თეონა ჯორბენაძე ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, საერთო საქმეს ‒ ამბების თხრობას ემსახურება. თუმცა, ამ საქმეს მისი სხვადასხვა გამოცდილების ერთობლიობა ხდის შესაძლებელს ‒ სცენარისტობა, პროდიუსერობა, რეჟისურისა და მუსიკის ცოდნა. ის, რომ, ხელოვნების სფეროს აირჩევდა, დიდწილად, მამის, კომპოზიტორ თამაზ ჯორბენაძის ფაქტორმა განაპირობა.
2014 წელს თეონამ ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტAრტ“ დააარსა, რომლის პირველივე პროექტმა, თეატრალურმა წარმოდგენამ „მეხსიერების ბარათი ‒ მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ უპრეცედენტო წარმატება მოიტანა. „კონცეპტAრტ“ შექმნისთანავე მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა ახალი თაობის არტისტებისთვის.
2004 წლიდან დღემდე თეონა პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ თანადამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მისი სცენარითა და პროდიუსინგით 100-ზე მეტი სატელევიზიო მარათონი და გალა-კონცერტი გაიმართა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ცნობილ თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში.
2012 წლიდან საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრია. იყო სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსების პროექტების სცენარისტი და კრეატიული პროდიუსერი. მათ შორის არიან მონსერატ კაბალიე, დიმიტრი ხვოროსტოვსკი, მიშელ ლეგრანი, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, ლიზა ბათიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, გია ყანჩელი, ბექა გოჩიაშვილი და სხვები.
გადაღებული აქვს მუსიკალური ვიდეოკლიპები, სატელევიზიო ფილმები, მათ შორის, „სევდის ანგელოზები“ ‒ ფილმი გია ყანჩელის შესახებ.
თეონა, სად, რა სფეროში ხედავდით საკუთარ მომავალს? და მერე უკვე პროფესიული არჩევანის დრო რომ დადგა, რის მიხედვით გააკეთეთ ეს არჩევანი?
ამ ამბავს, ალბათ, დავიწყებდი ერთი სცენით სამი წლის ასაკიდან, საიდანაც საკუთარი თავი მახსოვს: მამა უკრავდა, მე კი მუდმივად ატუზული ვიდექი მის პიანინოსთან. უკრავდა ულამაზეს მელოდიებს, მაგრამ ზოგჯერ უკრავდა ძალიან სწრაფად და თან კლავიატურას არ უყურებდა. ეს იყო ნამდვილი საოცრება ჩემთვის. როცა მარტო ვრჩებოდი, ვცდილობდი მიმებაძა და არ გამომდიოდა. როცა უკვე შევძელი დამეკრა ისე, რომ არ შემეხედა კლავიატურისთვის, ეს ჩემთვის პირველი დიდი გამარჯვება იყო.
ის, რომ ვიქნებოდი სახელოვნებო სფეროში, ალბათ, ქვეცნობიერად მაშინვე გადავწყვიტე. გარდაუვალი არჩევანივით იყო ‒ სხვაგან, ალბათ, ვერც შევძლებდი. დიდწილად მამას ფაქტორი და გარემო გახდა ამ არჩევანის განმსაზღვრელი. სკოლის პერიოდშიც ჩვენს წრეში, თუ არ უკრავდი ან არ მღეროდი, არავისთვის იყავი საინტერესო. ეს იყო ის, რითაც შეიძლებოდა თუნდაც ბიჭს მოსწონებოდი ან შენ მოგწონებოდა.
უკვე მუსიკალურ სკოლაში სწავლის პერიოდში თვითონვე ვგრძნობდი, რომ დიდად არც გამებში ვარჯიში მხიბლავდა და თან მამაც მაკომპლექსებდა, ძალიან მკაცრი იყო ამ საკითხში ‒ ერთ უსუფთაო ნოტს არ გაპატიებდა. ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც პიანისტობა ან მომღერლობა მინდოდა, უბრალოდ, ეს სამყარო მიზიდავდა. მამა ანსამბლთან ერთად ფოლკლორის თეატრსაც ხელმძღვანელობდა, იქ, კულისებში, უამრავი საათი შემეძლო გამეტარებინა. ჩუმად ვიზომავდი ჯადოსნურ კაბებს. ჯერ სასცენარო ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ მაგისტრატურა – დოკუმენტური კინოს რეჟისურის მიმართულებით თეატრალურ უნივერსიტეტში. პარალელურად, რა თქმა უნდა, მუსიკა სულ იყო ჩემს ცხოვრებაში და ახლა ყველაფერი ერთადაა: დრამატურგია, რეჟისურა, მუსიკა.
