თინათინ ჯაფარიძე – სცენიდან უსაფრთხოების სპეციალისტობამდე

ვაშინგტონის დროით დილის 4 საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ თინათინისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე დაიწყო. სანამ რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება, მისი ყოველდღიური საქმიანობაა უკრაინის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ანალიზი და წერა იმაზე, რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში.

თინათინ ჯაფარიძე განათლებით კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და კულტურის ფსიქოლოგია, თუმცა მისი ბიოგრაფია ბევრ სხვადასხვა გამოცდილებასა და რეგალიას ითვლის: კომპოზიტორი, შემსრულებელი, წიგნის ავტორი, კომუნიკაციების სპეციალისტი, ნიუ-იორკის მერიის პრეს-მდივანი, ორგანიზაცია Girl Security-ის მენტორი, The Critical Mass-ის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესის განვითარების მიმართულებით და Eurasia Group-ის სპეციალური მრჩეველი უსაფრთხოების მიმართულებით.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

როგორია თქვენი მუშაობის სპეციფიკა, რიტმი?

ჩემი დილა ყოველდღე 4 საათზე იწყება იმით, რომ უნდა გადავხედო რა მოხდა უკრაინაში ღამით, სანამ ჩვენ გვეძინა. ზოგადი წარმოდგენა უნდა შემექმნას, რაზე გავაკეთო აქცენტები. მე დღეს არ ვმუშაობ როგორც ჟურნალისტი, მიწევს პროგნოზების წერა და იმის ახსნა, რა გავლენას მოახდენს ღამით განვითარებული მოვლენები სხვადასხვა სექტორზე, უკრაინის ამერიკასთან ურთიერთობაზე, პოლიტიკაზე, დიპლომატიურ კავშირებზე. სანამ ყავას ვსვამ, აუცილებლად უნდა გადავხედო პრესას, მათ შორის რუსულს, რომ ზოგადი წარმოდგენა მქონდეს, რას წერენ.

ამის შემდეგ უნდა დავჯდე და საკმაოდ სწრაფად დავწერო ჩემი პირველი დრაფტი, რომელიც შემდგომ უნდა მივაწოდო ჯერ რედაქტორს, შემდეგ კი სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს ‒ ენერგეტიკის იქნება თუ კიბერუსაფრთხოების ‒ ყველას უნდა შევუთანხმო ჩემი პროგნოზები და ამის მიხედვით დავასრულო ანგარიში. ეს პროცესი სამ საათს გრძელდება, ამ დროს ხაზზე ვარ ერთმანეთის პარალელურად სამ ქვეყანაში სხვადასხვა კოლეგასთან. გამზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას მოსდევს ზარები სახელმწიფო დეპარტამენტთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ვისაც შეიძლება შეეხოს ის ვითარება, რაც დილით გავაშუქე. ასეთია ჩემი ყოველი დილა ან სულ მცირე ხუთი დილა კვირაში.

რომელ საათზე მთავრდება დილის 4 საათზე დაწყებული სამუშაო დღე?

საღამოს 8-ზე. ოფიციალურად სამი სამსახური მაქვს და, პარალელურად, ბევრ სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ. ვატარებ ტრენინგებს, ჩართული ვარ ნატო-ს პროექტში მედიაწიგნიერების თაობაზე, დავდივარ კონფერენციებზე. ახლაც ვაშინგტონში მივდივარ კონფერენციაზე, შემდეგ ‒ ნიუ-იორკში, მერე ბოსტონში მაქვს მოხსენება კიბერუსაფრთხოების თემაზე, შემდეგ ისევ ვაშინგტონში… ეს ყველაფერი ხდება ჩემი ძირითადი საქმიანობის პარალელურად. თან ვწერ. ჩემი პირველი წიგნი „სტალინის მილენიალები“ თებერვალში გამოვიდა. წიგნი იმაზეა, როგორ შეუძლიათ პოლიტიკოსებს გადაწერონ ისტორია და თავისთვისვე სასარგებლოდ გამოიყენონ ის. წიგნის გამოსვლა უკრაინაში ომის დაწყებას დაემთხვა, დიდი ინტერესი მოჰყვა ამ წიგნს, გაშუქება, კონფერენციები, ინტერვიუები… იმდენად სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ და იმდენ განსხვავებულ სფეროს შორის მიწევს ლავირება, საათებად მაქვს გაწერილი დრო, რა უნდა ვაკეთო დილით, დღისით და საღამოსთვის რა მოვიტოვო.

როგორ ფიქრობთ, რა თვისებები ან სამუშაო ჩვევები გაქვთ, რაც ამ ბევრი სხვადასხვა საქმის კეთებაში გეხმარებათ?

