Justice League იურიდიული მომსახურების კომპანიაა რომელიც, სამმა იურისტმა მეგობარმა – დიტო ხვიჩიამ, ირაკლი ცანკაშვილმა და ვახო ჩხენკელმა ერთობლივი ძალებით, პარტნიორებთან ერთად 2016 წელს დააფუძნა. დაარსებიდან დღემდე, ბევრ წარმატებულ ქეისზე მუშაობენ. თანამშრომლობდნენ ისეთ კომპანიებთან, როგორიც ნეტფლიქსია.
– რატომ გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროს მიმართ და რამ გიბიძგათ ამ სფეროში მოღვაწეობისკენ?
დიტო: როგორც უმრავლესობამ, მეც შედარებით გაუცნობიერებლად ჩავაბარე უნივერსიტეტში, თუმცა სწავლასთან ერთად, როგორც მე, ასევე ჩემს პარტნიორებს გაგვიჩნდა სამართლის კონკრეტული დარგების მიმართ ინტერესი და მივხვდით რას დაუკავშირდებოდა ჩვენი მომავალი პროფესია. ეს აღმოჩნდა ბიზნეს-სამართალი და სამივეს შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის საკმაოდ წარმატებულად ვახორციელებთ ჩვენს საქმიანობას.
– საიდან წამოვიდა იურიდიული მომსახურების კომპანიის გაკეთების იდეა, როგორ დაიწყეთ და როგორ მოხვდით იქ სადაც ხართ?
დიტო: ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ გავაგრძელე მაგისტრატურაზე სწავლა, პარალელურად ყოველთვის ვმუშაობდი. რთული იყო ორივეს შეთავსება, მაგრამ როდესაც მიზანი გაქვს დასახული, თუ მოინდომებ ყოველთვის მოახერხებ ამ მიზნის მიღწევას. ნებისმიერი სტუდენტისთვის რთულია სწავლის და მუშაობის შეთავსება. შეიძლება შუა პროცესში ბევრმა ხელი ჩაიქნიოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მიიღოს პროფესიული გამოცდილება. როდესაც დაინახავ შედეგს, უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებ და გარკვეული რეალიზებულობის შეგრძნება გექნება.
პოზიციური ცვლილების და მუშაობის დროს, ყოველთვის ვფიქრობდი საკუთარი იურიდიული პრაქტიკის შექმნაზე, ჩემს პარტნიორებთან ერთად. ამ დროს გამოჩდნენ ჩვენი ამჟამინდელი პარტნიორები, რომლებიც ასევე არიან ამ კომპანიის არა იურისტი თანადამფუძნებლები. 2015 წელს მათ ჰქონდათ საკუთარი ბიზნესი – ფაქტორინგული კომპანია. მათ კლიენტებს ხშირად ესაჭიროებოდათ როგორც იურიდიული, ასევე ფინანსური მომსახურება. აქედან დაიბადა იდეა, რომ ერთობლივი ძალებით შექმნილიყო იურიდიული კომპანია, რომელიც ახალს შესთავაზებდა ბაზარს და იქნებოდა სრულიად განსხვავებული ქართულ ბაზარზე დამკვიდრებული იურიდიული კომპანიებისაგან.
– რა რისკებთან იყო დაკავშირებული თქვენი წამოწყება? როგორ ფიქრობთ, რა დაბრკოლებები არსებობს საქართველოს ბაზარზე სტარტაპებისთვის და რა სირთულეები შეგხვდათ პირადად თქვენ?
