ბიზნესმენი, ქოუჩი, მენტორი და კონსულტანტი – თამარ ყაჭაშვილი დროსა და ენერგიას არ ზოგავს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ქალების გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ახლა მის ცხოვრებაში ის ეტაპია, როცა შემდგარ და წარმატებულ ქალს წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და კომპეტენციის სხვებისთვის გაზიარება შეუძლია. თამარ ყაჭაშვილი ამ მიზნისთვის მათ შორის, ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ პლატფორმას იყენებს, სადაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. პარალელურად, თამარი მეცხოველეობის სფეროში ტექნოლოგიებისა და სერვისის მიმწოდებელი კომპანია – „კავკასიის გენეტიკისა“ და აგროტურიზმის კომპანია – “FIDA Georgia”-ს დამფუძნებელი და დირექტორია. სწორედ „კავკასიის გენეტიკის“ სახელს უკავშირდება საქართველოში მეცხოველეობის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა.
თამარ ყაჭაშვილი პროფესიით ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალისტია, ეს მეცნიერება ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ მოწყობასა და თავისებურებებს სწავლობს. სამყაროს შესწავლა, როგორც თავად გვეუბნება, ბავშვობიდან აინტერესებდა, დღესაც ყველაფერს ფართო ჭრილში, სისტემურად უყურებს, პროფესიის არჩევის მოტივატორადაც სწორედ ამ ინტერესების არსებობას ასახელებს. თამარმა ეკონომიკურ გეოგრაფიაში მაგისტრის ხარისხი მიიღო, რასაც მოგვიანებით კიდევ რამდენიმე პროფესიული მიმართულება შეემატა. ის არის აგრარულ მეცნიერებებში Ph.D. კანდიდატი და ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი. 2017 წელს თამარი შერჩეული იყო ბონის უნივერსიტეტის Right Livelihood College (RLC)-ის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, პროექტის „გლობალური მდგრადი სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ ფარგლებში.
თამარ ყაჭაშვილის პირველი პროფესიული და კარიერული ნაბიჯები პედაგოგობას უკავშირდება, მოგვიანებით ეს საქმე საუნივერსიტეტო სივრცეში გააგრძელა. წლების განმავლობაში ის სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლებში ლექციებს კითხულობდა.
„საგანმანათლებლო საქმიანობა ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ასე ვუყურებ ქოუჩინგს, მენტორინგსა და კონსულტაციებსაც. მიზნობრივი აუდიტორიისთვის იმ ცოდნის გაზიარებას, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე, აუცილებელ საქმედ მივიჩნევ, რადგან ასე ადამიანების ცხოვრებაში გარდამტეხი როლის შესრულება შესაძლებელი ხდება“.
პროფესიულ განვითარებაზე უწყვეტმა ზრუნვამ, შედეგად მიღებულმა ცოდნამ და დაგროვილმა გამოცდილებამ კი თამარს კარგი მენეჯერული უნარები მისცა და სტრატეგიული, კრეატიული და სისტემური აზროვნების პროფესიონალად ჩამოაყალიბა.
უფრო ზუსტად, თამარის საქმიანობის სფერო ბიზნეს, კარიერული და პიროვნული განვითარების კონსულტირება და ქოუჩინგია, ყველაფერი ეს კი მრავალწლიანი ბიზნეს საქმიანობის პარალელურად.
უკვე 17 წელია თამარ ყაჭაშვილის კომპანია „კავკასიის გენეტიკა“ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. კომპანიის დაფუძნების გადაწყვეტილება ოჯახურმა მოცემულობამ და აგრო სფეროსთან ახლო კავშირებმა განაპირობა, კონკრეტულად კი იმ პრობლემებმა და გამოწვევებმა, რომელსაც ამ დარგში არაერთხელ შეეჯახნენ. რადგან უკვე არსებობდა საჭირო კომპეტენციები ცოდნისა და ხედვის თვალსაზრისით, ჩათვალეს, რომ შესაძლებელი იყო ისეთი კომპანიის ჩამოყალიბება, რომელიც მეცხოველეობის სფეროში საკუთარ სიტყვას იტყოდა და არსებულ პრობლემებსაც მოაგვარებდა.
„გადავწყვიტეთ ფერმერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეცხოველეობის მიმართულებით საქმიანობის წამოწყება სურდა მიგვეწოდებინა საჭირო ტექნოლოგიები და ცოდნა, რაც მათ ბიზნესის წარმატებულ ოპერირებაში დაეხმარებოდა. მიგვაჩნდა, რომ შესაბამისი ტექნოლოგიური ინტეგრაცია და ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრა დიდ შესაძლებლობებს გახსნიდა მიზნობრივი სეგმენტისთვის“.
„კავკასიის გენეტიკის“ მთავარი მისიაც სწორედ აღნიშნულ პრინციპებსა და ღირებულებებს ეფუძნება: პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებით განავითაროს მეცხოველეობის სექტორი, ხელი შეუწყოს ფერმერებისა და მეცხოველეობის სფეროთი დაინტერესებული პირების საქმიანობის ეფექტურად წარმართვას, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკურად წარმატებული ფერმერული მეურნეობების განვითარების მხარდაჭერაა.
