მსოფლიო ჩემპიონატი დაბა ბაკურიანში, 42 ქვეყნის 700-ზე მეტი სპორტსმენი, 160 მლნიანი ტელეაუდიტორია ‒ ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც ეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე დაიგეგმა. თავდაუზოგავმა შრომამ წარმატებული შედეგი მოიტანა. ყველაფერთან ერთად წელს ბაკურიანი ყველაზე ნათელიც გამოდგა.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის რეკორდულად მოკლე დროში 110 კილოვოლტიანი ორჯაჭვა „ცემი 2“ ელექტროგადამცემი ხაზიც აშენდა, რამაც ჩემპიონატის უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგება უზრუნველყო.
ამ საპასუხისმგებლო საქმის უკან 28 წლის ნატა ჯაოშვილი დგას, ქალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის სფეროდან, ანუ კომპანია „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
„ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა. როცა ახალდაარსებული კომპანია ხარ და ამ მასშტაბის შესაძლებლობა გეძლევა ეს სასიხარულოა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობაც მოჰყვება“. კიდევ უფრო დიდი წარმატებისთვის ის ცოტა ხნის წინ ბიზნესფედერაციას – „ქალები მომავლისთვის“ – შეუერთდა. ნატას ენთუზიაზმი და მიზნები შთამბეჭდავია, ამიტომაც Forbes Woman-მა მისი თქვენთვის გაცნობა გადაწყვიტა.
ნატა ჯაოშვილმა სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა, უმაღლესი განათლება კი კავკასიის ბიზნეს სკოლაში მიიღო. ახლა მაგისტრის ხარისხზე მუშაობს, ის საფრანგეთის გრენობლის უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების მაგისტრანტია.
„ფინანსები ყოველთვის მაინტერესებდა, ყველაფერზე მეტად მენეჯმენტი მიზიდავდა. მინდოდა ამა თუ იმ დარგის წარმატებული მართვა მესწავლა“.
ვიდრე საკუთარ კომპანიას დააფუძნებდა, მის კარიერაში იყო თარჯიმნის გამოცდილება. 2013 წელს საქართველოში დაბრუნებული ნატა, სხვადასხვა კომპანიებს ეხმარებოდა, მათთვის მნიშვნელოვან კონტრაქტებს ინგლისურ ენაზე თარგმნიდა. პროფესიულად გადამწყვეტი თანამშრომლობა აღმოჩნდა კომპანიასთან, რომელიც მაშინ ზემო აჭარაში ელექტროგადამცემ ხაზს აშენებდა. საბოლოოდ ნატას ამ კომპანიამ საერთაშორისო პროექტების სპეციალისტის პოზიცია შესთავაზა. დღეს ამბობს, რომ იქ მიღებული გამოცდილება მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
ენერგეტიკის სფეროში დაგროვილმა ცოდნამ 2018 წელს ნატას მეუღლესთან ერთად საკუთარი კომპანიის დაფუძნების გადაწყვეტილება მიაღებინა. მეუღლე იურისტია, თუმცა გვეუბნება, რომ ის არაჩვეულებრივი შესაძლებლობების ბიზნესმენია, მისი ძირითადი საქმე ამ კომპანიაში მშენებლობის პროცესის კურირებაა. „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი“ საქმიანობას მცირე ენერგეტიკული ობიექტების პროექტირებით და მშენებლობით იწყებს. წლებთან ერთად იზრდება სიმძლავრეები, ბოლო 2 წლის განმავლობაში ნატას კომპანიამ ქვეყნისთვის არაერთ სტრატეგიულ, ენერგეტიკულ პროექტში მიიღო მონაწილეობა, შედეგად „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერმა“ ენერგეტიკულ ბაზარზე მცირე დროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. უკვე დღეისათვის კი ის მაღალი ძაბვის მიწისზედა და მიწისქვეშა ელექტროგადამცემ ხაზებსა და მაღალი ძაბვის ქვესადგურებს აშენებს.
„საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ენერგეტიკაა, აქედან გამომდინარე, არასწორად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის სამინისტრო არ გვაქვს. ასეთი ორგანოს არსებობა ინვესტორების მოზიდვის კუთხით აუცილებელია, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან უფრო დიდ მხარდაჭერის ეფექტს შექმნის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ძალზედ მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება, ვფიქრობ, რომ ცენტრალიზებული ორგანოს შექმნა, როგორიც ენერგეტიკის სამინისტროა აუცილებელია, დარგის უფრო სწრაფი და ეფექტური განვითარებისთვის“.
