საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე საქართველოსა და იაპონიის მორიგი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. კერძოდ, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად იაპონიის მთავრობა საქართველოსთვის, დაახლოებით, 2.8 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს
„დღეს, საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, იაპონიის მთავრობა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფს 300,000,000 იაპონური იენის ოდენობის (დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარი) არასაპროექტო საგრანტო დახმარებას.
თანდართულ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ“ – ვკითხულობთ პოსტში.
აღსანიშნავია, რომ არასაპროექტო გრანტი გამოყენებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შეძენისთვის.
აღნიშნული საგრანტო დახმარება იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში კი არის რიგით მერვე. რაც შეეხება წინა გრანტებს, იაპონიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2006-2015 წლებში საქართველოსთვის გამოყოფილ იქნა, დაახლოებით, 3,8 მილიარდი იაპონური იენი მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის მიზნით.
მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის პარტნიორობა მომავალ წლებშიც კვლავ წარმატებით გაგრძელდება.