ბრიტანელი მწერალი, ჯოან როულინგი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ქვეყანაში არსებულ ობოლთა თავშესაფრებში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. მისმა ფონდმა, Lumos Foundation-მა უკვე დაიწყო თანხის შეგროვება ჰიგიენური საშუალებების, საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად, რომლებსაც რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებულებს მიაწვდიან.
როგორც Lumos Foundation-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, შეგროვებული თანხის ნაწილი ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევას მოხმარდება. გარდა ამისა, ფონდი უკრაინის მთავრობას ქვეყანაში ჩარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ევაკუაციაში დაეხმარება.
Lumos-ის გამოთვლით, უკრაინაში, ობოლთა თავშესაფრებში 1500-ზე მეტი ბავშვია ჩარჩენილი. ფონდი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათ დაცვასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. „ომი ანგრევს ბავშვობასა და ოჯახებს” – წერს რუსული აგრესიის პასუხად ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჯოან როულინგი.
შეგახსენებთ, რომ ყველასათვის ცნობილი წიგნების სერიის, „ჰარი პოტერის“ ავტორმა Lumos Foundation-ი 2005 წელს დააარსა „სამყაროსთვის, რომელშიც ყველა ბავშვი უსაფრთხო და მოსიყვარულე ოჯახში იზრდება“.