადაწყვეტილებით სოფო მაკარაშვილის შესაძლებლობების კარი იხსნება.

„როცა მეტ თავისუფლებას ახალგაზრდებს აძლევ, ეს ბიზნესის განვითარების წინაპირობა ხდება, ახალგაზრდები უფრო მოტივირებულები არიან და უფრო დიდი ენერგეტიკის მატარებლებიც. ასე შენს ბიზნესსაც წარმატებულს ხდი და ახალგაზრდების განვითარებაშიც შეგაქვს წვლილი. ჩემს შემთხვევაში ასეთი სოფოა, რომელიც წლებია ჩემთან ერთად მოდის. ის სულ ანათებს, სულ ბრჭყვიალა და კაშკაშაა. მე „პენსიაში“ გავალ და სოფო იქნება ჩვენი დირექტორი“, – ირინა ხომასურიძე.

როგორც ირინა აღნიშნავს, ახალ ხელმძღვანელს გუნდი დადებითი ემოციებით შეხვდა. მიუხედავად იმისა რომ სოფოს, როგორც თავად ამბობს, თვალდახუჭული ენდობა, არ გამორიცხავს, რომ პირველ ეტაპზე შეცდომებიც იყოს, თუმცა თავად ამისთვისაც მზად არის.

„არ მოგატყუებთ, ირინასთვის ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანია, აქედან გამომდინარე, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და საკუთარ თავს უმაღლესი მოთხოვნები დავუწესე“, – სოფო მაკარაშვილი.

პროფესიით ფსიქოლოგს პროფესიით არასოდეს უმუშავია, თუმცა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება, ეს კი ის არის, რაც ყველაზე მეტად აბედნიერებს.

„დამოუკიდებლობას ბავშვობიდან მიმაჩვიეს. მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ მქონდა, 16 წლიდან მუშაობა დავიწყე, მაშინ პრომო გოგონა ვიყავი. ვინაიდან მიყვარს ძიება, ახალი საქმის შესწავლა, ხალხთან კომუნიკაცია და სამზარეულოც ჩემი დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომ მის ობიექტზე მისვლის უფლება მოეცა, რათა სამზარეულო უკეთ შემესწავლა. შემდეგ ამ მიმართულებით რამდენიმე ობიექტი გამოვიცვალე, თუმცა პარალელურად თვალი მუდმივად ბარისკენ გამირბოდა, ვხედავდი, რომ იქ ადამიანებთან უფრო მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობა იყო“, – სოფო მაკარაშვილი.

სოფოს და ირინას გზები პირველად რესტორან „ჩვენის“ პროექტში გადაიკვეთა. იხსენებს, რომ მფლობელის და გუნდის კეთილგანწყობა მალევე მოიპოვა. როცა ირინას „კარის“ იდეა გაუჩნდა, სოფოც თან გაჰყვა, გზა რთული გამოდგა, დროში ეს პროცესი პანდემიას დაემთხვა, სხვა საქმეზეც დაიწყო ფიქრი, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც „კარზე“ გააკეთა. აქაც ბარმენობით დაიწყო, დღეს კი უკვე ირინას პარტნიორია და უყვარს ადგილი, რომელიც მათ ერთიანი ძალებით შექმნეს.

„რადგან ვიცი სტუმარმასპინძლობის სფეროში სხვადასხვა პოზიციას რა სირთულეები ახლავს თან, ვცდილობ თანამშრომლებს დაბალანსებული გარემო შევთავაზო. მე პირადად კარიერული არჩევანი არასოდეს გამიკეთებია მხოლოდ ხელფასის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი შეთავაზებები მქონდა. სამუშაო გარემოა ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩემთვის ბედნიერების განცდის მომტანი გარემო მაინც ყველაზე ღირებულია. „კარში“ თითქმის ყველა ერთმანეთს ვგავართ, ჩვენთვის მთავარი თავისუფლებაა. „კარი“ ღიაა ლგბტ თემისთვის, აქ ყველა თანასწორია“, – სოფო მაკარაშვილი.

სოფოს დაწინაურებით, გუნდს ირინასთან არსებული ბარიერები მოეხსნა, კარგად იციან, რომ ახალი ხელმძღვანელიც მათი წიაღიდან არის და ეს, როგორც სოფო გვეუბნება, კომუნიკაციას ორი მხარისთვის აადვილებს.

„რადგან ირინამ იცის ოპერაციულ ნაწილში ჩემი შესაძლებლობები, რასაც ვცდილობ უფრო განვავითარო, ალბათ ამიტომაც გამომიცხადა ამ მასშტაბის ნდობა, შიდა სამზარეულოშიც აქტიურად ვარ ჩართული. კარგად მაქვს გააზრებული, რომ ჩემი წარმატება დამოკიდებულია გუნდზე. ჩვენთან ყველა რგოლი ჯაჭვურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ერთის წარმატებული მუშაობა, განაპირობებს დანარჩენის წარმატებას და პირიქით“, – სოფო მაკარაშვილი.