„მიმაჩნია, რომ ჩემი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა არის ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დავაგროვეთ, ასევე მიწოდებული სერვისისა და პროდუქციის ხარისხი და საიმედოობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მეცხოველეობის სფეროში ჩვენ ვაკმაყოფილებთ წარმოების სრული ჯაჭვის შექმნას და შემდგომი თანმდევი სერვისებით უზრუნველყოფას. მაგალითად ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ეს სფერო, ჩვენ მას მივცემთ რეკომენდაციას, შევუმუშავებთ ბიზნესგეგმას, შევუდგენთ ბიუჯეტს, საინვესტიციო გეგმას, შევურჩევთ და მივაწვდით ტექნოლოგიებს. რეალურად ჩვენ უზრუნველვყოფთ სრული ბიზნეს ციკლის პროექტირებას, რომელიც დამწყებმა ბიზნესმენმა უნდა გაიაროს. ამავდროულად, ვახდენთ არსებული მეურნეობების მოდერნიზებას.
დღეს, ახალი თაობის სოფლის მეურნეობის განვითარება, რომელიც ჭკვიან კონცეფციებსა და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ამ მიმართულებითაც ხელშესახებ პრეცედენტებს ვქმნით, ჩვენი სექტორისთვის მოდერნიზებული და ეფექტური სისტემების განსავითარებლად“.
„კავკასიის გენეტიკა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონს ფარავს. მათ პორტფელში რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა, მაგალითად ისეთი როგორიც არის სანაშენე ხაზი, ანუ მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენეტიკის წარმოება და სექტორისთვის მიწოდება; მაღალპროდუქტიული სამრეწველო ჯიშების იმპორტი უცხოეთიდან, ევროპიდან, მათ შორის კანადიდან, შემოყვანა და ტექნოლოგიური მიმართულება – ყველა იმ აღჭურვილობისა და ტექნოლოგიის მიწოდება, მონტაჟი და მონტაჟის შემდგომი სერვისი რაც სფეროს სჭირდება.
საკუთარი ბიზნესის მართვის მიღმა თამარ ყაჭაშვილი, აქტიურად არის ჩართული ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თავად გვეუბნება, რომ ფედერაცია ერთგვარი ძალთა გაერთიანებაა, რაც გულისხმობს პროფესიონალიზმს, ურთიერთმხარდაჭერას, მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციას.
„ბევრი წელია ამ ორგანიზაციის სულისკვეთების მატარებელი ვარ და რეალურად აქტიურად ვცდილობ, რომ ეს სულისკვეთება გადამდები იყოს სხვა ქალებისთვის. აუცილებელია ჩვენი რესურსი და გამოცდილება დავახმაროთ ერთმანეთს და იმ ბენეფიციარებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. მჯერა, რომ გამოცდილების გაზიარებასა და მხარდაჭერას საბოლოოდ წარმატება მოაქვს“.
თამარს მიაჩნია, რომ პროფესიული წარმატება ეკონომიკურ დოვლათში კონვერტირდება, რაც საბოლოო ჯამში პირადი, სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია. პროცესებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში იზრდება ქალების ჩართულობა სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა გამოუყენებელი რესურსი ჯერ ძალიან დიდია. სტატისტიკის მიხედვით, დასაქმების ბაზარზე საქართველოში ქალების მხოლოდ 40% მონაწილეობს, ამასობაში ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულ შემოსავლებს კარგავს – ეს დანაკლისი კი უკვე დიდი ხანია კარგად დათვლილი და გაანალიზებულია.
„ტენდენცია მზარდია, თუმცა არასაკმარისი. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის პროცესი დავაჩქაროთ, ქალების ეკონომიკური გაძლიერება სწრაფი ტემპით განვითარდეს. ჩვენს ფედერაციას ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები აქვს. ამის ერთ-ერთი დასტური ორგანიზაციის წევრთა რაოდენობაა, რომელიც ყოველთვიურად იზრდება და დღეისთვის უკვე 100 ბიზნესლიდერ ქალს აერთიანებს. იზრდება იმ პროექტების ბენეფიციართა რაოდენობაც, რომელსაც ფედერაცია ახორციელებს“.
ბიზნესასოციაციის წევრებისთვის მთავარი შედეგზე ორიენტირია, ამიტომ ცდილობენ, ქალებს საქართველოში მართლაც საჭირო და თანამედროვეობასთან შესაბამისი უნარები გადასცენ. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია პროექტი „ქალები ტექნოლოგიებში“, რომლის ფარგლებშიც 25 გოგოს პროგრამირების კურსი დაუფინანსეს.
„ერთია, როდესაც ფედერაციის წევრები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემენ მეწარმე ქალებს და მეორეა, როდესაც საკუთარი ძალებით ხელს უწყობენ მათს განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, ეს პროექტი კარგად აჩვენებს, რისი გაკეთება შეიძლება გაერთიანებული ძალებით და რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ქალთა ფედერაციას. ფაქტია, რომ კურსის დასრულების შემდეგ გვეყოლება 25 ახალი, მოთხოვნადი კადრი, რომლებიც მარტივად შეძლებენ კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას, თუ მიჰყვებიან მიზნებს და არ შეწყვეტენ განვითარებას – მაშინ ჩავთვლით, რომ მისია შევასრულეთ“!
თამარ ყაჭაშვილი გვეუბნება, რომ უნდა გვჯეროდეს, გვჯეროდეს რომ გვაქვს ძალა ცხოვრებისეულ მიზანს მივაღწიოთ, თუმცა გვასწავლის იმასაც, რომ მიზანს რაციონალური ჩამოყალიბება სჭირდება და შემდეგ ქმედითი ნაბიჯები მისი რეალიზებისთვის… რასაც თან უნდა ახლდეს თავდაუზოგავი შრომა და მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე.
„მთავარი საკუთარი ძალების რწმენაა, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით ის ვინც გვინდა, რომ ვიყოთ“.