ალბათ, ყველაზე მეტად ის მეხმარება, რომ მუშაობის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია. თუ არ ვიშრომე და ვიწვალე, სხვანაირად არ მაინტერესებს არც პროექტი და არც არაფერი. ამ ფაქტმა ძალიან გამიადვილა ამერიკაში ცხოვრება და იქ ბევრჯერ ნულიდან წამოწყება კარიერის. მიყვარს გამოწვევები, თავის დამკვიდრების გზაც და სხვისი დარწმუნებაც იმაში, რომ მე ეს შემიძლია. არ მაქვს კომპლექსი, რომ შეიძლება რამე შემისწორონ და არ მესიამოვნოს, ან მომერიოს, ან შემეშინდეს მეორედ ცდა. ფანატიკურად მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ ამის გარდა უამრავი სხვა ინტერესიც მაქვს. ახალგაცნობილი ადამიანები ხშირად იძაბებიან, ალბათ ჰგონიათ, რომ მხოლოდ არტილერიასა და ტანკებზე უნდა მესაუბრონ, რაზეც, რა თქმა უნდა, მეცინება. ზოგადად, ბავშვური ხასიათი მაქვს და ეს ძალიან მეხმარება იმ საქმიანობაში, რამაც შეიძლება დამამძიმოს, ცინიკური გამხადოს…

რა არის თქვენი საქმის ყველაზე დიდი სირთულე და, მეორე მხრივ, ამ სირთულის კომპენსაცია?

დიდი პასუხისმგებლობაა, როცა რანგით შენზე უფრო მაღალჩინოსნებთან გიწევს მუშაობა და ისინი შენგან კომპეტენტურ და დამაჯერებელ პასუხებს ელიან. ხშირ შემთხვევაში სირთულეს ქმნის ისევ და ისევ ჩემი სქესი, როცა მტრული განწყობის სამიზნე არ ხარ, მაგრამ თავის დასამკვიდრებლად ასჯერ მეტი შრომა და რაღაცების მტკიცება გიწევს. მე არ ვამბობ, რომ მამაკაცებისთვის მარტივია ყველაფერი, მაგრამ მათ მაინც დიდი უპირატესობა აქვთ იმ აღქმის გამო, რომ უფრო ბუნებრივია მამაკაცი უკეთ ერკვეოდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

ერთია, რომ საქმით ხართ დაკავშირებული ომთან, გიწევთ ომზე წერა, ანალიზის, პროგნოზების გაკეთება და მეორეა – როგორ აისახება ეს პროცესი თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. რთულია წონასწორობის, ნეიტრალურობის შენარჩუნება?

ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობ. 2008 წლის ომის დროს გაეროში ვმუშაობდი და ის, რაც საქართველოში ხდებოდა, ემოციურად ძალიან მძიმედ შემეხო. 90-იან წლებში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავედი, მამა იქ წარმატებული არქიტექტორი იყო და უცებ ისე გამოვიდა, რომ ქვეყანა, რომელმაც ერთ დროს მიგვიღო და ჩვენს მეორე სახლად იქცა, შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, მე რომ ჩემს სამშობლოში დამჭირვებოდა ომის გაშუქება, ამას, ალბათ, ვერ შევძლებდი ობიექტურად, ცივი გონებით. უკრაინის შესახებ პროგნოზების წერაც ძალიან რთულია. ზოგჯერ ვცდილობ ხოლმე სიტყვა „უკრაინა“ ბოლოს ჩავამატო ტექსტში, რომ მაქსიმალური ნეიტრალურობა შევინარჩუნო იმ ფაქტის მიმართ, რომ ეს ყველაფერი აქვეა, საქართველოს გვერდით.

რამდენად დაცულია გენდერული ბალანსი იმ სფეროში, სადაც მუშაობთ?

ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი ქალია და ამიტომ ამ ბალანსს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მე პირადად ერთ-ერთი ორგანიზაციის მენტორი გახლავართ უსაფრთხოების სექტორში გოგონების გაძლიერების მიმართულებით და მომავალი წლიდან საქართველოშიც ვაპირებ ამ პროექტის წამოწყებას. საპილოტე ვერსია უკვე ვცადე და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, საქართველოში ბევრი გოგონაა დაინტერესებული უსაფრთხოების სფეროთი. ვაპირებთ ისინი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის გარეთაც დავაკავშიროთ სხვადასხვა მენტორს, ჩავუტაროთ მათ ტრენინგები და ა. შ.

როგორ შეირჩევიან ეს გოგონები?

