დამეთანხმებით, რომ ფულის გონივრულად დახარჯვა არცთუ ისე მარტივი საქმეა. ერთი მხრივ, ხარჯვა ჩვენი დღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ხარჯვის პროცესი ასევე მოიცავს ემოციურ ასპექტსაც, რომლისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია.
სწორედ შემოსავლების გონივრულად განაწილებისთვის გთავაზობთ ფულის დაზოგვის იაპონურ მეთოდს, რომელსაც Kakeibo ეწოდება.
Kakeibo იაპონურად საყოფაცხოვრებო ფინანსურ წიგნაკს ნიშნავს. ის 1904 წელს გამოიგონა ჰანი მოტოკომ, რომელიც პირველი იაპონელი ქალი ჟურნალისტი იყო და რომელმაც გამოაქვეყნა ერთ-ერთი პირველი ჟურნალი დიასახლისებისთვის.
ჰანი მოტოკო თავის მკითხველს მოუწოდებდა, შეემუშავებინა გრაფიკი და სისტემა საყოფაცხოვრებო საქმიანობებისთვის. ასევე, მან მოიფიქრა საოჯახო ფინანსების მართვის უბრალო და მარტივი წესიც.
Kakeibo ოთხი მთავარი კითხვის გარშემო ტრიალებს:
- რა თანხა მაქვს ხელმისაწვდომი?
- რამდენია ჩემი დანახარჯები?
- რამდენის დაზოგვა მსურს?
- როგორ შემიძლია, უკეთესად განვკარგო ფინანსები?
გთავაზობთ kakeibo მეთოდის 3 ძირითად წესს:
- მხოლოდ ბლოკნოტი და ფანქარი!
საყოველთაოდ ცნობილია, რომ დიდი მიზნების თანდათანობითი და მცირე ნაბიჯებით მიღწევა იაპონელების ძლიერი მხარეა. ფინანსების აღრიცხვის იაპონური მეთოდიც საკმაოდ უბრალო და პრაქტიკულია. ამისთვის მხოლოდ ბლოკნოტი და ფანქარი დაგჭირდებათ.
მიზნების ბლოკნოტში ხელით ჩაწერა საშუალებას გვაძლევს, ისინი უფრო მეტად მიღწევადი გავხადოთ. მაგალითად, როდესაც წერ, რომ შენი მიზანია ამ თვეში დაზოგო 100 ლარი, გონება იმაზე ფიქრის ნაცვლად, რომ რაიმეს ყიდვა შეუძლებელია, უკვე დანაზოგის შექმნის გზებზე ფიქრს იწყებს.
მოიმარჯვეთ ბლოკნოტი, სადაც ჩაიწერთ ორ შეკითხვაზე პასუხს:
- რამდენია ჩემი შემოსავალი? – დააჯამეთ ფული თითოეული შემოსავლის წყაროდან – ხელფასი, პროცენტი ანაბრიდან, მეორადი ნივთის გაყიდვიდან მიღებული ფული თუ სხვა.
- რამდენია ჩემი დანახარჯი? – დათვალეთ, რამდენია ჯამში კომუნალური გადასახადები, ქირა, კრედიტის პროცენტები და სხვა ფიქსირებული ხარჯები.
შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის დათვლა მოგვცემს საშუალებას, ვუპასუხოთ Kakeibo – ის პირველ შეკითხვას – ,,რა თანხა გვაქვს ხელმისაწვდომი?“
ისეთი ხარჯების აღსარიცხავად, როგორიცაა კვება, თავის მოვლის საშუალებები თუ სხვა, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.
- დანახარჯების კატეგორიებად დაყოფა
სანამ მეორე ეტაპზე გადავიდოდეთ, საჭიროა kakeibo – ის მეთოდის მორიგ შეკითხვას ვუპასუხოთ – რა დანაზოგის გაკეთებას აპირებთ მთელი თვის განმავლობაში? ასევე, უმჯობესია განსაზღვროთ, რისთვის დაგჭირდებათ ეს კონკრეტული თანხა.
დანაზოგის ნაწილიც უკვე დათვლილ, ხელმისაწვდომ თანხას გამოაკელით და ეს იქნება თქვენი ყოველკვირეული ხარჯვისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი.
ფინანსების უკეთესი განკარგვისთვის ეფექტური იქნება ყოველკვირეული ხარჯების ქვეკატეგორიებად დაყოფა:
- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – ესენია ხარჯები, რომლის გარეშეც, უბრალოდ, ვერ ვიცხოვრებთ. მაგალითად, საკვები
- ნაკლებად აუცილებელი – ისეთი ხარჯები, რომლებიც უფრო სურვილის საკითხია, ვიდრე საჭიროების. მაგალითად, დამატებითი ტანსაცმლის შეძენის ან გარეთ სადილობის ხარჯები
- დამატებითი ხარჯები – დასაგეგმად მოუხელთებელი შემთხვევები, როგორიცაა, მაგალითად, სამედიცინო მომსახურებაზე, ავტომობილის შეკეთებაზე გაწეული ხარჯები
- კულტურის კატეგორია – წიგნების ყიდვა, მუზეუმში ვიზიტი, საკონცერტო ბილეთები და სხვა
ამგვარად, დანახარჯების სრულად აღრიცხვა შეუძლებელი არ არის. უფრო მარტივად აღსაქმელად კი, თითოეული კატეგორიის ხარჯების სხვადასხვა ფერის ფანქრით ჩაწერაც დაგეხმარებათ
- სანამ ისეთ ნივთს შეიძენთ, რომელიც სასიცოხლოდ აუცილებელი სულაც არ არის
სანამ იყიდით რაიმე არც თუ ისე აუცილებელ ნივთს, დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები:
- შემიძლია ამ ნივთის გარეშე ცხოვრება?
- ნამდვილად გამოვიყენებ მას?
- მაქვს ადგილი ამ ნივთის მოსათავსებლად?
- როგორ წავაწყდი ამ ნივთს? (იქნებ, მოწყენილობის დროს, საჩუქრების მაღაზიის დათვალიერებისას მომეწონა?)
- როგორია ჩემი ემოციური მდგომარეობა? (მშვიდი, სტრესული, სადღესასწაულო, საკუთარ თავზე განაწყენებული…)
- როგორ ვგრძნობ თავს ამ ნივთის შეძენისას? (ბედნიერი, აღფრთოვანებული, ნეიტრალური…) და რამდენი ხანი გრძელდება ეს შეგრძნება?
განსაკუთრებით ეფექტურია ამ კითხვების დასმა ფასდაკლების დროს. დიდი ფასდაკლებები ხშირად ნიშნავს ფულის ხარჯვას იმ ნივთებზე, რომლებიც, შეიძლება, არც კი გამოვიყენოთ.
დაფიქრდით, იყიდდით იმავე ნივთს თავის რეალურ ფასად რომ შეგხვედროდათ?
მნიშვნელოვანია, არ იფიქროთ, რომ Kakeibo – ის მეთოდმა, შეიძლება, შეგვზღუდოს ან ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში შეგვიშალოს ხელი. ის მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობისთვის გონების მართვაში გვეხმარება.
Kakeibo უკვე 116 წელია, ეფექტურობას არ კარგავს. პირიქით, სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდება მთელ მსოფლიოში.
მაშ ასე, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ გონივრულად განკარგოთ საკუთარი ფინანსები, აუცილებლად სცადეთ kakeibo – ის მეთოდიც.