უსაზღვრო პასუხისმგებლობა | ინტერვიუ ნინო ქანთარიასთან

დღის ნებისმიერ მონაკვეთში, „გაგუას კლინიკაში“ ნინო ქანთარიას სამუშაო კაბინეტთან გრძელი რიგია. პაციენტები ექიმთან შესვლას, რომელსაც განსაკუთრებით ენდობიან, ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაშიც ელოდებიან. ცოცხალ რიგში ნახავთ ორსულებს, უშვილო წყვილებს და სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემებით შეწუხებულ პაციენტებსაც, რომელთა ბოლო იმედი ხშირად სწორედ ნინო ქანთარიაა ‒ მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი, რომლის პროფესიული საქმიანობა უკვე 30 წელს ითვლის. ამჟამად ნინო „გაგუას კლინიკაში“ ამბულატორიულ სამსახურს ხელმძღვანელობს, ის გინეკოლოგითა და რეპროდუქტოლოგთა სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციის წევრია.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტობა ხიბლავდა, სკოლის ოქროს მედალზე დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში აბარებს. პირველი სამსახური კი ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტია.

„პირველივე კურსიდან ამ პროფესიის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომედგინა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საქმე, როცა შენი ცხოვრება, ფაქტობრივად, აღარ გაქვს. არის დღეები, როცა პროფესიული სირთულეების გამო ამ პროფესიის არჩევას ვნანობ, თუმცა მხოლოდ ზოგჯერ. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. ძალიან მიჭირდა ოჯახური საქმეების, შვილების აღზრდისა და ერთდროულად სამსახურში დიდი დატვირთვის შეთავსება. უძილო ღამეების შემდეგ, თვალებზე საფენებს ვიფენდი და ისე ვმეცადინეობდი. როცა ამხელა ძალისხმევა გაქვს ჩადებული პროფესიაში, ბუნებრივია საქმე უზომოდ გიყვარდება. მესამე კურსიდან მე და ჩემი უფროსი შვილი, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ“.

ნინო ქანთარია იმ ექიმებს შორის არის, რომლებიც პაციენტებზე ფიქრისა და ზრუნვის ამბავს სამსახურში ვერ ტოვებენ. თავად გვეუბნება, რომ მათზე დარდი მრავალი უძილო ღამის მიზეზი ხდება.

„პაციენტი ექიმს ყველაფერს აპატიებს, დაუდევრობის და გულგრილობის გარდა.

ყველა ექიმს ჰყავს პაციენტი, რომელთანაც სასურველ შედეგს ვერ აღწევს, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ბრძოლისა და თავდადებისა. მეც მყოლია ასეთი პაციენტები, ერთად გვიბრძოლია და სასურველი შედეგისთვის ვერ მიგვიღწევია, თუმცა, ისინი ხედავენ ჩემს თავდაუზოგავ შრომას, უანგარო სიყვარულს და იციან, რომ ყველაფერს ვაკეთებ რაც ჩემზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ექიმს ღმერთის თანადგომა ყოველთვის სჭირდება“.

დამწყებ ექიმს ყოვილთვის სჭირდება ადამიანი, ვინც ხელს ჩასჭიდებს და პროფესიულ გზას გაუკვალავს. ამ გზაზე ნინოს ბევრი წინააღმდეგობების დაძლევა მოუწია.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

„იყო დრო, პაციენტი რომ შემოიხედავდა და პატარას დამინახავდა, კარს გაიხურავდა. დიდხანს ვიფიქრე ამ პრობლემაზე და მერე გამოსავლის მიზნით, დიდი სათვალე გავიკეთე, ასე ასაკის მომატებას ვცდილობდი“.

30 წლიანი კარიერის მიუხედავად, ნინოს ისიც კი ახსოვს, რომელი მედიკამენტები დაუნიშნა პაციენტს პირველად. კლინიკაში, ღამის მორიგეობაზე, პროფესიული ლიტერატურით დადიოდა და თავისუფალ დროს დამატებითი ცოდნის შესაძენად იყენებდა. ნინო ასეთ ღამეებს „სისხლიანი ცრემლების ღამეს“ უწოდებს.