მათი ასაკი იქნება დაახლოებით 14-დან 18 წლამდე. ავარჩევთ სამოტივაციო წერილების მიხედვით ‒ რატომ აინტერესებთ ეს სექტორი, როგორ წარმოუდგენიათ თავი ამ სფეროში, რას ელიან ამ საქმისგან… ამერიკაში უკვე ბევრი კარგი გოგონა შევარჩიეთ და მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა საქართველოშიც მექნება. ალბათ, მათთვის ჩემი გამოცდილებაც საინტერესო იქნება. როცა ნახავენ, რომ ვიღაცამ უკვე გაიარა ეს გზა, მიხვდებიან, რომ რეალურია ამ სფეროში გინდოდეს და გამოგივიდეს კიდეც.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

მიუხედავად იმისა, რომ ამ თვალსაზრისით ბევრი რამ შეიცვალა, დღემდე საქართველოში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკაშიც მიიჩნევა, რომ უცნაურია ქალს აინტერესებდეს ავტომატი ან ტანკი. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა ეს აღქმა, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად შეცვალა, რადგან ქალები რეალურად წავიდნენ საომრად, ამან საქართველოშიც მეტი ინტერესი განაპირობა. ძალიან ბევრი გოგონა მიკავშირდება, აინტერესებთ ამ სფეროში განათლების, დასაქმების საკითხები. რამდენიმე წლის წინ, როცა ვამბობდი, რომ უსაფრთხოების სექტორში დავიწყე მუშაობა, ეს ფაქტი გაცილებით დიდ განცვიფრებას იწვევდა, ვიდრე დღეს. თან მე უსაფრთხოებაში მუსიკალური ინდუსტრიიდან მოვედი. ამიტომ ხშირი იყო შეფასებები, რომ ქალმა მაინც ჯობია იმღეროს. დღეს გაცილებით ნაკლებ კითხვას მისვამენ იმასთან დაკავშირებით, რატომ გადავწყვიტე ჩემი კარიერის ამ მიმართულებით განვითარება. იმედი მაქვს, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე აღარ იქნება ყურადღება გამახვილებული სქესზე და გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება განათლება, პროფესიონალიზმის ხარისხი. ნელ-ნელა იცვლება ის სურათი, რომ ქალები ნაკლებად ესწრებიან პროფესიულ შეხვედრებს, თუ ესწრებიან, მათ ნაკლებად ეკითხებიან აზრს და აგრძნობინებენ, რომ კიბერუსაფრთხოება ან არტილერია მამაკაცებთან უნდა განიხილებოდეს. ამ სასიკეთო დინამიკას საქართველოშიც საკუთარი თვალით ვხედავ. ძალიან ბევრი გოგონაა დაინტერესებული არამხოლოდ, ზოგადად, უსაფრთხოების ან ომის თემატიკით, ასევე კიბერუსაფრთხოებითაც. დღეს, როცა კომპიუტერთან ყველას აქვს შეხება, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს რა სქესისაა ადამიანი, რომელიც რაიმე ანალიტიკურ პროექტზე მუშაობს.

ის, რომ უსაფრთხოების სექტორში მუსიკალური ინდუსტრიიდან წახვედით, არ გამხდარა ხელისშემშლელი თქვენთვის? რამდენად ართულებდა მუსიკალური წარსული ამ სფეროს მიმართ თქვენი სერიოზული დამოკიდებულების აღქმას?

როცა ამ სექტორში გადმოვინაცვლე, ყველაზე მეტად რაც მაკომპლექსებდა, ის იყო, რომ ჩემ შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გუგლი აუცილებლად ამოყრიდა ინფორმაციას ჩემი მუსიკალური წარსულის შესახებ. ეს იმდენად მაღიზიანებდა, თავიდან „ევროვიზიასაც“ ვმალავდი, იმასაც, რომ გაეროს ჰიმნი დავწერე და შევასრულე. მეშინოდა, რომ ხელს შემიშლიდა ეს ინფორმაცია ამ სფეროში. მერე მივხვდი, რომ სრულიად უადგილო იყო ეს კომპლექსები. ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია ის, რომ უსაფრთხოებაში შოუბიზნესიდან მოვხვდი, ამერიკაში ასეთი გაბედული ნაბიჯები არ უკვირთ. პირიქით, ბევრჯერ უთქვამთ, სანამ შენს ანგარიშს წავიკითხავდით, შენმა ბიოგრაფიამ მიიქცია ყურადღებაო.

რამდენადაც ვიცი, ჟურნალისტადაც მუშაობდით, ამ მხრივ როგორია თქვენი გამოცდილება?