ეს ყველაფერი ურთიერთმხარდამჭერია თუ პირიქითაც შეიძლება იყოს?
არა, ურთიერთმხარდამჭერი და გამაძლიერებელია. ვერ წარმომიდგენია რეჟისორი, რომელსაც მუსიკის ან რიტმის შეგრძნება არ აქვს. ეს მუსიკის რიტმი აუცილებელი არ არის მაინცდამაინც დრამერის, პიანისტის ან ორკესტრის შესრულებული მელოდია იყოს, მუსიკის რიტმი სიჩუმეშიც შეიძლება იპოვო, ხმაურშიც. ანუ რეჟისორი ყურით თუ მიჰყვება ხმოვან რიგს, ამ სტრუქტურას გრძნობს კადრებთან ერთად, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მონტაჟის დროს.
ერთხელ ოთარ იოსელიანთან ვიყავი პარიზში. მივედი იმიტომ, რომ რაღაც ნაწარმოები უნდა მიმეტანა, რომლის მოსმენაც მას აინტერესებდა. ვერ ითმენდა, ჩქარა უნდოდა მოესმინა. საოცარი აპარატურა ჰქონდა, არაჩვეულებრივი ჟღერადობის გამაძლიერებლები. სანამ ყველაფერი არ შეაერთა და ყურსასმენები არ გაიკეთა, მოსმენა არ დაიწყო. მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ბოლომდე და ხარისხიანად გამართულ აპარატურაში მოესმინა ნაწარმოები. ამ დროს ოთარ იოსელიანის კინოში მუსიკაზე ორიენტირი საერთოდ არ არის. ჩემი ფავორიტი რეჟისორი პედრო ალმოდოვარიც რომ გავიხსენოთ ‒ რა მუსიკა ჟღერს მის ფილმებში, ეს კიდევ ცალკე თემაა! რაც შეეხება თვითონ სცენარის აგების პრინციპებს, აქაც მგონია, რომ დრამატურგიის კონსტრუქციის ცოდნა მუსიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მუსიკა ‒ დასაწყისის, განვითარების, კულმინაციის გარეშე არ არსებობს. თუნდაც გია ყანჩელის შემოქმედებაში რამდენი თეატრი და ამბის თხრობაა. აი, ჩემი გატაცებაც ესაა ‒ ამბის თხრობის სიყვარული და ადამიანებთან ურთიერთობა.
მამას მოსწონდა ის, რასაც აკეთებდით? მისი აღიარება მნიშვნელოვანი იყო?
კი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მახსოვს, პირველად მაშინ მაღიარა, როცა კინოდან „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ გუგული თორაძის რომანსი დავუკარი. კიდევ იყო ასეთი პროექტი: „მიამბეთ თქვენზე“, სადაც სატელევიზიო ფილმების სცენარებს ვწერდი და მოსწონდა მამას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ბესიკ ხარანაულთან მუშაობის პერიოდი. მისი გაზეთის „კვირის ფოსტის“ კულტურის რედაქტორი ვიყავი, სადღაც 22 წლის ასაკში. დიდი გამართლებაა ასეთი ადამიანების გვერდით რომ მოხვდები. როგორ შემიძლია ბედის მადლიერი არ ვიყო.
რაც შეეხება მამის ხატს. მამაჩემი ძალიან ახალგაზრდა, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი შემოქმედების გარკვეული ნაწილის გამოქვეყნება შემდეგ მე მომიწია. მამასთან ერთად ვამზადებდი ნოტებს, დისკის გამოცემა გვინდოდა და უცებ სახლიდან გავიდა, ინსულტი და აღარ იყო… დავრჩი ამ ნოტებით ხელში მარტო. ხომ იცით, რა გარემოშიც იზრდები, გგონია, რომ ყველა ასეა და რატომღაც მეგონა, რომ ყველამ იცის ნოტები როგორც, მაგალითად, ანბანი. გვიან აღმოვაჩინე, რომ მუსიკოსებმაც შეიძლება არ იცოდნენ ნოტების კითხვა. პირველ ეტაპზე ცოტა ძნელი იყო, თვითონვე მიწევდა სხვადასხვა შემსრულებლისთვის დაკვრა, ახსნა, გაგებინება. ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა, მათ შორის პირველი, თამრიკო ჭოხონელიძე, რომლის მამა და მამაჩემი მთელი ცხოვრების მეგობრები იყვნენ. შემდეგ მამას თანაკურსელმა და მეგობარმა, მსოფლიოს ნამდვილმა ლეგენდამ ‒ პაატა ბურჭულაძემ ჩაწერა „ზამთარია, სიცივეას“ ორიგინალური ვერსია. ისე მოხდა, რომ გარკვეულწილად პაატა გახდა ჩემთვის მამის ხატი. ასევე განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა გია ყანჩელთან და ნიკოლოზ რაჭველთან. ისე გამოვიდა, რომ ჩემი ყველაზე ახლო ადამიანები მუსიკოსები არიან. ასევე, ჩემი ორი პედაგოგი, მწერალი ერლომ ახვლედიანი და რეჟისორი გია კიტია.
