ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მიმდინარე კრიზისი საქართველომ უნდა გამოიყენოს, როგორც ახალი შესაძლებლობა.
გთავაზობთ მის განცხადებას უცვლელად:
- უკვე უდავოა, რომ მსოფლიო სავაჭრო წესრიგი იცვლება. განვითარებული ქვეყნები ეცდებიან მაქსიმალურ დივერსიფიკაციას ჩინეთისგან, საწარმოთა ძირითადი ნაწილის საკუთარ ქვეყნებში გადატანა, იქ არსებული მაღალი დანახარჯების გამო არაეფექტიანი იქნება. ამ ლოჯისტიკურ ჯაჭვში, სადაც ტრილიონობით დოლარის მოცულობის თანხებზეა საუბარი, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა (სტრატეგიული მდებარეობა, გადასახადების სიმცირე და ა.შ.) თავისი ადგილი იპოვოს. ხალხურად რომ ვთქვა, რეგიონულ ქალაქებში შესაძლებელი გახდება ფაბრიკა/ქარხნების გადმოტანა და აწყობა, რომელიც მანამდე ჩინეთიდან ოპერირებდა. ეს კი, დასაქმების დიდი წყარო გახდებოდა რეგიონებში.
- მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბევრი ბიზნესი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, თვითონ ფული არსად ქრება. თუ ამას დავუმატებთ წამყვანი ქვეყნების უზარმაზარ ფისკალურ სტიმულუსებს, ხელმისაწვდომი გახდება ისეთი ფინანსური რესურსების მოზიდვა, რომლებიც მანამდე ხელმიასაწვდომი არ იყო. ამ თანხების ათვისება და საკუთარი ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართვა, ასევე სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის (მოდერნიზებული რკინიგზა და აეროპორტები, გზები, პორტი, ინტერნეტი ყველგან და ა.შ.).
- ნათელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება დისტანციურად მუშაობა და სერვისების ონლაინ მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავი სერვისის მიმწოდებლი კომპანიისთვის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. სწორი მარკეტინგის, გამართული საგადასახადო სისტემის და ადეკვატური სამართლებრივი გარემოს შეთავაზებით, შესაძლებელია საქართველო ძალიან მიმზიდველ ადგილად იქცეს. ეს კიდევ ათასობით სამუშაო ადგილია დამატებით.
- არნახული შესაძლებლობები იხსნება ე.წ. ელექტრონული მთავრობის მიმართულებით. ფაქტიურად, იდეალური დროა უმეტესობა სამთავრობო სერვისის ელექტრონულად მიწოდებაზე გადასასვლელად. თუკი აქამდე არაერთი შეზღუდვა არსებობდა (მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე), ახლა საუკეთესო დროა ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელებისთვის. ესტონეთისა და სინგაპურის მაგალითებით, ეს შეამცირებს დანახარჯებს და გაზრდის ეფექტურობას, რაც პირდაპირ აისახება ინვესტიციების მოზიდვაზე.
- თუ ამ კრიზისს კარგად გავუმკლავდით, შეგვიძლია მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოებას შევთავაზოთ საქართველო, როგორც დაცული (safe heaven) და უსაფრთხო ქვეყანა. სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად.
ნებისმიერი ასეთი დონის კრიზისს ყავს გამარჯვებულები და დამარცხებულები. ჩვენ შეგვიძლია ყურები ჩამოვყაროთ და დავმარცხდეთ ან გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ!