მრავალი წელი პროფესიაში, მრავალფეროვანი გამოცდილება და საკუთარი კლინიკა ‒ მაია ჯანელიძე მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგია. მისი IQ კლინიკა კი სამედიცინო სფეროში საკუთარ ღირსეულ სიტყვას 2014 წლიდან ამბობს.
მაია ჯანელიძესთან ინტერვიუს პროფესიის არჩევაზე საუბრით ვიწყებთ, გვაინტერესებს რა იყო მისთვის ინსპირაცია, გამხდარიყო ექიმი და ადამიანების ჯანმრთელობაზე ეზრუნა. როგორც გვიყვება, მის ახალგაზრდობაში არსებული სტერეოტიპები, დოგმები და საზოგადოებრივი აზრი პრესტიჟულ პროფესიებზე წარმოდგენებს ქმნიდა და შესაბამისად მომავალ სტუდენტებს პროფესიული არჩევანის თავისუფლებას გარკვეულწილად უზღუდავდა კიდეც. თუმცა მის შემთხვევაში მედიცინა ის სფერო აღმოჩნდა, სადაც მან როგორც პიროვნული, ისე პროფესიული რეალიზება მოახდინა.
„უფროსების რჩევის გათვალისწინება გარკვეულ უსაფრთხოებას ქმნიდა და იმ დროს არსებული საზოგადოებრივი აზრი გადაწყვეტილების მიღებისას ზეგავლენას ახდენდა. შეიძლება ადამიანი ნიჭიერი იყოს, შეიძლება მოსწონდეს რაღაც კონკრეტული საქმე, მაგრამ ეს არ არის გარანტია იმის, რომ ადამიანი ამ კონკრეტულ პროფესიაში წარმატებული იქნება. მე გამიმართლა, რომ არჩეული პროფესია ჩემი თვითრეალიზაციისა და წარმატების საფუძველი გახდა“.
მას შემდეგ ოთხი ათეული წელი გავიდა და მაია გვეუბნება, ახლა რომ არჩევანის წინაშე იყოს, ისევ მედიცინას აირჩევდა. უნივერსიტეტის წლებმა გაზარდა, თუმცა კარგად ახსოვს ემოცია, როცა პირველად დამოუკიდებლად მიიღო პაციენტი. ამბობს, რომ ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობის განცდა და ღელვა, რომელიც წლებთან ერთად თავდაჯერებამ შეცვალა.
ინტერნატურის წლებს ზოგად თერაპიაში განსაკუთრებულად იხსენებს. ამბობს, რომ თერაპიის ყველა სპეციალიზაციაში გამოცდილ პროფესორებთან მოუწია მუშაობა. სპეციალიზაციის ძიებაში ორი წელი ოფთალმოლოგიაში იმუშავა. საბოლოოდ კი არჩევანი გინეკოლოგიაზე გააკეთა. სწორედ ეს გამოცდილება აძლევს საშუალებას თითოეულ პაციენტს ჰოლისტიკურად მიუდგეს, რაც პროფესიაში მის წარმატებას განაპირობებს.
კარიერული გზის განმავლობაში იყო ორდინატურა, ასპირანტურა და კვალიფიკაციის ამაღლების წლები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არაერთ ცნობილ კლინიკაში.
„კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წლების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა სპეციფიკის კლინიკაში ვარ ნამუშევარი, ამ წლებმა არა მხოლოდ პროფესიულად გამზარდა, არამედ დიდი გამოცდილება მომცა კოლეგებთან და პაციენტებთან ურთიერთობის მხრივაც. ექიმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეძლო პაციენტთან სწორი კომუნიკაციის დამყარება“.
ზოგადად ცნობილია, რომ ყველა პროფესიაში პირველი ნაბიჯები სირთულეებთან ასოცირდება, ეს განსაკუთრებით იგრძნობა მედიცინაში.
„სურვილი მქონდა ჩემი პროფესიული გზა ყველა სირთულის გადალახვით გამევლო და მარტივი გზები არ მეძებნა. მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მე ამას შევძლებდი. ვთვლი, რომ ეს მიდგომა სწორია და თვითშეფასებაზე დადებით გავლენას ახდენს“.
ექიმისთვის მთავარი პაციენტის ნდობაა, ნდობის მოპოვებამდე კი გზა გრძელი და რთულია. მაია ჯანელიძე ამბობს, რომ ეს გზა განათლებით იწყება, შრომით გრძელდება და მიდის სურვილთან იყო შენი საქმის პროფესიონალი.
„მიმაჩნია, რომ ექიმი არ უნდა გასცდეს პროფესიულ ჩარჩოს, რადგან გადაჭარბებულმა ემპათიამ და ნდობამ შეიძლება მკურნალობაში ხელიც კი შეგვიშალოს. ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავარდეთ, ოქროს შუალედი საუკეთესო მოცემულობაა. არ არის სწორი, ექიმს მხსნელის იმიჯი ჰქონდეს, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი ექიმმაც და პაციენტმაც“.
„კარაპს მედლაინში“, „ციტოსა“ და „რეპროარტში“ ერთდროულად საქმიანობის შემდეგ მაიამ ჩათვალა, რომ მის ცხოვრებაში ახალი გაბედული ნაბიჯის დრო დადგა. 2014 წელს მაია ჯანელიძე კოლეგასთან მარინა რამაზაშვილთან ერთად IQ კლინიკას აფუძნებს. დამფუძნებლებმა თავიდანვე განსაზღვრეს, რომ მათი პრიორიტეტები პაციენტზე ზრუნვა, მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, ეთიკური სტანდარტების დაცვა, სიახლეებისა და ინოვაციებისკენ სწრაფვა იქნებოდა.
„მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე დაგროვილი შედეგების ანალიზმა გაგვიჩინა სურვილი შეგვექმნა პაციენტის მოთხოვნებზე და საჭიროებებზე ორიენტირებული კლინიკა. მე პრაქტიკოსი ექიმი ვარ და კლინიკის დაფუძნებამდე მენეჯერული გამოცდილება არ მქონია, თუმცა სწორად შერჩეული მენეჯმენტის საშუალებით, რომელსაც ინგლისსა და ამერიკაში მიღებული გამოცდილების მქონე ჯანდაცვის მაგისტრი თამარ ხურცილავა ხელმძღვანელობს, შესაძლებელი გახდა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით კლინიკის მაღალი ხარისხის მიღწევა და შენარჩუნება“.
მაია ჯანელიძის დაფუძნებული IQ კლინიკა პაციენტებს სამედიცინო-დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ მომსახურებას სთავაზობს. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა კლინიკებში წარმატებით საქმიანობდნენ.
IQ კლინიკა აქტიურად არის ჩართული ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უფასო სერვისების ხარისხიანად მიწოდების გამო ორსულთა დიდი რაოდენობა სწორედ IQ კლინიკას ირჩევს.
მთავარი რაც IQ კლინიკას სხვა სამედიცინო დაწესებულებებისგან განასხვავებს, არის კლინიკის ორიენტირებულობა საქმიან ადამიანებზე. კერძოდ, ეს სამედიცინო დაწესებულება ითვალისწინებს პაციენტების დღის განრიგს, დროის დეფიციტს და პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სასურველ დროს სთავაზობს. მაია ჯანელიძე გვეუბნება, რომ IQ კლინიკის ექიმების და მთელი პერსონალის გუნდური მუშაობის შედეგად, პაციენტი იღებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას.
„დღეს არსებულ სამედიცინო გარემოში უპირატესობის მოპოვება და შენარჩუნება რთული ამოცანაა. გახსნის დღიდან ჩვენი ორიენტირი საქმიანი ქალები იყვნენ, შესაბამისად პაციენტს ვთავაზობთ სხვადასხვა ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარებას ერთ სივრცეში, რაც მათ დროს მნიშვნელოვნად ზოგავს. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ჩვენ დავნერგეთ „ერთი სავარძლის“ პრინციპი ‒ ანუ პაციენტის ირგვლივ იცვლება ექიმი. ამ მიდგომით, გინეკოლოგთან ვიზიტის დისკომფორტი მინიმუმამდეა დაყვანილი“.
IQ კლინიკის მიზანია იყოს ლიდერი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების, სანდოობის და კომფორტის თვალსაზრისით.
„განსაკუთრებულ სამომავლო გეგმებზე ახლა ვერ ვისაუბრებ, ზოგადად მიმაჩნია, რომ მედიცინა არ უნდა განიხილებოდეს როგორც მხოლოდ ბიზნესი. ჩვენ ფოკუსირებული ვართ არსებული სამედიცინო სერვისების ხარისხიან მიწოდებაზე და ახალი თანამედროვე სამედიცინო სერვისების დანერგვაზე, რაც აუმჯობესებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხს“.