ბევრი სხვადასხვა საქმის კეთება გიწევთ. რთულია?
რეალურად, მგონია, რომ სულ ერთსა და იმავეს ვაკეთებ, რაღაც ამბავს ვყვები, უბრალოდ, ხერხები და გამომხატველობა შეიძლება იყოს განსხვავებული. მიმაჩნია, რომ არ არსებობს გაუკეთებელი თუ შეუსრულებელი არაფერი. შენ თუ ხედავ, თუ იცი რა გინდა ‒ რისი წარმოსახვაც შეგიძლია, რაზე ოცნებაც შეგიძლია მკაფიოდ, ესე იგი იმის გაკეთება შეგიძლია კიდეც. მე ამის მჯერა. ზუსტად ამიტომ დავაარსეთ 8 წლის წინ „კონცეპტAრტ“ ‒ კომპანია, სადაც ჩვენი პროფესიული გამოცდილებებია თავმოყრილი. ესაა შემოქმედებითი ადამიანების ერთობა, სადაც არიან მომღერლები, მოცეკვავეები, რეჟისორები, მარკეტინგის სპეციალისტები და სხვები. ესაა ჩვენი შემოქმედებითი ოჯახი და არა სამსახური.
თქვენ ახსენეთ გამართლება. ამ გამართლების გვერდით, როგორ ფიქრობთ, რა თვისებები გაქვთ ისეთი, რის გამოც ძალიან ახალგაზრდა ასაკიდან გამოგიცხადეს ნდობა?
აი, რომ ამბობენ, ნიჭიერია და ზარმაციო, ამ მავნებლურმა გამონაგონმა, მგონია, გარშემო ბევრი დააზიანა. ნიჭთან ერთად თუ ადამიანს არ აქვს შრომის უნარი, შრომის სიყვარული და თავად პროცესით არ იღებს სიამოვნებას, მაშინ ეს ნიჭი ნამდვილი არ არის. ჩემი თვისებებიდან ხაზს გავუსვამდი, პირველ რიგში, ალბათ, პასუხისმგებლობას, რაც ბავშვობიდან მქონდა და იმას, რომ ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ერთგული და სანდო ადამიანი. ცხადია, მეგობრებსაც ამ თვისებებით ვირჩევ.
სირთულეებთან გამკლავებაში რა გეხმარებათ?
ყველა რთული მომენტი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვიცი, რომ ახლისა და საინტერესოს დასაწყისია. რაღაც ახალი კარი იღება. ყოველთვის ასეა. როცა მამა გარდაიცვალა, მთელი რესურსი იმისკენ მივმართე, რომ რისი გაკეთებაც ერთად გვინდოდა, ის აუცილებლად გამომსვლოდა. მისი მელოდიების გაცოცხლების სურვილი იმდენად ძლიერი იყო და დღემდე იმდენად ძლიერია, მისი არყოფნის ტრაგედიას ფარავს. ესენიც ცოცხალი ამბებია ბგერების ენით გამოთქმული.
წარმოსახვა განვითარებული გაქვთ? ოცნება გიყვართ?
რა თქმა უნდა, ოცნების გარეშე ვერც წარმომიდგენია, ეს ხომ ის ბავშვია შენში, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა მოუფრთხილდე. წარმოსახვის უნარის გარეშე ჩვენი საქმე არ არსებობს. ჯერ უნდა „დაინახო“, რომ მიხვდე რა და როგორ გააკეთო.
საკუთარი კომპანია გაქვთ, მართვა რთულია?
