მოძრაობა როგორც შესაძლებლობა

პირველად გუნდის ხელმძღვანელი 20 წლის ასაკში გახდა. მაშინაც და ახლაც მისი პროფესიული ღირებულებები სანდოობას, პასუხისმგებლობას, სამართლიანობასა და გახსნილობას ეფუძნება. კრეატიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა და პროგრესულობა კი ის პიროვნული თვისებებია, რომელიც ნათიას პროცესების მართვაში ეხმარება. ამ წლების განმავლობაში მის კარიერაში პროცესიც ბევრი იყო და სფეროც, სადაც ძალები მოსინჯა და საკუთარი სიტყვა თქვა. ნათია კაპანაძის 17 წლიან სამუშაო გამოცდილებაში იყო მარკეტინგში, გაყიდვებსა და კომერციულ მიმართულებაში ხელმძღვანელის პოზიციები. ახლა ის  „ევექსი კლინიკებ“- ში მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების დირექტორია და  მარკეტინგის, PR-ის, ბრენდინგის, პროდუქტების განვითარებას, გაყიდვების და კომერციულ მიმართულებებს ხელმძღვანელობს.

ნათია, „სამედიცნო კორპორაცია ევექსში“ 2018 წელს კომერციული მიმართულებით მენეჯერის პოზიციაზე მიდის, 2019 წელს „ევექსი კლინიკები“-ს კომერციულ დირექტორის თანამდებობაზე ინაცვლებს, მეორე წელია ამავე კომპანიაში მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებს.

„მეექვსე წელია, რაც „ევექსში“,  ჯანდაცვის მიმართულებაში ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ აქამდე მიღებული პროფესიული გამოცდილებები ძალიან დამეხმარა, რათა ასეთ საპასუხისმგებლო სფეროში გუნდთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი შემექმნა.

ნათია კაპანაძე პირველი პროფესიით ჟურნალისტია და მისი პირველი სამსახური ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იყო. ბიზნესგადაცემა „კანდიდატში“ გატარებულმა წლებმა დაარწმუნა, რომ კომუნიკაციის უნარები მარკეტინგისა და ბრენდინგის  მიმართულებით გამოადგებოდა, ანუ სფეროში რაც მისთვის შემოქმედებით პროცესთან ასოცირდება.

„ჩემს პროფესიაში ძალიან მნიშნველოვანია აზროვნდებდე თავისუფლად, გქონდეს ახლის შექმნის სურვილი და  ადვილად ხედავდე მომავლის განვითარების პერსპექტივებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მუდმივად შემოქმედებით და განახლების პროცესში ხარ და ქმნი ახალ შესაძლებლობებს, როგორც ბიზნესისთვის, ისე გუნდისთვის და პირადი გამოცდილებისთვის. ბიზნესში, სადაც არ არსებობს კრეატიული მიდგომები ჩემთვის ძალიან მოსაწყენია და ვფიქრობ, ესეთი ბიზნესები პროგრესშიც ნაკლებად არიან. გამოწვევაა, როდესაც ბაკალავრის მიმართულებით ჟურნალისტი ხარ და გიწევს ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სრული გადალაგება, მაგრამ ჩემი პროფესია მაძლევს შესაძლებლობას არ ვთქვა უარი შემოქმედებით პროცესზე და სხვადასხვა ინდუსტრიაში წარმატებით მუშაობის საიდუმლოც ამაშია, არასდროს ვყოფილვარ მხოლოდ ბიზნეს ადმინისტრირების  მენეჯერი, ყოველთვის ვცდილობ შევინარჩუნო კოლაბორაცია კრეატიულ მიდგომებსა და ბიზნეს ადმინისტრირებას შორის“.

მარკეტინგში ნათია პირველ ნაბიჯებს 2006 წელს დგამს და სარეკლამო სააგენტოში მიდის. ეს ის პერიოდია, როცა როგორც თავად გვეუბნება, ბაზარზე დიდი შესაძლებლობები ჯერ არ არსებობდა და გაუმართლა, რომ მოხვდა სარეკლამო სააგენტოში, სადაც წლების განმავლობაში  ხელმძღვანელობდა “Procter&Gamble”, “თიბისი ბანკი”, “ელიტ ელექტრონიქსი”, “Beko”, “ბანკი რესპუბლიკა”, “ნატახტარი”, “Danone”, “ბორჯომი”, “ლიკანი”, “ბაკურიანი”, “პსპ”, “ალტა”, “ავერსი” და სხვა კომპანიების მარკეტინგულ და პიარ პროექტებს.

