უკვე ზუსტად იცის საით მიდის, რა უნდა აკეთოს მომდევნო წლებში. მის კარიერულ ბიოგრაფიაში იყო საჯარო სამსახურიც და სამეცნიერო სფეროც. ახლა ქეთა მესამე სექტორიდან, მეტ თავისუფლებას გრძნობს და მეტ სივრცეს ხედავს მიზნების რეალიზებისთვის. Forbes Woman ქეთა ჯაფარიძეს გაგაცნობთ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრია. კონკრეტული გეგმებით და მიზნებით სავსე ქალი – ასე ხედავს საკუთარ თავს „ქალები მომავლისთვის“ წევრი.
ქეთა ჯაფარიძე სამართლის მეცნიერებათა დოქტორია. როცა გადაწყვეტილებას იღებდა, მისი ინსპირაცია ისეთი პროფესიები იყო, რომელიც მისთვის ძლიერ ქალთან ასოცირდება, ანუ ქალი მოსამართლე, ქალი პროკურორი, ქალი ადვოკატი. არჩევანით კმაყოფილი დღეს თვლის, რომ მისი პროფესიის უპირატესობა მხოლოდ სიძლიერე არ არის, საქმე საშუალებას აძლევს ურთიერთობა საინტერესო ადამიანებთან ჰქონდეს და ამასთან საინტერესო და ამოუწურავია განვითარების კუთხით.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა და ადვოკატ დავით ლანჩავას გუნდს შეუერთდა. გვიყვება, რომ პირველმა შეხებამ სასამართლო პროცესებთან მნიშვნელოვანი გამოცდილება მოუტანა. 2006 წელს ნავთობის ეროვნულ კომპანია „საქნავთობში“ მიდის და იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად ინიშნება. შემდეგ იყო კერძო იურიდიული კომპანია და მერე ქეთა საჯარო სამსახურში ბრუნდება. 2018-2019 წლებში ის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მუშაობს.
„საჯარო სამსახურში მუშაობის დროს მეტი თავისუფლების სურვილი მქონდა, სამოქალაქო ორგანიზაცია მიზნების რეალიზებისთვის მეტ შესაძლებლობას გაძლევს. „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ 2019 წლის მაისში დავაფუძნეთ, რომლის მთავარი მიზანიცაა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე აქცენტირებით, როგორიც სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებების მონიტორინგია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში, ზოგადად დემოკრატიული პროცესების განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. ამასთან ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში, ასევე ადამიანის ღირსებისა და ხალხთა შორის თანასწორობის დაცვას“.
ქეთა გვეუბნება, რომ გარდამავალი დემოკრატიებისთვის, ისეთისთვის როგორიც საქართველოშია, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპების ყოველდღიური დაცვა, რადგან მიაჩნია, რომ ასეთ მოცემულობაში რთულია არა თუ დემოკრატიის გაძლიერება, არამედ მისი შენარჩუნებაც კი.
„აკმაყოფილებს თუ არა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული დონე ევროპული დემოკრატიების დონეს? სწორედ ეს იქნება მთავარი განმსაზღვრელი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებისას, რასაც საქართველო განსაკუთრებული მოლოდინით შეჰყურებს“.
არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში, ამჟამად ქეთა ჯაფარიძე სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის საქმიანობას ხელმძღვანელობს, რომელიც დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფთან პარტნიორობით და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. ქსელი 18 ქვეყნიდან, 50-ზე მეტ სასამართლო სისტემასთან, პროფესიით დაკავშირებულ პირს აერთიანებს. ქსელის ერთ-ერთი მიზანია მასში გაერთიანებული ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ეფექტური მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების დასაბუთებული წინადადებების შეთავაზება. ქსელი ასევე თანამშრომლობს ევროპულ და სხვა დასავლურ ორგანიზაციებთან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უნივერსალური და რეგიონული სტანდარტების დაწესების ხელშესაწყობად.
ქეთა პირადად უწევდა კოორდინაციას ორგანიზაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების გზით მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების გაზრდას ეხებოდა. პროექტის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილებების ხარისხი სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიისა და კრიტერიუმების საფუძველზე პროფესიონალ ექსპერტთა მიერ შეფასდა და მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. ქეთა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
„ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად მიმაჩნია საპარლამენტო მონიტორინგთან დაკავშირებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამი წლის განმავლობაში პარლამენტში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ საკითხებს ვაკვირდებოდით, რეკომენდაციებისა და მოსაზრებების შევიმუშავებდით.ამავე ბაზაზე შეიქმნა დეპუტატთა ინდივიდუალური პროფილები“.
ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ქეთასთვის საუკეთესო პლატფორმაა, იმ მიზნების მისაღწევად, რასაც მისი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ ფარავს, ანუ გენდერის საკითხები. სამართლის დოქტორმა სამეცნიერო ხარისხზე მუშაობის დროს მშობლებისა და შვილების პირადი და ქონებრივი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით შეისწავლა. ნაშრომში ქეთა არაერთ მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, მათ შორის: რამდენად ფარავს ალიმენტი ბავშვისთვის საჭირო ხარჯებს და რამდენად არის უზრუნველყოფილი ქალების უფლებები განქორწინების შემდეგ, როცა მათ წლები დაუთმეს მეუღლის პროფესიულ აღმასვლასა და ოჯახს, თანაც საკუთარი კარიერის გაწირვის ხარჯზე. ქეთა მიიჩნევს, რომ ქალის როლი გასაძლიერებელია, არა მხოლოდ თემატური პროექტებით და დასაქმებით, არამედ შესაქმნელია სამართლებრივი სისტემა.
„მიმაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსში უნდა განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც ქალს თავიდანვე შეუქმნის ამ სამართლებრივ გარანტიებს. ზოგადად, რთულია იყო დამოუკიდებელი, ეკონომიკურად ძლიერი, შემდგარი, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ საკითხების კანონმდებლობის დონეზე დარეგულირება“.
ქეთა ჯაფარიძე საკუთარი ორგანიზაციის ფარგლებში, ახლა მუშაობს პროექტზე, რომელსაც მალე ბიზნესფედერაციას შესთავაზებს. უნდა რომ ფედერაციის ეგიდით ქალების მეტი დამოუკიდებლობისა და გაძლიერებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნას.
„პროფესიულ ნაწილში ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს პიროვნული თავისუფლების განვითარების უფლებას, მინდა მათ ვურჩიო, რომ ეს უფლება აქტიურად გამოიყენონ. ზოგადად, აუცილებელია ქალები არ ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ სურვილებზე, პირიქით საჭიროა კონკრეტული მიზანი და მისკენ მუდმივი სწრაფვა, წარმატება მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა“.