FED-ის განცხადებამ ევროპულ საფონდო ბირჟებზე ფასების ვარდნა გამოიწვია

Andrew Harrer—Bloomberg/Getty Images

ამერიკის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთის გაზრდას არ აპირებს. FED-ის პრეზიდენტის, ჯერომ პაუელის, განცხადებით, პანდემიით გამოწვეული ზიანის გამო, შტატების ეკონომიკა აღდგენის ხანგრძლივ გზას ადგას და განსაზღვრული პერიოდით ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი ისევ ნულთან მიახლოებული იქნება.

FED ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემაა, რომელიც შტატებში ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს. მათი გადაწყეტილების შემდგომ ევროპულ საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი დაეცა. STOXX 600-ის საფონდო ინდექსი 2.9%-ით, გერმანული DAX 4.47%-ით და ბრიტანული FTSE 3.99%-ით შემცირდა.

აქციების ფასები დაეცა უოლ სტრიტზეც. დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი, ნასდაქი და S&P 500 2%-ზე მეტით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მარტში, COVID-19-ის გავრცელების საწყის ეტაპზე, გლობალურ ბაზარზე ცვლილებებმა დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. უცხოელი ინვესტორიების მიერ შესყიდული დოლარის საერთო ოდენობამ 300 მილიარდი დოლარი შეადგინა.

FED დაბალი საპროცენტო ნიშნულის შენარჩუნებას 2022 წლამდე აანონსებს. აშშ-ის სარეზერვო სისტემის პროგნოზით, 2020 წელს შტატების ეკონომიკის 6.5%-იან შემცირებას უნდა ველოდოთ, უმუშევრობის დონე კი 9.3%-ით განისაზღვრება. მართალია, პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევა დროს მოითხოვს, თუმცა ამერიკის ცენტრალური ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს შტატების ეკონომიკას და შეინარჩუნოს დაბალი საპროცენტო განაკვეთი, სანამ ამის საჭიროება იქნება.