„სარეკლამო სააგენტოში მისვლიდან მალევე მთავარი პროექტების მენეჯერის პოზიცია შემომთავაზეს და შედეგად  წამყვანი ბრენდების მარკეტინგული პროექტების მენეჯმენტი  ჩავიბარე. პირველი ნაბიჯები არ იყო მარტივი, მაგრამ როდესაც საქმეს მთელი გულით აკეთებ და ბოლომდე იხარჯები  შემდეგი ეტაპები აუცილებლად მარტივდება“.

ნათია გვიყვება, რომ სარეკლამო სფეროში ყოფნის წლებმა, არაერთ წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობის საშუალება მისცა, რაც საბოლოო ჯამში მენეჯერად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. დიდი კომპანიების მენეჯერული პოზიციებისკენ გზა სწორედ ამ პერიოდში განხორციელებულმა წარმატებულმა პროექტებმა გაუხსნა.

2014 წლამდე ნათია კომპანიებში „ბერტა“ და „უნისონი“ გაყიდვების დეპარტამენტებს და „ულტრა“-ში მარკეტინგის დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა.

„მიმუშავია რამდენიმე ინდუსტრიაში და გუნდის სპეციფიკა და ხასიათი მუდმივად იცვლებოდა, შესაბამისად მართვის სტილიც განსხვავებული იყო, მაგრამ  ყოველთვის ვინარჩუნებდი შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებულობას. იქედან გამომდინარე რომ მიმუშავია როგორც შემსრულების და ისე დამკვეთის მხარეს, ვარ დეტალებზე ორიენტირებული, ეს დამოკიდებულება მეხმარება, რომ ჩემი და ჩემი გუნდის შედეგები ყოველთვის პოზიტიური იყოს. ამოცანების მართვის დროს გუნდთან მუშაობის პროცესში მაღალი ჩართულობა ჩემი პრიორიტეტია, თუმცა  ბოლო წლების გამოცდილებამ და ჩემმა გუნდმაც მომცა შესაძლებლობა, რომ დელეგირების პროცესში თამამი ვიყო, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ.  ზოგადად ვფიქრობ, რომ მენეჯერული მართვის სტილი ძალიან პიროვნულია და კარგი მენეჯერი მუდმივ პროგრესში უნდა იყოს. მენეჯერობა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან შენ ხარ პასუხისმგებელი არა მხოლოდ  შედეგებზე და კონკრეტულ KPI-ების შესრულებაზე, არამედ ადამიანების კარგად ყოფნაზე, მათ მოტივაციაზე და შეიძლება ითქვას ბედნიერებაზეც, რომ მათი ყოველდღიური რუტინა არ იყოს  წარუმატებელი და ემოციურად დამრთგუნველი. ამ ყველაფრის ბალანსი ძალიან რთულია, განსაკუთრებით კრიზისების დროს, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს უდგას და ხშირად სტრესის ხარჯზე ხდება სხვადასხვა შედეგებზე გასვლა. მრავალწლიანმა გამოცდილებამ ნათლად დამანახა, რომ რასაც და რისთვისაც არ უნდა აკეთებდე, მთავარი ადამიანები და მათი ემოციებია. მენეჯერებს ხშირად გვაქვს სასწორი, როდესაც უნდა მიივიღოთ გადაწყვეტილება, რა დროსაც ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ მნიშვნელოვანია იყო მართალი. ჯამურად ჩემი მენეჯერული მართვის სტილი ემოციურია, რადგან ემოციების გარეშე ვფიქრობ ღირებულება არ იქმნება“.

2014 წლიდან ნათია კაპანაძის კარიერა ლიტვური საერთაშორისო ჰოლლდინგის ACME GROUP-ის წევრ კომპანია ACC Distribution-ში გრძელდება, სადაც საქართველოში საერთაშორისო ბრენდების Dell, ASUS, Acer, Lenovo, Philips, Midea, Microsoft, Daewoo და სხვის მარკეტინგს ხელმძღვანელობდა.

„გარდა ქართულ ბრენდებთან მუშაობისა, ლიტვურ საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება იყო. ოთხი წლის განმავლობაში აქ ვისწავლე რა იყო ევროპული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბრენდების ბიზნეს მიდგომები, მათი მარკეტინგი, ბრენდინგი და პროდუქტების განვითარების ხაზი. საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებამ მასწავლა თანამედროვე მიდგომები, განსხვავებულად ფიქრი და კიდევ უფრო დამარწმუნა რამდენად მნიშვნელოვანია იყო მუდმივ პროგრესში“.