ადრე შეიძლება არ იყო ადვილი, მაგრამ ახლა გუნდში იმდენად ფუნქციურადაა როლები გადანაწილებული, უკვე უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. თუ ადრე, მაგალითად, სცენის მონტაჟის პერიოდში ღამეებს ვათენებდი, დღეს ჩვენმა მხატვარმა ვანო ჭელიძემ მაქსიმუმ შეიძლება ფოტო ჩამიგდოს და ეს სრულიად საკმარისია. უდიდეს პროექტებს ვაკეთებთ, ძალიან მასშტაბურს, ასევე კამერულ ივენთებს და ის, რაც მუშაობას გვიადვილებს, არის ჩვენ შიგნით მოპოვებული ძალიან დიდი ურთიერთნდობა. ჩემთვის ცხოვრების მთავარი საჩუქარია ის, რომ ერთმანეთი გვყავს და ამის ფასი ვიცით. საერთოდ, ჩემს მთავარ წარმატებად მიმაჩნია ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების გზაზე შევხვდი. ნამდვილი, გულწრფელი ურთიერთობები, ერთმანეთზე მზრუნველობა. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად, ერთ ოჯახად ვცხოვრობთ და იმის გამო, რომ ერთად ყოფნა გვიყვარს და ქრონომეტრაჟის გაგრძელება გვინდა ხოლმე, იბადება სხვადასხვა პროექტი.
თავისუფალ დროს რას უთმობთ?
რის გარეშეც არ ვარსებობ, ცურვაა. ყოველდღე დავდივარ აუზზე, ვვარჯიშობ და ვცურავ. ძალიან არ მიყვარს მორალის კითხვა, რჩევების გაცემა, მაგრამ, ვფიქრობ ხოლმე, ნეტა ყველამ იცოდეს რამხელა ენერგიის წყაროა წყალი და ვარჯიში. განსაკუთრებით, ამ საუკუნეში, ამდენ სტრესში, ფიზიკური აქტივობა გაბალანსებს და ჰარმონიაში მოჰყავხარ.
უცხოეთში საცხოვრებლად წასვლაზე თუ გიფიქრიათ?
ალბათ, უფრო ბავშვობაში, მერე აღარ, რადგან მიმაჩნია, რომ საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ. საქართველოში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, აქ საინტერესო პროცესის მონაწილე შეგიძლია იყო, რაღაცები სასიკეთოდ შეცვალო. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა ადამიანებისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. აქ ამის საჭიროება განსაკუთრებით დიდია. რაც შეეხება უცხოეთს, ამ მხრივ დანაკლისის შეგრძნება არ მაქვს, რადგან ძალიან ბევრ საერთაშორისო პროექტში ვყოფილვარ ჩართული. 17 წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდი გერმანულ ორგანიზაციასთან, უამრავ გასტროლზე დავდიოდი. იგივე ფონდ „იავნანას“ გახმაურებული კონცერტები მსოფლიოს საუკეთესო დარბაზებში, გია ყანჩელთან ერთად მთელი ტური 2015 წლიდან… ახლაც ვემზადებით, ჩვენი პრემიერა უნდა იყოს მაისში ბერლინში, პროექტს ვაკეთებთ ლიზა ბათიაშვილთან ერთად. რამდენიმე დღის წინ, გია ყანჩელის შესახებ გადაღებული ჩემი ფილმის ჩვენება იყო ტალინში. რა თქმა უნდა, მიფიქრია, რომ ჩვენი, ყველას შემოსავლები ბევრად მაღალი შეიძლებოდა ყოფილიყო უცხოეთში… იგივე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი რომ ავიღოთ, რომელსაც 2025-ში 100 წელი უსრულდება. ამ ორკესტრზე ზრუნვას დიდი ადგილი უკავია ჩვენი სამეგობროს ცხოვრებაში. საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოების შეფასებები, რომელიც ჩვენმა ორკესტრმა და ნიკამ ამდენი შრომით დაიმსახურეს, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ევროპული ღირებულებები ასეთი საქმეებისგან შედგება, იქ სიმფონიური ორკესტრები განსაკუთრებით დაფასებულია სახელმწიფოს, ბიზნესის თუ რიგითი მსმენელის მხრიდან.
იმავეს ვიტყოდი „კონცეპტAრტ“-ის შესახებაც, რომელიც დიდწილად ქართველი არტისტების ხელშეწყობას ემსახურება, მათი წარდგენა საერთაშორისო პლატფორმებზე დიდი საქმეა.
ბევრი ოცნება მაქვს, მათ შორის, ის, რომ რამდენიმე ქართველი არტისტის ბევრი ბანერი გამოიკრას ბერლინში, პარიზში, დაფასდეს მათი ნიჭი და შრომა. უფრო მეტ საერთაშორისო პროექტს ვისურვებდი, მაგრამ ისე, რომ საქართველოდან ვიაროთ, ამით ვიქნები ბედნიერი.
