აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა და ოლენა ზელენსკას შეხვდა

აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა და სლოვაკეთის საზღვართან მდებარე ქალაქ უჟგოროდში ქვეყნის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას შეხვდა. ბაიდენის განცხადებით, მოულოდნელი ვიზიტი, რომლის თარიღიც შეერთებულ შტატებში დედის დღეს დაემთხვა, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად იყო გამიზნული.

ფოტო: Reuters

დახურული შეხვედრის გამართვამდე, ზელენსკამ აშშ-ის პირველ ლედის ომის შედეგად განადგურებულ უკრაინაში ჩასვლას „ძალიან გაბედული ნაბიჯი“ უწოდა. „ჩვენ გვესმის, რამხელა გამბედაობა სჭირდება აშშ-ის პირველი ლედის აქ ჩამოსვლას ომის დროს, როდესაც სამხედრო მოქმედებები უწყვეტად მიმდინარეობს და საჰაერო სირენების ხმა ყოველდღე ისმის – დღესაც კი“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

საიდუმლო ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპაში ჯილ ბაიდენის ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში შედგა: ის მანამდე სლოვაკეთის სასაზღვრო ქალაქ კოშიცეში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა. მან ასევე მოინახულა ლტოლვილები და აშშ-ის ჯარები რუმინეთში.

აღსანიშნავია, რომ ჯილ ბაიდენამდე უკრაინაში აშშ-ის ოფიციალური პირები – სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და პალატის რამდენიმე სხვა წევრი იმყოფებოდნენ.