სოფო არის ყველგან, სადაც საჭიროა, მათ შორის ბაკურიანშიც. რადგან ზამთრის კურორტზე კადრის პოვნა რთულია, თანამშრომლები ბაკურიანში სეზონურად თბილისიდან ჩაჰყავთ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

რესტორანი „კარი“ არ არსებობს შეფის მიშა ავსაჯანიშვილის გარეშე, რომელიც ირინას წლების მეგობარია.

„მიშა არის ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი რომელიც „კარის“ იდეის დროს სრულიად უანგაროდ დამიდგა გვერდით. ახლაც არ მჯერა, რომ ადამიანები აკეთებენ იმას, რაც მიშამ ჩემთვის გააკეთა“, – ირინა ხომასურიძე.

„მიშა ერთადერთი და განუმეორებელი თავისი საქმის პროფესიონალია. „კარი“ მიშას გარეშე წარმოუდგენელია და მიუხედავად მისი საკმაოდ დატვირთული განრიგისა, ის ყველა გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ჩვენთან არის“, – სოფო მაკარაშვილი.

ირინას შეთავაზებას სიხარულით დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ბევრი საინტერესო პროექტი არსებობს, სულიერმა სიახლოვემ ყველაფერი გადაწონა. „კარს“ მიშაც სახლს ადარებს და იქ მისვლა მასაც ძალიან უხარია. ყოფილა შემთხვევები, როცა „კარის“ გარემო მისთვის ინსპირაციის წყაროც გამხდარა.

„ხშირად ხდება, როცა მეგობრობა საქმეში გადადის ბევრი ნეგატივი იჩენს თავს, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი დადებითისკენ შეიცვალა. ეს ურთიერთობა აქამდეც მყარი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში სხვა მასშტაბი შეიძინა. ჩვენი დამოკიდებულებები, ერთმანეთზე ზრუნვა უკვე „კარს“ სცდება. სტაფიც განსხვავებულია და მართვის სტილიც. ირინა ხშირად გვეკითხება აზრს, კონსულტაციებს გადის ჩვენთან და დროთა განმავლობაში დავაკვირდი, რომ რასაც ირინა ამბობს, ყოველთვის ყველა ნამდვილი და სწორი გამოდის. ის ძალიან განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანია, ეს კი აისახება გუნდზე, მენიუზეც და ინტერიერზეც. მართალია სრული თავისუფლება გვაქვს, მაგრამ ამ საყვარელი გოგოს უკან რუხი კარდინალი იმალება, რომელიც ვფიქრობ თავისი თავის მადლიერი უნდა იყოს, ეს ყველაფერი თავად შექმნა“, – მიშა ავსაჯანიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, მიშა „კარისთვის“ დროს ყოველთვის პოულობს. გადაღლილობის განცდას ჯერ არ უჩივის, მისთვის საუკეთესო დასვენება გართობაა, ამას ახერხებს თბილისშიც და ქვეყნიდან ხანმოკლე გასვლების დროსაც.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

ირინას მეტი დროის დათმობა ჯერ საკუთარი თავისა და შვილებისთვის უნდა. უფროსი შვილი „კარში“ მუშაობს, ეს მისთვის დროებითი სამსახურია, რადგან საკუთარ მომავალს ჰოლანდიაში ხედავს. ირინას უმცროსი შვილი თინეიჯერია, ოჯახისა და ჰორეკა სექტორის შეთავსების სირთულე სწორედ შვილის რთულმა ასაკობრივმა პერიოდმა გააცნობიერებინა.

„ჩემი შვილისთვის უფრო მეტი დრო მჭირდება,მინდა შვილებთან ჩემი პირადი ურთიერთობები მქონდეს, ალბათ „კარიდან“ ოდნავ გვერდით გაწევის გადაწყვეტილებას ამ სურვილებმა მიმაღებინა“, – ირინა ხომასურიძე.

როგორც ზემოთ ვწერდი, უახლოეს მომავალში ახალი ობიექტების გახსნა დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ირინა ხომასურიძე განვითარებაზე ფიქრს აგრძელებს.

„გარკვეული დროის შემდეგ ჩართულობა ალბათ ძალიან მომინდება, ახალი პროექტიც კავშირში „კართან“ იქნება, მინდა რომ ეს ბრენდი მხოლოდ საქართველოში არ ოპერირებდეს, არ გამოვრიცხავ „კარი“ არსებობდეს სადმე აზიაში ან ევროპაში, ვფიქრობდი ამერიკაზე, მაგრამ შტატებში იმდენად სწრაფი ტემპი და დიდი მასშტაბია ახლა ამისთვის მზად არ ვარ, დასვენების შემდეგ შეიძლება ამ იდეასაც მივუბრუნდე. მაგალითად „კარი“ ძალიან მიუხდებოდა ბალისაც. ერთი რამ ზუსტად ვიცი, განვითარება გარდაუვალია“, – ირინა ხომასურიძე.