ისე გამოვიდა, რომ ამერიკაში გადასვლისას ორი მიმართულებით განვითარდა ჩემი კარიერა. 20 წლის ასაკში სიმღერა დავწერე, რომელიც გაეროს უნდა მიეღო. ბიუროკრატიას დიდი დრო დასჭირდა, მქონდა სხვადასხვა შეხვედრა, დეტალების შეთანხმება. ამ პროცესში ძალიან დავინტერესდი, ზოგადად, გაეროთი. გაზეთში ვმუშაობდი, შოუბიზნესზე სტატიებს ვწერდი. ისე მოხდა, რომ გაეროს მიმართ ჩემი ინტერესი ცალმხრივი არ აღმოჩნდა: შემომთავაზეს, იქნებ ერთი პატარა სტატია გაგვიკეთოო. მთავარი მდივნის არჩევნებს დაემთხვა ის პერიოდი. მაშინვე დავთანხმდი, ალბათ, იმიტომ, რომ 20 წლის ვიყავი. ახლა უფრო შემეშინდებოდა. როცა პატარა ხარ, გამბედაობა მეტი გაქვს. პირველივე სტატია ძალიან კარგად მიიღეს, ზუსტად იმ დროს გაეროს კორესპონდენტის ადგილი გამოთავისუფლდა და გრძელვადიანი თანამშრომლობა შემომთავაზეს. მქონდა ინტერვიუები გაეროს პრაქტიკულად ყველა ელჩთან, ამერიკაში სტუმრად ჩამოსულ პრეზიდენტებთან. ზოგადად, ძალიან რთულია ქვეყანაში ორი დღით ჩამოსული სტუმარი ინტერვიუზე დაითანხმო, მაგრამ ხშირად გამომდგომია ჩემი მუსიკალური წარსული. სავარაუდოდ, ისე მიყურებდნენ როგორც მომღერალ თინას და ფიქრობდნენ, რა უნდა გვკითხოს ამ პატარა გოგომო. ამ წინასწარი წარმოდგენების შედეგად, არაერთი სერიოზული ინტერვიუ თუ სტატია მომიმზადებია.

პარალელურად, ჩემი როგორც კომპოზიტორის კარიერაც განვითარდა და არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი: ან გაეროში უნდა დავრჩენილიყავი დიდი ხნით და შესაძლოა უფრო სერიოზულ პოზიციაზეც, ან მუსიკაში დავბრუნებულიყავი. რთული არჩევანი იყო. ზუსტად მაშინ დაემთხვა, რომ ევროვიზია ‒ 2009-ზე წარსადგენად ისლანდიამ ჩემი სიმღერა “Is It True?” შეარჩია, რომელიც ფინალში მოხვდა, მეორე ადგილზე გავიდა. მე და სიმღერის თანაავტორები ევროვიზიაზე გავემგზავრეთ. ეს სიმღერა საკმაოდ პოპულარული გახდა ევროპაში. გაეროდან წამოვედი და დავიწყე მუსიკალურ სამყაროში სერიოზულად მუშაობა. რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი Off-Broadway-ის სპექტაკლზე, რომელიც 2014 წელს დაიდგა და როცა ვაშინგტონში გამგზავრებას ვაპირებდი, სრულიად მოულოდნელად სრული დაფინანსებით ჩავირიცხე კოლუმბიის უნივერსიტეტში. საბუთები ჩემმა ნაცნობმა გაგზავნა. მეგონა, არც კი განიხილავდნენ და არც ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას იმ პერიოდში, მაგრამ უარი, რა თქმა უნდა, ვერ ვთქვი. კულტურის ფსიქოლოგიის მიმართულებით ვისწავლე. მეორე დიპლომით რუსეთის რეგიონული ექსპერტი ვარ კიბერუსაფრთხოების განხრით.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

2020 წლამდე ამერიკაში არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებში იყო ჩართული ყველა. მაგ დროს ამიყვანეს ორი საკმაოდ მსხვილი: კონგრესისა და ასამბლეის კანდიდატების არჩევნების მენეჯერად. ამ სფეროში დაახლოებით წელიწად-ნახევარს დავრჩი, რადგან ნიუ-იორკის მერიაში შემომთავაზეს სამსახური, თან ამას პანდემია დაემთხვა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მერიაში ვიყავი პრეს-მდივანი კოვიდთან მიმართებაში, მეხებოდა პანდემიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ძალიან საინტერესო, მაგრამ რთული სამსახური იყო. დავთანხმდი იმიტომაც, რომ სულ მინდოდა ნიუ-იორკის მერიაში მუშაობა, ნიუ-იორკი მეორე სახლივითაა ჩემთვის.

პირველი სახლი რომელია?

სახლში მივდივარ-მეთქი, მაშინ ვამბობ, როცა თბილისში მოვდივარ. წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ჩამოვდივარ. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია წასული ვარ და იქაც ძალიან კარგად ვარ, სახლი არის ეს, თბილისი.