„პირველი პაციენტი ჩემმა მეგობარმა მომიყვანა, ექვსი წლის უშვილო ქალი, მისი დიაგნოზი ახლაც მახსოვს, პაციენტი დაორსულდა, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სწორედ მაშინ ვირწმუნე. ბევრი დრო და ნერვები მიაქვს ამ პროფესიას. ზოგადად, არ ვარ ამბიციური. გამოცდილებას თავდაჯერებასთან ერთად შიში მოაქვს, სულ ვფიქრობ, რომ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად შიში მემატება“.

2011 წელს ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროში“ მიდის, რამდენიმე წელიწადში კი „გაგუას კლინიკაში“ გადადის. ეს ჩემი „ნავსაყუდელიაო“ გვეუბნება.

ნინო ექიმი გვიხსნის, რომ „გაგუას კლინიკაში“ სამედიცინო პერსონალის საქმიანობისა და პროფესიული განვითარებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. ჩვენთვის ყოველი დილა კონფერენციით იწყება, ამბობს, რომ ეს ერთგვარი საგანმანათლებლო ლექციაა. მისივე განმარტებით, საერთაშორისო გაიდლაინები და პროტოკოლები ექიმების სამაგიდო წიგნია, თუმცა მთავარი მაინც პაციენტია და მნიშვნელოვანია, რომ ეს გზამკვლევი სწორედ თითოეულ მათგანს მოარგო. შესაბამისად, დილის კონფერენციებზე ექიმები გამოცდილებებს ერთმანეთს და დამწყებ სპეციალისტებს უზიარებენ.

„გაიდლაინი და პროტოკოლი ნიმუშია, გზამკვლევი, რომელიც ინდივიდს უნდა მოარგო. ზოგჯერ პაციენტი საკუთარ ანამნეზს ერთი საათის განმავლობაში გვიყვება. მთავარია, ექიმს მოსმენა და პაციენტის პრობლემების გათავისება შეეძლოს. ჩვენ თუ საერთაშორისო გაიდლაინები ინდივიდებს არ მოვარგეთ, მაშინ რა საჭიროა ექიმი?! პაციენტი მასალებს ინტერნეტში გაეცნობა და თავად იმკურნალებს“.

ნინო ქანთარიას ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად, თვითმკურნალობა მიაჩნია და მის უარყოფით მხარეებზე გვესაუბრება. ამბობს, რომ ასეთი მიდგომა ხშირად ბანალური მდგომარეობის გართულებას იწვევს. ექიმს მიაჩნია, რომ მათ შორის თვითმკურნალობის შედეგია ის, რომ ზოგიერთი შედარებით მარტივი პათოლოგია კლინიკურ დაწესებულებებში ძალიან რთულად სამკურნალო ხდება. სამწუხაროდ, თვითმკურნალობის შემთხვევების წამახალისებელი ყველაზე ხშირად სოციალური ქსელებია.

„დაუშვებელია თვითმკურნალობა და არაპროფესიონალის რჩევით მკურნალობა, ეს საქმეს ართულებს. თვითმკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელება რთულდება და ფინანსური ტვირთიც იზრდება, მეტიც, თავად ექიმიც კი ვალდებულია მკაცრად დაუჯეროს მომიჯნავე სპეციალობის კოლეგებს.

ზოგადად, ადამიანი, რა გარემოშიც ცხოვრობს შესაბამისი კულტურა უყალიბდება. ის რომ სამედიცინო კულტურა არ არსებობს ეს ცალკე თემაა, თუმცა ხშირად ამის მიზეზი ჩვენი მოქალაქეების სოციალური პრობლემებია. სამედიცინო დაწესებულებებს ძირითადად ის პაციენტები აკითხავენ, რომლებიც კერძო დაზღვევით სარგებლობენ, სამწუხაროდ, სახელმწიფო დაზღვევა ყველა საჭირო კვლევას არ ანაზღაურებს და ამ ადამიანებს უწევთ თვითმკურნალობას მიმართონ“.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

მიუხედავად არსებული სოციალური ფონისა, ნინო ქანთარიას სამუშაო კაბინეტთან ზოგჯერ ცოცხალი რიგის კონტროლის პრობლემაც კი არის. თავად გვეუბნება, რომ პაციენტების სიმრავლე არ ღლის, მთავარია, მათზე სანერვიულო არ ჰქონდეს. მის პროფესიაში ბევრია სიხარულიც, მაგალითად, ნინო ექიმს ჰყავდა პაციენტი 11 მოშლილი ორსულობით და შემდეგ 10 წლიანი უშვილობით, ნინომ შეძლო და პაციენტთან ორსულობის დადგომას მიაღწია.ახლა ამ პაციენტს სამი ნანატრი შვილი ჰყავს. სწორედ ასეთ შედეგებს მოაქვთ ექიმისთვის ბედნიერება.