ნათია კაპანაძე გვიხსნის, რომ კომერციის და კომუნიკაციების სფეროში მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი, კომუნიკაცია თუ ბრენდი სანდო იყოს, პროცესის უკან მდგომი ხელმძღვანელი კი იღებდეს პასუხისმგებლობას, იყოს სამართლიანი, რათა შედეგი ორივე მხარისთვის მომგებიანი დადგეს. ბიზნესის ამ სფეროში ამ მიდგომას Win Win პოზიციას ეძახიან. პროფესიულ ღირებულებებს შორის ნათია გამოჰყოფს გახსნილობას და ორგანულობას, რადგან მიაჩნია, რომ ზედმეტად დისტანციური და ჩაკეტილი დამოკიდებულებები ბიზნეს შესაძლებლობებსაც კეტავს.

„თანამედროვე მომხმარებელთან კომუნიკაციში დიდი მნიშვნელობა აქვთ ადამიანებს, მათ ღირებულებებს, მათი საჭიროებების სწორად გათვალისწინებას და მათთვის შექმნილ ღირებულებას. ჩემი პროფესია ამას ემსახურება და აქ არ შეიძლება არ იყო სანდო, ვერ იქნები უპასუხისმგებლო და უსამართლო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყო უშუალო და open minded“.

პროფესიული წარმატება, არც თუ იშვიათად პიროვნულ თვისებებზეც არის დამოკიდებული. როცა ნათიას ამ საკითხზე ვკითხეთ,  საკუთარი ხასიათის მნიშვნელოვან შტრიხებს შორის კრეატიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა და პროგრესულობა გამოჰყო. ნათია კაპანაძისთვის ახალ პროექტზე მუშაობას შინაგანი კომფორტი მოაქვს, ეს კი მას კრეატიულს ხდის.

„კრეატივის შემდეგ შედეგზე ორიენტირებულობა არის ის განსაკუთრებული თვისება, რომელიც ჩვენს პროფესიაში კრიტიკულად მნიშნველოვანია. ასევე თუ არ ხარ პროგრესზე ორიენტირებული, არ გიყვარს ფიქრი “Outside the box” უბრალოდ ვერ შექმნი ღირებულს ვერც შენთვის, ვერც  გუნდისთვის და ვერც კომპანიისთვის. ყველაფერი რასაც არ უნდა ქმნიდე უნდა გადიოდეს იმ შედეგზე, რაც შექმნამდე მიზნად დაისახე. ბიზნესში ბევრი გამოწვევები ჩნდება, რესურსები ყოველთვის ისე არ გვაქვს როგორც ეს შედეგს სჭირდება,  ამიტომ მნიშვნელოვანია მიზანსწრაფულობა და სწორი ფოკუსი, იმისთვის რომ გუნდი  საბოლოო შედეგზე გაიყვანო. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია არ შეეგუო ყოველდღიურობას, ნელ ტემპს და არ იმოძრაო ერთიდაიგივე წრეზე, განსაკუთრებით მაშინ თუ ამ წრეზე სიარულის რესურსი ნელ-ნელა იწურება“.

გამოცდილებამ და პარტნიორებმა განსხვავებულად ფიქრი ასწავლეს, ასწავლეს რომ ზოგჯერ საჭიროა იყო ბავშვი და შენს თავს ყველაფერის უფლება მისცე, რათა დაინახო სამყარო ისეთი „funny“ როგორიც ყველას უნდა რომ იყოს. ნათიას მიაჩნია, რომ წარმატებისთვის საჭიროა დაიჯერო უსასრულო შესაძლებლობების და კრეატიული იდეისთვის შეძლო თუნდაც დროებით გააქრო ბარიერები, რისკები და სტერეოტიპები.

როცა საქმე გამოწვევას ეხება, ნათია კაპანაძე მათ როგორც ახალ შეძლებლობას ისე უყურებს, ასე წინაღობასთან გამკვლავება უფრო მარტივად გამოდის. ეხმარება გამოცდილებაც –  იცოდე როგორ იმუშაო პრობლემების გადაჭირაზე არსებული მოცემულობსა და რესურსების გათვალისწინებით.

ნათიასთვის, როგორც მენეჯერისთვის თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება პრიორიტეტებს შორისაა, თუმცა 17 წლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ აქ დაწერილი წესები არ მუშაობს და რომ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომები, ასევე მთავარია გულწრფელად გინდოდეს შენი თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესი ბედნიერების და წარმატების მომტანი იყოს.

„ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია პერსონალური მიდგომები, საჭიროა მენეჯერმა ზუსტად იცოდეს საკუთარი გუნდის წევრების ხასიათი, მათი საჭიროებები, მათი შესაძლებლობები და იყოს  მათი წარმატების მხარდამჭერი. მოტივირებული გუნდი მენეჯერისთვის ყველაფერს ნიშნავს, მქონია ბევრი გამოწვევა და ბევრი სხვადასხვა სცენარი, მენეჯერის ცხოვრებაში ეს გარდაუვალია, მაგრამ მთავარია დროულად შეძლო დაინახო შენი, როგორც მენეჯერის სახე შენი გუნდის თვალში, შენი გუნდის რეალური შესაძლებლობები და შეძლო მუდმივად მართო მათი მოტივაცია. მოტივირებული გუნდი უკვე გაკეთებული საქმის მინიმუმ 60%-ს ნიშნავს და ემოცია, რაც მოტივირებულ თანამშრომლებს შეუძლიათ მოიტანონ ხშირად შედეგებზე მეტია“.

ნათიას სჯერა, რომ წარმატება ყოველთვის წინ სიარულით არ მოდის და რომ ზოგჯერ ორი ნაბიჯი უკან უფრო სწორი გზაა. ამაში ყველაზე

უკეთ პოზიტიური ლიდერშიპის იმ პროგრამის გავლის შემდეგ დარწმუნდა, რომელის მონაწილე „ევექსი კლინიკების“ მხარდაჭრით იყო.

„ერთ-ერთ გასვლით აქტივობაზე კლდეზე ცოცვის გაკვეთილი გვქონდა, სადაც საინტერესო მაგალითებით ვისწავლე, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც  საჭიროა წინ სვლის ნაცვლად ორი ნაბიჯის უკან გადმოდგმა, იმისთვის რომ შემდეგ წარმატებისკენ უფრო სწორი გზა იპოვო. ვფიქრობ წარმატებული ადამიანებისთვის და განსაკუთრებით მენეჯერებისთვის დანებება უცხო სიტყვა არის, არსებობს ტაქტიკის და სტრატეგიის შეცვლა, რომელიც ხშირად შესაძლოა პაუზას ნიშნავდეს, ან უკან ორ ნაბიჯს, რომელიც შემდეგ წინ გადადმულ ათ ნაბიჯზე გაგიყვანს“.

რა შემთხვევაში გვეხსნება გზა წარმატებისკენ? ანუ რაში მდგომარეობას ნათიას წარმატების ფორმულა? ნათიას მიაჩნია, რომ მთავარია ზუსტად ვიცოდეთ რა გვინდა, ვიაზროვნოთ პოზიტიურად, ვიყოთ მართალი საკუთარ თავსა და გარემოსთან, დავიხარჯოთ თუნდაც პატარა საქმისთვის ბოლომდე.

ნათია კაპანაძის კარიერული მიზანი საკუთარი ბრენდის შექმნაა, ისეთის რომელიც ადამიანებს ბედნიერებას  მოუტანს და ცხოვრებას გაუმარტივებს. ჯერ ზუსტი მონახაზი არ აქვს, მაგრამ მუდმივად ხედავს სცენარს, როგორ ეხმარება საკუთარი საქმით ადამიანებს, რომ მათ უკეთესად იცხოვრონ.

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან სწაფად პროგრესირებად სამყაროში, სადაც ნებისმიერი პროფესია და განსაკუთრებით მარკეტინგი, კომერცია და ბიზნესი არის უსწრაფეს ტემპსა და გადალაგებაში.  მთავარია იყო მოძრაობაში, რომელიც შენს გარშემო ქმნის ახალ ინფორმაციებს, გამოცდილებებს, ურთიერთობებს, რაც შენი გამოცდილებით თანამედროვე მსოფლიოსთან ინტეგრაციაში გეხმარება. ამისთვის ცხადია მუდმივად სწავლობ, განსაკუთრებით ძალიან მნიშნველოვანია აკადემიურ ნაწილი. მნიშნველოვანია, რომ ეს ცოდნა იყოს მრავალფეროვანი. გარდა იმისა რომ ვარ ESM-ის ბიზნეს სკოლის MBA OM მაგისტრი, მუდმივად ვცდილობ დამოუკიდებლად დავესწრო სხვადასხვა ტრენინგ პროგრამებს, ვიყო კომპანიაში არსებული სხვადასხვა საგანმანათლებო პროგრამებში  ჩართული“.