ირაკლი: ბაზარზე არის ძალიან ბევრი გამოცდილი კონკურენტი, შესაბამისად საკმაოდ რთული იყო დაგვეტოვებინა ჩვენი სამსახურები და გადაგვედგა ეს ნაბიჯი. საქართველოში ჩამოყალიბებულია გარკვეული სტერეოტიპები და კლიშეები – ახალგაზრდა ადამიანებს ნაკლები ნდობა აქვთ იურიდიულ სფეროში. იმისთვის, რომ სერიოზულად აღგიქვან უნდა გქონდეს გამოცდილება და იყო ცნობადი. შესაბამისად, ამ რისკებზე წასვლა ჩვენს თავზე ავიღეთ და შევეცადეთ ეს სტერეოტიპები დაგვენგრია. მათ შორის ისიც, რომ ერთმა იურისტმა შეიძლება იცოდეს უამრავი საქმე. სწორედ ამიტომ, შევქმენით გუნდი, რომელიც სპეციალიზაციის მიხედვით არის დაყოფილი. გარდა ამისა, კლიენტებს მომსახურებას ვუწევთ ონლიან პლატფორმის მეშვეობით, რაც გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ უფრო მოქნილი, თავი ავარიდოთ ზედმეტ ბიუროკრატიას და გავხადოთ სამუშაო პროცესი გამჭვირვალე.
დიტო: ჩამოვაყალიბეთ კომპანია, რომელიც სრულ აუთსორს მომსახურებას სთავაზობს კომპანიებს და ანაცვლებს კორპორატიულ იურისტს. სასამართლო და სხვა დავების მიმართულების ცალკე იურისტის აყვანის საჭიროება აღარ დგას კომპანიების დღის წესრიგში. შესაბამისად, ჩვენთან თანამშრომლობით, კომპანია იღებს იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს. ერთი ადამიანის ნაცვლად, რომლისთვისაც კომპანიაში ხელფასი უნდა გადაგეხადათ, ჩვენ გთავაზობთ კვალიფიციური იურისტების გუნდს, რომლებიც ამომწურავად დაგეხმარებიან სამართლის ყველა სფეროში.
– როგორ უწევთ კონკურენციას იმ კომპანიებს რომლებიც ბაზარზე წლებია არსებობენ? რას სთავაზობთ განსხვავებულს?
დიტო: დღევანდელ მსოფლიოში ძალიან დინამიურად ვითარდება ურთიერთობები, მათ შორის სამართლებრივი და ეკონომიკური. სამართლის სფეროც გარკვეულწილად ყოველდღიურად განიცდის ცვლილებებს. ჩვენი აზრით, ახალგაზრდა გუნდი ძალიან მალე ითვისებს ამ ცვლილებებს, შეუძლია იმუშაოს უახლეს ტექნოლოგიებთან, ასევე ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებთან, ყველა ფლობს რამდენიმე უცხო ენას და ა.შ.
ჩვენ ვართ მთლიანად კლიენტზე ორიენტირებული გუნდი. თუ ადრე სამართალში და ზოგადად იურისპრუდენციაში მიღებული პრაქტიკა იყო ადვოკატთან რიგში დგომა, თანამედროვეობის სტანდარტებიდან გამომდინარე, ჩვენ პირიქით, ყველა კლიენტს ვუქმნით მაქსიმალურ კომფორტს, ვართ მაქსიმალურად ორიენტირებულები მათი დროის და ფინანსების დაზოგვაზე.
– რომელი წარმატებული ქეისი გახსენდებათ?
დიტო: ვფიქრობ, რომ ნელნელა ვიზრდებით და ეს ძალიან მახარებს. “The Trader (Sovdagari)” პირველი ქართული დოკუმენტური ფილმია, რომლის დისტრიბუციაც Netflix-მა მოახდინა. სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმის, რეჟისორის, პირველი არხისა და ნეტფლიქსის იურიდიული მომსახურება სრულად ჯასთის ლიგმა გააკეთა. ჩვენი გუნდი მთლიანად იყო ჩართული აღნიშული პროექტის სამართლებრივ უზრუნველყოფაში და შესაბამისად, ეს ქეისიც ჩვენი კომპანიის მიერ იქნა დახურული.
