ივნისში ფულადი გზავნილების ნაკადი 17.8%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ყოველთვიური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადმა 169.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს 17.8%-ით აღემატება.

ასევე, აღსანიშანავია, რომ 2020 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით ფიქსირდება ფულადი გზავნილების ზრდადი ტრენდი და მათი მოცულობა 79.1-დან 169.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობამ 1მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილები მთლიანი მოცულობის 19.25%-ს შეადგენს და, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი წილით გამოირჩევა. რუსეთის ფედერაციას მოსდევს იტალია 15.83%-ით, ამერიკის შეერთებული შტატები 11.84%-ით და საბერძნეთი 11.76%-ით. 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადმორიცხვები, ასევე, ფიქსირდება ევროკავშირის შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი და ირლანდია. აღსანიშნავია გზავნილების წილი ისრაელიდან (8.19%), თურქეთიდან (6.43%), უკრაინიდან (3.85%), აზერბაიჯანიდან (2.79%) და კანადიდან (1.11%).

2020 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც, 2019 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 25.4%-ით მეტია. აპრილის თვიდან საქართველოდან გადარიცხვებსაც ზრდადი ტენდენცია აქვს და მათი მოცულობა 10 მლნ აშშ დოლარიდან 21.9 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.