ნატა, როგორც ენერგეტიკული კომპანიის დირექტორი, უზრუნველყოფს კომპანიის გამართულ ფუნქციონირებას, განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებას და აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ დამკვეთებთან.
ნატა ჯაოშვილის „ჯორჯიან დაინემიკ ფაუერი“ ბაზარზე ორი მიმართულებით – სამშენებლო და დეველოპერული ოპერირებს. კომპანია, ამერიკელ და ფრანგ პარტნიორებთან ერთად, ამიერკავკასიაში ამ დრომდე უპრეცედენტო პროექტის განსახორციელებლად ემზადება. ეს წყლის ზედაპირზე მზის ელექტროსადგურის განთავსება იქნება.
„ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ამიერკავკასიაში პირველი ასეთი პროექტი საქართველოში განხორციელდეს. მზის ელექტროსადგური ხაზი ალგეთის წყალსაცავზე განთავსდება. ეს ქართულ ენერგეტიკაში რევოლუციური, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“.
ნატა გვეუბნება, რომ დიდ სიამოვნებას ანიჭებს ელექტროხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია, თუმცა ენერგეტიკაში მწვანე მიმართულების განვითარება მნიშვნელოვნად მიაჩნია. ალგეთის წყალსაცავზე მზის ელექტროსადგურის მოწყობა საპილოტე პროექტია. ნატა ჯაოშვილის კომპანიას უკვე შერჩეული აქვს რამდენიმე კაშხალი, სადაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში მზის პანელების განთავსებას გეგმავს.
ქალი ენერგეტიკული ობიექტების სამშენებლო სფეროდან ცოტა ხნის წინ ბიზნესფედერაციას – „ქალები მომავლისთვის“ დიდი მიზნებით შეუერთდა.
„ქალების დასაქმების კუთხით ენერგეტიკის სფერო არ არის აქტიური. მინდა, რომ ბიზნესფედერაციის დახმარებით შევძლო ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი დარგის პოპულარიზაცია და მაგალითი მივცე ქალებს, რომ შესაძლებელია მამაკაცებით დომინირებულ გარემოში წამყვან პოზიციაზე იყვნენ. ვთვლი, რომ ზუსტად ეს არის, ის სფერო, სადაც დარგის განათლების სისტემაში ინტეგრირების შემთხვევაში ქალებს თავის დამკვიდრების საშუალება აქვთ. ბიზნესფედერაციაში ბევრი წარმატებული ქალია გაწევრიანებული. ეს ორგანიზაცია საუკეთესო პლატფორმაა ქალების გასაძლიერებლად“.
სწორედ არსებული სტერეოტიპებისა და ენერგეტიკაში მასკულინური გარემოს გამო, ნატას გზა პროფესიულ წარმატებამდე მარტივი სულაც არ იყო. გვიყვება, რომ ბევრჯერ გამოუცდია, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან მის კომპეტენციას საეჭვოდ უყურებდნენ.
„ხშირად მამაკაცები ჩვენს შესაძლებლობებს არასათანადოდ უყურებენ.
ზოგჯერ თვლიან, რომ არ იმსახურებ იმ მაგიდასთან იჯდე, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ეს ცუდი შეგრძნებაა. ამიტომაც მიზნად დავისახე, რომ ენერგეტიკაში ან მეცოდინებოდა ძალიან ბევრი, ან ამ სფეროში საერთოდ არ ვიქნებოდი.
როცა შევძელი ამ ადამიანების გვერდით ჯერ მხოლოდ ჯდომა, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მე ღირსი ვიყავი იქ ყოფნის. უკვე შემდეგ კი სტერეოტიპი, რომ ამ გოგოს შეიძლებოდა რამე არ სცოდნოდა ნელ-ნელა ჩამოიშალა. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ვსხედვართ მოლაპარაკების მაგიდასთან და ჩემს სიტყვას მნიშვნელოვანი წონა აქვს“.
ნატას სჯერა, რომ ქალებს ბევრი შეგვიძლია, რომ არ არსებობს სფერო, სადაც ჩვენი ადგილი არ არის, რომ ყველაფერი გამოვა მაშინ თუ საკუთარ შესაძლებლობებს ვირწმუნებთ.
„უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და იმის, რომ ნამდვილად გინდა იმ საქმის კეთება სადაც ხარ. შემდეგ ახალი ეტაპი მოდის, ეს ცოდნაა. სფეროს ძირეული შესწავლის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ქალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათთვის ბევრი კარი დახურულია, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ქალებმა რაც შეიძლება მეტი კარი უნდა გავაღოთ!“.