ირაკლი: ერთერთი ბოლო ქეისი, რამდენიმე მილიონიანი სასამართლო დავა იყო, სადაც საჭირო გახდა კომპანიისა და მისი პარტნიორების პასუხისმგებლობის გამიჯვნა. მსგავსი დავები, ძალიან აქტუალურია აშშ-ში. აღნიშნული დავა შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ წარმატებით დავასრულეთ. ასეთი საქმეები სამართლის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მსგავსი პროექტები ბევრია, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
ვახო, რა ბარიერებს უკავშირდება საზღვარგარეთ სწავლა და ცხოვრება? კონკურენტული გარემოა, კვალიფიციური კადრები უფრო მეტნი არიან – სამუშაო გარემოსთან ადაპტირება თუ გაგიჭირდა?
ვახო: როცა მე საზღვარგარეთ წასვლა გადავწყვიტე, უკვე მქონდა რამდენიმე წლიანი პროფესიული გამოცდილება, გაცნობიერებული მქონდა რას ვაკეთებდი და რა მინდოდა. მოვიპოვე ლეინ კირკლანდის კვლევითი სტიპენდია, ვროცლავის უნივერსიტეტში, სადაც ვიკვლევდი კომერციული დავების მიზეზებს, შედეგებს და მათი გადაწყვეტის მეთოდებს. საზღვარგარეთ სწავლა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, როგორც მიდგომის, ისე ასათვისებელი მასალის თვალსაზრისით. უცხოელთათვის სამართლებრივ ბაზარზე დამკვიდრება რთულია, დიდია კონკურენცია თუმცა საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დამთავრდა და უნივერსიტეტის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრის გუნდის წევრიც გავხდი.
– რა გზების მეშვეობით ქმნით კომპანიაში კომფორტულ სამუშაო გარემოს და როგორ ეხმარებით სტაჟიორებს პროფესიული ზრდაში?
დიტო: ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ორიენტირებულია თანამშრომლებად აიყვანოს სტუდენტები. გვაქვს მემორანდუმები უნივერსიტეტებთან, რომლის მეშვეობითაც ჩვენს კომპანიაში სხვადასხვა სტუდენტები გადიან სტაჟირებებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება, ასევე ძალიან ბევრს ვსწავლობთ მათგან და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ჩართულები ვიყოთ სხვადასხვა აკადემიურ საქმიანობაში. ხელს ვუწყობთ ჩვენს სტაჟიორებს და თანამშრომლებს, რომ სხვადასხვა პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. ასევე ვუფინანსებთ კურსებს, რომლებიც აუცილებელია პროფესიული ზრდისთვის, ვთავაზობთ ძალიან მეგობრულ და უშუალო სამუშაო გარემოს, სადაც ნაკლები იერარქიული საფეხურებია უფროსსა და უმცროსს შორის.
ვახო: მიმაჩნია, რომ ჩვენ პროფესიაში ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უნდა იყო. არ არის საკმარისი მხოლოდ ქართული სამართლის ცოდნა, აუცილებელია იურისტმა იცოდეს საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალი და პრაქტიკა, ასევე სამართალთან ირიბად დაკავშირებული სფეროები. ჩვენი კომპანია ეხმარება ახალ თანამშრომლებს და სტუდენტებს ამ უნარ-ჩვევების მიღებაში, ვუზიარებთ გამოცდილებას ჩვენი საქმიანობიდან, ვასწავლით სტრატეგიის დასახვას და არსებული ცოდნის ეფექტურად გამოყენებას.
– რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ირაკლი: დღევანდელ ბიზნესში დრო ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შედეგი. დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, არის მომავლის ის პერსპექტივა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავზოგოთ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი დრო და მივიღოთ კლიენტისთვის სასურველი შედეგი.
ვახო: დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია ინოვაციური ტექნოლოგიები, ჩვენი გეგმებიც სწორედ ამასთანაა დაკავშირებული. ჩვენი მიზანია ფეხი ავუწყოთ ინოვაციების მსოფლიო ბაზარს და საქართველოში, ამ სფეროს წამყვან იურიდიულ კომპანიად ჩამოვყალიბდეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სფეროში უკვე ვცადეთ თავი, დარწმუნებული ვარ ჩვენი ამბიციები გამართლდება და კლიენტებს შევთავაზებთ სამართლებრივი და ტექნოლოგიური კონსულტაციის ფართო სპექტრს.