როგორ ფიქრობთ, არის რამე, რაც ქალებს უკეთ გამოსდით? ქალების ძალას რაში ხედავთ?
ქალი მშობიარობს და ახალ ადამიანს ბადებს, მისი უნიკალური ძალა ეს არის! გენდერის ნიშნით უფლებების დაყოფა კი დროსთან ერთად იცვლება. მაგალითად, ადრე მიღებული იყო, რომ ბიჭმა შეიძლება დააგვიანოს სახლში, გოგომ ‒ არა. ამ დროს მე სულ ვაგვიანებდი. დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაშინ კი ძნელად აღსაზრდელის სახელი მქონდა გავარდნილი. წარმოიდგინეთ, იმხელა სტრესი იყო ეს დაგვიანება ოჯახისთვის, რომ დღიურს აწარმოებდნენ, რომელ დღეს რა დროს მივედი სახლში, სპეციალური საოჯახო თათბირებიც კი იმართებოდა. არადა, მიზეზი ხომ მხოლოდ ის იყო, რომ სადაც ვიყავი, იქ ყოფნა უფრო მაინტერესებდა, ვიდრე სახლში. ალბათ, უნდა ამოწურო ეს დაგვიანებებიც. აბა, ახლა ხომ არ დავაგვიანებ? კლიშეები იყო თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროსაც, სადაც მამაკაცი ლექტორები დასცინოდნენ ქალი მწერლებისა და რეჟისორების ფენომენს. დღეს ძალიან მომწონს ის, რომ ოპერატორიც შეიძლება იყოს ქალი, ტაქსის მძღოლიც. რეჟისორზე ხომ საერთოდ აღარ ვსაუბრობთ.
რაშია თქვენი მამოძრავებელი ძალა?
რა მამოძრავებს, არ ვიცი, მაგრამ ხშირად რომ ვხდები რაღაც ხედვებითა და იდეებით შეპყრობილი და ვერ ვისვენებ, ეს ვიცი. მამოძრავებს, ალბათ, ახლობელ ადამიანებზე ზრუნვა, მათი გახარების სურვილი. მუდმივ განვითარებასა და ძიებაში ყოფნა და ამ პროცესით სიამოვნების მიღება.
უკიდურესად ემოციური ადამიანი ვარ და სანამ შვილი მეყოლებოდა, ხშირად მქონდა ხოლმე რთული პერიოდები. როცა ჩემი სანატრელი ნიკოლოზ კვინიხიძე დაიბადა და შევედი ოთახში, სადაც ყველაფერი მისი სურნელით იყო გაჟღენთილი, მაშინ პირველი აზრი, რაც მომივიდა იყო ის, რომ თურმე შესაძლებელია, ადამიანი სულ ბედნიერი იყოს.
მე არ მაქვს შვილის მიმართ ის დამოკიდებულება, რომ რაღაც უნდა დავაძალო ან ჩემი მითითებებით უნდა იცხოვროს. ვფიქრობ, რომ რადგან ღმერთმა ინება და ეს საოცარი არსება ჩემთან გაჩნდა, მე მას, უბრალოდ, უნდა დავეხმარო, რომ თავისი მისია იპოვოს და იყოს ბედნიერი საკუთარი ნებითი არჩევანით.
როგორ ფიქრობთ, იგრძნობა თუ არა ხელოვნებაში სქესი? ის, თუ ვინ დგას ამ ხელოვნების მიღმა?
მე მგონია, რომ სადაც ნამდვილი ხელოვნება იქმნება, იქ სქესი არ არსებობს. ხელოვანი ‒ მედიატორია, იდეების გამტარია და ამ პროცესში სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ისეთი მანკიერებები არ შემოიკრა შენ გარშემო, რომ ამ გამტარობის უნარი დაგეკარგოს და ზემოთ გადაწყვიტონ, რომ შენზე აღარ ღირს დროის კარგვა. მსოფლიოს უდიდეს ვარსკვლავებთან მომიწია თანამშრომლობამ. მთავარი თვისება, რაც მათ აერთიანებთ, არის მადლიერების გრძნობა. თუ ადამიანი მუდმივად უკმაყოფილოა, სხვის განკითხვაშია, არ ემადლიერება სამყაროს ყოველი გათენებული დღისთვის, მაშინ „საფრენ აპარატში“ ბატარეები ჯდება. არ გინახავთ ადრე ჩამქრალი ვარსკვლავები?