„თუ პაციენტი და საქმე გიყვარს, ეს უკვე შენი ცხოვრების წესია. ერთია საქმე და მეორე სრულად გააზრება, იმისა რომ შენს საქმეში ყველაფერი უნდა ჩადო, ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობაც კი. ჩემთვის ლიმიტირებული სამუშაო დრო არ არსებობს, ბოლო პაციენტის მიღებამდე კლინიკაში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს, სახლში დაბრუნებული უნდა ვიყო მეუღლე და დედა. ძალიან ბევრჯერ სახლში მისული უკან კლინიკაში დავბრუნებულვარ, ზოგჯერ სხვა ქალაქშიც წავსულვარ. ჩემთვის მთავარია, რომ პაციენტმა თავი იგრძნოს დაცულად. აქედან გამომდინარე, არც უქმეები მაქვს და არც შვებულება, ჩემი ტელეფონი არასოდეს ითიშება. დღის განმავლობაში კვებასაც ვერ ვახერხებ. ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ ყავის დასალევადაც ვერ ვიცლი. დღედაღამ პაციენტებზე ფიქრი რთულია“.

ზუსტად ამ დროს ინტერვიუს პაციენტის ზარი გვაწყვეტინებს, ის ორსულია, გაურკვეველი ხასიათის ტკივილით, რომელიც სხვა კლინიკაში მოხვდა. შემდეგ ზარი კოლეგასთან და სულ ბოლოს პაციენტის მეუღლესთან. ვისმენთ როგორ გადის ნინო კონსულტაციას კოლეგასთან და როგორ ამშვიდებს პაციენტის მეუღლეს.

მიუხედავად იმისა, რომ დილის 9 საათია, გაგუას კლინიკაში უკვე პაციენტების სიმრავლეა. იტვირთება სხვადასხვა განყოფილება.

„გაგუას კლინიკა“ როგორც ზევით აღვნიშნეთ, სამედიცინო პერსონალს მუდმივი განვითარების შესაძლებლობას აძლევს, ექიმები სამ თვეში ერთხელ ტრენინგებს გადიან, ეცნობიან მედიცინაში არსებულ სიახლეებს. კლინიკა წლებია მასპინძლობს რეზიდენტებს, სადაც ისინი თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან“.

ნინო ქანთარია მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროფესიონალებმა დამწყებ ექიმებს ცოდნა გაუზიარონ.

„გამოცდილების ცოდნასთან შერწყმა კარგი ექიმის ჩამოყალიბების საწინდარია“.

ნინოს ერთგულება და უკიდეგანო პასუხისმგებლობა პაციენტებთან თანაბრად ვრცელდება ოჯახზე. აქ მშობლებისა და მეუღლის განსაკუთრებულ წვლილზე გვიყვება, ამბობს, რომ მეუღლე კარიერულ ზრდაში მუდმივად ხელს უწყობდა, ხშირად საბავშვო ბაღსა და სკოლაში მშობელთა კრებაზე თვითონ დადიოდა, ნინოს კი არასდროს არავინ სთხოვს იმას, რასაც ტრადიციულად დიასახლისებისგან ითხოვენ, თუმცა გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნინო მაინც ახერხებს იყოს კარგი დიასახლისი.

„ჩემი ცხოვრების კრედო ასეთია, რომელსაც ხშირად ახალგაზრდა ექიმებსაც ვუზიარებ, თუ ამ გზას დაადექი, ექიმობას ვგულისხმობ, უკან დასახევი აღარ გაქვს. შენი შრომა, ენერგია და შესაძლებლობა ბოლომდე უნდა ჩადო შენს საქმეში, ხშირად შეუძლებელიც უნდა შეძლო. არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენ ადამიანის სიცოცხლე გაბარია“.