ჯოანა მალვიცი – პირველი ქალი, რომელიც ბერლინის ორკესტრს ხელმძღვანელობს

გასულ თვეში ჯოანა მალვიცი ბერლინის Konzerthausorchester-ის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. ის პირველი ქალია, რომელმაც გერმანიის დედაქალაქის შვიდი დიდი ორკესტრიდან ერთ-ერთში აღნიშნული თანამდებობა ჩაიბარა.

გარდა ამისა, 37 ჯოანა ბერლინის ორკესტრის ხელმძღვანელად დანიშნული ყველაზე ახალგაზრდა პიროვნებაა.

ფოტო: joanamallwitz.com

ბერლინი მხოლოდ ბოლო მნიშვნელოვანი ეპიზოდია მალვიცის შთამბეჭდავ კარიერაში, რომელიც მან ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში დაიწყო. 2014 წელს ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა გენერალური მუსიკალური დირექტორი ევროპაში 27 წლის ასაკში, როდესაც 2014/2015 წლების სეზონში ერფურტის თეატრში აღნიშნული თანამდებობა დაიკავა.

ჯოანა მალვიცმა საკუთარი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული დირიჟორის სტატუსი 2020 წელს ზალცბურგის ფესტივალზე მისი ცნობილი დებიუტის, მოცარტის “Cosi fan tutte”-ის შესრულების შემდეგ მიიღო.

მიმდინარე წელს მალვიცი დაჯილდოვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენით. ეს ჯილდო გადაეცემა ხელოვანებს, რომლებიც ქვეყანაში განათლების, კულტურისა და დემოკრატიის განვითარებას უწყობენ ხელს.

Konzerthausorchester-ში მთავარი დირიჟორის მოვალეობის შესრულების გარდა, მალვიცს მიმდინარე სეზონში ასევე ექნება დებიუტი აშშ-ში ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრში.

ჯოანა მალვიცის ისტორიაზე ბევრს ფილმი “Tár” ახსენდება. შეგახსენებთ, კინოსურათში ლიდია ტარი, რომლის როლსაც ქეით ბლანშეტი ასრულებს, ასევე ბერლინის დიდი ორკესტრის მთავარი დირიჟორია.